ალექსანდრე გუსლიაროვის წიგნს «სტალინი ცხოვრებაში» წინ უძღვის ალექსანდრე ზინოვიევის, ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, შესავალი წერილი–ესე. უფროსი თაობისთვის ეს პიროვნება ცნობილია, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის შესახსენებელი იყოს მისი ბიოგრაფია, რამდენიმე ძირითადი შტრიხით მაინც.
კონტრასტულ შეხედულებებსა და პოზიციებზე (ურთიერთგამომრიცხავზეც კი) მდგომი მეცნიერი, მწერალი და მოღვაწე გახლდათ ალექსანდრე ზინოვიევი. თუ, ერთის მხრივ, იგი საბჭოთა სისტემის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და სწორედ ამით გაითქვა სახელი მსოფლიოში, სიცოცხლის ბოლო წლებში გლობალური კაპიტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ კრიტიკოსად მოგვევლინა. ასეთი ევოლუცია განიცადა მისმა მსოფლმხედველობამ.
მედავითნე არ ყოფილა: ბრძოლის გამოცდილება დიდი ჰქონდა. იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე, მამაცურად, დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით, მედლებით. მაგრამ, როგორც თვითონ იხსენებს, უკვე მაშინ ჩათვალა, რომ სტალინიზმი ნამდვილი კომუნიზმის ღალატი იყო.
დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო კარლ მარქსის «კაპიტალის» ლოგიკა. 1952 წელს დააარსა მოსკოვის ლოგიკური წრე, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი; იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე; ავტორია მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის. მისი შრომები თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე. იყო უცხოეთის მრავალი პრემიის ლაურეატი და არაერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე.
წიგნისთვის «უფსკრულის პირველი მწვერვალები», რომელიც ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული, ჩამოართვეს ყველა ჯილდო და გაუუქმეს წოდებები, 1978 წლის ივნისში ოჯახთან ერთად გადაასახლეს დასავლეთ გერმანიაში, 1999 წელს დაბრუნდა რუსეთში.
გარდაქმნის წლებში მიჩნეული იყო საბჭოთა სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ კრიტიკოსად. ამასთანავე, უარყოფითად ეკიდებოდა დასავლურ ლიბერალურ ფასეულობათა გავრცელებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბოლო დროს გამოცემულ შრომებში უკიდურესად ნეგატიურად აფასებდა საბჭოთა სისტემის დანგრევას.
გარდაიცვალა 2006 წლის 10 მაისს. ანდერძის თანახმად, კრემინირებულ იქნა და მისი ფერფლი ვერტმფრენიდან გაფანტეს მშობლიური კოსტრომის ოლქის ჩუხლომის რაიონის თავზე.
ალექსანდრე ზინოვიევს სტალინის თაყვანისმცემლად ვერავინ ჩათვლის. პირიქით, ზოგჯერ აშკარად ჩანს მისი მიკერძოებულობა, ანტიპათიაც კი. მაგალითად, ამ შესავალში იგი წერს: «არ ვიცი, იყო თუ არა სტალინი ავტორი იმ ნაწარმოებების, რომლებსაც მას მიაწერენ» (გვ. 7). ეს მაშინ, როცა უინსტონ ჩერჩილი დარწმუნებით აცხადებს: «თავის სიტყვებსა და სტატიებს სტალინი თვითონ წერდა». (იხ. ვლადიმირ სუხოდეევი, სტალინის ეპოქა, გვ. 609).
როცა ასეთი პიროვნება _ მეცნიერი, მწერალი, დისიდენტი _ იოსებ სტალინზე იწყებს საუბარს, ჩვენ, მკითხველებს, სრული უფლება გვაქვს, მივიღოთ მისი ნააზრევი ობიექტურობასთან მიახლოებულ პოზიციად, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ხრუშჩოვის მემკვიდრეთა აშკარად ცალმხრივი, პროპაგანდისტული ნაყალბევისგან.
წაიკითხეთ ალექსანდრე ზინოვიევის ესე «სტალინისა და სტალინიზმის შესახებ», რომლითაც იხსნება ევგენი გუსლიაროვის ფუნდამენტური (750-გვერდიანი) ნაშრომი «სტალინი ცხოვრებაში» (ციკლიდან «ბიოგრაფიული ქრონიკები») და, ვიმედოვნებ, რომ ინტერესით დაელოდებით ამ წიგნის ქართულ თარგმანს, რომლის პუბლიკაციასაც «საქართველო და მსოფლიო» ახალი, 2014 წლის მე-2 ნომრიდან იწყებს.
არმაზ სანებლიძე
სტალინისა და სტალინიზმის შესახებ
ამ წიგნის ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ საერთო ხასიათის მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა დამემატებინა.
წიგნი, როგორც მკითხველი შენიშნავს, სტალინის უაღრესად კერძო, პირად, გარკვეული თვალსაზრისით, ინტიმური ბიოგრაფიის მომენტებს ეხება, თუკი შეიძლება ასეთის განცალკევება მისი ცხოვრების საერთო მდინარებისგან. რაც, უნდა ითქვას, ყოველთვის არ გამოსდის ავტორს. თუმცა ეს, სხვათა შორის, შეუძლებელიცაა. ისეთი ადამიანების კერძო ცხოვრება, როგორიც ე. გუსლიაროვმა მორიგი კვლევისთვის აირჩია, იმდენად მჭიდროდაა გადახლართული საზოდოებრივთან, რომ მკვეთრი საზღვრის გავლება აქ სრულიად შეუძლებელია.
მე ადრეც მიფიქრია სტალინზე, ამიტომ აქა-იქ დავუბრუნდები ჩემს იმ ნააზრევს, რომელსაც მკითხველი, განსაკუთრებით _ უცხოელი, შესაძლებელია, იცნობს.
ამგვარად, სტალინის პიროვნების შეფასება წარმოუდგენელია იმ ეპოქის შეფასების გარეშე, რომელიც განუყრელად დაკავშირებულია მის სახელთან _ სტალინიზმის ეპოქასთან.
ვინ არის სტალინი სტალინიზმის გარეშე? საშუალო სიმაღლის, სწავლადაუმთავრებელი, მცირემცოდნე სემინარისტი, ჩოფურა, ქართული აქცენტით მოლაპარაკე; იყო ცბიერი, შურისმგებელი და სასტიკი…
ძალიან წყალწყალა ხომ არ არის ასეთი შეფასება იმ ადამიანის, რომელიც დღესაც კი ბატონობს მილიონობით ადამიანის გულსა და გონებაზე?! სტალინის პერიოდის საშინელებათა მხილების ქარიშხლის გადავლის შემდეგ, რომელიც დაიწყო ხრუშჩოვის ცნობილი მოხსენების შედეგად და აპოგეას სოლჟენიცინის არანაკლებ ცნობილი «არქიპელაგ გულაგის» პუბლიკაციის კვალზე მიაღწია, სტალინის პერიოდის შესახებ დამკვიდრდა შეხედულება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების, ისტორიის შავი პერიოდის შესახებ, ხოლო სტალინი წარმოაჩინეს ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედად კაცობრიობის ისტორიაში. შედეგად დღეს ჭეშმარიტებად აღიარებულია მხოლოდ და მხოლოდ სტალინიზმის წყლულებისა და მისი სულისჩამდგმელის დეფექტების მხილება, ხოლო მეტ–ნაკლებად ობიექტური აზრის გამოთქმის მცდელობა ამ პერიოდისა და სტალინის პიროვნების შესახებ _ როგორც სტალინის აპოლოგეტიკა. და მაინც გავრისკავ, გადავუხვიო მამხილებელ–კრიტიკულ ხაზს და ობიექტურად შევაფასო არა სტალინი და სტალინიზმი, არამედ დავიცვა ობიექტურად მათი გაგების შესაძლებლობა.
ამ თემასთან დაკავშირებულმა ემოციურმა დრომ ჩაიარა. დადგა დრო არა მხოლოდ დანაშაულის მხილების, არამედ მისი ისტორიული არსისა და სათავეების დაფიქსირების…
ვფიქრობ, მაქვს მორალური უფლება, გავწიო ასეთი რისკი. ჭაბუკობიდანვე არავითარი სიმპათია არ მქონდა სტალინისა და სტალინიზმის მიმართ. ჯერ კიდევ 1939 წელს დაუფარავად გამოვედი სტალინის კულტის წინააღმდეგ, რის გამოც გამრიცხეს კომკავშირიდან და ინსტიტუტიდან, გამოსაკვლევად გამაგზავნეს ფსიქიატრიულ დისპანსერში, შემდეგ კი მიმიყვანეს ლუბიანკაზე. დისპანსერში დაასკვნეს, რომ ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რასაც არ გააკეთებდნენ ლიბერალურ პოსტსტალინურ დროში. სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელიდან თავის დაღწევა მოვახერხე, და ხრუშჩოვის მოხსენებამდე ჩემი ფარული მოწოდება ანტისტალინური პროპაგანდა იყო. უნდა ვაღიარო, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი. ხრუშჩოვის წლებში სტალინიზმის კრიტიკის საქმე ხელში აიღეს თვით ყოფილმა თავგამოდებულმა სტალინისტებმა. და მე ვპოვე მის მიმართ მშვიდი დამოკიდებულების შესაძლებლობა, ანუ არა ზიზღის, არამედ არაფრად ჩაგდების დამოკიდებულების შესაძლებლობა.
დედაჩემს კი სიკვდილამდე (იგი 1968 წელს გარდაიცვალა) სახარებაში სტალინის პორტრეტი ჰქონდა ჩადებული. მან გადაიტანა კოლექტივიზაციის, ომისა და ომისშემდგომი წლების ყველა საშინელება. დეტალურად რომ აღმეწერა ის, რაც მას გადახდა, მკითხველი ვერც დაიჯერებდა… და მაინც ინახავდა სტალინის პორტრეტს.
რატომ?
ამ კითხვაზე გაცემულ პასუხში დევს სტალინიზმის არსის გაგების გასაღები. საქმე ისაა, რომ, სტალინის ყველა საშინელებათა მიუხედავად, ეს იყო ჭეშმარიტი სახალხო ხელისუფლება. ეს იყო სახალხო ხელისუფლება ღრმა (არ ვიტყვი, რომ საუკეთესო) გაგებით, თვით სტალინი კი ჭეშმარიტად სახალხო ბელადი იყო.
ხალხის ხელისუფლება იმ პერიოდში აუცილებლად კარგს არ ნიშნავდა… და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ამავე დროს ეს ხელისუფლება ნიშნავდა ძალადობას თვით ხალხზე. სახალხო ბელადი, აუცილებელი არ არის, იყოს ბრძენი და კეთილი ადამიანი. ზოგჯერ სახალხო ბელადები ხელიდან წასული არამზადებიც ყოფილან. ზოგჯერ მათ თავად სძულთ ხალხი, რადგან უწყიან, თუ რას წარმოადგენს ხალხის მასა რეალურად და არა წიგნებისა და დოქტრინების მიხედვით.
სწორედ სტალინი (და არა ლენინი) იყო სახალხო ბელადი, რადგან ლენინს აკლდა სწორედ ის თვისებები, რომლებსაც სტალინს მიაწერენ და რომელთა მეშვეობით სახალხო ბელადი გახდა.
სტალინიზმის არსის შესახებ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა დავადგინოთ, ვის ინტერესებს გამოხატავდა სტალინი, ვინ მიჰყვებოდა მას. რატომ ინახავდა დედაჩემი სტალინის პორტრეტს? იგი გლეხის ქალი იყო. კოლექტივიზაციამდე ჩვენი ოჯახი ცუდად არ ცხოვრობდა, მაგრამ როგორი ძალისხმევით? უმძიმესი შრომის ფასად გამთენიიდან დაღამებამდე. რა პერსპექტივა ჰქონდა მის შვილებს (შვიდი შვილი ჰყავდა!)? შეიძლება გლეხები გამხდარიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში, ხელოსნები. დაიწყო კოლექტივიზაცია, სოფლის დაქცევა-აოხრება. ადამიანები ქალაქებში გაიხიზნენ. შედეგი? ჩვენს ოჯახში ერთი ადამიანი პროფესორი გახდა, მეორე _ ქარხნის დირექტორი, მესამე _ პოლკოვნიკი, სამნი _ ინჟინრები. მსგავსი რამ ხდებოდა მილიონობით სხვა ოჯახში.
არ მინდა აქ გამოვიყენო შეფასებითი გამოთქმები «ცუდი» და «კარგი». მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ეპოქაში ხდებოდა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო მილიონობით ადამიანის აღმასვლა საზოგადოების უმდაბლესი ფენებიდან ოსტატობამდე, ინჟინრობამდე, მასწავლებლობამდე, ექიმობამდე, მსახიობობამდე, ოფიცრობამდე, მეცნიერობამდე, მწერლობამდე, დირექტორობამდე და ა. შ. და ა. შ. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი რამ მომხდარიყო სტალინიზმის გარეშე. პროცესის მონაწილეთათვის ეს, ფაქტობრივად, ხორციელდებოდა სტალინიზმის დროს და, როგორც ჩანდა, მისი წყალობით. მართლაც _სწორედ მისი წყალობით. აი, ეს მილიონობით ადამიანი, რომლებმაც თავიანთი განცდების სფეროში ჩაითრიეს მილიონობით სხვა, იყო კიდეც სტალინიზმის საყრდენი და დამკვრელი ძალა. რასაკვირველია, აქ არა მხოლოდ ადამიანების რეალური წარმატებები, არამედ ილუზიებიც თამაშობს გარკვეულ როლს. მაგრამ ილუზიები არა მარქსისტული ზღაპრების (მათი ნაკლებად სჯეროდათ), არამედ ძალიან უბრალო რამის: საყოფაცხოვრებო პირობებისა და ადამიანებს შორის გულითადი დამოკიდებულების გაუმჯობესების. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანატოლისთვის ცალკე საწოლი სუფთა ზეწრით და სამჯერადი რეგულარული კვება ოცნების მწვერვალი იყო, თუმცა ბევრ ჩვენგანს არ სჯეროდა მარქსისტული ზღაპრების, სამაგიეროდ, ვიცოდით რეალური კომუნიზმის არსი, იმედი გვქონდა, რომ ჩვენც გვექნებოდა ის ცალკე საწოლი და ყუათიანი სადილი. ეს იმედი ჯაბნიდა ჩვენს ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოებისადმი, რომელიც მყარდებოდა. გვინდოდა თუ არა, იმედები სტალინის სახელს უკავშირდებოდა.
პიროვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ მისი სუბიექტური თვისებები, არამედ ისიც, თუ როგორ აისახება იგი გარშემო მყოფთა შეგნებაზე. გარშემო მყოფთა შეგნებაში სტალინი აისახებოდა არა ყალთაბანდის სახით, არამედ როგორც სიმბოლო ამ დიადი პროცესის. ეს იყო სერიოზული ისტორია და არა ერთი მუჭა დაუნდობელი ბოროტმოქმედების ძალადობა კეთილ და მოტყუებულ ხალხზე.
ხალხი არ იყო მოტყუებული. არ დაგავიწყდეთ, რომ სტალინის დროინდელ ყველაზე მასობრივ რეპრესიებში, რომლებმაც მილიონობით უბრალო ადამიანი დააზარალა, ერთი და იგივე ადამიანები ხშირად ჯალათისა და მსხვერპლის როლს თამაშობდნენ. ეს რეპრესიები ასევე იყო მოსახლეობის ფართო მასების თვითშემოქმედების გამოვლენა. და დღეს ძნელია გაარკვიო, ვისი წვლილია უმეტესი _ უმაღლეს ბოროტგამზრახველთა სტალინის ხელმძღვანელობით, თუ წილი ამ თითქოს მოტყუებული მოსახლეობის ფართო მასების.
ეს თემა რომ ამოვწურო, კიდევ ერთ მწვალებლურ აზრს გამოვთქვამ: სტალინიზმის მსხვერპლნი მხოლოდ ნახევარი სიმართლეა მის შესახებ. არის მეორე ნახევარიც, კერძოდ კი ის, რომ მსხვერპლნი იყვნენ თავიანთი ჯალათების თანაშემწენი და თანამონაწილენი. მსხვერპლნი იყვნენ ადეკვატურნი მათი მშობელი ეპოქის. კომუნიზმის ჩამოყალიბების ეპოქის საშინელება არა იმდენად მსხვერპლის არსებობის ფაქტია, რამდენადაც ის, რომ უპირატესობას მოიპოვებს, შეირჩევა და გადარჩება ადამიანის ტიპი, რომელიც მზად არის, გაიღოს მსხვერპლი და საკუთარ მსხვერპლად აქციოს სხვა ადამიანები.
სტალინი ამ ფსიქოლოგიური რევოლუციის უბრწყინვალესი გამომხატველი იყო. ვფიქრობ, რომ რეპრესიებმა სტალინს უფრო მეტად ღვთაებრივი თაყვანისცემა მოუპოვა, ვიდრე კვების პროდუქტებზე ფასების ყოველწლიური შემცირების განუხრელმა პოლიტიკამ.
სტალინი ლენინის მემკვიდრე იყო, სტალინიზმი კი _ ლენინიზმის. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს მათი ურთიერთობის შესახებ: ერთნი ამბობენ, რომ სტალინი ლენინის ერთგული მოწაფე და მისი საქმის გამგრძელებელი იყო. სხვები ამბობენ, რომ სტალინმა უღალატა ლენინის საქმეს. ვფიქრობ, რომ ერთნიც და მეორენიც თავისებურად მართლები არიან, მაგრამ აქ იჩენს თავს აღქმის სხვა ჭრილი, რომელიც უფრო არსებითია სტალინისა და სტალინიზმის შესაფასებლად.
მე განვასხვავებ დინების ორ მიმართულებას ცხოვრების იმ ნაკადში, რომელმაც რევოლუციის შედეგად გადაუარა საბჭოთა კავშირს, კერძოდ, კონკრეტულ-ისტორიულ ნაკადს და საერთო სოციოლოგიურ ნაკადს. მათგან პირველის დროს ადამიანები ძვრებოდნენ ჯავშანავტომობილებზე, ატრიალებდნენ მაუზერებს, ხელთ იგდებდნენ სატელეფონო სადგურებს, ხვრეტდნენ და «ვაშას» შეძახილით დაქროდნენ გაშიშვლებული ხმლებით…
ეს ჩანდა.
ამ დროს მეორე ნაკადში ჩუმად და შეუმჩნევლად ძალას იკრებდა ახალი ბავშვი _ მომავალი კომუნისტური საზოგადოება. იგი იზრდებოდა სრულიად პროზაულად: იქმნებოდა ურიცხვი დაწესებულებები და თანამდებობები, იზრდებოდა და დიფერენცირდებოდა ძალაუფლების აპარატი, რომელიც თავისი საცეცებით საზოგადოების ყველა უჯრედს სწვდებოდა, ანიჭებდნენ წოდებებს, ანაწილებდნენ მატერიალურ კეთილდღეობას…
დრამატული ისტორიის ნაკადი ისტორიაში რომ ჩაინთქა და მისით ავარდნილი მტვერი დაჯდა და დაიწმინდა, აშკარა გახდა, სინამდვილეში რის გამო წარმოთქვამდნენ სიტყვებს, ლაპლაპებდა მახვილები, გრგვინავდა «ვაშა!», რეალური ახალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და მართვის თავისი კირკიტა სისტემით, უკვე იშვა და ისტორიულ ასპარეზზე თავისი ჭეშმარიტი მოღვაწენი წამოსწია. ლენინი და მისი გვარდია პროცესის პირველ ნაკადს წარმოადგენდა, სტალინი, თავისი თანამზრახველებით, _ მეორეს. ლენინზე საუბრისას რატომღაც მისაღებად თვლიან სიტყვა «გვარდიას», სტალინზე ლაპარაკისას ხმარობენ სიტყვას «თანამზრახველები». ლენინის სახელთან დაკავშირებულია პარტიის რევოლუციამდელი პერიოდი და ქვეყნის გადარჩენის პერიოდი, რომელსაც ახალი საზოგადოების ბავშვი ჰყავს საშოში ჩასახული. სტალინის სახელთან კი დაკავშირებულია ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება, სუსტი ჩანასახის გადაქცევა ძლიერ არსებად. ძლიერში, ხაზს ვუსვამ, აუცილებელი არ არის, ვიგულისხმოთ კარგი…
ლენინი რეალური კომუნიზმის წინარე ისტორიაა. კომუნიზმის რეალური, საკუთარი ისტორია სტალინიდან იწყება. სწორედ ამით და არა უარყოფითი პიროვნული თვისებებით აიხსნება სტალინისა და მისი თანამზრახველების (არა გვარდიის, რა თქმა უნდა) გამარჯვება ტროცკიზე, ზინოვიევზე, ბუხარინსა და სხვა მოლაყბეებზე ლენინური გვარდიიდან. საქმე ის კი არ არის, რომ ერთნი უფრო ჭკვიანები იყვნენ, მეორენი კი _ სულელები, საქმე მოვლენათა დამთხვევაა. საქმე ის არის, თუ რა სოციალური ძალები გამოდიოდნენ ისტორიის ასპარეზზე და გიგანტური საზოგადოების მილიონობით უჯრედში ინიციატივას ხელთ იგდებდნენ. სტალინიზმი და არა ლენინიზმი არის ყველაზე უფრო სრული გამოვლინება კომუნიზმის არსის. ლენინიზმი მხოლოდ მომზადებაა სტალინიზმის, მისი ჩანასახია, უფრო ზუსტად კი, ადგილია, სადაც მწიფდებოდა ნაყოფი. და მას ის ბედი ერგო, რომელსაც ისტორიულად იმსახურებდა. სხვათა შორის, ამასწინათ გადავიკითხე სტალინის ზემოთ დასახელებული მოწინააღმდეგეების ზოგიერთი ნაწარმოები. მე ვერ შევნიშნე მათი ვერავითარი ინტელექტუალური უპირატესობა სტალინთან შედარებით…
…ის დროა, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ სტალინზე, როგორც თეორეტიკოსზე. აღიარებულია, რომ სტალინმა თითქოს მოახდინა მარქსიზმის ვულგარიზება, მაგრამ დავსვათ ასეთი შეკითხვა: სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ფილოსოფოსებმა მარქსიზმს ახალი რა შემატეს, მათთვის ჩვეულ სიტყვამრუშობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში? შეეცადეთ, მიუკერძოებლად უპასუხოთ ამ შეკითხვას, და შეიძლება ეჭვი დაგებადოთ, რამდენად სწორადაა ნახმარი სიტყვა ვულგარიზება. რა თქმა უნდა, მოხდა მარქსიზმის ფუძემდებლების ცალკეული მოსაზრებების ერთგვარი ვულგარიზება… არის კი ეს ნამდვილად ვულგარიზება?! ვულგარიზებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა პირველწყაროები სიბრძნის მწვერვალებია ან სიღრმითაა გამორჩეული. მაგრამ, თუ მათ მკაცრი მეცნიერული კრიტერიუმებით გამოწვლილვით განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ სავულგარიზებო არც არაფერი იყო. იყო ის, რაც სიტყვიერი ჩენჩოსგან უნდა გაწმენდილიყო. იყო რაღაც ისეთიც, რასაც ადვილად მოსანელებელი სახე უნდა მისცემოდა და ნორმალურ, ადამიანურ ენაზე უნდა აჟღერებულიყო. მაგრამ ვულგარიზება?! არ ვიცი, იყო თუ არა სტალინი ავტორი იმ ნაწარმოებების, რომლებსაც მას მიაწერენ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: სტალინის ნაწარმოებები იყო ის ცოცხალი თაგვი, რომელიც მარქსიზმის ტექსტების მთამ შვა. დიადი იდეოლოგიური რევოლუციის საჭიროებისთვის მათგან უკეთესი ვერ გამოდნებოდა. ძალიან დაბალი კულტურული დონის მქონე მილიონობით მოსახლეობისთვის განკუთვნილ იდეოლოგიურ ტექსტებს შორის სტალინის ნაწარმოებები იყო ყველაზე საუკეთესო, რაც მარქსიზმზე დაუწერიათ ოდესმე.
ნაშრომი «დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ», რომელსაც სტალინს მიაწერენ, წარმოგვიდგა, როგორც მარქსიზმის იდეოლოგიის მწვერვალი. საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, დღემდე მთელ იდეოლოგიურ მუშაობას, ასე თუ ისე, საფუძვლად უდევს იდეოლოგიური რევოლუციის შედეგები, რომლებიც სტალინის სახელით განხორციელდა.
თუ გსურთ, მარქსისტული სწავლების სიღრმისეულ შინაარსს ჩასწვდეთ, წაიკითხეთ სტალინის ნაწარმოებები… რა თქმა უნდა, მარქსიზმის ფუძემდებელთა ნაწარმოებებში არის ზოგი რამ, რისი შეფასება შეიძლება, როგორც მაღალი სულიერი კულტურის მოვლენის. მაგრამ ეს «ზოგი რამ» არ არის მარქსიზმის სპეციფიკური პროდუქტი. ნასესხებია თანამედროვეთაგან და წინამორბედებიდან, უმთავრესად, მათი განადგურების მიზნით. უნდა ითქვას, რომ «პოგრომები», რომლებიც მარქსმა, ენგელსმა და ლენინმა თავიანთ ნაწარმოებებში მოუწყვეს მოწინააღმდეგეებს, აღმოჩნდა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რეალურ კომუნისტურ საზოგადოებაში მოწყობილიყო «პოგრომები» მარქსიზმის იდეოლოგიური დროშის ქვეშ.
სტალინი ყველაზე უფრო ნამდვილი და ერთგული მარქსისტია. როცა მას ანიჭებენ ეშმაკის როლს ანგელოზების კრებულში, ამით რაღაც ნათელ მარქსიზმს კი არ განწმენდენ სტალინიზმის შავი ლაქებისგან, არამედ მხოლოდ ისწრაფვიან, დამალონ მარქსიზმის ჭეშმარიტი არსი, რომელიც გასაოცარი სისრულით და ნათლად წარმოაჩინეს სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა.
სტალინის პერიოდში შეიქმნა კომუნიზმის სხეულის ყველა ორგანო და ზუსტად განისაზღვრა მათი ფუნქციები, შემუშავდა ყველა რიტუალი და ქცევის წესი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, ზოგი რამ შეიცვალა. ხრუშჩოვი, მაგალითად, გაიტაცა სტალინისთვის უცხო უსაშინელესმა ლაყბობამ და მთელ მსოფლიოში უაზროდ ყიალმა, მაგრამ სტალინის სახე მაინც მის აზროვნებაზე ბატონობდა. ბრეჟნევს მეორე ილიჩის როლზე ჰქონდა პრეტენზია. მაგრამ ლაყბობითა და მოგზაურობისადმი მიდრეკილებით ხრუშჩოვს გადააჭარბა, თუმცა, ორატორული მონაცემებით, მას სტალინის ვარიანტი უფრო მოუხდებოდა. არ არის აუცილებელი, იყო ფსიქოანალიზის სპეციალისტი, რომ მიხვდე _ სტალინის სახემ ახალგაზრდობიდანვე დაიპყრო ბრეჟნევის სული. ხრუშჩოვმა, რა თქმა უნდა, ამხილა სტალინის დროინდელი საშინელებანი, ხოლო ბრეჟნევმა ვერ გაბედა მასობრივი რეპრესიების მოწყობა დისიდენტების წინააღმდეგ, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო სტალინის დროს. მაგრამ არის კი ეს მათი პიროვნული თვისებები?
ანტისტალინური განწყობილება პარტიასა და ხალხში ხრუშჩოვის მოხსენებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ეს უკანასკნელი იყო შედეგი წინა ისტორიის, ვიდრე ახლის დასაწყისი. ეს იყო ახალი ისტორიის ეტაპი და არა მამოძრავებელი მიზეზი. მამოძრავებელი მიზეზები ძველი დარჩა. მათ შესახებ ლაპარაკი დისიდენტებსაც კი არ სურთ. ბრეჟნევის «ლიბერალიზმიც» არ არის მისი პირადი თვისება. ეს არის მტკიცე მონაპოვარი საბჭოთა საზოგადოების გაბატონებული ფენების, რომლებმაც მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (ანუ სტალინის პერიოდის დამთავრების შემდეგ) თავი უსაფრთხოდ იგრძნეს.
საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იყო მიჩნეული, რომ სტალინის დროს ირღვეოდა პარტიულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნორმები, რომლებიც აღმოიფხვრა შემდგომ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით გაისმის კრიტიკული ხმები. «მსგავსი არაფერი მომხდარა, _ ღაღადებენ ეს ხმები, _ ხსენებული ნორმები ყოველთვის ირღვეოდა». ამ ხმებს მიაჩნიათ, რომ, თუ ქვეყანაში საქმე ცუდადაა, მაშასადამე, ნორმები ირღვევა. მაგრამ, როგორც ოფიციალური შეხედულება, ასევე მისი კრიტიკა, მოცემულ შემთხვევაში, აზრსაა მოკლებული. საქმე ის კი არ არის, დაცულია თუ არა ნორმები, არამედ ის, როგორია თვით ეს ნორმები. სტალინის ეპოქა იყო ამ ნორმების გამოგონებისა და დამკვიდრების ეპოქა. საქმე ისე არ იყო, როგორც წარმოუდგენიათ: თითქოს მაშინ, სტალინი რომ მოვიდა, უკვე არსებობდა ეს ნორმები. ისინი იბადებოდა და განმტკიცდებოდა იმ საშინელ პროცესში, რომელიც შემდეგ განმარტეს, როგორც მათი დარღვევის ჟამი. არ შეიძლებოდა იმის დარღვევა, რაც ჯერ კიდევ არ არსებობდა. საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს აქვს თავისი ნორმები, რომელთა მიხედვითაც ყალიბდება წარმოქმნილი საზოგადოების ნორმები. სტალინის მთელი პერიოდი მიმდინარეობდა პირველთან ზუსტ შესატყვისობაში.
სტალინი ადეკვატური იყო იმ ისტორიული პროცესის, რომელმაც იგი შვა. მან კი არ შექმნა ეს პროცესი, არამედ თავისი ხელი დაატყო, თავისი სახელი და თავისი ფსიქოლოგია დაანათლა. ეს იყო მისი ძლიერება და მისი დიდება.
გამორიცხული არ არის, რომ ახალგაზრდობას ოდესმე მოენატრება სტალინის დრო. ხალხი (სწორედ ის, ვითომ მოტყუებული და ნამუსახდილი) უკვე დარდობს და აპლოდისმენტებით ხვდება მისი სახელის ხსენებას.
ალექსანდრე ზინოვიევი
P.S. ალექსანდრე ზინოვიევის ესე, რომელიც ეს–ესაა წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, სუბიექტურია (ზოგან აკვიატებამდე სუბიექტური), დისიდენტის გადმოსახედიდანაა დაწერილი. არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მეცნიერული მიდგომის პრეტენზია. ისეთი პუბლიცისტიკაა, რომელიც გახსნილია კრიტიკისთვის.
თუმცა ღირს წასაკითხად.
ჩვენც მოგაწოდეთ, როგორც ფაქტი, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, მით უფრო, რომ წინ გიდევთ მრავალპლანიანი წიგნი სტალინის შესახებ საინტერესო ფაქტებითა და მოსაზრებებით, შეცდომებითა და უტყუარობით _ «შიშველი» ფაქტები შენიშვნებისა და კომენტარების გარეშე.
მიუკერძოებელი წიგნია, რომელიც ან გაგიმყარებთ პოზიციას, ან შეიძლება შეგაცვლევინოთ კიდეც. ვფიქრობ, რომ სტალინის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ერთნაირი ინტერესით წაიკითხავთ.