Home რუბრიკები საზოგადოება ოთხი პროფესორი და უსამართლობის ეპოპეა

ოთხი პროფესორი და უსამართლობის ეპოპეა

640

«ნაციონალურმა» სასამართლომ დამსახურებული პროფესორების საჩივარზე კანონსაწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა, ხოლო . კუბლაშვილის უზენაესმა სასამართლომ მათ სარჩელის განხილვაზე ტყუილი, მოგონილი არგუმენტით უსირცხვილოდ უარი უთხრა.

 

«ნაციონალური» სასამართლოს მოუწესრიგებლობასა და დანაშაულებრივ ქმედებებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ «ნაციონალების» მსახვრალი ხელი ამ სფეროში თავის ბინძურ საქმიანობას, სამწუხაროდ, კვლავ აგრძელებს. «ნაციონალების» სასამართლოს მსხვერპლთ შორის ილიას უნივერსიტეტთან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილებით მიერთებული საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის დამსახურებული პროფესორებიც აღმოჩნდნენ.

2010 წლის ივნისში ილიას უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიგი თევზაძეს განცხადებით მივმართეთ პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ემერიტუსის წოდების მონიჭების თაობაზე, მაგრამ რექტორისგან, ყოვლად უსაფუძვლო და უაზრო არგუმენტაციით, ჩვენი თხოვნის დაკმაყოფილებაზე კატეგორიული უარი მივიღეთ.

მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩვენ გვეკუთვნის ემერიტუსის წოდება; ამისათვის კი უნდა მიგვემართა სასამართლოსთვის. ჩვენც ვისმინეთ სამინისტროს რჩევა და მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. სანამ სასამართლოს შედეგებზე მოგახსენებთ, მოკლედ გეტყვით ჩვენ შესახებ:

ჩვენ, ოთხივე პროფესორი: შოთა ბუაძე (დიდი სამამულო ომის ვეტერანი), გურამ ძაგანია, გიული კახიძე და ჯუანშერ ზალდასტანიშვილი ვართ სამოცდაათ წელს გადაცილებული სრული პროფესორები, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორები. ოთხივეს უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის 40 წელზე მეტი ხნის სტაჟი გვაქვს (შოთა ბუაძეს 57 წლის). ვართ ათეულობით სამეცნიერო შრომის, წიგნების, სტატიების, საჟურნალო და საგაზეთო პუბლიკაციების ავტორები. ჩვენ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობდა სწავლება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში. ჩვენ მოვიაზრებოდით აკადემიის წამყვან პროფესორ-მასწავლებლებს შორის. ოთხივე ვართ რესპუბლიკის დამსახურებული მუშაკები და ღირსების ორდენის კავალრები.

რესპუბლიკის საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგანის მასწავლებლები, ძირითადად, ჩვენი ყოფილი სტუდენტები არიან, ასევე სპორტულ საზოგადოებებში მწვრთნელებად უმეტესობა ჩვენი აღზრდილი სტუდენტები მუშაობენ, რომელთა შორის მრავლადაა რესპუბლიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელები. ჩვენი ყოფილი სტუდენტები წარმატებით მოღვაწეობენ მწვრთნელებად საზღვარგარეთაც: ინგლისში, ბრაზილიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში და სხვ.

ჩვენ ყოფილ სტუდენტებს შორის არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. და ბოლოს, აკადემიის ყოფილ კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები.

პირველად ჩვენი საქმე განიხილა თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ _ თინათინ შავერდაშვილმა, რომელმაც, ჩვენდა საზიანოდ, სრულიად არასწორად წარმართა სასამართლო პროცესი. უფრო ზუსტად, ეს იყო სასამართლო ფარსი, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენს სარჩელზე მსჯელობა არ ყოფილა. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩვენი ადვოკატის დასმულ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. განაცხადა: «არ ვპასუხობ», «პასუხი არ მაქვს». ადვოკატის შეკითხვაზე: «როგორ მოვიქცეთ, მოწინააღმდეგე მხარე რომ არ პასუხობს კითხვებზე?», მოსამართლე შავერდაშვილმა უპასუხა _ «მე რა ვქნა, უფლება აქვს შეკითხვებს არ უპასუხოსო» და ამით დაამთავრა სასამართლო პროცესი, რომელიც ერთ საათსაც კი არ გაგრძელებულა. მოსამართლემ ჩანთიდან ამოიღო წინასწარ მომზადებული განჩინება და გვამცნო, რომ ჩვენი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

სასამართლო გადაწყვეტილების გამო ჩვენს აღშფოთებაზე, მოსამართლემ ცინიკურად გვიპასუხა _ «მოგატყუილათ ხომ ილიას უნივერსიტეტმა?!» წარმოიდგინეთ, რომ ამას ამბობს მოსამართლე, რომელსაც ევალება სიმართლის დადგენა.

ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ, ჩვენ მიმართ სიყალბე და უსამართლობა რომ ჩაიდინა, სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს.

ზუსტად იგივე სიტუაცია განმეორდა სააპელაციო სასამართლოში, მსჯელობა არც იქ ყოფილა. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი იმავე მოტივაციით პასუხობდა ადვოკატისა და მოსამართლეების შეკითხვებს. აქაც, ისევე, როგორც ქართულ ხალხურ ანდაზაშია, «ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია» და ჩვენი საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა, ჩვენი სამართლიანი თხოვნა არც აქ დაკმაყოფილდა. ჩვენს აღშფოთებაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნ. კობახიძემ გვიპასუხა: «თქვენ ხომ განათლებული ხალხი ხართ, რატომ მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებასო».

ორივე შემთხვევაში ეს იყო არა სასამართლო, არამედ პროვოკაცია, რომელიც წარიმართა ილიას უნივერსიტეტის რექტორის, «ნაციონალების» იდეოლოგის, თავისუფლების ინსტიტუტის პირმშოს _ გიგი თევზაძის ბინძური სცენარის მიხედვით.

სასამართლოები ორივე შემთხვევაში არ ჩასწვდნენ ილიას უნივერსიტეტის მიერ ჩვენ მიმართ ჩადენილ თაღლითურ ქმედებას, როდესაც მათ ტყუილით, უსაფუძვლო არგუმენტით გააუქმეს ჩვენი სრული პროფესორის სტატუსი, რომელიც მონიჭებული გვქონდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჩატარებული კანონიერი კონკურსით. კონკურსი ჩატარდა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და კონკურენციის პირობებში. ორივე შემთხვევაში სასამართლო არ დაინტერესდა შანტაჟით, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა მოგვიწყო და გამოიხატა ჩვენ მიერ ხელშეკრულებაზე იძულებით ხელის მოწერაში. თუ ხელს არ მოვაწერდით, ამ შემთხვევაში არც ხელფასს მივიღებდით და სამსახურსაც დავკარგავდით. თაღლითობა და შანტაჟი კი, როგორც იურისპრუდენციაშია ცნობილი, დასჯადია. აქვე უნდა შევნიშნოთ ერთი საინტერესო დეტაილ: ყველა, ვინც კი გაეცნო ჩვენს საქმეს, ცნობილი იურისტები, ერთხმად აღიარებდნენ ჩვენს სამართლიან მოთხოვნას, მაგრამ დასძენდნენ, რომ საქართველოს სასამართლოს პირობებში მიუღწევადია და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში მიაღწევთ სამართალსო. ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით, რომ სამართალს უზენაეს სასამართლოში მაინც ვიპოვიდით. მივმართეთ კ. კუბლაშვილის უზენაეს სასამართლოს, მაგრამ აქ სრული ფიასკო განვიცადეთ.

უზენაეს სასამართლოში მიხვდნენ რა, რომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერი იყო, «ნაციონალების» აპოლოგეტს, . თევზაძეს, ხომ არ გაანაწყენებდნენ და იმისათვის, რომ უარი ეთქვათ ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე, ემერიტუსის მონიჭების თაობაზე, სასამართლოსთვის ყოვლად უკადრისი, უსინდისო ქმედება ჩაიდინეს, ტყუილი საბაბით, თითქოს განათლების მინისტრმა უარი გვითხრა ემერიტუსის წოდების მონიჭებაზე. უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები: ვ. ვაჩაძე, ლ. მურუსიძე და პ. სილაგაძე) საერთოდ არ განიხილა ჩვენი სარჩელი, რითაც ჩაიდინა უზენაესი სასამართლოსთვის მიუღებელი სიყალბე. აღნიშნულის ნათელსაყოფად მოვიტანთ განათლების სამინისტროს პასუხის ამონარიდს, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე, ა. სეფერთელაძე: «…თქვენ უფლებამოსილი ხართ, თქვენი უფლებების დასაცავად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოთ სასამართლოს». ჩვენც ასე მოვიქეცით და მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ, თუ რა გამოვიდა აქედან, კარგად დავინახეთ. სამწუხაროდ, გამოცდილი იურისტების გაფრთხილება საქართველოს პირობებში სამართალს რომ ვერ მივაღწევდით, გამართლდა.

თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე, თ. შავერდაშვილი), თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლეები: ნ. კობახიძე, ლ. მამულაშვილი, ქ. ჩოხელი) და უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ლ. მურუსიძე და პ. სილაგაძე) ერთხმად მხარი დაუჭირეს უსამართლობაში თაღლითებსა და შანტაჟისტებს ილიას უნივერსიტეტიდან რექტორ გ. თევზაძის თავკაცობით.

ასეთია ოთხი დამსახურებული, ხანდაზმული პროფესორის წინააღმდეგ სასამართლოების მიერ ჩადენილი უკანონობა.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ უამრავი უკანონობისა, რომლებიც . კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს წესად იყო ქცეული. ვიმედოვნებთ, რომ «ქართული ოცნების» მთავრობის პირობებში ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, ხოლო დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.

შოთა ბუაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here