საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან, ამომრჩეველთა პასიურობასთან და სამეგრელოს რეგიონში «ნაციონალების» მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს ყოფილი პოლიტპატიმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია «სამოქალაქო სამართლიანობისთვის» თავმჯდომარე რევაზ ბულია.
_ საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არის დასახვეწი და ამის შესახებ მე წერილით მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს ირჩევდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ზე ნაკლები. სხვა ლოგიკით, გამოდის, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ამომრჩეველთა უფრო დიდი ნაწილი. ასევე არ უნდა დავუშვათ ის, რომ საპრეზიდენტო თუ სხვა დონის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მივცეთ ყველას, ვისაც თავი «მსუბუქი» აქვს ან მოურჩენელი ამბიციები ახრჩობს. კანდიდატს, რომელიც არჩევნებში მიიღებს საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებისთვის წარმოდგენილ ხელმომწერებზე ნაკლებ ხმას, დაჯარიმდეს სოლიდური თანხით და აეკრძალოს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა. საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია «ქართული ოცნების» მოულოდნელი გამარჯვებით შექმნილმა რეალობამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ან ერთდროულად, ან საპარლამენტო არჩევნებიდან არა უგვიანეს ოთხი თვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მივიღებთ ისეთ საბოტაჟს, როგორიც გვაქვს თბილისის მერიაში, სხვადასხვა დონის საკრებულოებსა და გამგეობებში მოკალათებული «ნაციონალების» მხრიდან.
_ ბატონო რევაზ, სამეგრელოში «ნაციონალების» საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია გიორგი მარგველაშვილს, ზოგიერთ უბნებზე მოუგო კიდეც, ეს მაშინ, როდესაც ის მეგრელებს «კანიბალებთან მიახლოებულ ეთნოსს» უწოდებს. რამ განაპირობა «ნაციონალების» ესოდენ დიდი წარმატება და ამომრჩეველთა პასიურობა სამეგრელოს რეგიონში?
_ ყველაფერი განაპირობა საარჩევნო კომისიების არასწორად დაკომპლექტებამ. ყველა დონის საარჩევნო კომისიები უნდა გავხადოთ პროფესიული, აქ დანიშნულ მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ მაღალი პროფესიული მომზადებით, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნა. ამასთანავე, უკანონო ქმედების გამოაშკარავების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, თორემ დღეს არსებული მიდგომით მივიღებთ იმას, რაც ჩემს საარჩევნო უბანში მოხდა. ერთი «მამალი ნაციონალების» ოჯახის დიასახლისი ათი წელი იყო კომისიის თავმჯდომარე, თან როგორი თავმჯდომარე _ თავისი აქტივისტებისა და კომისიის წევრების მეშვეობით, ქალაქიდან გასახლებით რომ ემუქრებოდა «ქართული ოცნების» მომხრე მეზობლებს. 27 ოქტომბერს ცოლი ქმარმა შეცვალა, ოღონდ უკვე «ქართული ოცნების» სახელით. შედეგად რასაც მივიღებდით, თქვენთვის ნათელი უნდა იყოს. ამასთან, რომელი თავმოყვარე ამომრჩეველი მივა ასეთ საარჩევნო უბანში? ამიტომაც არის, რომ სამეგრელოში, სადაც «ტყავგამოცვლილი ნაციონალები» იყვნენ «ქართული ოცნების» სახელით ძირითადად კომისიებში, თავმოყვარე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი არ მივიდა ხმის მისაცემად. აი, ეს არის მეგრელების პასიურობის მთავარი მიზეზი და ამასთანავე, რა თქმა უნდა, დეგენერატი ბაქრაძის ნაბოდვარიც.
ლადო ქირია, ზუგდიდი