Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): ახალი ძალა უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც რადიკალურად და ძირეულად...

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): ახალი ძალა უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც რადიკალურად და ძირეულად შეცვლის ვითარებას

«ხელისუფლების ქმედებები ერთ ქართულ მულტფილმს მაგონებს _თაგვი რომ ვეფხვად გადაიქცევა და მაინც თაგვის გული აქვს. ციხეში დაჭერილი ბაჩო ახალაიასი ეშინიათ»,_აცხადებს სამების ტაძრის დიაკონი მამა  ელიზბარი (დიაკონიძე) და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლების სისუსტე განაპირობებს. ქვეყან  აში მიმდინარე მოვლენებზე მამა ელიზბარი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

_ მამაო ელიზბარ, მოგეხსენებათ, ავჭალის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელი, მამა ნიკოლოზ ტაბაღუა, რომელმაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჯერ ჩვენება მისცა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიციის პოლკოვნიკი და სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების დირექტორი თემურ ტაბაღუა აღმოჩნდა. რატომ ხდება მსგავსი ფაქტები ეკლესიაში?

_ უპირველესად, ქართველ ერს ფერისცვალების დღესასწაულს ვულოცავ. იქნებ ვინებოთ და სიკეთისკენ ვიცვალოთ ფერი.

მამა ნიკოლოზ ტაბაღუას მე ძალიან კარგად ვიცნობ. 2004-2006 წლებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაპატიმრა, მამა ნიკოლოზი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ე.წ. რესბალნიცის დირექტორი გახლდათ. ვერ ვიტყვი, რომ ის პატიმრების მიმართ ლმობიერი იყო, მაგრამ არც ცუდად ექცეოდა ვინმეს. უბრალოდ, შეიძლება ითქვას, რომ ზემოდგომი ორგანოების დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა. თემურ ტაბაღუა ბაჩო ახალაიას დანიშვნისთანავე დაწესებულების დირექტორად მოიყვანეს. იმ დროს მან ვერ დაძლია შიში, რომელიც მაშინდელ სისტემასთან თანამშრომლობას ახლდა. ამ შიშის გამო, ის იძულებული იყო, ბევრ რამეზე თვალი დაეხუჭა. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდს განეკუთვნება ქურდებზე გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები, იმ პერიოდში შემოაბრძანეს გირგვლიანის მკვლელები და ა.შ.

სავლე პავლედ იქცა და ის, რომ პოლიციის პოლკოვნიკი მღვდელი გახდა, გასაკვირი არ არის. უამრავი სასულიერო პირი ვიცით, რომლებიც ძველად სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მე, უბრალოდ, ძალიან გამაკვირვა მამა ნიკოლოზ ტაბაღუას ნათქვამმა, გამომძიებელი ჩამჭრელ კითხვებს მისვამდაო, რომ განაცხადა, პოლკოვნიკ კაცს გამომძიებლის ჩამჭრელი კითხვა გაუკვირდა? მას ძველი შიში ისევ გამოჰყოლია. რადგან, როგორც ჩანს, ისიც დარწმუნდა, რომ ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთთან კოაბიტაციაში არიან და არაა გამორიცხული, ხვალ ბაჩო ახალაია ციხიდან გამოუშვან, ის კი არავის დაინდობს. ბაჩო ახალაიასთვის საერო და სასულიერო პირი სულერთია.

ერთ ფაქტს გეტყვით: ტაბაღუას მოადგილე გახლდათ ნიკა ქარჩავა, რომელიც მეგის ქარდავას ბიძაშვილის გამო ჯერ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შემდეგ დაიჭირეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მეგის ქარდავას პატიმარ ბიძაშვილს ციხეში ნარკოტიკი არ შეუტანა.

_ თუმცა წინა ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ ციხეში ნარკოტიკი არ შედიოდა…

_ რას ამბობთ, ასე იყო და დღესაც ასეა. მაჩვენეთ ციხე, რომელშიც წამალი არ შედის. წინა ხელისუფლება ნარკოტიკებით გამდიდრდა.

_ ცოტა ხნის წინ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერეს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა ხდება ეკლესიაში?

_ მათ დროებით შეუჩერეს მღვდელმსახურება, სანამ ყველაფერი გაირკვევა. თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია, რომ ეკლესიას შიში მართავს და, სამწუხაროდ, საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების შიში ისევ აქვს. 17 მაისის მოვლენების გამო ორი სასულიერო პირი დასაჯეს. გაამართლესო, იძახიან. გამართლების მიუხედავად, როგორც ამ მამაოებს მოექცნენ, ეს უკვე მათ დასჯას ნიშნავდა.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ერთმა ტვინგახურებულმა ჟურნალისტმა გოგონამ ჰკითხა, როდის შეწყდება საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმიო, მან არ უპასუხა, რომ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი არ არის, პირიქით, ბატონმა ბიძინამ განაცხადა, ორი სასულიერო პირი უკვე სასამართლოს წინაშე წარსდგა და ექსტრემიზმს მალე აღმოვფხვრითო. რას ნიშნავდა ეს განცხადება: მალე სხვა სასულიერო პირებსაც ჩავავლებთ ხელსო? იქნებ რელიგიური ექსტრემიზმი საქართველოში სასულიერო პირების დევნაა? არ ვიდევნებით? რამდენი სასულიერო პირი ახერხებს სიმართლის თქმას? სასულიერო დასი უფრო მეტად ომახიანად საუბრობდა წინა ხელისუფლების დროს, ვიდრე ახლა. მათ მინდა შევეხმიანო, მეუფენო, მოძღვარნო, დიაკონნო, ისევ მტკიცედ უნდა ვსდგეთ ჩვენს სარწმუნოებასა ზედა. ეკლესიის დუმილი მაშფოთებს.

_ თქვენ სასულიერო პირებზე გადაღებული ფარული ვიდეოკადრების არსებობის შესახებ განაცხადეთ. სად ინახება ეს ფირები და რა არის მათზე ასახული?

_ ეს ვიდეოფირებიც სხვა კადრებთან ერთად შსს-ში ინახება. ათასი სისულელეა გადაღებული, მაგრამ სასულიერო პირს, რომელიც, უფლის კი არა, საერო მმართველის შიშით არის დამორჩილებული, ყოველთვის შეეშინდება.

_ თქვენ ახალ ხელისუფლებას მხარს უჭერდით, ბიძინა ივანიშვილს წერილითაც მიმართეთ ჩვენი გაზეთის მეშვეობით, თუმცა ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებთ. რა არ მოგწონთ ახალი ხელისუფლების ქმედებებში?

_ დიახ, მივწერე წერილი, მაგრამ არა მგონია, წაეკითხა. მთლიანად ხელისუფლების საქმიანობა არ მომწონს. ძველის მსგავსად, ახალ ხელისუფლებასაც ხალხთან მისვლას სიკვდილი ურჩევნია. თავიდან, როცა ახალმა ხელისუფლებამ საქმიანობა დაიწყო, მასმედიასთანაც განვაცხადე, რომ რამდენიმე მინისტრის, მათ შორის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საქმიანობაც მომწონს-თქო და ახლა ვფიქრობ, უკან ხომ არ წავიღო ჩემი ქება. ძალიან სუსტები არიან. ამ ხელისუფლების ქმედებები ერთ ქართულ მულტფილმს მაგონებს, თაგვი რომ ვეფხვად გადაიქცევა და მაინც თაგვის გული აქვს _ ციხეში დაჭერილი ბაჩო ახალაიასი ეშინიათ.

ახალი ხელისუფლების წევრებს ძალაუფლება აქვთ, მაგრამ ვერ იყენებენ. ადრე თუ სახელმწიფოს მართავდა გიჟი, ეკლესიას _ შიში, ახლა სახელმწიფოს შიშით გაგიჟებული ხელისუფლება მართავს და ეკლესია დუმს. ეკლესიაში ძველი ხელისუფლების მომხრეები ხელისუფლების დაბრუნებას ელოდებიან და ნახტომისთვის ემზადებიან, მეორე ნაწილი კი, რომელსაც იმედი ჰქონდა, გაიწმინდებოდა ღვთის სახლი, ჩუმად არის, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, ეკლესია მე საერთოდ არ მაინტერესებს; ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს და, რაც უნდა, ის უქნიაო.

_ მამაო, ეკლესია დამოუკიდებელი არ უნდა იყოს?

_ რას ჰქვია დამოუკიდებელი უნდა იყოს?! დღეს რომ ძალიან მოგვწონს, რუის-ურბნისის კრება, სწორედ დავით აღმაშენებელმა მოაწყო, მეფემ _ საერო ხელისუფალმა. სააკაშვილისა და შევარდნაძის ხელისუფლების გამარჯვებაც იმან განაპირობა, რომ ეკლესია გარყვნეს. ზვიადის პირველი დამარცხების მიზეზი ის იყო, რომ ეკლესიის უზნეო ნაწილს დაარტყა და იქვე «მოახრჩეს».

_ საზოგადოების ნაწილი გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს. როგორ ფიქრობთ, არსებული ვითარებისა და პოლიტიკური სპექტრის ფონზე, რამდენად იქნება ეს არჩევნები გამოსავალი?

_ ქათამი შეძლებს არწივივით ფრენას? ეს ხომ წარმოუდგენელია? იგივე სიტუაციაა აქაც. ხშირად ვამბობდი ხოლმე, ისე არ გამოგვივიდეს, აბრაზე მარტო გვარები გამოვცვალოთ-მეთქი და ვშიშობ, ახლაც იგივე არ მოხდეს. ამიტომ ახალი ძალა უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც რადიკალურად და ძირეულად შეცვლის ვითარებას. როგორც საერო ხელისუფლების, ასევე სასულიერო დასის ქმედებები ქართული ეროვნული ცნობიერებისგან შორს არის.

_ მაგრამ ახალი ძალისთვის, ცვლილებებისთვის მზად არის საზოგადოება?

_ ხალხმა, ხელისუფლებამ უნდა მოამზადონ ნიადაგი. პირველი, რამაც ეს ხელისულება დაღუპა, ის იყო, რომ ხალხის გამორჩევა დაიწყო, შენ კარგი ხარ და მოდი ჩემთან და შენ _ ცუდი და არ მოხვიდეო. საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი და გვეუბნებიან, გინდა თუ არა, მარგველაშვილმა უნდა გაიმარჯვოსო. რატომ, რა ღირსებები აქვს მარგველაშვილს, გარდა იმისა, რომ არაფრისმქნელი ორგანიზაციის _ «ქართული ოცნების» წევრია? ზურაბ ხარატიშვილს ორი წელი ჰქონდა ვადა დარჩენილი, ცესკოს თავჯდომარეობის საკითხს პრეზიდენტი წყვეტს და ახლა რომ არ აირჩიონ მარგველაშვილი პრეზიდენტად, პირველ ადგილზე გასული პარტიის, ანუ «ქართული ოცნების» წევრებს, თავმჯდომარის ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ასე რომ, ზურაბ ხარატიშვილის ცესკოს თავმჯდომარეობიდან წასვლა კოაბიტატორთა დახმარებით მოწყობილი «ნაციონალების» კიდევ ერთი ფანდია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეს ეხლა სასულიერო პირის ინტერვიუაა? ძაან დამაფიქრებელია, რასაც ეს ადამიანი საუბრობს.. ნუთუ ცოდვილები და დამნაშავეები მისი მრევლი არ არის? ადამიანებმა თუ დანაშაული ჩაიდინეს, ეს ერთი უბედურობაა, მაგრამ მეორეა, როდესაც მათ საერო და სასულიერო პირები ერთნაირი ტონითა და სიტყვებით ამკობენ… ამას ქრისტიანობა არ ჰქვია და ეხლა არ დაიწყოთ აქ რაღაცეების შელამაზებები..

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლევან Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here