Home რუბრიკები პოლიტიკა ყვითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილისთვის

ყვითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილისთვის

678

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მმართველი კოალიციის კანდიდატმა კანდიდატურა უნდა მოხსნას, და გიორგი მარგველაშვილის თანმდევმა კომენტარმა, რომელშიც მან ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა, საარჩევნო კამპანიას დასკვნით ეტაპზე დამატებითი ინტრიგა შესძინა. ბოლო წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება ასე თუ ისე მიეჩვია ივანიშვილის უცნაურ განცხადებებს, თუმცა ამჯერად არაერთმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ზღვარს გადააბიჯა და საკმაოდ შეურაცხმყოფელ ფორმებში საკუთარი ამომრჩევლების დაშანტაჟება დაიწყო. არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი შეფასებისთვის? რას მოუტანს ივანიშვილს ეს თამაში?

 

საბოტაჟიდან შანტაჟამდე

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად არ გახლავთ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მმართველი კოალიციის რიგებში, ექსპერტები მის გამარჯვებას არჩევნებში ეჭვქვეშ ძალიან იშვიათად აყენებდნენ, რადგან ივანიშვილის რეიტინგი ყველა წარმოსადგენ ნეგატიურ ფაქტორს ასე თუ ისე ანეიტრალებდა. მაგრამ მისი გამარჯვება პირველ ტურში ყოველთვის ეჭვქვეშ იდგა და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა, მათ შორის _ საიმიჯო პრობლემები, რომლებიც ამ კანდიდატს აშკარად აქვს, მისი ამომრჩევლების  (სავარაუდოდ) დაბალი აქტიურობა კონკურენტების მიერ ჩატარებული ტოტალური მობილიზაციის ფონზე, უნიჭო წინასაარჩევნო კამპანია და ა. შ. არავის გაუკვირდებოდა, თუ მარგველაშვილი პირველ ტურში 50%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა და (მაგალითად) 45% მოაგროვებდა, რის შემდეგაც, მეორე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვებდა. თუ მეორე ტურში მასთან ერთად ბურჯანაძე გავიდოდა, ამ უკანასკნელის გაპრეზიდენტებით შეშინებული ბაქრაძის ამომრჩეველების დიდი ნაწილი იძულებული გახდებოდა, ხმა   მარგველაშვილისთვის მიეცა (ზოგიერთი მათგანი ისეთ პანიკაშია, რომ შეიძლება ეს პირველსავე ტურში გააკეთოს), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში მარგველაშვილის პირისპირ ბაქრაძე დარჩებოდა, ბურჯანაძის  ამომორჩევლების უდიდესი ნაწილი საყოველთაო «ანტინაციონალურ მობილიზაციას» შეუერთდებოდა და მათი ხმები ისევ და ისევ მარგველაშვილთან წავიდოდა; იყო სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მეორე ტურში «ქართული ოცნების» კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას უზრუნველყოფდა. მოკლედ, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ვიდრე ივანიშვილი და მარგველაშვილი თავის უპრეცედენტო, უაღრესად უცნაურ განცხადებებს გააკეთებდნენ.

ამ ნაბიჯმა შესაძლებელი გახადა სცენარი, რომელიც 1 ოქტომბერს გამარჯვებულ ხალხს კოშმარულ სიზმარშიც ვერ მოელანდებოდა. გამოდის, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში (ციფრები, ცხადია, პირობითია)  მარგველაშვილი აიღებს 49%-, ბაქრაძე 21%-, ხოლო ბურჯანაძე 20%- (დანარჩენი _ სუსტ კანდიდატებს), რის შემდეგაც «ქართული ოცნების» ფალავანი, დაპირებისამებრ, თავის კანდიდატურას მოხსნის, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენელი გახდება, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის იმ დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციისთვის, რომელიც საქართველომ სულ რაღაც ერთი წლის წინ მოიშორა. ამას, დიდი ალბათობით, ტოტალური დესტაბილიზაცია და, შესაძლოა, სამოქალაქო ომიც კი მოჰყვეს.

არსებობს უამრავი მაღალტექნოლოგიური და (ფარდობითად) სუფთა ხერხი იმისთვის, რომ კანდიდატის რეიტინგი გაზარდო, საკუთარი ამომრჩევლების მოტივაცია აამაღლო და საარჩევნო უბნებზე მათი მისვლა უზრუნველყო. იმ შესანიშნავი სასტარტო პირობების გათვალისწინებით, რომელიც «ქართულ ოცნებას» ჰქონდა, ალბათ, მხოლოდ უიმედო არაპროფესიონალებს შეეძლოთ მიეყვანათ საქმე იმ კრიზისამდე, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. გაჩნდა კოორდინატების უცნაური სისტემა, რომლის ფარგლებში 50,01% პირველ ტურში ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის საკმარის დადასტურებად ითვლება, ხოლო 49,99% რატომღაც არასაკმარისად, თითქოს ეს 0,02% მარგველაშვილის  ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს. რეალურად საქმე სხვაგვარადაა _ რამდენიმე თვეში არავის ემახსოვრება ეს ციფრები, ყოველ შემთხვევაში, მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, მაგრამ ამომრჩევლები, სავარაუდოდ, არ დაივიწყებენ ფაქტობრივი შანტაჟის მცდელობას, რომელსაც მათ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიმართა, თანაც მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ფორმალური თვალსაზრისით, არც კანონი დარღვეულა და არც კატასტროფა მომხდარა, მაგრამ ივანიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებები, ალბათ, მაინც ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის სულისკვეთებას და მიწასთან ასწორებდა იმ ნდობას, რომელიც «ქართული ოცნების» ლიდერებსა და ამომრჩევლებს შორის 2012-ში ჩამოყალიბდა.

ალბათ, ყველას ახსოვს კადრები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საღამოს გავრცელდა და ის ადამიანები, რომელნიც შიშველი ხელებით იცავდნენ საარჩევნო უბანს სააკაშვილის ზონდერებისგან. ამ წერილის ავტორს იმ წუთებში შესაძლებლობა მიეცა, საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ამ კადრებზე ერთ-ერთ უცხოელ, არცთუ დაბალი რანგის დიპლომატს, რომელიც ძალიან გაღიზიანდა, სასწრაფოდ დაუკავშირდა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და მალევე მათთან შესახვედრად გაემგზავრა. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან ძალისხმევა არ დაიშურა, რათა იმ საღამოს რეჟიმის სიგიჟე შეეჩერებინა. ეს, სავარაუდოდ, არ იყო იდეალისტური აღმაფრენა, არამედ _ სავსებით პრაგმატული ნაბიჯი; ამ გამოცდილმა და საკმაოდ ჭკვიანმა უცხოელმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანები, ჩვეულებრივი, რიგითი ქართველები (ხაშურში და არა მხოლოდ ხაშურში), უკან აღარ დაიხევდნენ და სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება (2007 ან 2011 წლისგან განსხვავებით), უბრალოდ, ვეღარ მოხერხდებოდა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, იმ საღამოს არაერთი ქართველი მზად იყო, ნამდვილი გმირობა გამოევლინა და თავი გაეწირა. ეს იგრძნეს როგორც უცხოელებმა, ისე მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ; რეჟიმი იძულებული გახდა, უკან დაეხია.

დღეს კი ივანიშვილი და მარგველაშვილი, ფაქტობრივად, ეუბნებიან ასეთ ადამიანებს, რომ შეუძლიათ მათი ხმები (თუ, სიტყვაზე, პირველ ტურში 49,99% და არა 50,01%-ს მიიღებენ) სანაგვეზე გადაყარონ და მეორე ტურზე უარი თქვან. საკუთარი ამომრჩევლის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ანალოგი არათუ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში არ მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რა მოტივი იდგა ივანიშვილის განცხადების უკან _ მარგველაშვილისთვის დამატებითი ხმების მოხვეჭის სურვილი თუ პრეზიდენტად სხვა კანდიდატის გაყვანის ფარული განზრახვა, რომელიც ხშირად განიხილება სხვადასხვა კონსპიროლოგიური თეორიის ფარგლებში (ბურჯანაძის თუ ბაქრაძის, ამ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს), მან, სავარაუდოდ, ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც საუბარი ამომრჩეველთან ასეთ ტონალობაში დაიწყო.

ამასაც გაგებით მოვეკიდოთ?

ყოველივე თქმულის მიუხედავად, ბაქრაძის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე სერიოზულად, პრაქტიკულად, არავინ მსჯელობს. ჯერ ერთი, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მარგველაშვილი პირველ ტურში 50%+1 ხმას (და მეტსაც) მიიღებს, ამასთანავე, ნინო ბურჯანაძის შანსები, ამავე ტურში «ვერცხლი» მოიპოვოს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. არის სუფთა ფსიქოლოგიური ნიუანსიც _ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის «ნაციონალების» დაბრუნება მაღალ პოსტებზე აბსოლუტურად წარმოუდგენელია და საუბარს ამ თემაზე დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევს.

მთავარი პრობლემა, ალბათ, სულ სხვა ხასიათისაა. ის ამომრჩეველი, რომელმაც 2012-ში ხმა «ქართულ ოცნებას» მისცა, შეიძლება გაგებით მოეკიდოს ბიძინა ივანიშვილის (როგორც მინიმუმი, საკამათო) გადაწყვეტილებას, პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელოს, ან მის სურვილს _ გადააქციოს მომავალი არჩევნები თავისებურ რეფერენდუმად თემაზე «ენდობით თუ არა ახალ ხელისუფლებას(რეალურად კი _ ბიძინა ივანიშვილს). მაგრამ ეს საკმაოდ საშიში თამაშია, რადგან არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ახლო მომავალში ივანიშვილი რომელიმე სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე (მაგალითად, თბილისის მერის) არ წამოაყენებს კალიგულას ცხენს ან, სოციალურ ქსელებში რომ იტყვიან, «პოლის ჯოხს» და ამომრჩეველთაგან ორი მესამედის ან სამი მეოთხედის მხარდაჭერას არ მოითხოვს («თორემ გაგებუტებით» რიტორიკის გამოყენებით). სერიოზულ ექსპერტებსა და კომენტატორებს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე არ ჰქონიათ არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში «გასაოცარი დემოკრატია» დამკვიდრდებოდა, მაგრამ ისინი იმედოვნებდნენ, რომ სააკაშვილის მართლაც რომ მანიაკალურ რეჟიმს ზომიერი და რაციონალური ავტორიტარული რეჟიმი შეცვლიდა. ზოგადად, მდგომარეობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ძალიან ძნელია, განცხადებას მარგველაშვილის მეორე ტურიდან მოხსნის თაობაზე ან, მაგალითად, ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას, 100%-ით რაციონალური უწოდო.

კიდევ ერთხელ _ ეს არ არის დემოკრატია და ძალზე საეჭვოა, ქვეყანა დემოკრატიისკენ წავიდეს მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრის პოსტიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე განმსაზღვრელ ზეგავლენას მოახდენს (პრაქტიკულად ამოუცნობი ფაქტორი, რომელიც წინასწარ შეფასებას ძალიან ძნელად ექვემდებარება). ძალიან რთულია დემოკრატიისკენ წინსვლის წარმოდგენა იმ პირობებში, როდესაც ერის ლიდერს აქვს იმის პრეტენზია, რომ მან უკეთ იცის, როგორ უნდა იმსჯელონ ექსპერტებმა, წერონ ჟურნალისტებმა და აღიზარდოს სრულიად საზოგადოება. ამომრჩეველს, იდეაში, შეუძლია ამ ამბიციებსაც გაგებით მოეკიდოს და გარდამავალ პერიოდში ჰიბრიდული რეჟიმის არსებობას შეეგუოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული რეჟიმი მას თავის კეთილგონიერებასა და პატიოსნებაში (რამდენადაც ეს შესაძლებელია; იდეალური ამქვეყნად არაფერია) საბოლოოდ დაარწმუნებს.

საინტერესოა, რამდენად რაციონალური და პატიოსანი იყო განცხადება მარგველაშვილის მეორე ტურიდან მოხსნის თაობაზე?

ბარათი თუ სიტყვიერი გაფრთხილება?

გულშემატკივრები, როგორც წესი, ღიზიანდებიან, როდესაც მსაჯი თამაშის დასაწყისში შედარებით მცირე დარღვევისთვის ფეხბურთელს ყვითელ ბარათს უჩვენებს, თუმცა არბიტრს თავისი ლოგიკა აქვს _ ის შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ეს მოთამაშე ორიენტირებულია უხეშ ფეხბურთზე, სულ უფრო აგრესიულად იმოქმედებს და საქმე შეიძლება მძიმე ტრავმებამდე, წითელ ბარათებამდე, თამაშის გლადიატორების ბრძოლად გადაქცევამდე, მასზე კონტროლის დაკარგვამდე მივიდეს და ის ყოველივე ამის პრევენციას ახდენს. ივანიშვილის განცხადება მეორე ტურის თაობაზე რაღაცით ჰგავს ამ მცირე დარღვევას, კონკრეტულ ეპიზოდში მოთამაშე თითქოს არ იმსახურებს ყვითელ ბარათს, მაგრამ მთელი თამაშის კონტექტსტში მოედანზე უკვე მომხდარი მოვლენების და სავარაუდო პერსპექტივის გათვალისწინებით, ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლება სავსებით ადეკვატური ზომა იყოს, რომელიც მომავალში უარესი პრობლემებისგან დაგვიცავს. უნდა უჩვენოს თუ არა ქართულმა საზოგადოებამ (ამ შემთხვევაში იგულისხმება ყველა, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ტოტალიტარული სექტის წევრების გარდა) ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლი შეიძლება საარჩევნო ბიულეტენმა შეასრულოს?

არავინ აყენებს ეჭვქვეშ ივანიშვილის უდიდეს დამსახურებას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის საქმეში და, ზოგადად, მის ღვაწლს საქართველოს წინაშე, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბოლო წლის განმავლობაში მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები დაგროვდა. ზოგი კოჰაბიტაციისთვის აკრიტიკებს, ზოგს მისი საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს, ზოგი მიიჩნევს, რომ მან მომავალში შეიძლება დემოკრატიას პრობლემები შეუქმნას, ზოგს მისი დიდაქტიკური მონოლოგები აღიზიანებს, ზოგმა ამ წერილში განხილული განცხადების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ა. შ. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა 27 ოქტომბერს: ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდნენ და მას ყვითელი ბარათი უჩვენონ, რომელიც უსიამოვნოა, მაგრამ მომაკვდინებელი არაა და გონზე მოყვანის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, თუ «ცოტაც აცალონ», როგორც ეს საქართველოში ხდება ხოლმე იმ მომენტამდე, ვიდრე მოედანზე წითელი ბარათების ფრიალი, ხელჩართული ბრძოლა და ქაოსი დაიწყება? არის შემთხვევები, როდესაც ყველაზე კარგ, ყველაზე პოპულარულ და პატივსაცემ ფეხბურთელს, თვით პელესაც კი (თვითონ ამბობს, რომ სახელისუფლო გუნდში პელეს ეძახიან), ყვითელი ბარათი უნდა უჩვენო, რათა სავარაუდო გართულებების პრევენცია მოახდინო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებას, როგორც მთავარ მსაჯს, 27 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. გეთანხმები დიმიტრი,მაგრამ ამ ‘ბნელეთში’რასაც,საქართველო ჰქვია,გონივრული ეჭვი მაქვს ,საზოგადოების დიდი ნაწილი ,ჩემდა სამწუხაროდ ვერ მიხვდება.ამიტომ,წინასწარ გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას,უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილს,ბრავო,ბისს…

  2. რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე ბატონ ბიძინას?
    აფინანსებდა ნაცისტებს, ინტელიგენციის ნაწილს და მეტი?
    არ ეთვლება ღვაწლში:
    გაღატაკებული ხალხი, რუსეთის დამარცხება, საქართველოს გაერთიანება, ქართული მიწა-წყლის გაყიდვის აკრძალვა, საზღვრების გაძლიერება, პედარასტობის აღკვეთა.
    მაშ გაუმარჯოს ,,პრეზიდენტს".

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here