Home რუბრიკები ისტორია სტალინის ლურჯი ფანქარი

სტალინის ლურჯი ფანქარი

ამ ისტორიულ ფაქტს იხსენებს იტალიური გაზეთი L შტამპა და სტალინის, როგორც გაზეთის რედაქტორის, პორტრეტს ამ საინტერესო შტრიხს უმატებს _ რედაქტორისა, რომელიც ავტორიტეტებს არ ერიდება და წუნდებულ პროდუქციას გაზეთის გვერდებისკენ გზას უკეტავს. მაგრამ წერილი მარტო ამის შესახებ არ არის.

 

La Stampa წერს:

იგი არასოდეს განშორებია თავის ლურჯ ფანქარს. ამ ფანქრით ხელში უნახავს ჩერჩილს სტალინი, როცა ომისშემდგომ ევროპას ინაწილებდნენ; ჟუკოვს, როცა ისინი ალყაში მოქცეული სტალინგრადის რუკას შეისწავლიდნენ. მისი ენერგიული ხელწერა კვლავ ემჩნევა დოკუმენტებს ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც…

იოსებ სტალინი მიჩვეული იყო ლურჯი ფანქრით მოშაობას იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჯერ კიდევ ჯუღაშვილის გვარით იყო ცნობილი და გაზეთ «პრავდას» რედაქტორობდა. იმ დროს სტამბაში გაგზავნამდე გამზადებული მასალის ფოტოგრაფირება ხდებოდა, ლურჯი ფანქრით ჩანასწორები ფოტოზე მკრთალად ჩანდა. იგი შეუბრალებელი რედაქტორი იყო და ლენინს 47 წერილი დაუბრუნა. ლენინი აღფრთოვანებული იყო თავისი მოწაფის ჟურნალისტური ნიჭით. შემდგომში სტალინი თავის ავადმყოფ ლიდერს, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა აგარაკზე ქალაქგარეთ, უგზავნიდა გაზეთ «პრავდის» ასლებს, რომლებიც სპეციალურად მისთვის იბეჭდებოდა, რათა ლენინი არ ყოფილიყო რეალურად მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.

ბევრი დიქტატორი თავიანთი კარიერის დასაწყისში ჟურნალისტობდა და სტალინმაც შეისწავლა რედაქციის უპირველესი საიდუმლოება: მას, ვინც ასწორებს და რედაქტირებას აკეთებს, უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე მას, ვინც წერს. ისტორიკოსების მთელი რაზმები სწავლობდნენ სტალინის შენიშვნებს და ჩასწორებებს, რომლებითაც ულვაშა აჭრელებდა მის ხელში მოხვედრილ ნებისმიერ ნაბეჭდ ფურცელს: თავისი ბიბლიოთეკის წიგნებიდან დაწყებული პარტიულ დოკუმენტამდე და საგაზეთო სტატიებამდე… ლურჯი ფანქრით ნასწორებიდან წარმოდგება ხასიათი, განსხვავებული იმისგან, როგორიც წარმოგვედგინა: ფრთხილი, რაციონალური, ფხიზელი. იგი ამოშლიდა ხმამაღალ, იდეოლოგიით სავსე პასაჟებს, გადახაზავდა მისდამი მიძღვნილ მლიქვნელურ სიტყვებს, დასცინოდა რიტორიკულ ქედმაღლურ მტკიცებას ირონიული «ჰაჰა»-თი, სძულდა მაღალფარდოვანი ზედსართავი სახელები. მანიაკალურად ასწორებდა, აკეთებდა კორექტურას, რედაქტირებას ნებისმიერი დოკუმენტის: პოლიტბიუროს დადგენილებების პროექტებიდან დაწყებული და საგაზეთო სტატიებით, ნებისმიერი დარგის სამეცნიერო მოხსენებებით დამთავრებული; საერთაშორისო შეთანხმებები იქნებოდა თუ მსჯავრდებულთა სიები.

«ლურჯი ფანქარი მისი საიდუმლო იარაღი იყო, რომლის მეშვეობითაც იგი ქმნიდა ქრონიკას, ისტორიას, მითს», _ წერს კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლი კეისი თავის შესანიშნავ ესეში, რომელიც რედაქტორ სტალინისადმია მიძღვნილი.

ნაყოფიერი მწერალი და უმაღლესი ცენზორი ავტორობით არ იყო დაინტერესებული და მის ნაშრომს «საკ. კპ (ბ) ისტორიის მოკლე კურსი», რომელიც სტალინიზმის ბიბლიად იქცა, თავისი სახელი არ მოაწერა. ტექსტის სრულყოფილი ვერსიის შექმნით დაინტერესებული, იგი მოითხოვდა, ყველა საბჭოთა მოქალაქეს პარტიის ისტორია შეესწავლა არა პროპაგანდისტი-ქურუმების შუამავლობით, არამედ _ პირადად. ამას კომუნისტური პროტესტანტიზმი შეიძლება ვუწოდოთ. იმ დროს წიგნი იყო რწმენის ძირითადი, თუ ერთადერთი არა, წყარო.

«მოკლე კურსის» კრიტიკულ ვერსიას სტალინის ჩასწორებებით მალე გამოაქვეყნებს იელის უნივერსიტეტი.

უმკაცრესად ასწორებდა თავის ნაწერებს

სტალინი განსაკუთრებულად მომთხოვნი და მკაცრი რედაქტორის პოზიციიდან კითხულობდა თავის ნაწერებს თუ გამოსაქვეყნებლად გამზადებულ თავის საჯარო გამოსვლებს. რუსულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებიც სტალინისა და ვიაჩესლავ მოლოტოვის პირად არქივებში ინახებოდა. მათ შორისაა ორი იდენტური ტექსტი სტალინის ცნობილი სადღეგრძელოსი რუსი ხალხის შესახებ, რომელსაც საფუძვლად დაედო ერთი და იგივე სტენოგრაფიული ჩანაწერი.

მათგან პირველი, სტალინის ჩასწორებებით, ადრეც იყო გამოქვეყნებული: 1945 წლის 25 მაისს დაიბეჭდა საბჭოთა კავშირის გაზეთებში, შემდეგ არაერთხელ იქნა ტირაჟირებული და ინტერპრეტირებული მკვლევარების მიერ. მაგრამ თვით სტენოგრაფიული ჩანაწერი დაინტერესებული მეცნიერებისთვის მიუწვდომელი რჩებოდა, და განსაიდუმლოვდა მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს.

მეორე დოკუმენტში რადიკალური ჩასწორება არ ჩანს _ სტალინმა მხოლოდ შეცვალა გამოთქმა «მე ვსვამ» (Я пъю) სხვა, უფრო ამაღლებული, არა სუფრული, არამედ საზეიმო სიტუაციას უფრო მორგებული გამოთქმით _ «მე წარმოვთქვამ სადღეგრძელოს» (Я поднымаю тост).

ახლა, როცა მკვლევართა განკარგულებაშია პირველწყაროს ამოსავალი ვარიანტი _ სტენოგრაფიული ჩანაწერიც და საბოლოო ვერსიაც _ ოფიციალური საგაზეთო პუბლიკაცია, ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ კვლავ გადახედონ ბელადის სადღეგრძელოს რუსი ხალხის შესახებ.

ამთავითვე ვთქვათ, რომ იმ ჩასწორებებით, რომლებიც სტალინმა გააკეთა, მთელი სისავსით გამოჩნდა ის პატივისცემა და დაფასება რუსი ხალხის მიმართ, ნიუანსებშიც კი, რაც ომგადახდილ ბელადს ჰქონდა ამ ერის მიმართ.

ანალიტიკოსები თანმხდებიან იმაშიც, რომ სტალინმა არ დამალა შეცდომები, რომლებიც სამამულო ომის დროს დაუშვა საბჭოთა მთავრობამ და პირადად მან. თუმცა ეს აღიარება, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე, რა თქმა უნდა, მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა, დაპირისპირებული იდეოლოგიის მქონე მხარე საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ, დიად გამარჯვებაში მისი როლის დასაკნინებლად რომ არ გამოეყენებინა, ერთგვარ დიპლომატიურ ჩარჩოებში მოაქცია.

მკვლევარები ასე განსჯიან: წარმოთქმულ სადღეგრძელოში სტალინი აღიარებს მთავრობისა და მის მიერ დაშვებულ შეცდომებს «სასოწარკვეთილი მდგომარეობის» ჟამს, რასაც ადგილი ჰქონდა 1941-1942 წლებში. ასეთი აღიარება მიკიბ-მოკიბვის გარეშე არის დაფიქსირებული სიტყვის ჩაუსწორებელ ვარიანტში _ ანუ ისე და იმგვარადაა გადმოცემული, როგორც სტალინმა საზეიმო მიღებაზე თქვა _ პირდაპირ და შეულამაზებლად. სტალინმა ხაზგასმით განაცხადა, რომ იმ შეცდომებისთვის, რომლებიც მთავრობამ დაუშვა, ხალხს შეეძლო ეს მთავრობა (მაშასადამე თვით სტალინიც) გზიდან ჩამოეცილებინა, განედევნა. «ეს შეიძლება მომხდარიყო, იქონიეთ მხედველობაში», _ შეახსენებდა ბელადი. იმეორებდა, რათა გონებაში ჩაეჭედა გამარჯვების ეიფორიაში მყოფი სარდლებისთვის. სტენოგრამის ტექსტი ამას ადასტურებს: «ვიმეორებ, ჩვენ გვქონდა შეცდომები, პირველ ორ წელიწადს ჩვენი არმია იძულებული იყო უკან დაეხია. გამოდის, რომ ვერ დავეუფლეთ მოვლენებს, ვერ დავეუფლეთ შექმნილ მდგომარეობას».

ასე იყო ნათქვამი. მაგრამ, როგორც ჩანს (რაც მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ლოგიკას მოკლებული არაა), სტალინმა საჭიროდ არ ჩათვალა ომის დასაწყის ეტაპზე თავისი პასუხისმგებლობის ამგვარი აფიშირება, გაითვალისწინა არაერთგვაროვანი მსოფლიოს რეაქცია და გამოსაქვეყნებელი ტექსტიდან ამოშალა სიტყვები «ჩვენი საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელი», რაც მის პერსონაზე ყურადღების ფოკუსირიებას უეჭველად გამოიწვევდა.

შემდეგ. ბელადმა, ალბათ, ჩათვალა, რომ რუსი ხალხის დასახასიათებლად ნახმარი მრავალსიტყვაობა, შესაძლოა, ნაკლებ ეფექტიანი და აღსაქმელადაც ერთგვარი გაფანტულობის შემცველიც იყო და ამიტომ «საღი გონების, საერთო-პოლიტიკური საღი გონების» ნაცვლად ტექსტში ჩაწერა «ნათელი გონება».

პასიურობისა და მომლოდინეობის ელფერი, რომელიც რუსი ხალხის შეფასებაში ჩანდა, რომელსაც «სჯეროდა, ითმენდა, ელოდა და იმედოვნებდა», სანამ საბჭოთა ხელმძღვანელობა «დაძლევდა მოვლენებს», სტალინმა იმთავითვე არასასურველად ჩათვალა. სტენოგრამაში შესაბამისი ჩასწორების შემდეგ გამოვიდა, რომ მას (ხალხს) ომის დასაწყისში დაშვებული შეცდომებისა და წარუმატებლობის მიუხედავად არა მხოლოდ «სჯეროდა თავისი მთავრობის პოლიტიკის სისწორის», არამედ აქტიურად მხარს უჭერდა საომარ მოქმედებათა მსვლელობისას და გაიღებდა უდიდეს მსხვერპლს გერმანიის დამარცხების უზრუნველსაყოფად.

«რუსი ხალხის საბჭოთა მთავრობისადმი ნდობა», სტალინის მიერ ჩასწორებული ტექსტით, აღმოჩნდა გადამწყვეტი ძალა, რომელმაც უზრუნველყო ფაშიზმზე გამარჯვება.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსური ჩასწორება, რომლის გარეშე დაირღვეოდა, ანალიტიკოსების აზრით, გულდაგულ რედაქტირებული და მიზნობრივად აწყობილი ტექსტის ერთიანი სხეული და მწყობრი სტრუქტურა.

რუსი ხალხისთვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლისას სტალინმა ჩაწერა სიტყვები «მაგარი ზურგი». მაგრამ, როგორც მკვლევარები ფიქრობენ, გადაწყვიტა, რომ ეს არა მარტო ამოვარდნილი იქნებოდა კონტექსტიდან, არამედ დაამცირებდა რუსი ხალხის ღირსებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოთქმაში შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. სტალინი რუს ხალხს განიხილავდა მთავარ ღერძად _ становой хребет თავისებურ საფუძვლად, რომელზე დაყრდნობითაც საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეძლო არა მარტო დაეძლია საკუთარი საბედისწერო შეცდომები, რომელთაც შედეგად მოჰყვა 1941-42 წლების დრამატული მოვლენები, არამედ, გამარჯვებამდე მიეყვანა საბჭოთა ქვეყანა.

ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი მეცნიერი იხსენებს ერთ საინტერესო ფაქტს. 1946 წელს საბჭოთა ეკრანზე დაიწყო დემონსტრირება მხატვრული ფილმისა «ფიცი», რომლის სცენარი დაწერეს პეტრე პავლენკომ და მიხეილ ჭიაურელმა. ფილმი სტალინისადმი იყო მიძღვნილი. აქ არის ერთი სცენა _ სტალინის (რომლის როლს ასრულებს მიხეილ გელოვანი) და «რუსი მშრომელი დედის» ვარვარა პეტროვას (სოფია გიაცინტოვა) დიალოგის, როცა პეტროვას შეკითხვას, იქნება თუ არა ომი, სტალინმა უპასუხა: «ყველაფრიდან ჩანს, რომ ომი იქნება და მას თავიდან ვერ ავიცილებთ.» ნიშანდობლივია, დედის რეაქცია სტალინის პასუხზე: «უკეთესიც კია, იოსებ ბესარიონის ძევ, თუ ომი ჩვენ დროს იქნება. ჩვენ გამოცდილი ხალხი ვართ, მივეჩვიეთ სიძნელეებიდან გამოსვლას. რა არ გადავიტანეთ! ჩვენ მაგარი ზურგი გვაქვს. ჩვენს ზურგზე გადავიტანთ ამ ომსაც».

ანალიტიკოსები არ მიიჩნევენ, რომ ეს გამოთქმა _ «მაგარი ზურგი» სტალინმა «ფიცის» სცენარიდან ისესხა. უფრო პირიქითაა: მიხეილ ჭიაურელისადმი სტალინს მეგობრული, თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ბატონი მიშა ხშირად ხვდებოდა ბელადს, განსაკუთრებით, ფილმის გადაღებისას და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მისგან გაიგონა ცნობილმა რეჟისორმა ეს გამოთქმა.

ეს მხოლოდ ნიუანსია.

დაბოლოს, საერთო დასკვნა: წითელი არმიის სარდლების წინაშე გამოსვლისას, სტალინი, უეჭველია, თავს ტრიუმფატორად გრძნობდა. გამარჯვებულებს რომ არ ასამართლებენ, ცნობილია, ლოგიკურად _ არც გამარჯვებულები ასამართლებენ თავიანთ თავს. «თავისი ვარსკვლავური საათის ჟამს, _ ნათქვამი სტალინისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ უახლეს პუბლიკაციაში, _ გამარჯვებული სტალინისათვის ნათელი გახდა, რომ აღსარების თქმა უადგილო იქნებოდა და ამიტომ თავისი სიტყვა, რომელიც ომის დამთავრებიდან მეორე კვირის თავზე, 1945 წლის 24 მაისს წარმოთქვა წითელი არმიის სარდლების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე კრემლში, მკაცრი რედაქტირების ქურაში გაატარა».

ლურჯმა ფანქარმა აქაც სერიოზულად იმუშავა.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here