Home რუბრიკები ისტორია სტალინი: ჩემს საფლავს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას

სტალინი: ჩემს საფლავს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას

სტალინი ისტორიული ფიგურაა. იგი სწორედ ასე უნდა აღვიქვათ. მისი დარი პიროვნებებისთვის ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილის ჩარჩოები ვიწროა. გაცნობიერებული რომ გვქონოდა ასეთი ჩვეულებრივი გრძნობებით ამ ფიგურისადმი მიდგომის უაზრობა, ამდენ მელანს არ დავხარჯავდით, ამდენ გონებრივ ძალისხმევას უფრო ღირსეულად გამოვიყენებდით.

 

სიცოცხლის ბოლოს სტალინმა თქვა: «ჩემს საფლავს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას».

მიზნად დავისახე, წამეკითხა ყველაფერი (ეს აუცილებელი პირობა იყო ამ წიგნის შესადგენად) სტალინის შესახებ და მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა იგი. ყველაფერი, რაც ნაკარნახევია მხოლოდ სიყვარულითა და სიძულვილით, არის ნაგავი. იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომელთა შეგნებას ეს გრძნობები არ ფარავდა და რომლებმაც შეძლეს დაკვირვებოდნენ სტალინს ფხიზელი გაოცებით, მის ყოველ მოქმედებასა და ჟესტშიც კი დაენახათ შესატყვისობა იმდროინდელ ისტორიულ გარემოსთან. ასეთი ადამიანები, ვიმეორებ, ცოტანი იყვნენ. მაგრამ ნაგავში რაღაც სასარგებლოც აღმოჩნდა. მარცვალ-მარცვალ შეგროვდა ის, რამაც შეიძლება შეგვიქმნას წარმოდგენა ცოცხალ სტალინზე.

ლაპარაკი იმაზე, დიდია იგი თუ საშინელი, ჩემი ამოცანა არ არის. მე მხოლოდ მინდოდა გამომეცნო, როგორ იქცეოდა იგი წვრილმან თუ მნიშვნელოვან მოვლენებთან შეტაკებისას, რომელთაც ყოველდღიურობა გვიქადის. როგორ გამოდიოდა სიტუაციებიდან, რომლებიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობის არსია; როგორ უყვარდა და სძულდა, როგორ სვამდა და ჭამდა, რომელი ავადმყოფობა აწუხებდა, კერძოდ რა სიმაღლისა იყო, ბოლოს და ბოლოს, როგორი იყო სტალინი ცხოვრებაში.

ეს ამოცანა არ მეჩვენებოდა პრიმიტიულად მას შემდეგ, რაც გავეცანი ამჟამინდელი ავტორიტეტული ისტორიკოსის _ არნოლდ ჯ. ტოიბის ერთ მოსაზრებას, კერძოდ იმას, რომ «კლეოპატრას ცხვირი ნახევარი დიუმით გრძელი რომ ჰქონოდა, მთელი ისტორია სხვა გზით წარიმართებოდა».

ისტორიას ვერ გარდაქმნი, მაგრამ მისი გაგება აუცილებელია. სტალინს ბევრი რამ შეშლია. მაგალითად, ის, რომ პიროვნების როლი ისტორიაში უმნიშვნელოა. დიადი პიროვნება (ეს თვისება მაინცდამაინც «პლიუსი» ნიშნით არ არის წარმოდგენილი) აუცილებლად ახდენს გავლენას მთელ ხალხზე, მის ხასიათზე, მის ისტორიულ ქცევაზე, ამიტომ ხალხის ისტორიის გამო მხოლოდ პიროვნების გასამართლება, საუკეთესო შემთხვევაში, პრიმიტიულია. ოდესმე ამ საკითხში უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაერკვევიან.

დიახ, ჩვენი ისტორია ჩვენივე დაბერებულ სოფლელ დედასავითაა. ჩვენ მის გამო უხერხულადაც კი შეიძლება ვიგრძნოთ თავი რომელიმე საზეიმო დღეს სტუმრების წინაშე, მაგრამ, თუ ისინი ჭკვიანი სტუმრები არიან, მიხვდებიან, რომ მხოლოდ უვარგის შვილს თუ შერცხვება საკუთარი დედის გამო…

დასაბამი. როგორ იწრთობოდა სტალინი

დაბადების თარიღის საიდუმლო

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი) დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მამა _ ბესარიონ ივანეს ძე, ეროვნებით ქართველი, წარმომავლობით თბილისის გუბერნიის სოფელ დიდი ლილოდან იყო, პროფესიით _ ხარაზი, შემდგომ _ თბილისში ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკის მუშა; დედა, ეკატერინე გიორგის ასული გელაძე, სოფელ ღამბარაულის ყმაგლეხის ოჯახიდან იყო.

Иосиф Виссарионович Сталин: Краткая биография. М.: 1948. с. 5.

1878 წელი. დაიბადა 6 დეკემბერს, მოინათლა 17-ში, მშობლები _ ქალაქ გორის მცხოვრებნი _ გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი და მისი კანონიერი ცოლი ეკატერინე გიორგის ასული. ნათლია _ გორის მცხოვრები გლეხი ციხითათრიშვილი. ნათლობა შეასრულა დეკანოზმა ხახანოვმა კლერიკ _  კვინიკაძესთან ერთად.

ამონაწერი გორის მიძინების ტაძრის მეტრიკული წიგნიდან ი. ჯუღაშვილის დაბადების შესახებ

თვალში საცემია ერთი უცნაურობა ი. ბ. სტალინის დაბადების თარიღების შედარებისას მის ოფიციალურ ბიოგრაფიასა და მეტრიკულ წიგნში. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. იქნებ აგვიხსნას პატივცემულმა რედაქციამ, რაშია საქმე…

მკითხველ ბ. მირონოვის წერილიდან.

ჟურნალი `Известия ЦК КПСС~

ამასთან დაკავშირებით ჟურნალ `Известия ЦК КПСС~ 1990 #11-ში გამოქვეყნდა პასუხი, რომელიც მოამზადეს სკკპ ცკ საერთო განყოფილებისა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თანამშრომლებმა: ი. კიტაევმა, ლ. მოშკოვმა და ა. ჩერნევმა.

პასუხში მითითებულია, რომ ყველა ცნობარის, ენციკლოპედიისა და  დოკუმენტის მიხედვით, ი. ბ. სტალინის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1879 წლის 21 დეკემბერი, ანუ 1879 წლის 9 დეკემბერი ძველი სტილით. ამასთან, გორის მიძინების ტაძრის მეტრიკული წიგნის მიხედვით, რომელშიც დარეგისტრირებულია სტალინის დაბადების ფაქტი, მითითებულია, რომ გლეხებს: ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილს და მის ცოლს ეკატერინე გაბრიელის(?) ასულს დაებადათ ვაჟი იოსები 1878 წლის 6 დეკემბერს, რომელიც 17 დეკემბერს ამავე ეკლესიაში მოინათლა.

პასუხის ავტორები აღნიშნავენ თარიღების ამ განსხვავებას და სავსებით მართებულად ხაზს უსვამენ, რომ ეკლესიის წიგნის სანდოობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, მით უფრო, რომ ამონაწერი ამ წიგნიდან დადასტურებული იქნა აგრეთვე 1894 წელს, როცა სტალინს გადასცეს გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების ატესტატი (ატესტატში სულ ხუთიანებია ჩაწერილი, მათ შორის, ყოფაქცევაშიც! სტალინმა სასწავლებელი პირველ მოწაფედ დაამთავრა).

ბუნებრივია, რომ მეტრიკაში მითითებული თარიღი გამეორებულია პეტერბურგის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს მასალებში. ამ სამმართველოში გაიხსნა საქმე სტალინზე, საიდანაც, თავისთავად ცხადია, გამოითხოვეს მასზე მონაცემები დაბადების ადგილიდან.

დაბოლოს, არსებობს სტალინის ხელით შევსებული ანკეტა შეკითხვებით მისი ბიოგრაფიის შესახებ, რომელიც მას 1920 წელს გამოუგზავნა შვედურმა სოციალ-დემოკრატიულმა გაზეთმა «ფოლკეტე დაგბლად პოლიტიკენმა». ამ ანკეტაში მან საკუთარი ხელით ჩაწერა თავისი დაბადების თარიღი 1878 წელი. ეს, სხვათა შორის, ერთადერთი დოკუმენტია, სადაც თარიღი სტალინის მიერაა ჩაწერილი. ყველა სხვა შემთხვევაში, პარტიული ყრილობების მასალებსა და ანკეტებში, VI ყრილობიდან მოყოლებული, პარტბილეთებში, ცკ-ს წევრების სიებში და ა.შ. დაბადების თარიღი ჩაწერილია შესაბამისი მდივნის, რეგისტრატორის ან თანაშემწის ხელით, და ყველგან მხოლოდ 1879 წელია მითითებული.

В.В. Похлебкин, Великий псевдоним. М.: Юдит, 1996, с. 109-110.

სამწუხაროდ, არსებული მასალები საშუალებას არ გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ, შეგნებულად შეცვალა თუ არა .. სტალინმა თავისი დაბადების თარიღი. და თუ ასეა, რა მიზნით? შესაძლებელია, პასუხი ამ შეკითხვებზე მომავალში იქნას გაცემული (თუ ასეთი პასუხები საერთოდ არსებობს).

Известия ЦК КПСС, 1990, №11, с. 127.

სტალინმა, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა თავისი დაბადების მეტრიკული წელი, და ყველგან, 1920 წლამდე, ზუსტად მიუთითებდა. მაგრამ 1917 წლის შემდგომ პარტიულ დოკუმენტებში ყველგან ფიგურირებს ასევე 1879 წელი. პირველად ეს თარიღი გაჩნდა პარტიის VI ყრილობის მასალებში (ანკეტებში). ჩვენ გვექნება საშუალება ვისაუბროთ მისტიკური რიცხვებისადმი სტალინის მიდრეკილების შესახებ. ქართულ-სპარსული რიცხვთაღრიცხვით რიცხვი 5 მაგიური აზრით იყო დატვირთული. ყველაფერს, რაც 5-თან იყო დაკავშირებული, ბედნიერება უნდა მოეტანა, ან უნდა შესრულებულიყო. 1917 წელს იწყებოდა პირველი ხუთწლეული 1912 წლის შემდეგ, სტალინისთვის «აღსრულებათა წლის» შემდეგ (ამ წლიდან იწყება მისი აქტიური მონაწილეობა რევოლუციაში. _ ე. გ.). სტალინს სჯეროდა, რომ 1917 წელს არა მარტო მოხდება რევოლუცია, არამედ წარმატებული იქნება და უეჭველად გაიმარჯვებს…

და როცა ასეც აღსრულდა, მან კიდევ უფრო ირწმუნა თავისი მარქსისტული ცოდნაცა და გამოცდილებაც და «ხუთიანის» იღბლიანობაც.

ამასთან დაკავშირებით მან თვალი გადაავლო რევოლუციამდე განვლილ  გზას და «ხუთიანებს» შეაჯერა იგი. 1889 წელს გამოიცა «ვეფხისტყაოსანი» (რომელიც დაეხმარა «მაგარი» ფსევდონიმის არჩევაში. რუსთაველის ცნობილი პოემის გამომცემელი ვინმე სტალინსკი იყო და, ვ. პოხლებკინი ვარაუდობს, რომ ამას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ფსევდონიმ სტალინის შერჩევაზე. _ ე.გ.). იგი ამ დროს ზუსტად 10 წლის იყო; 1899 წელს იგი გარიცხეს სემინარიიდან და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. ამ დროს იგი ზუსტად 20 წლის გახდა. მაშასადამე, გაცილებით მართებული იქნებოდა, ათვლა დაწყებულიყო 1879 წლიდან და არა ფორმალური 1878 წლიდან, რადგან 1878 წელს მას აცილებს დეკემბრის დასასრულის მხოლოდ რამდენიმე დღე. …დედას ერთი კვირის შემდეგ რომ ემშობიარა, მაშინ ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც დაიბადებოდა 1879 წელს, როცა მას ეკითხებოდნენ, რამდენი წლისაა, იგი ფორმალურად კი არ ითვლიდა თავის ასაკს, არამედ ფაქტობრივად, ხოლო ფაქტობრივ ათვლაში ერთ-ორ კვირას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი სიცოცხლე იწყებოდა არა თითქმის მთლიანად გასული 1878 წლიდან, არამედ ახლად დაწყებული 1879 წლიდან. აი, რატომ ამბობდა იგი რუსეთში ყოფნისას, რომ დაბადებულია 1879 წელს და 1917 წლიდან კი საბოლოოდ მიიჩნევდა მას რეალურ თარიღად, ნაცვლად «დოგმატური» 1878-ისა. და როცა მის მიერ აღიარებული წესის საწინააღმდეგოდ 1920 წელს ჩაწერა 1878 წელი, ასე მოიქცა იმიტომ, რომ თარიღი ნაჩვენები იყო საზღვარგარეთისთვის, სადაც, როგორც სტალინმა შესანიშნავად იცოდა, გაბატონებული იყო საშინლად ბიუროკრატიული და ფორმალური შეხედულებები, სადაც მეტრიკაში ნაჩვენები თარიღის შეცვალა სენსაციად იქნებოდა აღქმული.

სწორედ იმიტომ, რომ არ «გაეღიაზიანებინა» დასავლელი ჩინოვნიკები, სტალინმა «გადაუგდო» მათ «ძვალი» _ თავისი დაბადების ფორმალური წელი და არა ფაქტობრივი 1878 წელი, როცა ერთი კვირის ახლადშობილმა ბავშვმა დაიწყო თავისი ცხოვრება. მხოლოდ 1879 წელიწადი იყო მისი რეალური სიცოცხლის პირველი სრული წელიწადი. აქ კვლავ გამოჩნდა სტალინის სიძულვილი ფორმალიზმისა და დოგმატიზმისადმი და მისი მისწრაფება, განეხილა ყველა მოვლენა საღი აზრისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. მაგრამ ეს არავისთვის არ აუხსნია. იცოდა, რომ ეს ზედმეტი იყო, რომ ეს მის გარდა, ბოლოს და ბოლოს, არავის ეხებოდა. ამასთან, მას უფლება ჰქონდა საკუთარი თავისა და თავისი ცხოვრების მიმართ მოქცეულიყო ისე, როგორც სწორად და მართებულად თავადვე მიაჩნდა. მით უფრო, რომ 1879 წელზე ფაქტობრივი მითითება სწორია _ წარმოაჩენს მის მიერ განვლილი წლების რეალურ რაოდენობას, ხოლო წლების რეალური რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური თარიღი.

ამრიგად, ვხედავთ, რომ არსებობს სრულიად ნათელი, გასაგები, ლოგიკური და მართალი განმარტება იმისა, თუ რატომ იყო ნაჩვენები საბჭოთა კავშირში ი. ბ. სტალინის დაბადების ოფიციალურ თარიღად 1879 წელი და არა 1978 წელი, როგორც მეტრიკაში, და რატომ «ჩაასწორა» თვით სტალინმა ეს თარიღი.

В. Похлебник, с. 113-115

ჯუღაშვილი (ჯუღა _ ძველი ქართულით _ ფოლადი).

С.П. Красиков, Возле вождей, М.: Современник, 1997. с. 76.

აი, რა მომწერა ამის თაობაზე 1990 წელს ჩემი შეკითხვის პასუხად ცნობილმა ქართველმა მწერალმა-დრამატურგმა კიტა ბუაჩიძემ, საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილმა ტუსაღმა, განსაკუთრებული სიმტკიცის და ღრმა კულტურის ადამიანმა, რომელმაც უმძიმეს პირობებში შეინარჩუნა წესიერება, მაღალი ინტელექტი და ბედის უკუღმართობის მიუხედავად სრულიადაც არ დაუკარგავს თავისი განათლებულობა.

«ძვირფასო ვილიამ ვასილის ძევ!

თქვენ ხართ უაღრესად საინტერესო ადამიანი, ვისთანაც დაუსწრებელეპისტოლარული ნაცნობობაც კი ჭეშმარიტ სიამოვნებას მანიჭებს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ თქვენი ჩაკირკიტებულობისა და მეცნიერული პატიოსნების წყალობით, შევძელი გამერკვია ის, რაც ჩვენ, ქართველებმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, აქამდე არ ვიცოდით. «ჯუღა» სრულიადაც არ ნიშნავს ფოლადს, როგორც ადრე გაცნობეთ, _ ასეთი იყო, ასე ვთქვათ, ცნობილი, გავრცელებული მოსაზრება. «ჯუღა» ძალიან ძველი წარმართული ქართული სიტყვაა სპარსული შეფერილობით. უთუოდ გავრცელებული იყო საქართველოში ირანული ბატონობის პერიოდში და ნიშნავდა უბრალოდ სახელს. როგორც ყველა სახელის მნიშვნელობის თარგმნაა შეუძლებელია ამ შემთხვევაშიც ასეა. სახელი ისეთივეა, როგორც რუსული ივან. მაშასადამე, ჯუღაშვილი ნიშნავს მხოლოდ «ჯუღას შვილს» და სხვა არაფერს. გამოდის, რომ თქვენ მართალი ხართ _ ფსევდონიმ «სტალინის» წარმოშობასთან მის თავდაპირველ, ბუნებრივ გვარს არავითარი კავშირი არ აქვს.

თქვენი კიტა ბუაჩიძე,

1990 წლის თებერვალი».

В. Похлебник, с. 71-72.

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ

…სტალინის დაბადებამდე დედამისს (რომელსაც, ბედნიერება მქონდა, პირადად ვცნობოდი და არაერთხელ ვყოფილიყავი მასთან) პირველი შვილი მიხეილი ჰყავდა, რომელიც ერთი წლისა გარდაიცვალა. შემდეგ დაიბადა გიორგი, რომელიც ასევე ჩვილი ასაკისა ტიფისგან გარდაიცვალა. პირველიცა და მეორეც ბაბუაჩემმა მონათლა. როცა მესამე ბავშვი იოსები დაიბადა, ეკატერინე გიორგის ასულმა მას უთხრა: «შენ, რა თქმა უნდა, ძალიან კეთილი ადამიანი ხარ, მაგრამ მძიმე ხელი გაქვს. ასე რომ, მაპატიე, თუ ღმერთი გწამს, იოსებს მიშა მონათლავს.» მისი გვარი დამავიწყდა… პატარა სტალინმაც გადაიტანა ტიფი, მაგრამ მაინც გადარჩა.

Г. Эгнаташвили (кремлевский охранник Сталина).

Цит. по: Логинов В. В тени Сталина. М.: Современник, 2000, с. 18.

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფლობენ მაღალი სულიერი ბუნების არაჩვეულებრივ ზეცოდნას, დაუოკებელ და დაუდგრომელ ენერგიას, რომელიც აღგვის ყველაფერს დიქტატის გზაზე; წარმატებასა და ძალაუფლებას.

Красиков С. с. 76.

სტალინის დაბადების ადგილი ისევეა დატოვებული, როგორიც უწინ იყო, მხოლოდ უზარმაზარი კარვითაა გადახურული უამინდობისგან დაცვის მიზნით. ამ კარვის ზედა ნაწილი ფერადი შუშისაა. სტალინი დაიბადა ერთ ციცქნა  ერთსართულიან პატარა სახლში, რომელიც ქვისგან იყო ნაგები, ჰქონდა ორი ოთახი და აივანი ფასადის გასწვრივ. სტალინის ოჯახი ისეთი ღარიბი იყო, რომ ყველანი სახლის ნახევარში, ერთ ოთახში იყვნენ შეყუჟულები.

Стенбек Дж. Русский дневник, М.: Мысль, 1989. с. 109.

მაგიდა, ოთხი ტაბურეტი, საწოლი, პატარა ბუფეტი სამოვარით, კედლის სარკე და ზანდუკი ოჯახის ბარგიბარხანით _ აი, მთელი მისი მოწყობილობა. მაგიდაზე სპილენძის ნავთის ლამფა. თეთრეული და ჭურჭელი განჯინებში ინახებოდა. ხრახნული კიბე ჩადის სარდაფში, სადაც კერიაა გამართული, რომელზეც ეკატერინე, ალბათ, ამზადებდა საჭმელს. ბესო იქ ინახავდა ტყავს და ხარაზის ხელსაწყოებს. ავეჯიდან ჰქონდათ შეუღებავი ტაბურეტი და სოსოს აკვანი.

Такер Р. Сталин. Путь к власти. 1879-1929 М.: Прогресс. 1990 с. 75.

კარზე გაბმულია ზონარი, მაგრამ ყველას შეუძლია შიგ შეიხედოს, დაინახოს საწოლი, ტანსაცმლის პატარა კარადა, პატარა მაგიდა, სამოვარი, მოღრეცილი ლამფა. ამ ოთახში ცხოვრობდა ოჯახი, ამზადებდა საჭმელს და ეძინა.

Стенбек Дж. с. 10.

სამაზრო ქალაქი გორი რუსეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს შორის მოიხსენიებოდა, რომლებიც შეტანილი იყო ბედეკერის მსოფლიოში ცნობილ გზის მაჩვენებელში.

Яковлев М.Н. Сталин: путь наверх. М.: 2000, с. 17.

XIX საუკუნის წყაროებში გორი მოხსენიებულია, როგორც თვალწარმტაცი პატარა ქალაქი, რომელიც გაშლილია მტკვრის ნაპირზე მაღალი გორაკის ძირას, ციხე-სიმაგრით მწვერვალზე. მაქსიმ გორკიმ, რომელიც გორში 90-იან წლებში ჩავიდა თავისი ერთ-ერთი ხანგრძლივი ხეტიალის დროს, ამ ადგილებში აღმოაჩინა «რაღაცნაირი განკერძოებულობისა და ველური ორიგინალურობის» ძლიერი კოლორიტი. თავისი მშობლიური ნიჟნი ნოვგოროდის გაზეთისთვის დაწერილ ნარკვევში აღწერა ეს ყველაფერი.

Такер Р. с. 75.

ქალაქი მტკვრის შესართავთან პატარაა _ დიდი სოფლის ოდენა. შუაში მაღალი გორაკია. გორაკზე _ ციხე-სიმაგრე. ყველაფერს ამჩნევია რაღაცნაირი ველური ორიგინალობის კოლორიტი: მცხუნვარე ცა ქალაქის თავზე, მტკვრის ბობოქარი, ხმაურიანი წყალი, ახლოს _ მთები, სადაც მღვიმის ქალაქია და უფრო შორს მთავარი ქედის მთებია, რომლებიც მუდმივი თოვლითაა დაფარული…

Горкий М. собр. соч.: В. 30 т. М.: 1953, т. 4, с. 302.

სტალინის სამშობლოში მზის სხივები მიწაზე თითქმის შვეულად ეცემა. სინათლე ჩრდილში არ გადადის. ან _ ან. ან სინათლეა, ან _ ჩრდილი. მესამე არ არსებობს.

Дмитриевский С. Сталин. Берлин, 1932. с. 8.

ბუნების ასეთი სურათები გარს ერტყა სოსო ჯუღაშვილს ბავშვობაში…

გორი (რაც ქართულად «გორაკს» ნიშნავს) განლაგებულია მთიან ადგილზე აღმოსავლეთ საქართველოში, დაახლოებით 45 მილზე თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით. იმ დროს იგი თბილისის გუბერნიის სამაზრო ცენტრი იყო. მთელი ისტორიის მანძილზე ის არაერთხელ დაუნგრევია მიწისძვრას. უწინდელ დროში საქარავნო გზის ერთ-ერთი პუნქტი, ეს ქალაქი მთავარი სარკინიგზო ხაზის სადგური გახდა, რომელიც 1871 წელს გაიყვანეს და რომელმაც შავი ზღვის ნავსადგური ფოთი თბილისს დაუკავშირა. სოსოს დაბადების დროისთვის ქალაქში 8-9 ათასი მცხოვრები იყო.

Такер Р. с. 75.

კავკასიის ველებსა და მთებში რჩებოდა შხეფები კაცობრიობის ისტორიის ნაკადის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აზიიდან ევროპაში გადაედინებოდა. ცალკეული ტომები და ჯგუფები თითქოს გაიყინა აქ თავიანთ განვითარებაში და გადააქცია კავკასია გიგანტურ ეთნოგრაფიულ მუზეუმად.

Троцкий Л. Сталин. Опыт политической биографии. т. 1.

Нью-Йорк,  1985, с. 217, Semdeg citirebulia, rogorc Троцкий Л.1)

საქართველო ქრისტიანული ქვეყანა იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი წარმართული იყო. ქრისტიანულ თქმულებებს, რომლებსაც აქ ჰყვებიან, აღმოსავლური შეფერილობა აქვს.

Стейнбек Дж. с. 108.

 …200 წლის განმავლობაში ინგლისს ჯერ კიდევ ეკატერინეს დროიდან ეშინოდა რუსეთის გასვლისა კავკასიონის სამხრეთით, ამიტომ მისი ბუნებრივი მოკავშირე აქ თურქეთი იყო. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (როგორც ქართველებს მიაჩნიათ, მოტყუებით, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით) და მისი შემდგომი კოლონიზაციის გზით, საქართველო თვითონ გახდა რუსეთის წინააღმდეგ ინგლისისა და თურქეთის საიდუმლო, პოტენციური მოკავშირე.

რუსულმა ჯარებმა ქართველთა უამრავი აჯანყება ჩაახშეს. ერთ-ერთ მათგანში მონაწილეობდა სტალინის პაპის მამა _ ზაზა ჯუღაშვილი…

Иванов Я. Еще одна загадка Сталина, “независимая газета”, 1996, 21 дек.

მშობლები

მის წინაპრებზე ცოტა რამაა ცნობილი. პაპის მამა (მამის მხრიდან), სახელად ზაზა ჯუღაშვილი, XIX საუკუნის დასაწყისში მონაწილეობდა რუსების წინააღმდეგ მოწყობილ გლეხთა აჯანყებაში და შემდეგ თავი შეაფარა სოფელ დიდ ლილოს თბილისის მახლობლად. მისმა შვილმა ვანომ ამ სოფელში ვენახი გააშენა და აქვე დაებადა ვაჟიშვილი ბესარიონი, მეტსახელად ბესო. მამის გარდაცვალების შემდეგ ბესო თბილისში დასახლდა და იპოვა სამუშაო ადელხანოვის ტყავის ქარხანაში, სადაც ხარაზის ხელობა შეისწავლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ვინმე ბარამოვმა გორში გახსნა ფეხსაცმლის სახელოსნო, სამუშაოდ მიღებულთა შორის იყო ჯუღაშვილიც. გორში ბესომ გაიცნო და ცოლად მოიყვანა ეკატერინე გელაძე, ყოფილი ყმა გლეხების ოჯახის შვილი, მეზობელ სოფელ ღამბარაულიდან. 1864 წელს საქართველოში ყმობის გაუქმების შემდეგ… გელაძეების ოჯახი გორში გადასახლდა. მაშინ ეკატერინე 9 წლისა იყო, სოსოს დაბადებისას _ 20-ზე ცოტა მეტისა. იმ დროისთვის მას უკვე სამი შვილი ჰყავდა დაკრძალული.

Такер Р. с. 75-76.

17 მაისს დაქორწინდნენ: გორში დროებით მცხოვრები გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, პირველი ქორწინებით, ასაკი _ 24 წელი; და ქალიშვილი გორის გარდაცვლილი მცხოვრები გლეხის _ გლახა გელაძისა ეკატერინე, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, პირველი ქორწინებით, ასაკი _ 16 წელი.

ამონაწერი ქ. გორის 1874 წლის ქორწინებათა წიგნიდან.

 

7 COMMENTS

  1. სტალინის მასწავლებელი იყო გურჯიევი რომელიც პარაფსიქოლოგიას და მისტიკას ასწავლიდა.მან სტალინში დაინახა რაღაცა და უთხრა რომ ის რაღაც სხვა იყო სტალინმა გადაიკეთ დაბადების დრო და რომ ხკითხა ეხლა რაღა ვარო გურჯიევს გაეცინა და ისევ ის ხარო უთხრა.მას მერე გურჯიევი და სტალინი აღარ შეხვედრილან მაგრამ გურჯიევი გიტლერის მრჩეველიც იყო.ისე როგორი საწყენია პიროვნების რო არფერი არ იციან და ტყუილიდ ჩირქს სცხებენ თანაც ისინი ვისაც არაფერი გაუკეტებია ქვეყანას თავი გავანებოთ თავისი სოფლისთვისაც შინაურისთვისაც ახლობლისთვისტაც სხედან სადღაც და სტალინის ძეგლი უნდა იდგეს თუ არა მათ უნდა გადაწყვიტონ.მე მაგათი დ…

  2. ერი სანამ არ ისწავლის ისტორიას ვერ შეძლებს კარგის და ცუდის გარჩევას,შესაბამისად ცუდ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ

  3. სტალინისნაირი დიდი ფიგურა იყვნენ; ლავრენტი ბერია, სერგო ორჯონიკიძე. ეს 2 პიროვნება, მოქმედებდა მისი ხელმძღვანელობით. სტალინი როგორც ქართველ-რუსი მეც მიყვარდა, მარა პატივს მის ნამოქმედარს ვერ ვცემ: 10 მილიონი უდანაშაულო უკრაინელი დახოცა, თითქმის მილიონი ქართველი ჯარისკაცი გაწყდა მე_2 მსოფლიო ომში; ხოცავდნენ არნახული სისასტიკით სასულიერო პირებს, არბევდნენ ეკლესიას, კრძალავდნენ მართლმადიდებლობას, კრძალავდნენ ქართულ ენას. უამრავი მილიონი ადამიანი დაიხოცა მისი ხელ მოწერით საქართველოშიც და სხვაგანაც, მგონი ჭიათურაში იყო, როცა ორჯონიკიძემ ისე ხოცა ქართველობა მატარებელში კარ ჩაკეტილი, რომ მემატიანე აღწერს; 1-2 კვირა სისხლი როგორც წყლის ონკანი ისე ასხავდაო. სტალინმა ანათემა გადასცა უდიადეს ქართველ მოგზაურს ენათმეცნიერს და სხვა დიდი დამსახურების პირს ნიკო მარრს, რომელიც ქართველთ ეთნოსზე საუბრობდა, ამხელადა მარქსისტების თეორიას. სტალინის თეორიით, ქართველი ეს ეთნოსი და სახელი მეოცე საუკუნეში შეიქმნა, მანამ არარსებობდა. ჩემი აზრით, ჰიტლერი უფრო გაგებული ადამიანი იყო. მე არ მახსენდება გერმანელების მთავარი მიზანი ყოფილიყოს რელიგიასთან ომი. ჰიტლერი იყო კარგი მხატვარი, აღფრთოვანებული ვარ მისი ნამუშევრებით. მხოლოდ ის მინუსი ქონდა, რომ ავადმყოფი იყო. უამრავი ქართველები ომობდნენ მის რიგებში. მეც ასევე მოვიქცეოდი. ჰიტლერი იბრძოდა კავკასიის თავისუფლებისათვის, ჩრდილო კავკასიაში.სამწუხაროდ ვერ ჩამოაღწიეს მისმა ჯარებმა. ჰიტლერი არ ხოცავდა თავის ხალხს.

  4. ”ციტატა ჰიტლერის მაინ კამპიდან” ქართველები ნამეტანი ჭკვიანი ხალხია და ჩვენ უნდა გავამრავლოთ ქართველები, მათ ისე არ უნდა მოვექცეთ; როგორც ებრაელებს, რუსებს მათ განსხვავებულად უნდა მოვექცეთ.

    საბჭოეთში იკარგებოდა ყოველივე ქართული. რელიგია ათეიზმი იყო. ხოცავდნენ ვინც ეკლესიაში შევიდოდა. თუ სტალინი მოგვწონს, მაშინ ლენინიც მოგვწომდეს, რომლის სხეულიც სატანის საკურთხეველზე დევს, ანუ ღმერთი მის სხეულს არ იღებს მიწაში. როგორც მუმიას ისე ინახავენ! ანუ როგორი დასჯილია ხედავთ! საბჭოთა კავშირი იყო უკანასკნელი იმპერია დიდი მონღოლეთისა. რომელიც ღვთის წყალობით გაცამტვერდა.

  5. ჰიტლერი რომ ფსიქიკურად პრობლემიანი ადამიანი იყო,დღეს ეს ყველამ იცის. მას მართლაც სჭირდებოდა კავკასია,არა მარტო იმიტომ,რომ ვითომ ჩვენზე ზრუნავდა….გერმანიას შემუშავებული ჰქონდა გეგმა და გვარებით იყო მიკუთვნებული,რომელი სახლი,რომელი ქალაქირომელ გერმანელს გადაეცემოდა საქათველოშ. ჰიტლერი იყო სწორედ ის ადამიანი,რომელმაც მსოფლიოს დაპყრობის იდეის გამო შეაწყვიტა უამრავი საკუთარი ხალხი ომებს…სტალინი? დიახ.სტალინს ბევრი ძალიან ცუდი საქმე აქვს გაკეთებული,თუმცა ისიც ფაქტია,რომ უკვე ასაკში შესულმა,მეორე მსოფლიო ომის დროს რამოდენიმე საათიანი აღსარება ჩააბარა მოსკოვის ერთ-ერთ დიდი იერარქიის სასულიერო პირს და მანვე გაახსნევინა ეკლესიები,მასში ეტყობა უკვე ბოლოსკენ დიდი სულიერი ძვრები მოხდა…..ერთ რამეში ვეთანხმები იმ ადამიანებს,რომლებიც ამბობენ,რომ …თუ გვინდა ჭეშმარიტების დადგენა,ჯერ მაქსიმალურად უნდა გავეცნოთ ისტორიას.ფაქტები უკეთ იტყვიან სათქმელს. როგორ შეიძლება მოგწონდეს ჰიტლერი,რომელიც ქართველებს აფასებდა თურმე,ხოლო ებრაელებს,რუსებს განადგურებით ემუქრებოდა.მიუხედავად იმისა,რომ კავკასიის ხელში ჩაგდება უნდოდა,მე მწამს,რომ სხვა ადამიანის სიკვდილის მოსურნე ანტიქრისტეა.რა თქმა უნდა,საბჭოთა იდეოლოგიასაც განადგურება ელოდა ადრე თუ გვიან სწორედ იმიტომ,რომ ამ წყობამ ღმერთი უარყო. მიუხედავად იმისა,რომ რუსეთმა ჩვენი ურთიერთობის ისტორიის მანძილზე მრავალი უბედურება შეგვყარა,მე ვთვლი მაინც,რომ ჰიტლერის "მოშორება" ბევრად მნიშვნელოვანი იყო მაშინ,ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლა…ისედაც დაიშლებოდა იგი დროთა აღმავლობაში. ჰიტლერი არა მარტო საბჭოთა კავშირის,არამედ მთელი ევროპის ჭირი იყო.

  6. კომუნისტების დროს ვინც ვსწავლობდით თუ არ მეშლება მე-7 მე10 კლასის ჩათვლით საქართველოს ისტორიას ერთი წიგნით ვსწავლობდით და სულ პროტესტის გრძნობა გვქონდა რომ სრულყოფილად არ გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას დღეს კიდევ საქართველოს ისტორიას უფრო დამახინჯებულს და უფრო ნაკლებს ასწავლიან ვიდრე მაშინ. ისტორიის არ ცოდნა ეროვნულ სიამაყეს აკარგვინებს არამარტო პიროვნებას არამედ მთლიან ერს აქედან გამომდინარეა რომ დღევანდელი თაობა აყოლილია იმ ფსევდო პატრიოტებს რომლებიც დღეს სტალინს აგინებენ და ამერიკას აღმერთებენ.თვით ამერიკელებიც კი ცდილობონ მიითვისონ ის დიდი გამარჯვებები რაც საბჭოთა ჯარმა სტალინის მეთაურობით მოიპოვეს და სააკაშვილი მიშას მსგავსად ტყუილების გადმოფრქვევა დაიწყო ობამამ ვითომდა პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკები ამერიკის ჯარმა გაანთავისუფლა მაში როცა ამერიკელებს პოლონეთში ფეხიც კი არ დაუდგავთ

  7. სტალინი იყო ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავარი, ჰუმანური, გენიოსი და საამაყო პიროვნება. მე მრცხვენია, რომ საქართველოში დასავლეთის შემყურე უმადური კარიერისტები არ ცნობენ სტალინის სიდიადეს და რომ უსინდისოდ აღებული აქვთ ყველა მისი ძეგლი. დარწმუნებული ვარ მალე ასრულდება სტალინის წინასწარმეტყველება!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here