Home რუბრიკები პოლიტიკა «ფეოდალი» ხიდაშელი და მისი გომბორელი «ყმები»

«ფეოდალი» ხიდაშელი და მისი გომბორელი «ყმები»

831

ამა წლის 27 ივნისის ნომერში ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა წერილი: «როგორ გააცურა დეპუტატმა ხიდაშელმა თავისი გომბორელი ამომრჩევლები». ამ პუბლიკაციაში საზოგადოებას მოვახსენე გომბორელების გასაჭირზე _ ხიდის უქონლობაზე, რომელიც წალეკა 2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ. საპარლამენტო არჩევნების წინ ქალბატონი ხიდაშელი დაჰპირდა ადგილობრივ მცხოვრებლებს ხიდის აღდგენას, აგრეთვე, სხვა გასაჭირის მოგვარებას, სანაცვლოდ მათი ხმებისა. ერთი სიტყვით, ქალბატონ ხიდაშელსა და გომბორელებს შორის შედგა გარიგება: მე თქვენ _ ხიდს, თქვენ მე _ ხმებს. გომბორელებმა პირნათლად შეასრულეს პირობა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ქალბატონ დეპუტატზე. გავიდა რვა თვე, 15-მეტრიანი რკინის ხიდი იქვე _ გომბორულას ნაპირზე ეგდო. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ქალბატონი თინათინი არჩევნების შემდეგ მათ სოფელში საერთოდ არ გამოჩენილა და ამის გამო საკუთარი გულისტკივილი გამიზიარეს.

 

წერილის გამოქვეყნებიდან გავიდა თვეზე მეტი. კვირა დღეს დილაადრიან  ისევ ვესტუმრე გომბორს. წვიმდა, ციოდა. ჩემს ყოფილ რესპონდენტებს რომ შევხვედროდი, გომბორულაზე უნდა გამევლო. მომიწია ფეხსაცმლისა და შარვლის გახდაც კი; ამ «ბარგიბარხანის» თავზე შემოწყობა და ასე მდინარის გადალახვა.

_ არააა! არც თქვენი წერილის შემდეგ მოვიდა აქ ხიდაშელი, არც მისი წარმომადგენელი, _ სიცივისგან გალურჯებულს მიყვება ამბავს ისკანდარ ჩეიქულ ოღლი. _ მობრძანდით სახლში, თქვენს მდგომარეობაში ცხელი ჩაი აუცილებელია… აი, თავად ხომ დარწმუნდით, როდესაც წვიმს, ვერც ბავშვი მიდის სკოლაში, ვერც ადამიანი სასურსათო მაღაზიაში. იქით გადასვლა აქედან ხუთი წუთის ამბავია, შემოვლითი გზით _ ორი საათი! ხიდაშელი რომ მოსულიყო აუცილებლად შევეკითხებოდი: ნუთუ გული არ შეგტკივათ, როცა ხალხს _ თქვენს ამომრჩევლებს ასეთ მდგომარეობაში ტოვებთ? რა ასეთ უსაშველოს ვთხოვოთ დეპუტატს? ოქროს, ბრილიანტებს, თუ? _ მხოლოდ ხიდის აგებას, რომელიც სოფლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია! ხიდაშელი ვალდებულია, მივიდეს იმ სამშენებლო ორგანიზაციებში ან სამინისტროში, ან საგარეჯოს გამგეობაში და ჩვენი ინტერესები ბოლომდე დაიცვას, იმ ხალხისა, რომელმაც იგი აირჩია. თუ ბავშვი არ იტირებს, მას დედა ძუძუს არ მოაწოვებინებს, ეგრეა! ჩვენც, შეძლებისდაგვარად ვტირით, მაგრამა ჩვენს დედა-დეპუტატს ჩვენი ცრემლები არ ანაღვლებს.

ძლიერი წვიმის გამო ხევის ქუჩა ცარიელია. მიწევს კარდაკარ სიარული.

_ რეზინის ჩექმებს გამოგიტანთ, თორემ ტალახში ჩაიხრჩობით, _ მეუბნება ტარიელ სიხარულიძე. _ დაგვპირდნენ გზის მოხრეშვას, მაგრამ ეს კეთილი განზრახვა დანაპირებად დარჩა. იცით, ხელისუფლება არ უნდა დაუპირისპირდეს ხალხს, რადგან ეს დაპირისპირება მას  კარგს არაფერს მოუტანს _ ვერც პოლიცია გადაარჩენს მას და ვერც ჯარი. აგერ, აიღეთ სააკაშვილის და «ნაცმოძრაობის» მაგალითი. დღევანდელ ხელისუფლებასაც არ უწერია კარგი დღე, თუ ხალხის, საზოგადოების კანონიერ მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებს. დეპუტატი მაშინაა ძლიერი, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, როცა თავისი ამომრჩევლების ცხოვრებით ცხოვრობს! სიტყვა მიეცი ამომრჩევლებს? _ მოკვდი და შეასრულე! არ შეგიძლია დეპუტატობა? _ წადი! ერთი თვე გავიდა, რაც თქვენს გაზეთში წერილი გამოქვეყნდა, ხიდაშელის მხრიდან კი არავითარი რეაგირება არ ჩანს!

_ ბატონო ტარიელ, ეგებ გაზეთებს არ კითხულობს ქალბატონი ხიდაშელი?

_ მით უარესი მისთვის! სხვათა შორის, სააკაშვილიც იმით «ტრაბახობდა», ქართულ პრესას არ ვკითხულობო; მერე რით დაუმთავრდა საკუთარი კრიტიკის უგულვებელყოფა? რეალური მდგომარეობის არცოდნით!

მართლაც, ძნელად დასაჯერებელია, რომ ქალბატონ ხიდაშელს არ გაუგონია გაზეთი «საქართველო და მსოფლიო», მით უფრო ამ ფაქტის გამო: როდესაც წერილის ელექტრონული ვერსია ჩვენი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სულ რაღაც ერთ საათში გაჩნდა ვინმე მალხაზის კომენტარი, რომელიც პირადად მე მომმართავდა. აი, ისიც რედაქტირების გარეშე: «კორძაძე _ იმ გაჭირვებულ გლეხებს თუ არ ესმით, შენ მაინც ხომ უნდა გესმოდეს, წესით, თინა ქაფჩას ვერ აიღებს და კირითხურო ვერ გახდება. ვერც კერძოდ დააფინანსებს მაგ ხიდის მშენებლობას. «ნაცების» სასაცილო კომპენსაციასთან შედარებით «ოცნებამ» რაღაც ხომ დაუკომპენსირა გლეხებს? საგარეჯოს გამგებლის დაპატიმრებაც რაღაცას ხომ ნიშნავს? პარლამენტარის დაპირება ხომ საკანონმდებლო საქმიანობას ნიშნავს და ადგილობრივი მმართველობის ეფექტურობაზე აისახება?

დემაგოგი ხარ შენ, კორძაძე, ან გაუნათლებელი «ჭურნალისტი».

აი, ასე. ხომ ხედავთ, რა ადვილია ცრუპენტელა დეპუტატის გამართლება და «ჭურნალისტის» გაკრიტიკება! თურმე პარლამენტარის დაპირება საკანონმდებლო საქმიანობას ნიშნავს! მხოლოდ დაჰპირდი, ძვირფასო დეპუტატო  (დანაპირების შესრულება აუცილებელი არაა) და ეს დაპირება «მძიმე», სამაგიეროდ, მაღალანაზღაურებად შრომად ჩაგეთვლებათუ «თინა ქაფჩას ვერ აიღებს და კირითხურო ვერ გახდება», მაგ თინას ხომ შეეძლო არჩევნების წინ დაემოკლებინა გრძელი ენა და ამომრჩეველი ცრუ დაპირებით არ მოეტყუებინა?! წარმომიდგენია, რა შავ დღეს დააყრიდა «ნაციონალების» დანაშაულებრივი ხელისუფლება ხევის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს (თინათინის მგზნებარე აგიტაციით გამხნევებულნი) არ მალავდნენ თავის სიმპათიებს «ქართული ოცნებისადმი», ამ უკანასკნელს არჩევნები რომ წაეგო! ანდა, განა სასაცილო კომპენსაცია არ უბოძეს დილბარ ზალიევას, რომელსაც, სულ ცოტა, ექვსიათასიანი ზარალი მარტო 1600 ლარით აუნაზღაურეს? ხოლო, დამწყები კლასების ყოფილ მასწავლებელს, ამჟამად ინვალიდს _ ჯულინარ მირზაევას წყალდიდობამ ათიათასის ზარალი მოუტანა; წარმოიდგინე, «ბიჭო, მალხაზ», «ოცნებამ» მას დანაკარგი საერთოდ არ «დაუკომპენსირა»!..

_ წელს, თებერვალში სოფელში საერთო კრება ჩატარდა, _ მიყვება გომბორის მკვიდრი ივანე გირინი. _ საგარეჯოს გამგეობიდანაც იყვნენ ჩამოსულნი, ახალი გამგებლის _ ლოლაძის მეთაურობით. მან გვითხრა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ხიდი უნდა აიგოსო, თანხებიც გამოყოფილიაო, პარალელურად გზებიც მოიხრეშებაო, წყალსაც გამოგიყვანთო. მოგვატყუეს! მარტში უნდა დაეწყოთ მშენებლობა…

_ რამდენი გამოყვეს ხიდის ასაშენებლად?

_ კონკრეტულად, რამდენი გამოყვეს არ ვიცი. სოფელ რუსიანში, სადაც გომბორულაზე პატარა მდინარე გადის, ხიდის აღსადგენად «ნაციონალებმა» ასი ათასი ლარი გაიმეტეს, მაგრამ მაგ თანხიდან თითქმის არაფერი დაუხარჯავთ. მხოლოდ ტრაქტორით გამოწმინდეს ის ნაგავი, რომელიც ხიდის ქვეშ იყო. ასე ჩააბარეს «ახალი ხიდი» ექსპლუატაციაში, ანუ ფული შეჭამეს. ამ «საქმეს» თავკაცობდა «ნაციონალი» გია ჩალათაშვილი.

არც ახალი ხელისუფლება იკლავს უბრალო ხალხისთვის თავს _ მარტო ლაყბობითაა დაკავებული, თუმცა თავადაც ხედავთ, _ ერთი წელია, სოფელი ხიდის გარეშეა!

გომბორელები მებრძოლი ხალხია. არ შეურიგდნენ საგარეჯოს რაიონის ხელმძღვანელობის მოტყუებას და აპრილში საშველად თავის მაჟორიტარსთინათინ ხიდაშელს მიმართეს დახმარების თხოვნით. გთავაზობთ ამ წერილს, რომლის ასლი მე გადმომცა ამ მიმართვის ინიციატორმა, ბატონმა ოთარ ჩახუნაშვილმა.

«ქალბატონო თინათინ,

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ, შეგაწუხოთ ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ გულთან ახლოს მიიტანთ ჩვენს გასაჭირს და დადებითად გადაწყვეტთ ამ საკითხს.

გაცნობებთ, რომ 2012 წლის ზაფხულში სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე გომბორულამ მთლიანად გაანადგურა ერთადერთი ხიდი. დღეისათვის ხევის მოსახლეობა, სანამ მდინარეში ჯერჯერობით ცოტა წყალია, კიდევ ახერხებს მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას, თუმცა მდინარეში ოდნავ მაინც წყლის მომატების შემთხვევაში, რაც უკვე მოსალოდნელია გაზაფხულის დღეებში, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერნი, აღმოვჩნდებით კატასტროფულ მდგომარეობაში. კერძოდ, ვერც მაღაზიაში გავალთ არსებობისთვის საჭირო პროდუქტების საყიდლად, ვერც ექიმს გამოვიძახებთ ავადმყოფთან და მით უფრო ვერც საქონელს გავრეკავთ საძოვრებზე.

ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობდა როგორც ხევის, ასევე სოფელ გომბორის ზედა ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა. მდინარის მოპირდაპირე მხარეს არსებული საძოვრებით 54 (ორმოცდათოთხმეტი) ოჯახი სარგებლობს, რამდენიმე ათეული ოჯახი კი იმ ადგილებში სახნავ მიწას ფლობს და ხიდის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.

სტიქიის შემდეგ 2012-2013 წლებში ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კახეთის გუბერნატორს, საგარეჯოს რაიონის გამგებელს დახმარებისთვის, რათა გადაეწყვიტათ ხიდის აღდგენის საკითხი.

ჩამოსული იყო არაერთი კომისია, ათვალიერებდნენ ადგილს, გვპირდებოდნენ დახმარებას და გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფოს თანხა ხიდის აღდგენისთვის გამოყოფილი ჰქონდა და სამუშაოები 2013 წლის მარტში დაიწყებოდა.

თუმცა დასრულდა მარტი და კონკრეტული ქმედებები არავის მხრიდან არ ჩანს. ხოლო როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და დაიწყება თუ არა საერთოდ, ჩვენთვის ეს დღეისთვის უცნობია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილის თანახმად ხიდი უნდა აღადგინოს საგარეჯოს რაიონის გამგეობამ, მაგრამ გამგეობაში განაცხადეს, რომ მათ სათანადო სახსრები ხიდის აღდგენაზე არ გააჩნიათ და გვირჩიეს მივმართოთ ისევ ზემოხსენებულ სამინისტროს.

ქალბატონო თინათინ!

ჩვენ სოფელ გომბორის თითოეული მცხოვრები უმორჩილესად გთხოვთ, დაავალოთ სათანადო სამინისტროს, გამოგზავნონ სპეციალური კომისია, რომელიც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს და შემდგომ გაგვიწევს სათანადო დახმარებას, რათა ხიდის აღდგენის საკითხი იყოს დადებითად გადაწყვეტილი.

პატივისცემით,

ხელმოწერები:

. ჩახუნაშვილი,

. სიხარულიძე,

. გირინი,

. შირინოვი,

. ქორაშვილი,

. მირნაგაევი,

. წივილაშვილი,

. სოხურაშვილი,

. მამედოვი,

. ქოჩიაშვილი,

. მარკოშევსკი,

. პაპიაშვილი,

. ნათელაშვილი

და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ წერილის გაგზავნის დღიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა, თავის რჩეულისგან გომბორელებს პასუხი დღემდე არ მიუღიათ!

დავუშვათ, «საქართველო და მსოფლიოს» წაკითხვას ქალბატონი ხიდაშელი არ კადრულობს, მაგრამ ამ წერილს, რომელსაც 50 კაციმისი უშუალო ამომრჩეველი(!)  აწერს ხელს, იგი უსიკვდილოდ მიიღებდა! რას მივაწეროთ ხიდაშელის ეს ყოვლად უცნაური საქციელი? უპასუხისმგებლობას? არავითარ შემთხვევაში! იგი დისციპლინირებულია და მშვენივრად ასრულებს ჩვენი «დასავლელი მეგობრების» მითითებებს. უმეცრებას? არა! კარგი იურისტია და მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება ნამდვილად იცის. რჩება ერთი _ თავისი ქმედებებით თინათინ ხიდაშელი შეგნებულად ძირს უთხრის «ქართული ოცნების» ავტორიტეტს! თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

ისე, ქალბატონი თინათინი მაიძულებს, შევახსენო მას და არა მხოლოდ მას, დეპუტატობის ანაბანა. დეპუტატი უმაღლესი ძალაუფლების _ ხალხის ძალაუფლების მატარებელია და რომის სახალხო ტრიბუნებიდან მოყოლებული, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის სიმბოლოა! დეპუტატი გახლავს ძაფი, რომელიც აკავშირებს ხალხს და სახელმწიფო აპარატს. და, წარმოიდგინეთ, ხალხის რჩეულის ხელით იქმნება კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორია! აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება პატიოსანი დეპუტატი! აი, ცრუპენტელა დეპუტატზე კი რა მოგახსენოთ?!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. თინა ხიდაშელმა გაინაღდა პარლამენტში ჯდომა, ქმარმა პარლამენტის თავჯდომარეობა.ცხოვრება აქვთ საამური.სულ არ ენაღვლება მათ ახლა სხვისი გაჭირვება?

  2. თქვენთვის, რესპუბლიკელებისთვის, რა ყველაფერი(სიმართლის ჩათვლით) უნიჭოა! 🙂

  3. ხიდაშელი და კამპანია თავად არიან უნიჭონი! მათ ნიჭი გააჩნიათ მხოლოდ თაღლითობაში და სამშობლოს ღალატში!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: რომბი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here