Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ჩერქეზული საკითხი...

ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ჩერქეზული საკითხი განიხილეს

506

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრის» ორგანიზებით, სასტუმრო «ბატესტაში» გამართულ კონფერენციაზე «ეთნოსი და პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში: ჩერქეზული საკითხი» ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა ჩერქეზების გენოციდსა და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლმენტმა სამი წლის წინ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვებისთვის, _ რამდენად ადეკვატური იყო ყოფილი ხელისუფლების ნაბიჯი და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

«გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ დიდი ქვეყნები გვაინტერესებს და საქართველოს მოსაზღვრე კავკასიურ რესპუბლიკებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. «დღეს კავკასიური თანამშრომლობისა» და «გლობალური კვლევების ცენტრის» მიერ გამართული ერთობლივი კონფერენცია, ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს გვაძლევს საშუალებას, ქართულმა საზოგადოებამ მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ რეალური ინფორმაცია მიიღოს.

შეხვედრას, ქართველ პოლიტოლოგებთან ერთად, რუსეთიდან სამი ექსპერტიც ესწრებოდა, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში სერიოზული კვლევა ჩაატარეს და შედეგები დღეს კონფერენციაზე წარმოადგინეს. სააკაშვილის ხელისუფლება ხშირად აცხადებდა, რომ რუსეთი დაიშლებოდა და საქართველო ამით აშენდებოდა, მაგრამ, თუ რეალობას გავითვალისწინებთ, რომ არა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება, არავინ იცის, რეგიონში რა პროცესები წარიმართებოდა. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ რეგიონსა თუ მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად დავაკვირდეთ და ამ კვლევების საფუძველზე ქართულ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ», _ განაცხადა ნანა დევდარიანმა.

რუსმა პოლიტოლოგმა, ნიკოლაი სილაევმა, კონფერენციაზე, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ჩატარებული კვლევები წარმოადგინა. «ჩვენ მიერ გამოკვლეული და შესწავლილი საკითხები კავკასიის რეგიონს მოიცავს და ის მეტად მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენი კონფერენციის მიზანია, იმ ხედვების დაახლოება, რომლებიც თბილისსა და მოსკოვს შორის არსებობს. ასეთი კი ერთი საკითხია _ ორივე ქვეყანას სურს სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში. დღევანდელ კონფერენციაზე განვიხილეთ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება, როგორ უყურებს ამ საკითხებს ქართული და რუსული საზოგადოება, როგორც დღეს საუბრისას გაირკვა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულ საკითხებს ერთნაირად ვაფასებთ. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ

1992 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების გამო არ შეიძლება ვიმსჯელოთ რეგიონზე, ვინაიდან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შეცდომაა, ძველ შეხედულებებზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკის განხორციელება. ასე იქცეოდა საკაშვილი, იგი ახალ პოლიტიკას სწორედ 20 წლის წინანდელ შეხედულებებზე აშენებდა».

არასამთავრობო ორგანიზაციის «ისტორიული მემკვიდრეობა» თავმჯდომარე, ტარიელ გაგნიძე, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ავანტიურულს უწოდებს. «ეს იყო გარედან, ამერიკული «ჯეიმსთაუნის ფონდის» მიერ თავსმოხვეული გადაწყვეტილება და ის არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში. ამას გარდა, ჩერქეზების გენოციდი არ მომხდარა და საქართველოს პარლამენტმა არარსებული ისტორიული ფაქტი აღიარა. როდესაც ჩერქეზებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, იმ მოვლენებს შეიძლება ტრაგედია დაარქვა, მაგრამ არავითარი გენოციდი ეს არ ყოფილა. ამას გარდა,

როცა ჩერქეზების გენოციდზე ვსაუბრობთ, იმ პერიოდში ქართველები რუსებთან ერთად თურქების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ანუ გამოდის, რომ რუსების მოკავშირეები ვიყავით და, თუ ამ გენოციდს ვაღიარებთ, მაშინ ეს პასუხისმგებლობაც რუსებთან ერთად ჩვენც უნდა გავინაწილოთ».

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ჩერქეზებთან დაკავშირებული საკითხი აქტუალური ოლიმპიადის წინა პერიოდში გახდა. «ჩერქეზების თემა ოლიმპიადის წინა პერიოდში გააქტიურდა. ჩერქეზები მიიჩნევდნენ, რომ ოლიმპიადა მათ ტერიტორიაზე იმართება და აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პოლიტიკური უფლებები უნდა ჰქონდეთ. პარლამენტს ეს მოვლენები უნდა ეღიარებინა ტრაგედიად.

საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად მოუფიქრებელი პოზიცია ჩვენთვის წამგებიანი იყო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ასე ხელაღებით გენოციდის ცნობა.

როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი წამოჭრა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს უფრო პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი იყო და პასუხი 2008 წლის მოვლენებზე. თავად ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებიც კი არ ელოდნენ ასეთ გადაწყვეტილებას და გაოცებულნი დარჩნენ.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის საკითხს, პრაქტიკულად იგივე ვითარებაა რუსეთშიც, რაც ჩვენთან, მაგრამ ამას ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ საშიშროებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან შეიძლება მოდიოდეს».

კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკურმა ექსპერტმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში _ დენის სოკოლოვმა და ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა _ ახმედ იარლიკაპოვმა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში მიღებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here