Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველების უფლებების დაცვა _ ეროვნული სიბნელე თუ ბრძოლა ბორდელიზაციის წინააღმდეგ?

ქართველების უფლებების დაცვა _ ეროვნული სიბნელე თუ ბრძოლა ბორდელიზაციის წინააღმდეგ?

1427

რამდენიმე დღის წინ საქართველომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, გაიმართა და, როგორც ყოველთვის, ქართველმა უფლებადამცველებმა ამჯერადაც აღნიშნეს, თუ როგორი არატოლერანტულები ვართ ქართველები ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიმართ. თუმცა არც ახლა და არც ბოლო წლების მანძილზე რატომღაც არავის გახსენებია უმრავლესობის უფლებების დაცვის საკითხი. თუ ჩვენი უფლებადამცველების მოქმედების მიხედვით ვიმსჯელებთ, უნებლიეთ ჩნდება მოსაზრება, რომ უმრავლესობის უფლებებს დაცვა, უბრალოდ, არ სჭირდება. არადა, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იმავე უმრავლესობის უფლებაც ხშირად ირღვევა? და როცა მის უფლებებს არ იცავენ, აღნიშნული უმრავლესობა საკუთარი უფლებების დაცვას თავად ცდილობს, რამაც, შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე და ეთნიკურ ან რელიგიურ დაპირისპირებამდეც მიგვიყვანოს.

 

შორს რომ არ წავიდეთ, უმრავლესობის უფლებების დარღვევის საკითხმა ახლახან მთელი სიცხადით იჩინა თავი, როდესაც გაირკვა, რომ უცხოელი (მეტწილად _ თურქი, არაბი, ერაყელი) მეპატრონეები ქართველ მამაკაცებს ღამის კლუბებში შესვლას ერთადერთი მიზეზით _ ეროვნული ნიშნით უკრძალავდნენ. ამ ფაქტმა ქართველი ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, გაიმართა საპროტესტო აქციებიც, რომლებზეც მათ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთა და აღნიშნული კლუბების დახურვა მოითხოვეს. პრობლემა იმდენად ცხადი იყო, რომ ამ ფაქტს, წესით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არადა, ადვილი წარმოსადგენია, იმავე მიზეზით თურქი ან სხვა ეროვნების წარმომადგენლისთვის რომ აეკრძალათ კლუბში შესვლა, იმავე თურქების უფლებებს ჩვენი უფლებადამცველები რა მგზნებარებით დაიცავდნენ.

თუმცა საქართველოში ქართველების უფლებების დაცვა ხომ დღეს არამოდურია. ამჯერადაც ასე მოხდა. ერთსულოვნების ნაცვლად, ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში თურქი და არაბი მეპატრონეების უღირსმა საქციელმა სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. ქართულმა მასმედიამ აქცია საკმაოდ უარყოფითად გააშუქა. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ქართველები დაესხნენ თავს თურქული და არაბული კლუბების მეპატრონეებს და მათ «ბართლომეს ღამე» მოუწყვეს. გაირკვა ისიც, რომ ქართველები ჩხუბისთავები და ლოთები ყოფილან და თურქებისა და არაბების «მაღალკულტურულ დაწესებულებებში» მათი ადგილი, უბრალოდ, არ ყოფილა. ამ ახალგაზრდებს სკინჰედები და ფაშისტები, მათ დამცველებს კი «ბნელები» უწოდეს.

თუმცა გამუდმებით ტოლერანტობაზე მოსაუბრე უფლებადამცველების რეაგირება არც ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლს მოჰყოლია, სადაც აჭარელი გოგონა ყვება, როგორ გაათავისუფლა თურქმა მეპატრონემ მისი მშობელი სამსახურიდან შვილების მართლმადიდებლად მონათვლის გამო. როგორც ჩანს, ეროვნული თვითშეგნება მართლაც დაგვიჩლუნგდა. ასე რომ, როდესაც ქართველი ერის არატოლერანტულობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, იმის აღნიშვნა და გახსენებაც არ იქნება ურიგო, ხშირ შემთხვევაში როგორი არატოლერანტულები ვართ ერთმანეთის მიმართ, როდესაც ერთი, რიგითი ქართველის უფლება ირღვევა.

მეპატრონეს უფლება აქვს, გააძევოს კონკრეტული ადამიანი საკუთარი დაწესებულებიდან უღირსი საქციელის გამო და არავითრ შემთხვევაში ეროვნული ან სქესობრივი კუთვნილების გამო. სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება ზოგიერთი ჩვენი «ტოლერანტი» და არაბნელი «ინტელექტუალისთვის» რატომღაც გაუგებარი აღმოჩნდა.

არადა, პრობლემის არსი სრულიად მარტივია. კლუბების უცხოელი მეპატრონეები პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი კი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო. ამას გარდა, ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, რომლის მე-14 მუხლი პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას.

გარდა ეთნიკური დისკრიმინაციისა, ამ დღეებში მეორე სერიოზული პრობლემაც გამოიკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებში პროსტიტუცია (მათ შორის არასრულწლოვანთა) ყვავის, თუმცა შუაგულ დედაქალაქში აღნიშნულ კლუბებს რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს.

ჩვენ ხშირად გვიყვარს ევროპული საზოგადოების მაგალითების მოყვანა. რთული წარმოსადგენია, საფრანგეთში, იტალიაში ან თუნდაც თურქეთში ფრანგს, იტალიელს ან თურქს რომელიმე დაწესებულებაში შესვლა აუკრძალო. ამავე დროს ეს არ გეგონოთ ე.წ. Fაცე ცონტროლ. მსგავსი შეზღუდვა საქართველოშიც არსებობდა, თუმცა ამხელა პროტესტი არ გამოუწვევია, სანამ ყველაფერი ეთნიკურ დისკრიმინაციამდე არ მივიდა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც თუნდაც დახურული ტიპის ორგანიზაციაში ეთნიკური ნიშნით შერჩევაზეა ფოკუსირებული. «არსებობს მხოლოდ შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, ესა თუ ის დაწესებულება იყენებდეს უფლებას, ზოგიერთ შემთხვევაში, რაიმე ნიშნით დახუროს ორგანიზაცია, მაგრამ ეს ცალკეული ეთნიკური ნიშნების საწინააღმდეგოდ ყოვლად მიუღებელია. მსგავსი შემთხვევები ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ცალკეულ ქვეყნებში არ ემსახურებოდნენ, მაგალითად, ებრაელებს, ასევე _ ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა საუკუნეების დასაწყისში, როდესაც თეთრკანიანები არ ემსახურებოდნენ შავკანიანებს და . . დღეს ეს გამორიცხულია.

ეს არის საერთო სასამართლოს ძირითადი მაჩვენებლების შელახვის სივრცე და მათ შორის, კრიმინალური სივრცეც, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეტ კონტროლს დააწესებს არაერთი მიმართულებით. მაგალითად, როგორიცაა სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი ჯგუფების საქართველოში მოღვაწეობის მეთვალყურეობა (პოზიტიურ მაჩვენებლებში ხელშეწყობა, ნეგატიურში _ აღკვეთა); საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლების უფრო მეტად ნაციონალურ ინტერესებზე მორგება, ისე, რომ არ შეილახოს სხვათა უფლებებიც; ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის მეტად კვალიფიციური მონიტორინგი და ცალკეული მიმართულებებით მუშაობა. მოცემულ შემთხვევში, სახელმწიფოა სწორედ ვალდებული, გაავლოს ზღვარი «შეიძლებასა» და «არ შეიძლებას» შორის და საქართველოში მცხოვრები როგორც ქართველების, ისე არაქართველებისა უფლებების დაცვა უზრუნველყოს».

იურისტ ქეთი ბექაურის განცხადებით, დისკრიმინაცია საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია. «გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბარებში გარყვნილების ბუდეებია განთავსებული, რაც ასევე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი სიფხიზლე დ ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

_ რამდენად აქვს მეპატრონეს უფლება, არ შეუშვას ადამიანი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით საკუთარ დაწესებულებაში ან გააგდოს სამსახურიდან და გვიცავს თუ არა კანონი ამ შემთხვევაში?

_ ეს დისკრიმინციაა და არავის აქვს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით სხვა პირის დევნის უფლება. ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ევროპული სამართლითაც დაუშვებელია ადამიანთა დისკრიმინაცია რწმენის, რელიგიური ნიშნისა თუ წარმომავლობის მიხედვით.»

«ქართული დასის» ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, მიაჩნია, რომ საქართველოში ქართველოფობია აყვავდა. «ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს თავში აზრად მოსდით, ქართველები ეთნიკური ნიშნით ბარში არ შეუშვან, არაბებისა და თურქების ბრალი კი არა, ქართველების ბრალია. ვინაიდან, ისინი ისე მოიქცევიან, როგორც გაუვათ და, რომ გასდით, ეს ჩვენი სირცხვილია. მართალია, რიგითი ქართველი ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს აზიური ბარები გარყვნილების, ნარკოტიკების გასაღებისა და პროსტიტუციის ბუდედ იქცა.  შესაბამისი სამსახურები აქამდე არ აქცევდნენ ყურადღებას, ვინაიდან სწორედ ეს შესაბამისი სამსახურები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები ამ სრულიად სამარცხვინო ბიზნესით _ ტრეფიკინგით, ხელს ითბობენ. ამ ბიზნესს ჰყავდა თავისი მფარველები ხელისუფლებიდან და, ბუნებრივია, დღესაც ჰყავს.

შუა აზიიდან აჭარაში მოტყუებით ჩამოჰყავთ 14-15 წლის გოგონები, იყო შემთხვევა, როცა 14 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.

_ თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც აჭარელი გოგონა ყვება, როგორ გაათავისუფლა დედამისი თურქმა მეპატრონემ სამსახურიდან შვილების მონათვლის გამო. თუ მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს რეაგირება ამ დრომდე?

_ სახალხო დამცველისა და ჩვენი უფლებადამცველი ორგანიზაციების სამარცხვინოდ, ამაზე ხმა არავის ამოუღია. არც ოჯახს არავინ დაკავშირებია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბათუმსა და ხელვაჩაურში კი არა, თბილისში როგორ იქცეოდა იაშვილის კლინიკის თურქი მეპატრონე, ხომ ყველას გახსოვთ? მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს ღირსეული პოზიციისა, ისიც გააჩერეს. დაუსჯელი რატომ გაუშვეს ქვეყნიდან კაცი, რომელიც ეთნიკური ნიშნით ამცირებდა და უღირს რაღაცებს ითხოვდა თანამშრომლებისგან? ვფიქრობ, ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს თავმოყვარეობის პრობლემა აქვს.»

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში 40 ათასამდე უცხოელი ჩამოსახლდა, მათგან 7 ათასი თურქი და 675 ირანელია. ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების უამრავი ფაქტიც. რა თქმა უნდა, ქსენოფობია არ გვაწუხებს, მაგრამ გაზრდილი ემიგრაციის ფონზე, უცხოელთა მიგრაცია არცთუ საიმედო პროგნოზის საფუძველს იძლევა.

შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ამოხვედით ყელში თქვე სკინჰედებო რა! მოგივლით და გაგაბრტყელებთ ქართველები კი არა ბრბო ფაშისტები ხართ! თბილისი ჩვენს ხელშია და თქვენ წადით ქუთაისში დაიცავით ქართული გენის სისუფთავე.

  2. შორენა ცივქარიშვილის სტატია ტყვილს შეიცავს, რასიზმის წინაამღდეგ რასისტები გამოვიდნენ და რასობრივ შეურაცყოფას აყენებდნენ. იმიტომაც სკინჰედების დამცველი თვითონ რასისტია! ეს სტატია ექსტრემისტულია და სერვერი ექსტრემისტულია, საიტიც ექსტრემისტულია! სისხლის სამართლის საქმეზე უნდა ჩაჯდეთ ციხეში!

  3. ხო,აბა რა.ქართველების უფლებების დაცვა ექსტრემისტულია.სულ სხვების უფლებებს უნდა ვიცავდეთ.ზოგიერთებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ აშკარად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here