Home რუბრიკები საზოგადოება გვეყო «ნაციონალებზე» მორგებული კანონებით მუშაობა, განათლების კანონში ცვლილება აუცილებელია!

გვეყო «ნაციონალებზე» მორგებული კანონებით მუშაობა, განათლების კანონში ცვლილება აუცილებელია!

სააკაშვილმა და მისმა დანიშნულმა განათლების მინისტრმა, სოროსელმა ლომაიამ, რომელმაც გამართული ქართულით წერაც კი არ იცის და «ბავშვის» ნაცვლად წერს «ბაშვი», დაანაგვიანა და დააბინძურა მოსაპყრობად ერთობ სათუთი, ხოლო სამართავად მეტად რთული და მგრძნობიარე განათლების სისტემა. იგი ძირითადად კმარელებისა და «თავისუფლების ინსტიტუტის» ჭუპრიდან გამოჩეკილი 25 წლის «პროფესორი» გოგობიჭებით დააკომპლექტა და მთელი სისტემა მათზე მოარგო. ეს ის კმარელები არიან, რომელთა უმრავლესობამ წერაკითხვა ასფალტსა და შენობის კედლებზე «კმარას» წერით ისწავლეს. ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი «განათლებული» ხალხი განათლების სისტემას რას უზამდა და ამ სფეროს რა დღეში ჩააგდებდა? ამიტომ ეს დარგი, დიდი ხანია, ამ ნაგვისგან გასაწმენდია და იქ მკაცრი და საღი რეფორმებია ჩასატარებელი.

 

ლომაიამ, რეფორმის ნიღბით, იმისათვის, რომ სასწავლო დაწესებულებებიდან გაეყარა და თავიდან მოეშორებინა პრინციპული და კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები, მათ ადგილზე კი «ნაციონალი» აქტივისტები დაესაქმებინა,  ცრუდემოკრატია მოიშველია. სისტემის  დემოკრატიზაციისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის უფლებების დაცვის საბაბით, იმ მოტივით რომ, თითქოს  სასწავლო დაწესებულებებში პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის მიმართ უმნიშვნელო დასჯის, თუნდაც მკაცრი ტონით შენიშვნის მიცემით, თურმე მათი უფლებები ირღვეოდა. ამიტომ ლომაიამ «მყარად» გადაწყვიტა ამ «დაჩაგრული» და «უფლებადარღვეული» სტუდენტი ახალგაზრდობის დაცვა. ამ საბაბით დაიწყო ე. წ. რეფორმების გატარება, რასაც მოჰყვა ასევე ე. წ. კონკურსები, რომელთა მიზანი სასწავლო-დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა კი არა, ამ სასწავლებლებიდან გამოცდილი, პრინციპული და პროფესიონალი ღირსეული კადრების საქმიდან ჩამოშორება იყო. ამისათვის იყენებდნენ ე.წ. ლოტოტრონით არჩეულ და სკოლისთვის ყოვლად შეუფერებელი დირექტორების უმრავლესობას, ასევე, ვითომდა უფლებაშელახულ სკოლის ჩამორჩენილ და მოხულიგნო, უდისციპლინო მოსწავლეთა ნაწილს. ამათ უერთდებოდა ამ პრინციპულ მასწავლებლებზე განაწყენებული მშობელთა ერთი ნაწილიც, და ასე იწერებოდა საპროტესტო წერილები ამა თუ იმ მასწავლებელზე, რომელსაც შემდგომ მოჰყვებოდა მათი სკოლებიდან თუ უმაღლესი სასწავლებლებიდან განდევნა. მათ ადგილებზე კი უმაღლეს სასწავლებლებში უფრო ადვილად სამართავი 25 წლის «პროფესორი» გოგო-ბიჭები მიიყვანეს, ხოლო სკოლებში, ძირითადად, _ ილიას უნივერსიტეტდამთავრებული «ნაციონალი» აქტივისტი მასწავლებლები, რომელთა დიდმა უმრავლესობამ ხეირიანად თავისი საგანიც არ იცის.

ამიტომ იყო, რომ სამინისტროში პირველად ჩატარებულ სასერთიფიკაციო გამოცდებზე მათი უმრავლესობა ჩაიჭრა და სერთიფიკატიც კი ვერ მიიღეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცოდნის «ბაგაჟით» იქნებოდნენ აღჭურვილი სკოლაში გამწესებული ეს ოროსანი მასწავლებლები, რომლებმაც შემდგომში თავიანთი დაღი დაასვეს და სოლიდური წვლილი შეიტანეს სწავლების დონის ასე  მკვეთრად დაცემის მანკიერ საქმეში. ჩაჭრილთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მაშინდელი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გაბაშვილი, აღშფოთებული ამბობდა, როგორც ჩანს, 60%-იანი თამასა მაღალია და უნდა დავწიოთო. როგორც ბატონი გოკას გენიოსური მსჯელობიდან გამოდის, აუცილებელი არ არის, მასწავლებელმა საგანში პროგრამით გათვალისწინებული მასალის 60% იცოდეს, ოღონდ გამოცდა ჩააბაროს და ნაკლები ცოდნაც დასაშვებიაო. აი, როგორ მსჯელობდნენ განათლების მამები, მასწავლებელთა ცოდნის გაღრმავებასა და მათ სათანადო აღჭურვაზე.

სამინისტროს მხრიდან სასწავლო დაწესებულებებში ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად ძალზე დაეცა და დაკნინდა პროფესორ-მასწავლებელთა ავტორიტეტი. ამის პარალელურად კატასტროფულად დაეცა სწავლების დონე. ამასთან, აღზევდა და თავხედობაში გადაიზარდა, ჩამორჩენილ და მოხულიგნო მოსწავლეთა ქმედებები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეს უქნარა და ჩამორჩენილი მოხულიგნო მოსწავლეები წესიერ, ფრიადოსან და ბეჯით მოსწავლეებს დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ, მათ «დედიკოს ბიჭებს» ეძახდნენ. ასევე აგდებულად ექცეოდნენ მასწავლებლებსაც და მათ «დაჩმორებულ თაობას» უწოდებდნენ. ამის გამო სასწავლო დაწესებულებებში, ფაქტობრივად, ნულზე დავიდა სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინა. ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების საშუალებასაც არ აძლევდნენ, რითაც უხეშად ირღვეოდა კლასში მოსწავლეთა უმრავლესობის, ანუ წესიერი მოსწავლეების კონსტიტუციური უფლება, ცოდნის მიღების უფლება, მაგრამ ამაზე არავინ წუხდა.

როცა უკვე სწავლის დონის დაცემასთან ერთად, სკოლებში საშემსრულებლო დისციპლინაც საერთოდ მოიშალა, ამის გამოსასწორებლად მოიგონეს მანდატურის ინსტიტუტი. მანდატურები სკოლაში წესრიგის დაცვაზე მეტად სხვაგვარად მოაზროვნე მასწავლებლებზე ინფორმაციის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი და, სადაც ჯერ არს, სასწრაფოდ იქ ატყობინებდნენ. მათი პრივილეგია ხელფასშიც საგრძნობზე მეტი იყო, რადგან მასწავლებლებთან შედარებით ისინი თითქმის 3-ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ. ეს ნონსესია და ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ «კარისკაცი» მასწავლებელზე მეტ ხელფასს იღებდეს, თანაც ამდენჯერ. 

სამინისტროში დანერგილი მახინჯი ფორმებიდან ერთ-ერთი უმთავრესი სახელმძღვანელოების თემაა, რომელიც, სამწუხაროდ, კორუფციის  წყაროდ  იქცა და მასზე ძალიან ბევრი ჩინოვნიკი ითბობდა ხელს. ეს ცალკე განხილვის თემაა, რადგან ამას გაზეთის ფორმატი  ვერ დაიტევს.

საკამათო არაა, რომ, თუ სასწავლო დაწესებულებას არ ჰყავს გამოცდილი და სასწავლო პროცესის მცოდნე პროფესიონალი დირექტორი, ტყუილია, იქ ვერავითარი მანდატური დისციპლინას ვერ დაამყარებს. როგორც ახლა ამბობენ,  «იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს», როგორი რეკომენდატორიც არ უნდა ჰყოლოდა სკოლის დირექტორობის მოსურნეს, თუ მას პედაგოგიური მუშაობის 5 წლის სტაჟი მაინც არ ექნებოდა, მამაზეციერიც რომ ჩარეულიყო საქმეში, სკოლის დირექტორად მაინც არავინ დანიშნავდა. ამიტომ იყო, რომ სკოლებში დისციპლინაც მაღალი იყო და სწავლის დონეც. მარტო ის რად ღირდა, რომ ზოგიერთი სკოლის დირექტორის ავტორიტეტი, არა მარტო ქალაქის, არამედ  რესპუბლიკის მასშტაბითაც ისეთ დონეზე იყო ცნობილი, რომ მათ სკოლებს არა თავისი სახელწოდებით, არამედ დირექტორის სახელით მოიხსენიებდნენ. მაგალითად: როგორიც იყო კობახიძის სკოლა, ქავთარაძის სკოლა და ა.შ. დღეს კი ვის აღარ ნახავთ ლოტოტრონით არჩეულ სკოლის დირექტორებში _ გასტრონომის მოლარე-გამყიდველიდან დაწყებული, ციხის ზედამხედველით თუ მანდატურით დამთავრებული.

მთავრობის მიერ გატარებული ასეთი პოლიტიკის ბრალია, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლების დონე კატასტროფულად დაეცა, ავტორიტეტი შეელახა და საბოლოოდ მოისპო და განადგურდა განათლების სისტემა. 

დაახლოებით ასეთივე სქემით მოხდა სამინისტროშიც გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების სამსახურიდან გაყრა. მოიგონეს რაღაც კონკურსი, რომლის საფუძველზე სამინისტროს 169 თანამშრომლიდან 165 გამოცდილი და პროფესიონალი მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მხოლოდ 4-5 კინკილა კაცი დატოვეს. სამაგიეროდ, გამოუცდელი და დილეტანტი ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით დააკომპლექტეს მთელი სამინისტროც. ასე დანიშნეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, ეს მწყერჩიტა თუ ჩიორა თაქთაქიშვილი, კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად _ უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი, ვინმე მერი გაბაშვილი, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსად, ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჯერ ლომაიასთან ძალზე დაახლოებული პირი, კონტროლის პალატაში «რევიზორად» ნამუშევარი შალვა ნოზაძე, რომელიც, როგორც ჩანს, «კარგი მუშაობისთვის» მალევე გაუშვეს უფროსობიდან და მოადგილედ გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილზე მისივე დისშვილი, სრულიად გამოუცდელი და სასწავლო პროცესის ელემენტარული საკითხების უცოდინარი და უვიცი დედაკაცი, ვინმე კაკუტია მოიყვანეს.

როცა მინისტრი სასწავლო პროცესის ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევა, კაცი, რომელიც სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიას, საატესტაციო კომისიისგან ვერ არჩევდა, როცა სასწავლო დაწესებულებებს ახალი კონტიგენტის მიღების გეგმას მისაღები გამოცდების ჩატარების შემდეგ უგზავნიდა, როცა კონკურსის შედეგად უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე სასწავლებლის დირექტორს, სარეკომენდაციო წერილს უგზავნის და სასწავლო ჯგუფის გაუქმებას ურჩევს, ასეთ მინისტრს, სულ მცირე, თანამშრომლები მაინც ხომ  უნდა ჰყავდეს პროფესიონალები?! მაგრამ შენც არ მომიკვდე, რაც ალხანა, ის ჩალხანა.

ამიტომაც დაინგრა და გაპარტახდა განათლების სისტემა. საქართველო, რომელიც 1000 სულ მოსახლეზე უმაღლესდამთავრებული სპეციალისტების მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო, ახლა აფრიკულ ქვეყნებსაც კი ჩამორჩება. ლომაიას პერიოდს ეხება კონტროლის პალატის მიერ განათლების სამინისტროში აღმოჩენილი საკმაოდ გახმაურებული 13-მილიონიანი აფიორა, ამხელა თანხა, რომელიც მინისტრმა არამიზნობრივად გახარჯა. კაცი, რომელიც ტრაბახობდა სისტემა კორუფციისგან გავასუფთავეო, თვითონ აღმოჩნდა კორუფციის ჭაობში. საკითხი იმდენად  რეზონანსული იყო, რომ იგი პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდა, საიდანაც გამტყუნებული ლომაია იქ მიტანილ რამდენიმე ტომარა საბუთებთან ერთად კუდამოძუებული გამოაბუნძულეს. მაგრამ რად გინდა, ლომაიას უძლეველობას ხომ საზღვარი არ ჰქონდა. იმის მაგიერ, რომ მინისტრი დაესაჯათ, სამსახურიდან გაათავისუფლეს შემმოწმებლები. აი, ასეთი განუკითხაობა, დაუსჯელობის სინდრომი, ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი იყო გამეფებული ქვეყანაში. «ნაციონალებისა» და მათი მხარდამჭერებისთვის უკანონობა კანონიერი იყო, ხოლო ყველა დანარჩენისთვის კანონიერი _ უკანონო.

ამ ფონზე ძალზე სასაცილოდ გამოიყურება და ცინიზმის ყველა ზღვარს სცილდება პრეზიდენტის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ: «ქვეყანაში ჩემზე მეტი ქომაგი სამართლიანობას არავინ ჰყავსო».

ქვეყანაში ასეთი მახინჯი სტანდარტების დამკვიდრების შედეგია, რომ განათლების სამინისტროსაც მაფიოზური კლანები მართავდნენ ლომაიას მეთაურობით. განათლების სამინისტროში იმდენი განუკითხაობა და უსამართლობა ხდებოდა, ყველა რომ ჩამოვთვალო, ამას გაზეთის ვერც ერთი ფორმატი ვერ დაიტევს, მაგრამ ერთ არსებით საკითხს აუცილებლად უნდა შევეხო და სააშკარაოზე გამოვიტანო. მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ სამინისტროში აღარ არსებობს და დიდი ხანია, გააუქმეს სტრუქტურა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში აკონტროლებდა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მისი ნორმალურად წარმართვის საქმეს. ასეთი იყო განათლების სამინისტროსთან არსებული «სასწავლო დაწესებულებების სახელმწიფო ინსპექცია», რომელიც უშუალოდ მინისტრს ან მის პირველ მოადგილეს ექვემდებარებოდა. მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა, ეს სამსახური რესპუბლიკის ყველა სკოლაში, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებელში სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მის ნორმალურ წარმართვას უწევდა ზედამხედველობას. ალბათ, სადავო არ არის, რომ სასწავლო დაწესებულებების ძირითადი და უმთავრესი მიზანია, სასწავლო პროცესი ნორმალურად დაიგეგმოს და მის წარმართვას ხელი არ შეეშალოს. ყველა დანარჩენი, დაწყებული სამინისტროდან, თვით სასწავლო დაწესებულებები და იქ დასაქმებული ათიათასობით ადამიანი შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ  სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს  და მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და არა ისე, როგორც ეს ლომაის დროს იყო.

როცა ეს ე.წ. გენერალური ინსპექცია მათთვის არასასურველი დირექტორების წინააღმდეგ სადამსჯელო ორგანოდ იყო ჩამოყალიბებული და ძირითადად მას, თავიანთი სურვილისა და დაკვეთების შესასრულებლად იყენებდნენ. საქმისადმი მათი ასეთი არასერიოზული მიდგომა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ შემმოწმებლები ამოწმებდნენ ყველაფერს: რამდენი «სკრეპი» იყიდე, რამდენი ქაღალდი მოიხმარე, რამდენი საშლელი გახარჯე, რამდენი ლურსმანი დააჭედე და ა. შ., მაგრამ არავის აზრად არ მოსდიოდა, შეემოწმებინა მთავარი, რისი გულისთვისაც ეს სასწავლო დაწესებულება იყო შექმნილი.Aარავის აინტერესებდა, როგორ ტარდებოდა გაკვეთილი; როგორი იყო ჩატარებული გაკვეთილის შინაარსი და ახლადახსნილი მასალის გადმოცემის ხარისხი; რა დონეზე ხდებოდა მასწავლებლის მიერ მოსწავლეებზე გადაცემული მასალის ათვისება; ახლად ახსნილი მასალა როგორ შესაბამისობაში იყო კალენდარული გეგმით (ანუ, როგორც ახლა ამბობენ, სილაბუსით) გათვალისწინებულ საკითხებთან. ამას ვერც შეამოწმებდნენ, რადგან ამისთვის არც ცოდნა გააჩნდათ და არც კომპეტენცია ჰყოფნიდათ.

ეს კი არა, ამ რეფორმატორმა მინისტრებმა დირექტორსა და მის მოადგილეს მასწავლებლის გაკვეთილზე დასწრებაც კი აუკრძალეს, რითაც მათ მიერ ლოტოტრონით არჩეულ  დირექტორებს სასათბურე პირობები შეუქმნეს და გაკვეთილზე დასწრების შემდეგ მათი უმეტესობა, ეს უვიცი და არაკომპენენტური დირექტორები, გაკვეთილის გარჩევის უხერხულობისგან იხსნეს, მასწავლებლები კი _ პასუხისმგებლობისგან. ამით გათამამებულმა მასწავლებელთა ნაწილმა უკვე მასობრივად დაიწყეს გაკვეთილებზე მოუმზადებლად მოსვლა, რამაც მკვეთრად გააუარესა ჩატარებული გაკვეთილის ხარისხი და უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეთა ცოდნაზე. ეს ქვეყნის «განათლების მამები» პირდაპირ აცხადებდნენ: აუცილებელი არაა, დირექტორი პედაგოგი იყოს; მთავარია, ის კარგი მენეჯერი იყოსო. კი მაგრამ, კარგმა მენეჯერმა, რომელმაც სასწავლო პროცესის ანი-ბანი არ იცის და არც პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება გააჩნია, როგორ უნდა ჩაატაროს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, როგორ უნდა გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილის ხარისხი, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პედაგოგის წახალისების, დასჯის ან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუ ამ საკითხებში კომპეტენტური არ არის და ვერაფერში ერკვევა?

მაგრამ მათ ხომ მასწავლებლების კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი ფეხებზე ეკიდათ, ისინი მათ ხომ მხოლოდ ერთი ნიშნით, პოლიტიკური ნიშნით, ათავისუფლებდნენ. ამ რეპრესიული მეთოდებით მიაღწიეს იმას, რომ  სამსახურის დაკარგვისა და ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით, დააშანტაჟეს და მონად აქციეს გაჭირვებულ მასწავლებელთა თითქმის მთელი კორპუსი. არჩევნების დროს კი ისინი, ფაქტობრივად, თავიანთი ნება-სურვილის შემსრულებლებად გაიხადეს და დამნაშავეებად აქციეს. დღეს რატომღაც ყველა წამებულის მანტიას ისხამს და თავს დაჩაგრულად გვაჩვენებს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს «ფრონტის ხაზიდან გადმოპარული დეზერტირები» კარგად უნდა შევიცნოთ, რათა შემდგომში მათი დივერსიული ქმედებები სანანებელი არ გაგვიხდეს.

უმაღლესი სასწავლებლებიდანაც ასეთივე მეთოდით გაყარეს დამსახურებული და ღირსეული პროფესურის დიდი ნაწილი. მათ ადგილზე კი თუთბერიძეები, ლადარიები, რატიანები, ნოდიები, თუმანიშვილები და მათი მსგავსი აღმზრდელები მიიღეს. ასეთი კონტიგენტით დააკომპლექტეს უნივერსიტეტების, როგორც   პროფესორ-მასწავლებლების, ასევე აკადემიური საბჭოების შემადგენლობაც.

ყველას კარგად გვახსოვს, რაც მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერ იყო და უნივერსიტეტს, პროფესურისა და სამეცნიერო საბჭოს დაშინებითა და შანტაჟით, თავს მოახვიეს და რექტორად აარჩევინეს ვინმე რუსუდან ლორთქიფანიძე. ქალი, რომელსაც საამისოდ არც ავტორიტეტი და არც სხვა რაიმე დამსახურება გააჩნდა. მისი ერთადერთი დამსახურება, პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას, დაქალობა იყო და მეტი არაფერი, რაც სრულიდ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ქალბატონს ქვეყნის ყველაზე საპატიო და პატივსაცემი თანამდებობა დაეკავებინა. ამასთან, აღსანიშნავია და უნდა ითქვას, რომ მისი შემცვლელისგან განსხვავებით, ამ ქალბატონს აღმოაჩნდა შინაგანი სინდისი, თავმოყვარეობისა და ღირსების გრძნობა, რის გამოც რექტორის ამპლუაში თავი უხერხულად იგრძნო და დროზე გაეცალა იქაურობას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მის შემცვლელ ხუბუაზე, რომელიც მთელმა ქვეყანამ ნახა, თუ როგორ სამარცხვინოდ აირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად პოლიციის ძალის გამოყენებით; როგორ ჩაკეტეს აუდიტორიაში უნივერსიტეტის პროფესორთა ღირსეული ნაწილი, რომელსაც არა თუ არჩევნებში მონაწილეობის, ტუალეტით სარგებლობის უფლებაც კი არ მიცეს. ამხელა ომი გადაიტანეს და უზარმაზარი სახელმწიფო მანქანა ჩართეს საქმეში იმისთვის, რომ უნივერსიტეტის რექტორად ვინმე ხუბუა აერჩიათ.

ლორთქიფანიძისგან განსხვავებით, ხუბუას თავმოყვარეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამწუხაროდ, მას არც შინაგანი სინდისი აღმოაჩნდა და არც ღირსება, უნივერსიტეტიდან კაცურად რომ წასულიყო. ქვეყანამ ნახა, როგორ იყო ჩაბღაუჭებული სკამს, რომელიც საჯდომიდან ვერაფრით ააგლიჯეს და ხელიდანაც ვერაფრით გააგდებინეს. რაც შეეხება ბიბლიოთეკიდან მის მიერ მოპარულ წიგნებს, დღესაც არავინ იცის უკან მოატანინეს თუ სკამთან ერთად ისიც «შეიხვილიფა» და ხახვივით შერჩა. აი, ასე ინიშნებოდნენ, ასეთი მლიქვნელური მეთოდებით ეფარისევლებოდნენ და უაზრო ხუშტურებს უსრულებდნენ მისი მონა ხელქვეითები თავის მამა-მარჩენალ სააკაშვილს. არადა, სააკაშვილი თურმე სიმართლის ქომაგი ყოფილა. ამის შემდეგ გამოდის კიდევ ეს ნადირაშვილი და ახალ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. კარგით რა, ნამუსი სულ დაკარგეთ?

სამწუხაროდ, აი, ასეთ კაცთან, ხუბუასთან, ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის წევრები, ბატონი ხადური და ბატონი ნარმანია, «ადმინისტრაციულ-მეცნიერებათა ინსტიტუტს» აფუძნებენ. ამის შემდეგ მას უნივერსიტეტში პროფესორად აბრუნებენ და ამ ინსტიტუტის დირექტორად ნიშნავენ. ბატონო მინისტრებო, ქვეყანამ იცის, რომ 2012 წლის აგვისტოში უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გაიმარჯვეთ. ოქტომბერში, «ქართული ოცნების» საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მინისტრები გახდით. კვიტაშვილმაც არ დააყოვნა და, თავის გადარჩენის მიზნით, ნოემბერში, ფაქტობრივად თქვენთვის, ახალი კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ და უნივერსიტეტის პროფესორებად აგირჩიეს. თუ აგვისტოში ვერ აკმაყოფილებდით საკონკურსო მოთხოვნებს, 2 თვეში ისეთი რა მეცნიერული ნაშრომი შექმენით, რომ პროფესორობა დაიმსახურეთ?! სამწუხაროდ, სინამდვილეში პროფესორობა თქვენ კი არა, თქვენს სავარძელსა და თანამდებობას, მინისტრობას მიანიჭეს. უხერხულია ყველაფერი ეს, ბატონო მინისტრებო, ხალხი ამას ხედავს და ბატონი ბიძინას მიმართ უკმაყოფილების გრძნობა უჩნდებათ. ჩემი გადასახედიდან, არც ერთი თავმოყვარე კაცი, აგვისტოს კონკურსში დამარცხების შემდეგ, იმავე უნივერსიტეტში ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

განათლების სფეროში საღი რეფორმების გატარება არ უნდათ და მდინარის პირას მიმდგარი ჯორივით კოლექტიურად ეწინააღმდეგება ეს პოლიტიკურ სამარეში ჩასვენებული, დაღმავალ «ნაციონალთა» ერთიანი გუნდი. გასაგებია, რომ მათზე მორგებული კანონის საფუძველზე განცხრომაში მყოფ «ნაციონალებს», ხელს არ აძლევთ მათთვის სასათბურე პირობების შეცვლა და ამ სფეროში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაფუძნებული საღი რეფორმების გატარება. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ეს ხალხი არ გამოსწორდება. სანამ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა იქნება, მანამდე არ მოისვენებენ, მათ გაჩერებას საშველი არ  დაადგება და მუდამ საბოტაჟის მცდელობას ექნება ადგილი.

ახლა რომ ხმაშეწყობით გაჰკივიხართ, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანით საბჭოთა ეპოქაში ვბრუნდებითო, და ამას მკვეთრი კნინობითი ფორმით გამოხატავთ, საბჭოთა ეპოქის სწავლის დონე ბევრს ენატრება უკვე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბჭოთა სკოლა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. სწორედ ეს ვერ გვაპატიეს ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა და ლომაის მეშვეობით ბანანის რესპუბლიკის დონეზე დაიყვანეს ქვეყნის განათლება. როგორც ჩვენი «ნაციონალები» იტყვიან, იმ «ავადსახსენებელ» საბჭოთა კავშირის დროს, 1990 წელს საქართველოს 22 უმაღლეს სასწავლებელში მისაღები კონტიგენტის გეგმა იყო 7420 კაცი. სკოლას ამთავრებდა 70-80 ათასამდე მოსწავლე. ამას ემატებოდა წინა წლებში დამთავრებული და ე. წ. მუდმივი აბიტურიენტები, რომლებიც წლების განმავლობაში რეპეტიტორებთან ემზადებოდნენ და ასე იმაღლებდნენ ცოდნის დონეს. ლომაიას რეფორმირებულ განათლების სისტემაში ლოტოტრონით დანიშნული სკოლის დირექტორების მიერ გამოშვებული მოსწავლეებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ნახევარმა გამრავლების ტაბულაც კი არ იცის ზეპირად.Aაი, ასეთი დონის აბიტურიენტები აბარებენ დღეს და ხდებიან სტუდენტები. ეს რომ ასეა, ფაქტებით დასტურდება. თუ არ ვცდები, 2011 წელს სკოლა დაამთავრა 32 ათასმა მოსწავლემ, აქედან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა და სტუდენტი გახდა 29 ათასი, ანუ თითქმის ყველა სკოლადამთავრებული. ასე რომ, საბჭოთა დროის და ახლანდელი სტუდენტების ხარისხობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო.

ძვირფასო მკითხველო, ძალიან რთული და მძიმე პერიოდი უდგას საქართველოს. ქვეყნის შიდა და გარე მტრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, საქართველოს ვინ უფრო ღრმად ჩასცემს მახვილს გულში და სუნთქვას შეაწყვეტინებს. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დღეს თავდადება და ერთად დგომა. ეს დედისგან დაწყევლილი «ნაციონალებიც» ხომ ქართველები არიან.  ვიმედოვნებ, რომ, თუ ყველა არა, მათი საღი ნაწილი მაინც გონს მოეგება, დაგმობს თავის საქციელს, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდის და, თუ სასიკეთოდ არაფერს გააკეთებს, ხელს მაინც აღარ შეუშლის ქვეყნის აღმშენებლობას.

ომარ გოცაძე, პროფესორი

P.S. წერილი გამოსაქვეყნებლად რედაქციაში მიტანილი მქონდა, როცა ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა მასწავლებელთა ახლადჩატარებული სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგები გამოაცხადა. ამ შედეგმა ზუსტად   დაადასტურა ამ წერილის შინაარსი და ის არგუმენტები, რომლებიც  ამ წერილშია მოტანილი. მაგრამ ასეთ კატასტროფულ შედეგს არავითარ შემთხვევაში არ ველოდი. ეს იმდენად შოკისმომგვრელია, რომ პირდაპირ გაოგნებული ვარ და აღშფოთებისგან სათქმელს თავს ვეღარ ვუყრი. გამოცდაზე გასული ფიზიკის მასწავლებელთა 96%, ქიმიის მასწავლებელთა 82%, მათემატიკის მასწავლებელთა 91% ჩაიჭრა. ეს არის ამ სისტემის სრული კრახი და იმ მახინჯი რეფორმების შედეგი, რომელსაც ამ სფეროში თავიანთი იდეოლოგიური მხარდამჭერების _ ბოკერიას, გაბაშვილისა და თევზაძის ძალისხმევით, ლომაია, ნოდია შაშკინი და გვარამია ატარებდნენ. ამ კატასტროფის ერთერთი იდეოლოგი თევზაძე კი ილიაუნის რექტორად მოგვევლინა და მასწავლებელთა მომზადების ძირითად კერას ჩაუდგა სათავეში, რომელშიც მთელი სიმძლავრით აამუშავა მასწავლებელთა მომზადების საფალსიფიკაციო მანქანა და კონვეიერული მეთოდით შეუდგა ფალსიფიცირებული მასწავლებლების დაშტამპვას.

ახლა ვინმემ არ იფიქროს, ეს კაცი რას გადაეკიდა ამ თევზაძეს, სხვაგან რა, უკეთესი მდგომარეობაა თუ რაო?! და მართალიც იქნება. ეს, უბრალოდ, მაგალითად მოვიყვანე იმიტომ, რომ გიგი თევზაძე სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების მთავარი იდეოლოგი იყო, რომელმაც ეს იდეოლოგია ასევე წარმატებით გააგრძელა შემდეგ ილიაუნში, თორემ ასეთივე მდგომარეობაა ქვეყნის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

ქალბატონ მაია მიმინოშვილის კომენტარი _ «არასწორი იქნება, ყველაფერი მასწავლებლებზე გადავტეხოთ, ამ მიმართებით სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოსო» _ ჩემთვის გაუგებარია. კი, ბატონო, იყო მასწავლებელთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესანიშნავი ინსტიტუტი, რომელშიც რესპუბლიკის გამორჩეული მასწავლებელი გრანდები, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატები და დოქტორები კითხულობდნენ ლექციებს, თქვენ არ გააუქმეთ? პირადად თქვენ უშუალო მონაწილეობას იღებდით განათლების სისტემაში მიმდინარე ყოველდღიურ ცხოვრებაში და, სანამ შაშკინმა სამინისტროდან არ გამოგაგდოთ, მანამდე ხმა არ ამოგიღიათ. არც მაშინ ამოგიღიათ ხმა, როცა მინისტრი იყავით. მართალია, მინისტრი რამდენიმე თვე იყავით, მაგრამ განათლების სისტემაში არსებული ათასობით პრობლემიდან ერთის გადაჭრა ხომ მაინც შეგეძლოთ? მაგრამ ეს რომ გაგეკეთებინათ, მერე ლომაიას ხომ ვეღარ შეაქებდით? ახლა ყველას წამებულის მანტია გაქვთ მოსხმული და თქვენი წარსული აღარავის გახსოვთ.

თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ფიზიკის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის პროგრამაში ფიზიკის საკითხების ნაცვლად სხვა საკითხები იყო შეტანილი და ამიტომ ჩაიჭრა ამდენი მასწავლებელი, ეს დანაშაულია და ამაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. სხვანაირად ჩემთვის გაუგებარია იმ ჩაჭრილი მასწავლებლების დაცვა, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს. ჩემი აზრით კი, საქმე აქამდე სასწავლო დაწესებულებების ავტონომიურობის ძახილმა, სამინისტროს მხრიდან სასწავლო პროცესში ჩაურევლობისა და მისი თვითდინებაზე მიშვების პოლიტიკამ მიიყვანა. არ შეიძლება სასწავლო პროცესის თვითდინებაზე მიშვება, იგი ცოცხალი პროცესია და მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. პირადად ჩემთვის სასწავლო პროცესის დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის თაობაზე მსჯელობა და მისი ცხოვრებაში დანერგვა მიუღებელია. რადგან სასწავლო პროცესი თავისი შინაარსით კონსერვატულია, სწორედ მისმა ლიბერალიზაციამ და გადემოკრატებამ მიგვიყვანა ამ სამარცხვინო შედეგამდე, რომელიც მომავალში არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ.

 

1 COMMENT

  1. მე არ ვიცი ვინ არის ამ სტატიის ავტორი, მაგრამ თუნდაც მარტო ერთი წინადადება, რომ ოკეანისგაღმელებმა განათლებით თავის დონეზე დაგვიყვანეს -უდავოა.პირველად ამერიკელებმა შემოდინება და რეფორმების შემოტანა რომ დაიწყეს, შემოიტანეს ამერიკული სკოლის ბუკლეტები, სადაც ეხატა, პალმებით გადაღობილი მერხები ღია ცის ქვეშ და ასეთი სკოლის დანერგვის სურვილი გამოთქვეს. შემდეგ, როდესაც გაერკვნენ, რომ სკოლაში უმაღლეს მათემატიკას ასწავლიდნენ, მუსიკაზე კველა დადიოდა, სპორტით ყველა იყო დატვირთული და უცხო ენაც, ასე თუ ისე ყველამ იცოდა, შოკში ჩავარდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. გავიხაროთ!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქეთო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here