Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ სინოპის აგარაკზე დევი სტურუას თვალით

სტალინი _ სინოპის აგარაკზე დევი სტურუას თვალით

დევი სტურუას წიგნი «სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი. მოგონებანი, პორტრეტები» 2006 წელს რუსულ ენაზე გამოიცა. ვბედავ და «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს ამ ფრიად საინტერესო წიგნის ფრაგმენტების ჩემეულ თარგმანს მივაწვდი. ბატონი დევი ქართულის უზადო მცოდნე იყო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზეპირად იცოდა გიორგი ლეონიძის შემოქმედება. კონსტანტინე გამსახურდიას «მთვარის მოტაცების» თუ «დიდოსტატის მარჯვენის» მთელი პასაჟების ზეპირად გადმოცემა შეეძლო. მოწმე ვყოფილვარ ამისი თავად.

 

დევი სტურუა _ ჟურნალისტი, პარტიულსაზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი, იყო ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იგი წერს, რომ მემუარული ჟანრის ამ წიგნში «შეეცდება», აღადგინოს მისი თანამედროვე მოღვაწეების პორტრეტები, შეძლებისდაგვარად ობიექტურად მოგვითხროს იმ მოვლენებზე, რომლებშიც ამ ადამიანებმა მთავარი როლი ითამაშეს. «შეძლებისდაგვარად» იმიტომ, რომ ყველა მემუარი და მოგონება, საბოლოო ჯამში, სუბიექტურია: სუბიექტურია ან «შეგნებულად», ან, თუ გნებავთ, უნებურად. ერთადერთი ფანტასტიკურად მიუკერძოებელი, იყო, ალბათ, ტაციტი»…

ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა შესახებაც გვპირდება დევი სტურუა თავისი მოგონებების გაზიარებას? თუ პერსონალიებს არ ჩამოვთვლით, საკმაოდ გრძელი სიაა და ჩვენი ახალგაზრდა მკითხველისთვის, სამწუხაროდ, ბევრი არაფრისმთქმელი გვარებით. აი, მინიშნება კი ასეთია:

«გულახდილად ვიტყვი, ერთ რამეში ბედმა გამიღიმა _ საშუალება მომეცა შევხვედროდი ამ სრულიად არაორდინალურ ადამიანებს და მემუშავა მათთან, თანაც არა იმიტომ, რომ ამ სტრიქონების ავტორი დაჯილდოებულია რაიმე გამორჩეული თვისებებით, არა! უბრალოდ, ოჯახური მდგომარეობისა გამო, შემდგომ კი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე (მამაჩემი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო 1941-1948 წლებში, მე კი _ საქართველოს კომპარტიის ცკის მდივანი 1961-1970 წლებში), საშუალება მომეცა, ბედნიერი, ზოგჯერ კი _ სამწუხარო კონტაქტები მქონოდა ბევრ შესანიშნავ პიროვნებასთან, რომელთაც მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს ჩვენს წინააღმდეგობრივ საუკუნეს» (გვ. 6).

პირველი, რა თქმა უნდა, სტალინია, და დავიწყოთ დევი სტურუას მოგონებების კითხვა.

იდგა 1946 წლის გაზაფხული.

კვირის ერთ საღამოს ჩვენს ბინაში დარეკა მაღალი სიხშირის სატელეფონო კავშირის _ВЧ-აპარატმა (მიმაჩნია, რომ ზედმეტი იქნება ავუხსნა მკითხველს, ეს რა აპარატია, რადგან იგი წარმოდგენილია ისტორიულ, მხატვრულ და მემუარულ ურიცხვ ნაწარმოებში). ავიღე ყურმილი.

_ თქვენ გელაპარაკებათ მიხეილ ივანეს ძე კალინინის თანაშემწე. სთხოვეთ, გეთაყვა, ტელეფონის აპარატთან გიორგი თევდორეს ძეს, მიხეილ ივანეს ძეს სურს მასთან ლაპარაკი.

საოცარია, მაგრამ მამა შინ იყო (იმ დროს, რომელსაც ამჟამად ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ ან ტოტალიტარულს უწოდებენ, ადამიანები, განსაკუთრებით კი სამეთაურო შემადგენლობა, პრაქტიკულად დღე და ღამ მუშაობდნენ, დასვენების დღეებისა და საზეიმო არდადეგების გარეშე). მამამ აიღო ყურმილი.

მ. ი. კალინინი, რომელიც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო იყო გათავისუფლებული, სოხუმის მახლობლად, სინოპში ისვენებდა (სმეცკის ყოფილ მამულში, რომელმაც აქაურობა ნამდვილ სუბტროპიკულ სამოთხედ აქცია). მამა კარგად იცნობდა კალინინს თბილისში არალეგალური მუშაობიდან, შემდეგ მისი მოადგილე იყო, როგორც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

კალინინი მთელ ჩვენ ოჯახს რამდენიმე დღით სინოპში სტუმრად იწვევდა. დედაჩემი ავად იყო, უფროსი ძმა _ მელორი კი მოსკოვში იმყოფებოდა და სოხუმში მე და მამაჩემი მეორე დღესვე გავემგზავრეთ.

მიხეილ ივანეს ძემ, მძიმე დაავადების მიუხედავად (უყურადღებოდ მიტოვებული დიაბეტი), გულღიად მიგვიღო. მიუხედავად იმისა, რომ კალინინს სპეციალური სათვალე ეკეთა, რომელიც მინიატურულ დურბინდს ჰგავდა, იგი ცუდად ხედავდა და საუბრის დროს, ვიზავი კარგად რომ გაერჩია, ძლიერ ახლოს მიჰქონდა სახე

ჩვენი ჩასვლის მეორე დღესვე, სტუმართმოყვარე მასპინძლის ნებით, მე მის «მდივნად» «დამაწინაურეს».

რაში გამოიხატებოდა?

ძირითადად იმაში, რომ მე მას ვუკითხავდი მრავალრიცხოვან გაზეთებს… ჩემი «მდივნობა» კალინინმა ასე ახსნა:

_ ჩემს მდივანს, რომელიც ჩემი თითქმის თანატოლია, ჩემსავით ბებრული, გაბზარული ხმა აქვს. შენ კი, შვილო, ახალგაზრდული, კრიალა ხმა გაქვს, თანაც _ კავკასიური აქცენტით, რომელიც ახალგაზრდობის წლებიდან ასე მიყვარს

სინოპში ჩვენი უშფოთველი ყოფნის მესამე დღეს პირდაპირ ვილასთან ЗИС-ით მოვიდა საშუალოზე ცოტა მაღალი, საკმაოდ ჩასუქებული გენერალი, რომელიც მიესალმა მხოლოდ კალინინს და უთხრა:

_ ორ საათში თქვენ გინახულებთ ამხანაგი სტალინი, _ და იმ წამსვე წავიდა (როგორც ჩანს, ეს იყო ვლასიკი, დამახსომდა მისი ძალიან რუსული გულკეთილი სახე).

მამამ უთხრა კალინინს, რომ ჩვენ გადავიდოდით სოხუმის სასტუმროში, რაზეც მასპინძელმა უპასუხა:

_ არავითარ შემთხვევაში! ამხანაგი სტალინი აქ ნახევარ საათზე მეტს არ გაჩერდება, დარჩით, თუ ღმერთი გწამთ!

ჩემდა საბედნიეროდ, მამა დათანხმდა და ყველამ _ კალინინმა, მამაჩემმა, დაცვამ, მიხეილ ივანეს ძის მდივანმა და მე, სტალინის მოლოდინში სეირნობა დავიწყეთ სმეცკის ვილის წინა მოედანზე.

გარკვეული დროის შემდეგ ჭიშკრიდან პარკში შემოვიდა სამი სატვირთო მანქანა, რომლებზეც ჯარისკაცები ისხდნენ, რომლებიც წამში ჩამოხტნენ მანქანებიდან და, თითქოს უბრძანესო, პარკში გაიფანტნენ. ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა მსუბუქი ავტომანქანები, რომლებიდანაც ოფიცრები გადმოვიდნენ და ისინიც თვალს მიეფარნენ. მთელი ეს «მოსამზადებელი სამუშაო» კარგად ჩანდა ვილის წინა პატარა მოედნიდან _ შენობა პარკის ამაღლებულ ადგილზე იყო აშენებული.

დაბოლოს, პარკში ნელი სვლით შემოვიდა სამი ლიმუზინი და მე კინაღამ ცუდად გავხდი _ ნუთუ დავინახავ სტალინს გაზეთებში დაბეჭდილი პორტრეტებით კი არა, არც ტილოზე დახატულს, არც ქვაში გამოთლილს, არამედ ცოცხალს, ნამდვილს, განსხეულებულს.

მკითხველს შევახსენებ, რომ კალენდრის ფურცელზე აღნიშნული იყო პირველი ომისშემდგომი წელიწადი, უზარმაზარი აღმავლობის წელიწადი, რომელიც ძლიერ და გაიძვერა მტერზე _ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებით იყო გამოწვეული, და ამ სტრიქონების ავტორს მხოლოდ 16 წელი შეუსრულდა. ჩვენ, ყველანი, აღზრდილები ვიყავით სტალინისადმი უსაზღვრო სიყვარულის სულისკვეთებით… ზუსტად ორი წლის შემდეგ, ანუ 1948 წელს მამა დააყენებს საკითხს ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში უდანაშაულოდ დაღუპულთა რეაბილიტაციის შესახებ და მოხსნიან დაკავებული თანამდებობიდან, რადგან გამოავლინა «თანაგრძნობა ტროცკისტების მიმართ…» მიქოიანის სიტყვით, სტალინმა მაშინ თქვა: «ქართველ ამხანაგებს არ სურთ ხელძღვანელობაში სტურუა. სტურუა ყოველთვის თავნება და ჯიუტი იყო. წლების მანძილზე, როგორც ჩანს, მას ეს თვისებები გაუძლიერდა. გთავაზობთ, დავეთანხმოთ ქართველ ამხანაგებს მისი გათავისუფლების საკითხში. რაც შეეხება მის გარიცხვას პარტიიდან და საქართველოდან გასახლებას, ვითომდა ტროცკისტების მიმართ გამოჩენილი სიმპათიის გამო, ეს ყველაფერი სისულელეა. მას დიდი დამსახურება აქვს პარტიის წინაშე. დაენიშნოს მას პერსონალური პენსიის მაქსიმუმი და არ გაბედოთ ხელის ხლება».

ამ წიაღსვლას კავშირი აქვს იმასთან, რაც სტალინმა მამაჩემს სმეცკის ვილის წინა მოედანზე

მაშ ასე, სამი ლიმუზინი ნელი სვლით შემოვიდა პარკის ტერიტორიაზე და ხუთი-ექვსი წუთის შემდეგ უკვე ვილის წინა მოედანზე იყო.

სწორედ ის გენერალი, რომელმაც კალინინს სტალინის სტუმრობის შესახებ აცნობა, სწრაფად გადმოხტა შუათანა მანქანის წინა კარიდან, გამოაღო უკანა კარი და გაშეშდა ჩვეულ (მე ასე აღვიქვი) მოწიწებულ პოზაში.

სტალინი თავისუფლად გადმოვიდა მანქანიდან და მოკლე, მტკიცე ნაბიჯებით გაემართა პირდაპირ კალინინისკენ, გადაეხვია, არ უკოცნია, გულში ჩაიკრა ერთი წამით, შემდეგ თავის დაკვრით მიესალმა ყველას, ვინც მოწიწებით იდგა სახლის წინა მოედანზე. როცა მამაჩემი დაინახა, მის თვალებში მსუბუქი გაოცება გამოიხატა. ისეთივე მოკლე და მტკიცე ნაბიჯებით სტალინი მივიდა მამაჩემთან, ხელი ჩამოართვა და ქართულად ჰკითხა: «შენ ისევ ისეთი ახირებული ხარ?», შემდეგ შემწყნარებლურად გაუღიმა აღტაცებისგან და თაყვანისცემისგან გაშეშებულ ყმაწვილს, ანუ მე, და გამომიწოდა პატარა ლამაზი ხელი, და ჩამოვართვი ხელი ისე, რომ კინაღამ ფეხები მომეკვეთა.

სტალინს ეცვა მოყვითალო ფერის ფლანელის კიტელი და ფლანელისავე შარვალი. კიტელიცა და შარვალიც წარმოუდგენლად დაჭმუჭნილი იყო. ფეხზე _ შტიბლეტები (მოკლეყელიანი ფეხსაცმელი) _ გაცვეთილი, ძალიან გაცრეცილი ზედაპირით და დიდი საკერებლებით ორივე მხრიდან (ეტყობა, იმისთვის იყო დადებული, რომ ფეხების პოდაგრულ სახსრებს არ ეგრძნო ჩვეულებრივი ფეხსაცმლის დაჭერა.

ეს წარმოუდგენელი იყო! სტალინი _ დაჭმუჭნულ, საეჭვოა, ოდესმე გაუთავებულ, კიტელში, გაცვეთილი და დაკერებული ფეხსაცმლით: ამან ისე შემძრა, რომ დავაკვირდი მის სახესა და მთელ მის იერს.

იგი პროპორციული აღნაგობისა იყო და, როცა თანამოსაუბრეებისგან განცალკევებით იდგა, სულაც არ ჩანდა ტანმორჩილი. ვადასტურებ _ არავითარი გრძელი ხელები, არავითარი კოტიტა თითები, არავითარი სქელი ცხვირი, არავითარი ჩავარდნილი მკერდი და ჩამოწეული მხრები. იგი იყო კარგად შეკრული ქართლელი გლეხი, რაღაც სასწაულით სტალინად გარდაქმნილი…

ვაგრძელებ თვალებით სტალინის გატაცებით ფოტოგრაფირებას… სწორი ფორმის თავი, თმები _ თითქმის სულ ჭაღარა, უმნიშვნელოდ გაცვენილი, ჭაღარა ულვაშები, ტუჩებთან _ ოდნავ წითური, ალბათ, თამბაქოს ხშირი მოწევისგან (სმეცკის ვილაზე ყოფნის 40 წუთის განმავლობაში არც ერთხელ არ ამოუღია თავისი ლეგენდარული ჩიბუხი ან ჩვეულებრივი პაპიროსი), წარბები _ თმებზე ოდნავ მუქი, მათ ქვევით კი (ეს კარგად დავიხსომე) განსაცვიფრებლად ახალგაზრდული, შავი ან მუქი-ყავისფერი, ოდნავ ირიბი თვალები. იმედი უნდა გავუცრუო სტალინის საკითხების «სპეციალისტებს». არავითარი სიყვითლე, მით უფრო, არავითარი სიმღვრივე გლაუკომისგან. «მე მინდოდა შეშფოთება ამომეკითხა მის ფოცხვერის თვალებში», _ წერდა თავის მემუარებში ჩერჩილი, როცა ცდილობდა, აღედგინა ეპიზოდი, როცა პოტსდამში სტალინს არავითარი რეაგირება არ ჰქონდა ტრუმენის მიერ მიწოდებულ ცნობაზე ამერიკელების მიერ ატომური ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ. «ფოცხვერის თვალები»… როცა სტალინი ხელს მოიჩრდილებდა და მზეს თვალს მოუხუჭავდა, მისი ოდნავ ირიბი თვალები მართლაც ფოცხვერისას ჰგავდა…

თანამოსაუბრეს მთელი ტანით მიუტრიალდება, არამარტო თავით, მთელი კორპუსით, რაც მისი იერის თავისებურება იყო, აგრეთვე

ორმოცი წუთი წამივით გაფრინდა.. სტალინი ისევე მსუბუქად ჩაჯდა ძველი დაჯავშნული «პაკარდის» შუა სავარძელში, ვლასიკმა მიხურა მანქანის უკანა კარი, ძლივს შეეტენა წინა სავარძელში და ლიმუზინები ისევე დინჯად, როგორც შემოვიდნენ პარკში, ადგილიდან დაიძრნენ. ზღაპარი უცებ დამთავრდა. მექანიკურად ვუქცერდი, როგორ ჩასხდნენ ოფიცრები მსუბუქ ავტომანქანებში, ჯარისკაცები _ სატვირთოებში და მიეფარნენ თვალთაგან. სმეცკის პარკმა კი ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძო _ თურმე მომღერალი ჩიტები განაგრძობდნენ გალობას და ჭრიჭინობლები უწინდელზე უფრო ჭრიჭინებდნენ.

იბეჭდება უმნიშვნელო შემოკლებით

დევი სტურუას წიგნში ამ ეპიზოდს მამამისის _ გიორგი სტურუას მონათხრობი მოსდევს სტალინთან ორი შეხვედრის შესახებ, რომელთაც «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს მომდევნო ნომერში შევთავაზებთ.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here