Home რუბრიკები ისტორია არამზადები სტალინის წინააღმდეგ

არამზადები სტალინის წინააღმდეგ

ნიკოლაი სტარიკოვის წიგნს: «სტალინი. ერთად გავიხსენოთ» ასეთი ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული: «სტალინი რუსი ნაციონალისტია, _ ამბობენ რუსი ნაციონალისტები. სტალინი კომუნისტია, _ ამბობენ კომუნისტები. სტალინი მურტალი და არამზადაა, _ ამბობენ მურტლები და არამზადები». ავტორი უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ დღეს იმდენი თოკშოუ და ამ სატელევიზიო ჟანრის იმდენი წამყვანი აღმოცენდა ქართულ ტელესივრცეში, რომ მათი რაოდენობა მათივე მომზადების დონის უკუპროპორციული გახდა. ყველაფერი იციან, ყველა დარგში ერკვევიან და, ვაი, ამ ცოდნასა და გარკვევას! ჯანდაბას! მათი განათლებულობის შკალის დაბალი მაჩვენებელი მათივე პრობლემაა, მაგრამ ტელემაყურებლებს რომ აბითურებენ?!

 

ვიღაცას არამარტო მოსწონს, არამედ, როგორც ჩანს, ვიღაც ხელსაც უწყობს საზოგადოებრიობის მასობრივი გამოშტერების ასეთი მეთოდის საყოველთაო გამოყენებას.

ვხდებით მოწმენი იმისა, როგორ გადმოინაცვლა ქუჩის ჩხუბმა ეკრანზე, წიოკმა და თმების გლეჯამ, ისტერიკამ და მუშტი-კრივამდე მისულმა დაპირისპირებამ.

1971 წელს რომში სრულიად შემთხვევით შევესწარი დაპირისპირებული ორი დაჯგუფების შეტაკებას «იდეოლოგიურ ნიადაგზე».

_ კომუნისტო! _ უყვიროდნენ «ფრონტის» ერთ მხარეს მდგარი წინახაზელები მეორეთ.

_ ფასისტო! _ უპასუხებდა მეორე მხარის ავანგარდი.

ხმას უწევდნენ ჩახლეჩამდე, ერთმანეთზე იწევდნენ.

პირველად ვნახე ასეთი გაბოროტებული დამოკიდებულება ადამიანებისა ერთმანეთის მიმართ, გავვოცდი.

ახლა ყოველ დილასაღამოს ვხედავ ქართული ელექტრონული მედიის მინდორში ნაზამთრალს ამოწვერილი კვარაკუნჩხებივით გამრავლებული ტელეარხების ეკრანებზე ასეთსავე ჯახსა და უბედურებას. და არ მიკვირს.

ინტელექტუალური ტელევიზიები!

გასული კვირის ხუთშაბათს ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა სწორედ ასეთი პერფომანსი მოაწყო. საცოდავი სანახაობა იყო. თემა: საჭიროა თუ არა სტალინის ძეგლების დადგმა საქართველოს ქალაქებში?

ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ, ადამიანებო, პატიოსანი, ობიექტური მეცნიერის დაწერილი ნაშრომი, და შემდეგ შეეცადეთ, გაერკვეთ სტალინის, ამ უაღრესად რთული, არაერთგვაროვანი ფენომენის რაობაში. შემდეგ შეებრძოლეთ!

ან დაიცავით.

არა მგონია, ამ წინადადებას მხარი დაუჭირონ სტალინის მაგინებლებმა, ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაყვეტს (ადაპტირებულ თარგმანს) ნიკოლაი სტარიკოვის 2013 წელს «პიტერის» (პეტერბურგი) მიერ გამოცემული წიგნიდან «სტალინი. ერთად გავიხსენოთ».

მარტო რიგით რაიანს არ ეძებდნენ ომის დროს

იმ თოკშოუში, რომელიც ესესაა ვახსენეთ, ბატონმა გრიშა ონიანმა, საზოგადოება «სტალინის» ხელმძღვანელმა, ერთი საოცარი ფაქტის შესახებ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას.

ურთულეს წლებში, რომლებიც დიდი ომის შედეგად შეიქმნა ქვეყანაში, ბატონი გრიშას ძმამ ნიკოლოზ ონიანმა, რომელიც კოლიმაში სასჯელს იხდიდა სამშობლოს ღალატის მუხლით, სტალინს წერილი მიწერა. ბელადს თხოვნით მიმართა, რომ მისი შვილი გიორგი, რომელიც გადასახლებაში შეეძინა, სამშობლოში, საქართველოში ბებიაბაბუასთან გაეგზავნათ, რათა ჭეშმარიტ პატრიოტად აღეზარდათ.

და მოხდა ისე, რომ ეს პატარა ბიჭი მილიციელისა და პედიატრის თანხლებით ჩაიყვანეს ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში და ბებიასა და ბაბუას ჩააბარეს.

საოცრებაა? გამონაკლისია? არ ღირს განზოგადებად?

ახლა სხვა ამბავიც მოისმინეთ, ომისდროინდელი ამბავი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა უბრალო მოქალაქეს ქვეყნის ხელმძღვანელის იმედი ჰქონოდა თავისი კერძო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.

ეს ამბავი ნიკოლაი სტარიკოვს ერთმა ქალბატონმა მოუთხრო. მისი ოჯახი ომამდე ქალაქ კოკსტოლმში (ამჟამად პრიოზერსკი) ცხოვრობდა, ლენინგრადის მახლობლად. «დაიწყო ომი და ეს პატარა, ცხრა წლის გოგონა ორსულ დედასთან ერთად ევაკუირებულ იქნა საშიში ადგილიდან. ერთ დღეს მათი ეშელონი ქალაქ რიბინსკის შუალედურ სადგურში გაჩერდა. ამ ქალაქში მისი დეიდა ცხოვრობდა.

ეშელონი აქ ერთ დღეღამეს უნდა გაჩერებულიყო. მე და დედაჩემი დეიდის მოსანახულებლად წავედით. როცა მან დაგვინახა, რა გაწამებულებიც ვიყავით, უბარგოდ, დედას ჩემი თავისთან დატოვება შესთავაზა ომის დამთავრებამდე (საერთოდ, რაგინდ შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ომი მალე დამთავრდებოდა). დედა დაეთანხმა. მაგრამ სანამ იგი, ვინ იცის, რა გზებით დონის როსტოვამდე ჩააღწევდა გერმანელები რიბინსკს მიადგნენ. ჩვენ _ მე და დეიდაჩემის ოჯახი ბარჟებით ვოლგით გაგვიყვანეს. სად მივყავდით, არ ვიცოდით. ბოლოს და ბოლოს ჩავედით ნიჟნი ტაგილში _ ჩვენი მგზავრობის ბოლო პუნქტში.

გერმანელებმა როსტოვი ორჯერ აიღეს, და არავითარი კავშირი დედასთან არ მქონდა, მით უფრო, რომ მას მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. დეიდაჩემის ცხოვრება ისე აეწყო, რომ იძულებული გავხდი ბავშვთა სახლში წავსულიყავი. გამაგზავნეს პატარა ქალაქ ვერხნაია ტავაში, ძალიან კარგ ბავშვთა სახლში, შესანიშნავი დირექტორითა და მზრუნველი აღმზრდელებით. ომის დროს ალბათ ყველა ადამიანს ჰქონდა გული. იქ 1943 წლის ოქტომბრამდე დავყავი.

გამომიძახა დირექტორმა და მეუბნება: _ ედა, დედასთან უნდა გაგაგზავნოთ როსტოვში და აღმზრდელსაც გაგაყოლებთ.

მაშინ ვიფიქრე, რომ ასეც უნდა მომხდარიყო: რახან იპოვეს დედა, ბავშვიც მისთვის უნდა გაეგზავნათ. მით უფრო, რომ იმ დღეებში ჩვენი ბავშვთა სახლიდან ქალაქ შახტინსკში მშობლებთან გაამგზავრეს ერთი ბიჭი. ბავშვური ჭკუით ვერ გავთვალე, რომ რაც მოხდა, სასწაული იყო: ქვეყანა სამკვდროსასიცოცხლო ომში იყო ჩაბმული, როცა ჯარისკაცებით და იარაღით დატვირთული ეშელონები დასავლეთისკენ მიემართებოდა, დაკარგული ვიღაც პატარა გოგოს, რომელიც, ამასთან ერთად, ხალხის დახვრეტილი მტრის შვილი იყო, იპოვიდნენ ამ მოთუხთუხე ქვაბში და გაუგზავნიდნენ დედას, რიგით სახლმმართველს

1943 წლის 11 ნოემბერს, მატარებლიდან მატარებელში ხუთი გადაჯდომის შემდეგ (მათ შორის ერთი დანგრეულ სტალინგრადში იყო), გოგონა გამცილებელთან ერთად ჩავიდა დონის როსტოვში და დედას ჩააბარეს.

როგორ იპოვა დედამ შვილი? თურმე მან წერილი გაუგზავნა სტალინს და შედეგად მისი გოგონა დედას ჩაუყვანეს, _ წერს ნიკოლაი სტარიკოვი.

ახლა ამ ამბის მეორე ნახევარსაც დავუგდოთ ყური:

«რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ მოგვაკითხა ქალმა მილიციელმა და დედაჩემი იკითხა: _ თქვენ ხართ ტატიანა ვლადიმირის ასული კოშევაროვა? დამადასტურებელი პასუხი რომ მიიღო, სამხედრო სალმით გაეჭიმა დედას და გადასცა ხუთი ბეჭდით დალუქული დიდი პაკეტი გრიფით «უმაღლესი მთავარსარდლის ამხანაგ სტალინის პირადი მისაღები». ტექსტი იტყობინებოდა: «თქვენი წერილი, რომელიც ამხანაგ სტალინს გამოუგზავნეთ, მივიღეთ. თქვენი თხოვნა შესრულებულია». არ მახსოვს, ვისი თანამდებობა და გვარი ეწერა. ტექსტი კი მეხსიერებაში ფოტოგრაფულად ჩამებეჭდა, სამუდამოდ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ამგვარი საქმეებით სტალინი ვერ დაკავდებოდა. მაგრამ მან შექმნა უბრალო ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენის წესი და ეს წესი განუხრელად ხორციელდებოდა.

ეს ამბავი ედიტა იოჰანეს ასულ ანდრიანოვას გადახდა.

იყო ეს ცალკეული მაგალითები, გამონაკლისი თუ სისტემის გამართული მოქმედების შედეგი, თავად უპასუხეთ!

ახლა გულზე ხელი დაიდევით და თქვით, ადამიანებისადმი ყურადღების გამოჩენის მსგავსი სისტემის შექმნა კი არა, ერთი ფაქტის დასახელებაც თუ შეგიძლიათ სააკაშვილის «ეპოქის» «რვა საუკუნის განმავლობაში არნახული აღმშენებლობის» პერიოდიდან?

სააკაშვილი «დემოკრატია» და სტალინი «ტირანი».

ან ვინმე ერთმა მაინც თუ დაიჯერა, რომ ათობით და ასობით სისხლის სამართლის დამნაშავის ერთი ხელის მოსმით ამნისტირება სააკაშვილის  გულმოწყალების შედეგი იყო?! და არა უნიჭო პიარკომპანიის უგნური აქტი?!

ეს _ ერთი შტრიხი სისხლისმსმელი დიქტატორის პორტრეტისთვის, ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ.

სტალინი და კულტურის მოღვაწენი

«სტალინი ზედმიწევნით იცნობდა მხატვრულ ლიტერატურას, _ წერს სტარიკოვი, _ ამასთან, აღსანიშნავია მისი არაიდეოლოგიზებული გემოვნება. იგი კომუნისტების ბელადი იყო, მაგრამ არ იყო მხოლოდ «წითელი» ხელოვნების გამფეტიშებელი. დადასტურებულია მოწმეთა მიერ, რომ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იგი თვრამეტჯერ (!) დაესწრო მიხაილ ბულგაკოვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს «ტურბინების დღეები» (ამ პიესას საფუძვლად აქვს დადებული ბულგაკოვის რომანი «თეთრი გვარდია». _ ..). პიესაში არცერთი კომუნისტი და გმირი წითელი მეთაური ნახსენებიც არ არის, აღწერილი არიან თეთრი ოფიცრები, რომლებიც «წითლებს» ებრძოდნენ.

აი, რას წერს ამის თაობაზე არტემ სერგეევი, სტალინის რევოლუციონერი მეგობრის თევდორეს (იგი ადრე დაიღუპა) შვილი, რომელიც სტალინმა, მისმა მამობილმა აღზარდა (სტალინი ყმაწვილებს _ მას და ვასიას უხსნიდა):

წითლები და თეთრები _ უკიდურესობებია. წითლებსა და თეთრებს შორის დიდი ფენაა თითქმის წითლების და თითქმის თეთრების. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეომებიან (პიესაში), ზოგნი ძალიან თეთრები არიან, სხვები – ცოტა მოვარდისფრო, მაგრამ არა წითლები. ერთმანეთთან დაახლოება არ შეუძლიათ, რადგან ომობენ. ნუ იფიქრებ, რომ შეძლებ ადამიანების დაყოფას მხოლოდ წითლებად და მხოლოდ თეთრებად. ასეთები მხოლოდ ხელმძღვანელები არიან, ყველაზე უფრო განათლებული, შეგნებული ადამიანები. მასა კი ან ერთს მიჰყვება, ან მეორეს, ხშირად გზა ერევა და მიდის იქით, საითკენაც საჭირო არ არის».

აი ასე აგვიხსნა სტალინმა მე და ვასიას ზოგი რამ».

სტალინი არასოდეს ხელმძღვანელობდა მარტივი პრინციპით «წითელი _ თეთრი». ცალკეული ავტორების კულტურული და აღმზრდელობითი ღირებულებების შეფასებისას. ბულგაკოვთან დაკავშირებული მაგალითი ფრიად ნიშანდობლივია. ამ ავტორს ვერავითარ შემთხვევაში პროლეტარულ მწერალს ვერ უწოდებდი… რომანების «ოსტატი და მარგარიტა» და «ძაღლის გული» ავტორმა ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი რუსულ კლასიკურ ლიტერატურაში.  20-იანი წლების საბჭოთა რუსეთისთვის მიხაილ ბულგაკოვი, უწინარეს ყოვლისა, იყო დრამატურგი, საინტერესო პიესების ავტორი. მაგრამ ავტორი ბურჟუაზიული და უცხო. წითელი მეთაურების, პროლეტარიატისა და ამხანაგ ტროცკის მხედართმთავრული ნიჭის განდიდების ნაცვლად მიხაილ ბულგაკოვი სულ სხვა რამეზე წერდა. სინდისზე, ვალდებულებაზე, რუსეთზე. როცა დღეს თქვენ ნიკოლაი სვანიძის აღშფოთების სიტყვებს ისმენთ სტალინის გამოსახულებიანი სასკოლო რვეულების გაყიდვის დაუშვებლობის შესახებ, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ბულგაკოვის დევნა თავის დროზე ასეთმა «სვანიძეებმა» დაიწყეს. მათი ლოგიკა ყველა დროში ერთნაირია _ არ შეიძლება იმის კეთება (წერა), რისაც არ შეიძლება…

(ბულგაკოვის) პიესა «ტურბინების დღეები არ არის სწორი იდეოლოგიური მიმართულების ნაწარმოები. ის შესანიშნავად დაწერილი მასალაა, გულწრფელი და გულში ჩამწვდომი. ნამდვილი. ამიტომაც ეუბნებოდა სტალინი თავის შვილობილ არტემს: «ამ მწერალმა გაბედულად გვიჩვენა, რომ გმირები მხოლოდ წითელი არმიის მხარეს არ იყვნენ. გმირები ისინი არიან, ვისაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად სამშობლო უყვართ. ასეთები კი მხოლოდ ჩვენს მხარეს არ იბრძოდნენ».

არსებობს ზუსტი დადასტურება იმისა, რომ სტალინი ცდილობდა, დახმარებოდა ბულგაკოვს, რომლის განდევნასაც თეატრალური სცენიდან აქტიურად ცდილობდნენ მაშინდელი «იდეალების თავგამოდებული დამცველები». 1928 წლის დეკემბერში გაერთიანება «პროლეტარული თეატრის» წევრებმა ე. წ. «რევოლუციური სიტყვით» მიმართეს ქვეყნის ხელმძღვანელობას: «პატივცემულო ამხანაგო სტალინ!.. როგორ უნდა შეფასდეს, ფაქტობრივად, «უპირატესად ხელსაყრელი პირობების შექმნა ყველაზე უფრო რეაქციული, ბულგაკოვის მსგავსი ავტორებისთვის, რომელმაც (ბულგაკოვმა) შეძლო მოსკოვის სამ უდიდეს თეატრში თავისი ოთხი, აშკარად ანტისაბჭოთა პიესის დადგმის განხორციელება: ამასთან ისეთი პიესებისა, რომლებიც მხატვრული ღირებულებით, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალო დონისაა?»

1929 წლის 2 თებერვალს მათ მიიღეს სტალინის პასუხი: «იმიტომ, ალბათ, რომ თქვენი პიესები, რომლებიც დასადგმელად ივარგებდა, არ გვყოფნისრაც შეეხება კერძოდ პიესას «ტურბინების დღეები», იგი არც თუ ცუდია, იგი უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე საზიანო». რადგან ბულგაკოვის წყალობით, მთელი მსოფლიო, რომელმაც ეს სპექტაკლი ნახა, რწმუნდება, რომ «ისეთი ადამიანებიც კი, როგორებიც ტურბინები არიან, იძულებული ხდებიან, დაყარონ იარაღი და დაემორჩილონ ხალხის ნებას, თავიანთი საქმე კი საბოლოოდ წაგებულად აღიარონ…»

სტალინის მხარდაჭერის მიუხედავად, მწერლის დევნა «კოლეგების» მხრიდან გაგრძელდა და 1929 წლის ივლისისთვის არც ერთ საბჭოთა თეატრში მისი პიესები აღარ იდგმებოდა.

1930 წლის 28 მარტს ბულგაკოვი წერილით მიმართავს საბჭოთა მთავრობას. იგი თავის მდგომარეობას გამოხატავს სიტყვებით _ «ამჟამად მე განადგურებული ვარ»… «წერის შეუძლებლობა ჩემთვის ცოცხლად დამარხვას ნიშნავს».

წერილის დასასრულს, რომელიც განწირული ადამიანის ყვირილის მსგავსია, მწერალი ითხოვდა საზღვარგარეთ გაშვებას, რადგან სამშობლოში იგი არ სჭირდებათ და მასზე მოთხოვნილება არ არის. ვლადიმერ მაიაკოვსკის თვითმკვლელობის ფონზე, რომელმაც სიცოცხლესთან ანგარიში 1930 წლის 14 აპრილს გაასწორა, ბულგაკოვის განცხადება და მისი ტონალობა განსაკუთრებით უიმედო და პირქუში ჩანს. და სტალინი იმ დროისთვის უჩვეულოდ იქცევა. იგი ბულგაკოვს თავისთან კი არ გამოიძახებს, არც არავის დაავალებს, დაინტერესდეს ამ პრობლემით, საქმეს არ აჭიანურებს და მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ, 1930 წლის 18 აპრილს სახელმწიფოს მეთაური ურეკავს მწერალს, რომელსაც დევნიან და რომელსაც პირადად არ იცნობს.

ელენა ბულგაკოვა იხსენებს:

«…1930 წლის 18 აპრილს, საღამოს 6-7 საათისთვის იგი (ბულგაკოვი) მოვარდა აღელვებული ჩვენს ბინაში ბოლშაია რჟევსკაიაზე და მოგვიყვა შემდეგი რამ: სადილის შემდეგ, ჩვეულებისამებრ დასაძინებლად დაწვა, მაგრამ იმავე წუთში გაისმა ტელეფონის ზარი, და ლუბამ (ლუბა ბელოზერსკაია, მწერლის ცოლი) ტელეფონთან იხმო, უთხრა, რომ ცკ-დან რეკავენ. მიხაილ ათანასეს ძემ არ დაიჯერა, იფიქრა, რომ ვიღაც ხუმრობდა (მაშინ ასე ხშირად აკეთებდნენ), აბურძგნული და გაღიზიანებული იღებს ყურმილს და ესმის:

_ მიხაილ ათანასეს ძე ბულგაკოვი?

_ დიახ, დიახ.

_ ახლა თქვენ ამხანაგი სტალინი დაგელაპარაკებათ.

_ რაო? სტალინი? სტალინი?

და იმავე წამს ესმის ხმა აშკარა ქართული აქცენტით:

_ დიახ,  სტალინი გელაპარაკებათ. გამარჯობათ, ამხანაგო ბულგაკოვ.

_ გამარჯობათ, იოსებ ბესარიონის ძევ.

_ თქვენი წერილი მივიღეთ. ამხანაგებთან ერთად წავიკითხეთ. დადებით პასუხს მიიღებთ… მართალია, რომ საზღვარგარეთ წასვლას ითხოვთ? ძალიან მოგბეზრდით? (მიხაილ ათანასეს ძემ თქვა, რომ იგი იმდენად არ ელოდა ასეთ შეკითხვას და, საერთოდ, არც დარეკვას ელოდა, რომ დაიბნა და უცებ ვერ უპასუხა):

_ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი _ შეუძლია თუ არა რუს მწერალს იცხოვროს სამშობლოს გარეშე? და, მე მგონია, რომ არ შეუძლია.

_ მართალი ხართ. მეც ასე ვფიქრობ. სად გინდათ, იმუშაოთ? სამხატვრო თეატრში?

_ დიახ, მინდოდა, მაგრამ ამის შესახებ ვთქვი და უარი მითხრეს.

_ მაშ, შეიტანეთ იქ განცხადება. მე მგონი, რომ ისინი დაგთანხმდებიან. კარგი იქნება, თუ შევხვდებით და ვილაპარაკებთ.

_ დიახ, დიახ! იოსებ ბესარიონის ძევ, მე ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

_ დიახ, უნდა გამოვნახოთ დრო და შევხვდეთ აუცილებლად. ახლა კი ყველაფერს კარგს გისურვებთ».

ამ საუბარმა ბულგაკოვის ცხოვრება შეცვალა. თავის მეგობარს ვერესაევს მან გაუმხილა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა თავის მოკვლა. ასე რომ, სტალინმა იგი რეალურად სიკვდილს გადაარჩინა.

ყველაფერი აეწყო. 1930 წლის 19 აპრილს ბულგაკოვი ჩარიცხეს МХАТ-ის რეჟისორის ასისტენტად. მისი პიესები კვლავ დაიდგა თეატრებში, მიიღო ახალი დაკვეთები, დამთავრდა ნახევრადშიმშილობის ხანა. მწერალი სტალინის მადლიერი იყო. ერთ-ერთ წერილში იგი აღიარებდა: «უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს… გენერალურმა მდივანმა დამირეკა… ენდეთ ჩემს გემოვნებას: მას საუბარი მიჰყავდა ძლიერად, გასაგებად, სახელმწიფოებრივად, ელეგანტურად. მწერლის გულში იმედი აენთო»…

მაგრამ სტალინთან შეხვედრა, რომელზეც მოილაპარაკეს, არ შემდგარა.

წერილიც კი მისწერა ბულგაკოვმა ამის გამო 1930 წლის 30 მაისს.

ამასობაში სტალინს უხდებოდა ბულგაკოვის პიესების ცალ-ცალკე აღდგენა თეატრების რეპერტუარში. «ვახტანგოვის თეატრის მსახიობის ლეონიდოვის სიტყვით, სტალინი ორჯერ მაინც იყო მისული «ზოიკას ბინის» საყურებლად (ბულგაკოვის პიესა). ლაპარაკობდა აქცენტით: კარგი პიესაა! არ მესმის, სრულებით არ მესმის, რატომაა, რომ ხან აკრძალავენ, ხან ნებას დართავენ. კარგი პიესაა, ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ».

1932 წლის თებერვალში სტალინი დაესწრო აფინოგენოვის პიესის _ «შიშის» წარმოდგენას და არ მოეწონა. თეატრის წარმომადგენლებთან საუბრისას მან შენიშნა: «თქვენ გაქვთ კარგი პიესა «ტურბინების დღეები» _ რატომ არ დგამთ?» შეწუხებულებმა უპასუხეს, რომ აკრძალულია. «სისულელეა, _ არ დაეთანხმა სტალინი, _ კარგი პიესაა, უნდა დადგათ. დადგით». და ათდღიან ვადაში მისი აღდგენის განკარგულება გაიცა.

სტალინის 60 წლის იუბილისთვის ბულგაკოვმა დაწერა პიესა «ბათუმი», ახალგაზრდა სტალინის რევოლუციური წარსულის შესახებ, მაგრამ სტალინმა არ მიიღო. არ უყვარდა ბულგაკოვი და იმიტომ? არა. მიზეზი სხვა იყო: სტალინს არ უყვარდა მლიქვნელობა, მლიქვნელები და ყოველთვის, სადაც მოასწრებდა და როცა შეეძლო, აღკვეთდა მლიქვნელური ნაწარმოებების გამოჩენას…

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არ მიიღო მან კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «ბელადი». ეს ცნობილი ფაქტია.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი შემთხვევა, რომელიც კრემლში გამართულ ბანკეტზე მოხდა. სტალინი საზეიმო სუფრის გასწვრივ ბოლთას სცემდა, ჩიბუხს აბოლებდა. გრძელ და დიდებულ სადღეგრძელოს სტალინის პატივსაცემად წარმოთქვამს ალექსეი ტოლსტოი. ლაპარაკობს დიდხანს, უფრო და უფრო ამაღლებულ ეპითეტებს ხმარობს. სტალინი დადის, ისმენს, შემდეგ შეჩერდება და ტოლსტოის მხარზე ხელს დაჰკრავს: «თავს ნუ აკლავთ, გრაფო».

შეაჩერა.

ასევე შეაჩერა სტალინმა ბულგაკოვი, რომელიც მისი (სტალინის) განსადიდებლად ემზადებოდა, კერძოდ, სპექტაკლ «ბათუმის» დამდგმელი შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან ერთად საქართველოსკენ მიემგზავრებოდა პიესაში აღწერილი ადგილების გასაცნობად: მას მატარებელშივე გადასცეს დეპეშა, რომლითაც აცნობებდნენ _ «გამგზავრების აუცილებლობა აღარ არის, დაბრუნდით მოსკოვში». გაირკვა, რომ МХАТ-ში  მისულმა სტალინმა რეჟისორ ნემიროვიჩ-დანჩენკოს უთხრა, რომ «ბათუმი» ძალიან კარგ პიესად მიაჩნია, მაგრამ «მისი დადგმა არ შეიძლება».

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

3 COMMENTS

  1. საინტერესოა ჩემთვის, მაგრამ ახალგაზრდებს უკვე ისე მოუწამლეს გონება, უკვე სტალინზე რაიმე დადებითის გაგონებაც კი არ უნდათ!
    მეც ვუყურე ნაწილს იმედზე ხოფერიას გადაცემისა და აშკარად ტენდენციური იყო.

  2. ‘პიესაში არცერთი კომუნისტი და გმირი წითელი მეთაური ნახსენებიც არ არის, აღწერილი არიან თეთრი ოფიცრები, რომლებიც «წითლებს» ებრძოდნენ.’
    ‘Белая гвардия’ და ‘Дни Турбиных’ წაკითხული თუ გაქვთ?
    ეს არსებითად ერთი და იგივე ნაწარმოებია და ორივეგან ბრძოლა მიდის პეტლურას ჯართან.

    • და თქვენ ეს სტატია გაქვთ წაკითხული? აქ სწორედაც ეგ წერია, რომ “ტურბინების დღეებს” საფუძვალდ უდევს ნაწარმოები “თეთრი გვარდია”… რამეზე კომენტარს ვიდრე დაწერთ, ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ ის, რის შესახებაც დაწერას აპირებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here