Home რუბრიკები საზოგადოება დასავლეთის მიზანია, როგორმე დაამცროს ეკლესიის დიდი ავტორიტეტი

დასავლეთის მიზანია, როგორმე დაამცროს ეკლესიის დიდი ავტორიტეტი

694

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის საშობაო ეპოსტოლეს იმ ნაწილმა, რომელშიც პატრიარქმა სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებზე ისაუბრა, საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი ვნებათაღელვა, მეორე ნაწილში კი დაბნეულობა გამოიწვია. მათვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ იყო ასეთი მკაცრი პატრიარქი ამ გზით უკვე დაბადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ. განმარტება წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ დავითს (ისაკაძეს) ვთხოვეთ.

 

_ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ეკლესიის სწავლებაზეა დაფუძნებული და მასში მხოლოდ პატრიარქის პირადი შეხედულებები არ არის გადმოცემული. ეკლესიას საუკუნეების მანძილზე აქვს პოზიცია, რომ მხოლოდ და მხოლოდ  ღვთივკურთხეული ოჯახის შვილები არიან ღმერთის მიერ ნაკურთხნი, ხოლო ყოველგვარი სიახლე ამ სფეროში, იქნება ეს სუროგაცია თუ ხელოვნური განაყოფიერება, ღვთის ნებას უპირისპირდება.

_ მამაო, ყველაზე მეტი აღშფოთება გამოიწვია ტერმინმა «პრობლემატური ბავშვი», რას გულისხმობდა პატრიარქი?

_ სუროგატი დედა ფულზე ყიდის ბავშვს, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებს და, როგორც გამოუყენებელ ნივთს, ისე იშორებს. ასეთ ადამიანს უკვე უდიდესი პიროვნული ტრაგედია აქვს. სუროგატ დედას დედობის გრძნობა აღარ გააჩნია. რაც შეეხება სინჯარით გაჩენილ ბავშვებს, მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ ამ დროს არაერთი ემბრიონის განადგურება ხდება. არადა, ეს ემბრიონი უკვე სული და ხორცია. შემდგომში ეს ცოდვა გადადის ბავშვებზე და მათ აუცილებლად უჩნდებათ სულიერი პრობლემები. ეკლესია ცდილობს, სიყვარულით შეაგონოს დედებს, ნუ წავლენ ასეთ ნაბიჯზე, თორემ თვით ამ ბავშვებს საზოგადოებაში არანაირი დისკრიმინაცია არ ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ სუროგაცია აკრძალულია ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, შვეციაში, აშშის ორ შტატში, საფრანგეთში, შვეიცარიაში. მხოლოდ 5 ქვეყანაშია დაშვებული კომერციული სუროგაცია და მათ შორისაა საქართველო. სამართლის თვალსაზრისით, სუროგატ დედებთან დაკავშირებული პრობლემა მთელ მსოფლიოში ითვლება ყველაზე უფრო სადისკუსიო და ნაკლებად დარეგულირებულ ქმედებად. ფაქტობრივად, ქალი გამოყენებულია, როგორც ფასიანი ინკუბატორი. კომერციული მიზნებით სუროგაციის აკრძალვის შესახებ ნათქვამია 1985 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მიერ ბრიუსელში მიღებულ დეკლარაციაში. რა, ჩვენ ყველა ევროპულ ქვეყანაზე წარმატებულები ვართ?

ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკლესიურ გაუნათლებლობას, რაკი ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი; მეორე მხრივ, დავინახეთ ჩასაფრებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედება, რომლებიც ფულს ეკლესიასთან დაპირისპირებაში იღებენ.

_ მაგრამ არ შეიძლებოდა განცხადების სხვა ფორმა მოძებნილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩასაფრებულ ადამიანებს ამდენი სალაპარაკო არ გასჩენოდათ?

_ ადამიანს უნდა ჰქონდეს საეკლესიო განათლება, ეს ყველაფერი რომ გაიგოს. როდესაც ადამიანს ეკლესიური განათლება გააჩნია, ის ეპისტოლეში  დამაბრკოლებელს ვერაფერს დაინახავდა. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდა, დაესვა, მაგრამ არა ასეთი აგრესიით, ტრანსპარანტებით რომ ლამის საპატრიარქოში შევარდნას რომ ცდილობდნენ. და ეს ადამიანები გაჰყვირიან, რომ დემოკრატები არიან და რაღაც ფასეულობები გააჩნიათ?!

_ რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია სუროგაციას, ეს ხომ მეცნიერული პროგრესის ნაწილია?! დაავადებებს ხომ ვმკურნალობთ და არ შეიძლება ესეც უშვილობასთან ბრძოლის ერთერთ გზად ჩაითვალოს?

_ ყველაფერი ღვთის ნებაა და, როდესაც ასეთი მეთოდებით ხდება შვილის გაჩენა,  მომავალში ეს აუცილებლად იჩენს თავს, ამიტომ ასეთი სახით პრობლემის გადაჭრა ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

_ მაგრამ, მამაო, როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც, წლებია, მკურნალობენ და შვილი მაინც არ ჰყავთ? რატომ არ უნდა მიმართონ მათ სუროგაციას ან ხელოვნურ განაყოფიერებას, თუ ეს მათთვის ერთადერთი შანსია შვილის ყოლის?

_ როდესაც ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მიდის და რაიმე ახალს იგონებს, მაშინ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას. ამ შემთხვევაში კი ცოდვის ჩადენის შედეგად ხდება ბავშვის გაჩენა.

_ თუ ეკლესიური სწავლებიდან ამოვალთ, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. გამოდის, ღმერთი უშვებს ამ ბავშვების დაბადებას?

_ დიახ, ეს ღვთის დაშვებით ხდება, თუმცა საღვთო ისტორიიდან ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წინასწარმეტყველ სამოელს ხალხი დაჟინებით სთხოვდა, მეფე გვინდაო. მან იცოდა, რომ ეს ერს კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ, რადგანაც ძალიან შეაწუხეს, ილოცა და ღმერთმა დაუშვა მეფე და იმ მეფეს ერქვა საული. სწორედ ამ მეფემ დაიწყო საკუთარი ხალხის დევნა. ხალხმა გამოითხოვა ღმერთისგან ეს სასჯელი.

აქვე მინდა განვაცხადო, ეკლესია ამბობს, რომ ეს ცოდვაა, მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცევა.

გამოდის, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი და ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს ეკლესია სუროგატ დედებსა და ბავშვებს დევნის და მათ დისკრიმინაციას ახდენს. თამარ ჩუგოშვილი იქნება ეს თუ გიგი უგულავა, არსებობს საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს, იქნება ეს სუროგაციის თემა თუ მრუშობა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

_ თქვენ ბრძანებთ, რომ ეკლესია თავის აზრს აფიქსირებს და ის არავის არაფერს აძალებს. თუნდაც არ ეთანხმებოდე პატრიარქს, ბუნებრივია, მას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ამის მიუხედავად, პატრიარქის ეპისტოლეს საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა. სასულიერო პირები წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდით და ეკლესიის შევიწროებაში სდებდით ბრალს. ეს პროცესები კვლავაც გრძელდება. რას უნდა მივაწეროთ ეს?

_ გიგი უგულავა, თამარ ჩუგოშვილი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახლაც გამოირჩევიან ეკლესიისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლით, წინა ხელისუფლების დროსაც ანალოგიურად იქცეოდნენ. ეს ერთი და იგივე ჯგუფია. თამარ ჩუგოშვილი საიას _ ოდიოზური, ნეოკომკავშირული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელია. საია  «თავისუფლების ინსტიტუტისგან» არაფრით განსხვავდება. ამ ასოციაციის ყველა წევრი ერთნაირად აზროვნებს.

_ ბოლო დროს სასულიერო პირების მხრიდანაც ვისმენთ კრიტიკულ მოსაზრებებს. მაგალითად, მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ეკლესიის ლუსტრირებას ითხოვს. მართლა საჭიროა თუ არა ახალი რუისურბნისი?

_ მე დამაინტერესა, გამერკვია, სად მსახურობდა ეს მღვდელმონაზონი და აღმოჩნდა, რომ ის არც ერთ ეპარქიაში არ მსახურობს. ამ ადამიანს აბსოლუტურად ანტიეკლესიური ცნობიერება აქვს. ის არის ლიბერალი, მოდერნისტი პიროვნება, რომლისთვისაც უცხოა ეკლესიის სწავლება, დოგმატიკა, კანონები. თუ მას რაიმე საკითხი აინტერესებს, შეუძლია ეს ყველაფერი ეკლესიის წიაღშივე გაარკვიოს. ეკლესიაში არსებობს ზნეობის კომისია, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. თუ გამოვლინდება ფაქტები, რომლებიც ეკლესიისთვის მიუღებელია, ზოგიერთ მღვდელს ეპიტიმია ეკისრება.

ვფიქრობ, ეს პროცესი მართულია და ზოგიერთი სასულიერო პირი იმ ოდიოზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლებიც თავს ესხმიან ეკლესიას.

_ ბოლო პერიოდში ასევე მოდური გახდა სოციალურ ქსელებში ეკლესიისა და პატრიარქის ლანძღვა და კრიტიკა. რატომ გაძლიერდა ამგვარი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ? ვინ ცდილობს  დღეს ეკლესიის დისკრედიტაციას?

_ მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მე შეგახსენებთ ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილ გამონათქვამს _ ჩვენ დავამარცხეთ კომუნიზმი, ახლა უნდა დავამარცხოთ მართლმადიდებლობა. სწორედ დასავლეთის მიზანია, ის დიდი ავტორიტეტი, რომელიც ეკლესიას გააჩნია, როგორმე დაამცროს. აქედან გამომდინარე, ამერიკიდან და ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ზოგიერთი სასულიერო პირიც, მიზანმიმართულად ესხმიან თავს ეკლესიას.

_ «ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამოირჩევა მეგაგამოწვევებით», _ განაცხადა პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში. რას გულისხმობდა პატრიარქი?

_ დღეს მსოფლიოში უამრავი გამოწვევაა; თუნდაც გამოწვევები, რომლებიც შეეხება ემანსიპაციის სწავლებას, გენდერულ თანასწორობას, ფემინიზმს, მამათმავლობის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს ნორმალური მოვლენაა; ასევეა ნარკოტიკები, სათამაშო ბიზნესი, რომელმაც არაერთი ოჯახი დაანგრია და არაერთი ადამიანი გაანადგურა. ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ ამა თუ იმ ხელისუფლებას, ან აეკრძალა სათამაშო ბიზნესი, ან სადმე გარეუბანში მაინც გადაეტანა. რადგან სხვა გზა ცდუნებისთვის თავის არიდებისა ვეღარ მოვძებნეთ, ჩვენ, სასულიერო პირები, არაერთხელ შევსულვართ ასეთ დაწესებულებაში და გვითხოვია იქ მოთამაშეებისთვის, გარეთ გამოსულიყვნენ, მაგრამ მეორედ იქ აღარ გვიშვებდნენ.

ისიც გამოწვევაა, როდესაც სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ახალგაზრდა გაშმაგებით თავს ესხმის პატრიარქს, უფროსი ასაკის ადამიანებს, იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც დღეს ბრძოლის ავანგარდში არიან. სოციალისტური წყობილების დროსაც კი, მახოვს, თავისებური რიდი არსებობდა უფროსის მიმართ, ასე ვერავინ გაბედავდა შეურაცხყოფის მიყენებას. დღეს ერთერთი უდიდესი გამოწვევაა პორნოინდუსტრია, სერიალები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს, განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა თურქული სერიალები, რომლებმაც ახალი ცნობიერება დანერგეს მოსახლეობაში, ფაქტობრივად, პირდაპირ მიმდინარეობს მაჰმადიანობის ქადაგება და პროპაგანდა, ამიტომ სწორედ ასეთი ეპისტოლეები ემსახურება ერის გამოფხიზლებას

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. დასავლეთის მიზანია გაანადგუროს მართმადიდებლური ქრისტიანობა,გეყოფად ამდენი დუმილი და ხალხს სიმართლეს ნუ უმალავთ,ამიტომაც იღებთ დარტყმებს რა გვინდა ნატოში და ევროკავშირში ან სხვა კავშირში?, რაც ხდება ყირიმში ეს საღვთო ომია ლუციფერი ებრძვის მართმადიდებლობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here