Home რუბრიკები ისტორია გერმანელებმა სტალინგრადი აირჩიეს, ქართველი მინისტრი კი სტალინს უარყოფს

გერმანელებმა სტალინგრადი აირჩიეს, ქართველი მინისტრი კი სტალინს უარყოფს

ჩვენი ხელისუფლების ერთმა ახალგაზრდა მინისტრმა, პრინციპში დადებითმა პიროვნებამ და ბიძინა ივანიშვილის ერთგულმა კაცმა, ბალტიისპირელი  ჟურნალისტის შეკითხვას _ რა დამოკიდებულება აქვს სტალინისადმი, უპასუხა: _ უარყოფითი! მოჭრა, მოსხიპა, თითქოს წალდით ჩამოჭრა ხის ახლადამოყრილი ტოტი. იოლად, დაუფიქრებლად. და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. სწორედ ესაა საწუხარი: რატომ, რისთვის, რა არგუმენტების საფუძველზე და ..? მსგავსი არაფერი! .. სტალინზე, ამ ურთულეს ფენომენზე, უნდა თქვა ცუდი და ეს სავსებით საკმარისია ჩვენს ობიექტურ საზოგადოებაში.

 

მთავრობის კრიტიკას დასაბუთება სჭირდება: პრემიერ-მინისტრმა სწორედ არგუმენტაცია მოსთხოვა ჟურნალისტებს ამასწინანდელ შეხვედრაზე.

სტალინზე, რაც გინდა, თქვი!

სულაც არ არის საჭირო, სტალინის რომელიმე ნაშრომი მაინც გქონდეს წაკითხული, ან თუნდაც რომელიმე საგაზეთო მასალა _ უარყოფითი, დადებითი _ სულერთია, მის შესახებ.

ხრუშჩოვის ანტისტალინიანის ნასხლეტი თუ ნარჩენი? ან ეგებ დაბრუნდა ნიკიტას დრო და ჟამი? აბა, ძეგლების დემონტაჟზე თუ საღებავის შესხმაზე რატომ აგვექავა ხელი მაინცდამაინც ახლა?! სააკაშვილის გულის მოსაოხად და მისი პოლიტიკური კურსის ურყევობის დასამტკიცებლად?!

ვისი კარნახით თუ ვისი მოთხოვნით: სანამ სტალინის ერთი ძეგლიც კი დგას საქართველოში, ევროკავშირში თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი მიღება ვაშინერს?

ბითურობაა!

სამაგიეროდ, სააკაშვილის ყოველდღიური ტელექადაგებების მოსმენა ისეთივე აუცილებელ მოვალეობად გვიქციეს, როგორც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს «დიდი მესაჭის» ციტატების წითელყდიანი კრებულის უბით ტარება და კატეხიზმოსავით დაზეპირება ყველა ჩინელის პატრიოტიზმისა და ერთგულების ნიშანი რომ იყო.

«_ ტომ!

პასუხი არ არი.

_ ტომ!

პასუხი არ არის.

_ სად დაიკარგა ეს ბიჭუნა?.. ტომ!

პასუხი არ არის».

არც იმ კითხვებზე იქნება პასუხი, რომლებიც დავსვი.

ამიტომ შევეცდები თუნდაც ერთი საკითხი ჩვენს მკითხველებთან ერთად განვიხილო.

უსაყვედუროდ და დაუმადლებლად.

სტალინი და მართლმადიდებლობა, რომელიც ახალი ლიბერალების საჯიჯგნი გახდა.

ამ უფაქიზეს საკითხს საერთო ქვაბში ხარშავენ, ბოლშევიკური ათეიზმისა და ღვთის გმობის უკომპრომისო ნეგატივიზმის ცეცხლზე წვავენ.

ებრძოდნენ თუ არა ბოლშევიკები ეკლესიას?

ებრძოდნენ და _ დაუნდობლადაც, ოღონდ მაშინ, როცა საბჭოთა ხელისუფლების სათავეში ლენინი და ტროცკი იდგნენ. საბჭოთა და თანამედროვე ისტორიკოსების მტკიცებით, სტალინი არა მარტო არასოდეს მონაწილეობდა მორწმუნეთა დევნის კამპანიაში, არამედ ცდილობდა, დაეცვა მართლმადიდებლები. შეძლებისდაგვარად. ყოველ შემთხვევაში, მებრძოლი ათეისტი არასოდეს ყოფილა. თუმცა ფაქტია, რომ მის გამოსვლებსა და პუბლიკაციებში დაინტერესებული მკვლევარი აღმოაჩენს ათეისტური დებულებებისა და შეფასებების საკმაო რაოდენობას.

მაგრამ სწორედ სტალინმა, სხვამ არავინ გაბედა და შეცვალა ლენინური კურსი, რომელიც «რელიგიის, როგორც ხალხის ოპიუმის» წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს მან გააკეთა მაშინ, როცა საამისო ძალაუფლება მის ხელში აღმოჩნდა. საკ. კპ () ცკ პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებლობისადმი დამოკიდებულების შესახებ:

«1. მიზანშეუწონლად ჩაითვალოს სსრკ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა დაპატიმრებისა და მორწმუნეთა დევნის პრაქტიკის კვლავაც გაგრძელება.

2. ამხანაგ ულიანოვის (ლენინის) 1919 წლის 1 მაისის მითითება #13666-2 «მღვდლებთან და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ» სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ვჩკ) თავმჯდომარის ამხანაგ ძერჟინსკისადმი, და ვჩკ-ოგპუ-შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველა შესაბამისი ინსტრუქცია, რომლებიც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელთა დევნისადმია მიმართული, გაუქმდეს».

ეს არის ამონაწერი საკ.კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1939 წლის 11 ნოემბრის სხდომის #98 ოქმიდან.

მიაქციეთ ყურადღება: რეპრესიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიღებულია დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე, და არა ომის პირველ წლებში, როგორც ამის დამტკიცებას ცდილობს ზოგიერთი ისტორიკოსი და მწერალი პუბლიცისტი: დასჭირდა სახელმწიფოს და სტალინი იძულებული გახდა, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება!

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი ისტორიკოსს, პროფესორ მიხაილ ოდინცევს, რომელმაც 1943 წლის 4 სექტემბერს სტალინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქების შეხვედრის შესახებ საუბრისას გაზეთ «კულტურის» კორესპონდენტს სულ ახლახან განუცხადა, რომ ამ შეხვედრას საფუძვლად ედო «სიღრმისეული ცვლილებები, რომლებიც იმ დროისთვის საბჭოთა ხელმძღვანელების შეგნებაში მოხდა. ლაპარაკია არა მხოლოდ სტალინზე, არამედ მოლოტოვზე _ ამ პოლიტიკის «ტვინზე». იგივე შეიძლება ითქვას ბერიას შესახებაც, მიუხედავად დიდი ანტიპათიისა, რომელიც საზოგადოება ამ ადამიანის მიმართ აქვს… საყოველთაო პატრიოტიზმის აღმავლობის ტალღაზე ხელისუფლება დაფიქრდა იმაზეც, თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ცხადია, რომ ამის უკან პოლიტიკური პრაგმატიზმი იდგა, რადგან ყველა ხელისუფლება პრაგმატულია. მაგრამ რა იგულისხმება ამ პრაგმატიზმში? «შიშველი ამწუთიერი ტექნიკური ინტერესი» თუ იდეოლოგია?

ასეთი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია მათი არარსებობის გამო. მაგრამ ცვლილება ქვეშეცნეულ დონეზე რომ მოხდა, უეჭველია. ცხადი გახდა, რომ «სასწრაფოდ უნდა შეცვლილიყო სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი, როგორც წამყვანი პატრიოტული ძალისადმი».

ცოდვების მონანიებისთვის

აი, ამ ცვლილების პრაქტიკული განსაზღვრისთვის აუცილებელი იყო, უწინარეს ყოვლისა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა სამართლებრივი ფორმის ნორმალიზება, რასაც საფუძველი ჩაუყარა, გადაუჭარბებლად, შეიძლება ითქვას, მოვლენითი ხასიათის ფაქტმა, რომელიც ზუსტად 70 წლის წინათ მოხდა და რომელიც პოლიტწვრილმანებით გატაცებულ თანამედროვე საზოგადოებრიობას ყურადღებიდან გამორჩა: 1943 წლის 4 სექტემბერს კრემლში ბელადისა და ღვთისმსახურთა შეხვედრის შემდეგ ლენინურტროცკისტული დრაკონული ანტიეკლესიური კანონები იმდენად შერბილდა, რომ პრაქტიკულად ყველა აკრძალვა გაუქმდა: მორწმუნეებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება, საეკლესიო რიტუალების შესრულება. ამასთან ერთად, ნება დაერთოთ, საჯაროდ შეეგროვებინათ სახსრები ფრონტის საჭიროებისთვის, თავისუფლად ეურთიერთათ მრევლისა და თემების დონეზე, აღდგა მრავალი ეკლესია და ..

ცნობილია, რომ ამ შეხვედრამდე ეკლესია არსებობდა მხოლოდ ცალკეული დარეგისტრირებული მრევლის დონეზე, მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სახე არ ჰქონდა.

პროფესორი ოდინცევი ადასტურებს: «1943 წლის აგვისტოსთვის ერთიანი ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაცია «რუსული მართლმადიდებლური ეკლესია» სსრ კავშირში არ არსებობდა, თუმცა დეფაქტო მოქმედებდა. ამიტომ ამ შეხვედრის ერთერთი უპირველესი ამოცანა იყო სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივად არსებული, მაგრამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაციის იურიდიული ცნობა: უმეტესი სამრევლო დახურულია, ბევრი ტაძარი აღგვილია პირისაგან მიწისა, ეპისკოპოსებისა და უბრალო მსახურების საკმაო რაოდენობა ან ციხეებშია, ან დახვრეტილია. და, სხვათა შორის, სინამდვილეს არ შეეფერება, როცა ამბობენ, რომ ამ შეხვედრის დროს სტალინმა რაღაცა თავს მოახვია ეკლესიას და «დააარსა» მოსკოვის საპატრიარქო. არსებობს სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკის კარპოვის წერილი, რომელშიც წვრილადაა აღწერილი შეხვედრის დეტალები და ხაზგასმულია, რომ გენერალურ მდივანს არქიეპისკოპოსებისთვის არაფერი დაუძალებია, არც არაფერი მოუხვევია თავს. პოლკოვნიკი ამ შეხვედრას ესწრებოდა და შემდეგ სათავეში ჩაუდგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს».

არქივის დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიტროპოლიტმა სერგიმ, რომელიც შემდგომში პატრიარქი გახდა, თხოვნით მიმართა კარპოვს 25 იერარქის ციხეებიდან გათავისუფლების შესახებ. მაგრამ 1943 წლის ბოლოსთვის მათგან ცოცხალი მხოლოდ რამდენიმეღა იყო დარჩენილი. ამიტომ ეკლესიას ფაქტობრივად თავიდან მოუხდა ეპისკოპატის შექმნა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკლესია ეძებდა სამოქალაქო და ანტიეკლესიურად განწყობილ სახელმწიფოსთან შესაძლო ურთიერთობის ფორმებს. ეკლესიის ბრალი არ არის, რომ ეს ძიება ორ ათეულ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ანალიტიკოსები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ეკლესიის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა გარკვეული აზრით მონანიებად შეიძლება შეფასდეს.

ეს მომენტი _ ცოდვის მონანიება _ არ უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტი იოსებ სტალინის პოლიტიკური და ადამიანური პორტრეტის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.

როგორ შეშურდა ჰიტლერს სტალინის

ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს გაზეთ «კულტურისთვის» (რომელიც ზემოთ ვახსენეთ) მიხაილ ოდინცოვის მიცემული ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი. კორესპონდენტი ეკითხება მეცნიერს, შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელი ადამიანი იყოს საბჭოთა პატრიოტი?

ოდინცოვი უპასუხებს:

«_ «შეიძლება» კი არა, ასეთები იყვნენ მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. თუმცა ჩვენ ისინიც გვახსოვს, ვინც თავისი მართლმადიდებლობის შესახებ აცხადებდა, მაგრამ დამპყრობთა მხარეს აღმოჩნდა და მრევლს მოუწოდა «საქმითა და სიტყვით» ჩამდგარიყო ნაცისტების «ახალი წესრიგის» სამსახურში. და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ანტიკომუნისტური მიზნებით, შეხედულებებითა და ლოზუნგებით ამართლებდნენ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას. საბჭოთა ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, მორწმუნეთათვისაც მთავარი სამშობლოს გადარჩენა იყო».

სამამულო ომის პერიოდზეა, რა თქმა უნდა, ლაპარაკი. და რახან სიტყვამ მოიტანა, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როგორ აფასებდნენ იმ პერიოდში ნაცისტების თავკაცები იოსებ სტალინს _ მათს დაუძინებელ მტერს და წითელი არმიის უმაღლეს მთავარსარდალს.

დრო _ 1943 წლის ზაფხული. კურსკის რკალზე გამანადგურებელმა დამარცხებამ ნდობის ღრმა კრიზისი წარმოქმნა ჰიტლერსა და მის მხედართმთავრებს შორის.

გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა გამოაქვეყნა წერილი საინტერესო სათაურით: «ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო გენერლებთან სტალინის დამოკიდებულებით».

«ფიურერს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ეზიზღება ჩვენი გენერალიტეტისტალინს ამ თვალსაზრისით კარგად აქვს საქმე _ მან დროზე დაახვრეტინა თავისი გენერლები და ახლა არ შეუძლიათ, ხელი შეუშალონ», _ განაცხადა რაიხის პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა და ასე შეეცადა გაემართლებინა ნაცისტების ფიურერის გაცხარება კურსკის რკალზე განცდილი კრახის გამო, როცა ჰიტლერმა თავის სარდლებს «მორალური ხელმოცარულები» უწოდა

სტალინგრადთან კატასტროფის შემდეგ უმაღლესი ოფიცრობისთვის მიცემული თავისუფლად მანევრირების შესაძლებლობას ჰიტლერმა წერტილი დაუსვა და გადაწყვიტა, ომის წარმოების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებები ამიერიდან თვითონ მიეღო.

სტალინს შეედარა.

განათლებულ მკითხველს აქ გაახსენდება კვესელავას «ასერგასის დღის» მიხედვით რობიკო სტურუას დადგმული სპექტაკლის ერთი მიზანსცენა, როცა ჰიტლერი (რამაზ ჩხიკვაძე) სტალინის ძეგლს ეტოლება და შეხტება _ ერთხელ, ორჯერ… ვერა და ვერ მისწვდება მას.

სახიერი მეტაფორაა.

დაიწყო ჰიტლერმა «დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების» მიღება. ფინალი ცნობილია.

სრულიად არაადეკვატური ფიურერი

Die Welt-ის პუბლიკაციაში განხილულია ჰიტლერის «მთავარსარდლობის» შედეგად «მიღწეული» დამარცხებების მთელი წყება და იმ ვითარებაში ამ სტრატეგოსის არაადეკვატური ქცევის ფაქტები. მაგალითად, მას შემდეგ, რაც კურსკის ბრძოლაში ჩართული ყველა რეზერვი, რაც კი აღმოსავლეთ ფრონტზე არსებობდა, ამოიწურა, ვერმახტის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ დაკარგა ჰიტლერის ბრძანებების, რომელთა განხორციელებაც თავისთავად წარმოუდგენელი იყო, ასე თუ ისე შესრულების შესაძლებლობა და დამარცხებები ერთმანეთს წაეწყო, «ჰიტლერი განმარტოვდებოდა თავის რეზიდენცია ბერგხოფში ან აღმოსავლეთ პრუსიის შტაბ-ბინაში. აქ მის ირგვლივ ტრიალებდნენ გენერლები ვილჰელმ კეიტელი და ალფრედ იოდლი, რომელთა ამოცანა იყო, ერთის მხრივ, ფრონტიდან მიღებული არასასიამოვნო ამბების ფიურერისთვის დამალვა, მეორე მხრივ, ომის გაგრძელებაზე მისი ქიმერების მოსმენა იყო».

ან კიდევ:

«ნდობის სრული დაკარგვიდან დასკვნების გამოტანას, რაც მოკავშირეთა მიერ დაბომბვის შედეგად ჰამბურგისა და კიოლნის განადგურების მიზეზი გახდა, ჰიტლერმა ამჯობინა რასტენბურგის თავის შტაბში ომის დასაწყისის ქრონიკის ცქერა, როცა გერმანელთა შეტევის შემდეგ ცეცხლი ეკიდა ვარშავასა და ლონდონს

ომი, რომელიც ჰიტლერმა აღმოსავლეთში გააჩაღა, «მისი» ომი იყო _ განადგურების იდეოლოგიური ომი. მის წინაშე კომუნიზმის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა… საბჭოთა ჯარისკაცების ზურგს უკან ჰიტლერს «ებრაელების სალიკვიდაციო ბრიგადები» ელანდებოდა… ფიურერი ხედავდა უკანასკნელი ბრძოლის აპოკალიფსურ სურათს: ხალხი, რომელსაც არ შეუძლია ომში გამარჯვება, უნდა დაიღუპოს».

შეადარეთ ფიურერის ეს ნაბოდვარი ხილვები სტალინის დებულებას _ «ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ხალხი, გერმანული სახელმწიფო კი რჩება». გამარჯვებული უმაღლესი მთავარსარდლის ბეჭედდასმული სიტყვა!

P.S. საოცარია: ამასწინათ გერმანულმა ავიაკომპანია «ლიუფტჰანზამ» თავისი ახალი ავიალაინერისთვის სახელის შერჩევისთვის ინტერნეტგამოკითხვა მოაწყო. მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა სახელწოდებას «სტალინგრადი».

გერმანელებმა სტალინგრადი აირჩიეს!

ქართველმა მინისტრმა კი უარყო სტალინი.

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. სტალინი იყო უდიდესი ნიჭისა და ენერგიის მქონე ადამიანი. მისი გონებრივი შესაძლებლობები განუსაზღვრელი იყო. როგორ ფიქრობთ, ღვთის დაშვებისა და ნების გარეშე შეიძლება ასეთი ადამიანი დაიბადოს? ან მოვიდეს იმხელა იმპერიის სათავეში, როგორიც რუსეთია? ამასთან, გასათვალისწინებელია მისი წარმომავლობა. მას ღმერთის მეტი პატრონი არ ყოლია. ეს ადამიანი უდიდესი მოვლენა იყო და მის საქმიანობაზე, ამ საქმიანობიდან მიღებული შედეგების სამართლიანობაზე და სისწორეზე კამათი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.ის ძალიან რთულად შესაფასებელი ფენომენია.

  2. სტალინი იდგა კაცობრიონაზე მაღლა და ღმერთზე დაბლა! სტალინმა მოხსნა ბორკილები: ინდოეთს, ჩინეთს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას, დაამხო ფაშიზმი და აშშ- ში მოსპო რასიზმი!ჩვენ კი, რამდენი სულელი მინისტრი გვეყოლება და პრეზიდენტი, მაგას ვინ მოთვლის!

  3. ვერ უარვყოფთ, რომ ავსტრია არის დემოკრატიული ქვეყანა. მაგრამ ვენის ცენტრში რომ საბჭოთა მეომრის და სტალინის მონუმენტი დგას, სადაც მე თითონ მაქვს გადაღებული სურათი, ეს როგორ განვმარტოთ?
    თავისუფლების ინსტიტუტს ხომ ებრელები აფინანსებენ და მაგათ ვერ მოუნელებიათ ტროცკის, ბუხარინის, ზინოვიევის და კამენევის განადგურება, რომლებიც ნამდვილად იყვნენ კავშირში უცხო ქვეყნის დაზვერვასთან. ამ ორგანიზაციის ქართველი წევრების ისტორია, რომელთაც პირველივე დაკითხვაზე კგბ-მ ფანქარი ვერ გააგდებინა ხელიდან, ეს ხომ ცნობილი ფაქტია. ამისთვის შეიძლება გავიხსენოთ ძმები ბერძენიშვილების ბიოგრაფია.

  4. როდესაც ადამიანს აფასებ, უნდა იცოდე ჯერ მისი მოღვაწეობის ობიექტური ისტორია, მერე მისი მოღვაწეობის პერიოდში არსებული საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით სიტუაცია. უნდა შეგეძლოს მისი ანალიზი და რაც მთავარია უნდა გქონდეს ის მორალი, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთო. დღეს ვინც სტალინზე მსჯელობს, ყოველ შემთხვევაში ტელევიზიიდა და პრესიდან ასე ჩანს, უმეტესწილად ამორალური, საეჭვო პოლიტიკური წარსულის და აწმყოს მქონე და სიონისტური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან. ან სომხები, რომლებიც ანასტას მიქოიანს აყენებენ სტალინზე წინ.

  5. მაგან ინგლისური რო არ იცოდა გენიოსი როგორ იყო? "მე" ტელევიზორში მოვისმინე მთავარი იმგლისურიაო! :))) გაიგეთ რატომ არ ვფიქრობ "მე" რომ სტალინი გენიოსი იყო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here