მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ევროპის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ცნობილი იურისტი მინდია უგრეხელიძე.
_ ბატონო მინდია, სამართლიანობის აღდგენის პროცესმა, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. დღეს ბევრი ამბობს, რომ მართლმსაჯულება თავის ფუნქციას ბოლომდე ვერ ასრულებს. თქვენი აზრით, რა გაკეთდა ამ ხნის მანძილზე და რა მდგომარეობა გვაქვს ხელისუფლების შეცვლიდან თერთმეტი თვის თავზე?
_ უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში სუფევს უკმაყოფილების განცდა. ეს კი ეფუძნება იმ დაპირებების შეუსრულებლობას, რომელთაც ყველა ელოდა ახალი ხელისუფლებისგან და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. საერთოდ, იმდენად ბევრი მიზეზი არსებობს დღეს ამ უკმაყოფილებისთვის, რომ დეტალურად ამაზე საუბარი ერთ საგაზეთო ინტერვიუში შეუძლებელია. არც ის ვიცი, აინტერესებს თუ არა ეს მიზეზები თქვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმეს მაინც დაგისახელებთ.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ერთმმართველობის პირობებში საერთოდ არ იყო არანაირი საჭიროება იმ ორგანოებისა, რომლებსაც მართლმსაჯულებისა და გამოძიების ორგანოები ჰქვია. რა საჭიროა პროფესიონალი კადრი იქ, სადაც ერთი კაცის ნება უსიტყვოდ უნდა სრულდებოდეს?! დღესდღეობით, მაგალითად, სულ ათიოდე გამომძიებელი შემორჩა საქართველოში და ასევე მინიმუმამდე დავიდა მოსამართლეთა რაოდენობაც. ახლა რაც შეეხება უშუალოდ იმას, რაც მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ: ერთის მხრივ, როგორც გითხარით, ძალიან ცოტანი დარჩნენ სამართლის აღსრულებაში უფლებამოსილი ადამიანები და მეორე მხრივ, ვინც დარჩა, ძირითადად არაკვალიფიციური ხალხია. ბუნებრივია, მათ არ შესწევთ უნარი, სათანადო დონეზე განახორციელონ მართლმსაჯულება და პროცესი წინ წასწიონ. გეუბნებით იმას, რაც ფაქტია, მაგრამ ამას ემატება კიდევ უფრო საშინელი რამ _ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან უნდობლობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ ისევ და ისევ ძალიან დიდია.
_ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
_ სამწუხაროდ, ჩვენს ახალ ხელისუფლებას ეგონა, რომ ადვილად მოგვარდებოდა სასამართლოს მიუკერძოებლობის პრობლემა, თუ მოსამართლეებს მიეცემოდათ თავისუფლება. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ ამ მხრივ რამდენიმე კარგი პროექტი განახორციელა. მიუხედავად ამისა, როცა იყო იუსტიციის საბჭოს არჩევნები, მოსამართლეთა მხრიდან იქ არჩეულ იქნენ საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი პიროვნებები. მაგალითად, ამ საბჭოში მოხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა, ასევე მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე სულხან მოლაშვილს გამოუტანეს არასწორი, პროცედურულად გაუმართლებელი განაჩენი. ბუნებრივია, ყველას გაუჩნდა კითხვა: რა მოხდა?
საზოგადოებას ჰგონია, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ეს ასე ადვილად ვერ მოხდება. იმიტომ, რომ დღევანდელი მოსამართლეების უმეტესობა ექვემდებარებოდა და ახლაც ექვემდებარება ფარულ ჩანაწერებს. აქ იგულისხმება მათი სატელეფონო საუბრები, პირადი ცხოვრება _ ყველაფერი, რაც იყო ასახული იმ ფაილებში, რომლებიც ამას წინათ სრულიად დაუსაბუთებლად გაანადგურეს.
_ გინდათ, თქვათ, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ?
_ რასაკვირველია, ამიტომ, სანამ სული უდგათ, ამ ფარული ფირების ჩამწერთა საწინააღმდეგოს ვერაფერს გაბედავენ.
_ გამოდის, ამ სასამართლოს პირობებში მართლმსაჯულების იმედი არ უნდა გვქონდეს?
_ სანამ ამ მოსამართლეებით იქნება სისტემა დაკომპლექტებული, ოპტიმიზმისა და დიდი იმედის საფუძველს ვერ ვხედავ; ასე რომ, თუ ვინმეს სჯერა, რომ ამათგან რაიმე გამოვა, ეს გულუბრყვილობად მიმაჩნია.
_ დავუბრუნდეთ სამართლიანობის აღდგენის საკითხს. ამ პროცესის შეფერხების ერთ–ერთ მიზეზად პროკურატურაში შესული საჩივრების სიმრავლესაც ასახელებენ. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?
_ მე აქტიურად ვადევნებ თვალს ამ პროცესს და რამდენიმე ფაქტორს ვხედავ, რომლებიც გარკვეულწილად აბრკოლებს მის ბოლომდე მიყვანას. უწინარესად, აქ კონცეპტუალურ საფუძველზე არ ხდება არაფერი და, სანამ ეს არ იქნება, მანამდე დიდი იმედები არ უნდა ვიქონიოთ. ასევე არ არის არანაირი დებატები, კამათი. არადა, ხომ უნდა შევთანხმდეთ, რას ნიშნავს, რას გულისხმობს სამართლიანობის აღდგენა. დღეს რასაც ვხედავ, ზოგმა კვალიფიციურმა იურისტმა ისიც კი არ იცის, რომ ეს სამართლიანობა არა იურიდიული, არამედ, პირველ რიგში, მორალური კატეგორიაა. მოკლედ, უამრავი საკითხია, რომელიც უნდა გავიაროთ.
_ თქვენ თქვით, რომ დღევანდელი მოსამართლეების გარკვეული ნაწილი შანტაჟის ქვეშაა და ისინი ვერასოდეს იქნებიან რეალურად დამოუკიდებლები. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა გაიწმინდოს ასეთი ხალხისგან?
_ სავსებით სწორი და ლოგიკური კითხვაა. პრობლემა აქ მარტო ის კი არაა, არსებობს თუ არა დღეს რომელიმე მოსამართლეზე ფარული ჩანაწერი, პრობლემას მათ მიერ წარსულში გამოტანილი უსამართლო განაჩენები წარმოადგენს. აი, ესაა მათი მთავარი მადისკრედიტებელი ფაქტორი და ზუსტად ამიტომ იმყოფებიან ისინი იმთავითვე ჩოქმბჯენში. ახლა რაც შეეხება გამოსავალს: რა თქმა უნდა, ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების გადანაცვლება სხვა სფეროში, კერძოდ იქ, სადაც შანტაჟის საშუალება ნაკლები იქნება. ისე, საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ასევე უნდა გადაიხედოს ის საკონსტიტუციო ცვლილებაც, რომელიც მარადი მოსამართლის სტატუსის შემოღებას უკავშირდება. ეს ერთი. მეორეც _ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან საუბარს და მუშაობას; როგორმე უნდა შევაგნებინოთ იმ ხალხს, რომ მაღალი ხელფასისა და რაღაც სტატუსის ხათრით თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს ცუდ მომავალს უმზადებენ…
_ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ და წინა ხელისუფლებისდროინდელი მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი რამდენად შეიძლება დადგეს, როგორ ფიქრობთ?
_ ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს და შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხი, მაგრამ მე ერთი რამის თქმა შემიძლია: დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში მომუშავე მოსამართლეთაგან, მიჭირს, დავასახელო ისეთი, რომელიც აბსოლუტურად სუფთა იყო ყოველგვარი გადაცდომისგან. კი, ბევრს პირადად არ ჩაუდენია დანაშაული და ცოდვა არ აწევს კისერზე, მაგრამ, ვიმეორებ, უმრავლესობას ადამიანთა ცოდვაში ფეხი აქვს ჩადგმული.
პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ, როგორც კი «ნაცები» მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმ დღიდან დაიწყო დარღვევები. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლო და მთლიანად ეს სისტემა დაფინანსებული იყო არა ბიუჯეტიდან, არამედ სოროსის ფონდიდან, რაც იმთავითვე გულისხმობს დანაშაულებრივ მიდგომას. არსებობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ე.წ. გარანტიები და ერთ-ერთი მთავარი გარანტია არის სწორედ საბიუჯეტო გარანტია. აი, ამის უგულებელყოფა მოხდა, რაც, ჩემი აზრით, უკვე იყო ანტისახელმწიფოებრივი, საზიანო ქმედება.
_ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ სამართლებრივი პროცესის მორატორიუმი გამოაცხადა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება და რამდენად ლოგიკურია ის?
_ რომ გითხრათ, მსგავსი პრეცედენტი არსებობს და მსმენია-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არაა ცნობილი. საერთოდ, მე ამ მორატორიუმის ინიციატივაში არ ვარ ჩახედული, ვინაიდან, მოგეხსენებათ, არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ მიკავია. უფრო მეტიც, მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, არავინ თავს არ იწუხებს ჩემთან მოთათბირებით, არც დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის შიდასამზარეულოს ვიცნობ. ისე, გუმანით ვხვდები, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს სააკაშვილის გასაუვნებელყოფად; უფრო კონკრეტულად, _ იმის გამო, რომ ამათ მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან არ შეიწყალოს ესა თუ ის მსჯავრდებული.
თქვენ იცით, რომ არჩევნების შემდეგ ერთი თვეა საჭირო ახალი პრეზიდენტის დასამტკიცებლად. ასე რომ, მარტივადაც არ არის საქმე.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
მიშამ მთელი თაობები დანაშაულში ჩაითრია, ძნელია ამათგან განთავისუფლება. ქვეყანაში ჭკვიან ხალხთა დეფიციტია. მეორეხარისხოვან ხელმძღვანელს, მესამეხარისხიანი ხელქვეითი სჭირდება. სად ვართ, ეს რა ქნა მიშამ? ამ ნაცქაქიჭამიებს როგორ აბოგინებთ? როგორ ვერ ამოძირკვავთ ამათ.
/