Home რუბრიკები პოლიტიკა აგრარული ფსიქიატრია, ანუ გეორგია, ზურაბ, გე-ორ-გია!

აგრარული ფსიქიატრია, ანუ გეორგია, ზურაბ, გე-ორ-გია!

1193

  ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთი მოქალაქე დაფიქრებულა იმაზე, თუ სად არჩევს პარტიულ კადრებს «ნაციონალური მოძრაობა» _ უშუალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თუ, ზრდილობისთვის, ოდნავ მოშორებით? ყოფილი მმართველი პარტიის გამოჩენილი წარმომადგენლის, მეტიც, პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის _ ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადება მათ, დიდი ალბათობით, პასუხის პირველი ვარიანტისკენ უბიძგებს: «საქართველო არანაირი აგრარული ქვეყანა არ არის. საქართველო აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქცია. იმის გამო, რომ ვიყავით იმპერიის ნაწილი, ჩვენ განვითარების გარეშე დაგვტოვეს. საქართველოს აიძულებდნენ, რომ სასოფლოსამეურნეო ქვეყანა ყოფილიყო. ჩვენ რომ ვყოფილიყავით თავისუფალი სამყაროს ნაწილიდღეს შეიძლება განვითარებული გვქონოდა ეკონომიკის აბსოლუტურად განსხვავებული სფეროები. საქართველოს მომავალი, გვინდა ეს თუ არ გვინდა, არის ურბანიზაცია. ჩვენთან მოხდება ქალაქების გამსხვილება» (ინტერპრესნიუსი).

ო, ეს რუსები… მოვიდნენ 1801-ში აყვავებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში, რომელსაც განვითარების ტემპებით კონკურენციას დიდი ბრიტანეთი თუ გაუწევდა (ისიც თეორიულად), დაშალეს ფაბრიკა-ქარხნები და ურალის მთებში წაიღეს, ლიანდაგები აყარეს, ხოლო ატომური ელექტროსადგური ადგილზევე, სავარაუდოდ, ზურაბ ჯაფარიძის მშობლიურ სოფელში, ააფეთქეს. ამოქმედდა საქართველოს აგრარულ ქვეყნად გადაქცევის გეგმა; ალბათ, იგულისხმება, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს არ ასვენებდა და ბოლოს გააგიჟა კიდეც, პეტრე I-ზე ხომ საუბარი ზედმეტია, მაგრამ ორივეს არ დასცალდა. გრაფი ბენკენდორფი იხსენებდა (ეს გვერდი მემუარებიდან ცენზურამ ამოუხია), რომ, როდესაც ალექსანდრე I-მა 1814-ში პარიზი აიღო და ბედაურს ელისეს მინდვრებზე მიაჭენებდა, აცრემლებული ჩურჩულებდა: «ოღონდაც მოვასწრო და საქართველო აგრარულ ქვეყანად გადავაქციო, თორემ პარიზი… რაა პარიზი?!».

ზურაბ ჯაფარიძის თეორიის დადასტურება კონკრეტული ციფრებით წარმოუდგენლად რთულია. რუსეთის იმპერიის 1866 წლის სტატისტიკური კრებულზე დაყრდნობით (ეს ციფრები მოყვანილია «საქართველოს ისტორიის ნარკვევების» მეხუთე ტომში), ჩვენ შეგვიძლია დავყოთ იმპერიის ევროპული ნაწილის 49 გუბერნია სამ ჯგუფად. 13 მათგანში ერთ სულ მოსახლეზე 1 მანეთამდე სამრეწველო პროდუქცია მოდიოდა, 18 გუბერნიაში _ 1-დან 2 მანეთამდე, ხოლო 15 გუბერნიაში _ 2 მანეთიდან 6-7 მანეთამდე. თბილისის გუბერნიის მაჩვენებელი _ 1 მანეთი და 20 კაპიკი (1863 წლის მონაცემებით) და, ალბათ, აქვე აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ სად მდებარეობდა სასტარტო წერტილი, რა ხდებოდა ჩვენთან XVIII საუკუნეში, «მეორე ჯგუფის» სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით. XIX საუკუნის, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევრის, სტატისტიკურ მონაცემებში არ შეინიშნება დრამატული სხვაობა მრეწველობის განვითარების ტემპებში საქართველოსა და იმპერიის სხვა ნაწილებს შორის და მისი საგანგებო «აგრარიზაციის» მზაკვრული გეგმის კვალი არსად იკვეთება. ხოლო თუ ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჩვენს წინაპრებს უნდოდათ სოფლის მეურნეობისთვის მყისიერად თავი დაენებებინათ და ცარიელ ადგილზე ორთქმავლების აწყობა დაეწყოთ, ხოლო მეფის სატრაპები ამის უფლებას არ აძლევდნენ, ეს, ალბათ, მისი პრობლემაა.

«თავისუფალი სამყარო» XIX საუკუნეში ფრიად ფარდობითი ცნებაა, ეს კოლონიური იმპერიების ხანაა. ალტერნატიული საქართველო მასში, თუ ერთმანეთს რიგი პოზიტიური ფაქტორები დაემთხვეოდა, სავარაუდოდ, მაქსიმუმ რომელიმე ბალკანური ქვეყნის შედეგებს მიაღწევდა (სწორედ რომ აგრარული ქვეყნებია). თუმცა აქ სულ სხვა, დღევანდელი პრობლემაა მნიშვნელოვანი: 1989 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში დამუშავებული სახნავსათესი მიწის ფართობი შემცირდა 3,1-ჯერ, კარტოფილის და ხილის წარმოება _ 2-ჯერ, ბოსტნეულის _ 3-ჯერ, ყურძნის _ 3,5-ჯერ, მარცვლეულის _ 9-ჯერ, ჩაის _ 60-ჯერ, თამბაქოს _ 120-ჯერ; ფრინველის სულადობამ 2,5-ჯერ, ცხვრისა და თხის 3-ჯერ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის კი 10-ჯერ იკლო. დგას ახლა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, და საუბრობს ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ყოველივე ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. ურბანიზაციაორას შეჭამენ? ასფალტს?

როდესაც საბჭოთა საქართველოს ისტორიას ვეცნობით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი პირამიდა, რომლის ფუნდამენტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, მას XX საუკუნის 30-იანებში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს, შემდეგ ვითარდება კვების მრეწველობა და მსუბუქი მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მხოლოდ ამ პირამიდის მწვერვალზე XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენ ვხედავთ საწარმოებს, რომელთაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ანალოგი არ ჰქონდა, ზოგს კი დღესაც არ აქვს. აგრარული ფუნდამენტისა და ფეხზე მყარად მდგომი გლეხის გარეშე, საქართველო ვერ მიაღწევდა ცხოვრების მაღალ, ბევრი ქვეყნისთვის სანატრელ დონეს, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო დოტაციები ცენტრიდან ახალი ქარხნების აშენების მკაცრი დირექტივებით. ამავე წლებში საქართველო, რომელშიც XIX საუკუნის ბოლოს წერაკითხვის მცოდნეთა ხვედრითი წილი 30%- არ აღემატებოდა, ამ მაჩვენებლით ევროპაში ერთერთ პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ათას სულ მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით დიდების ზენიტში მყოფ ორ მაშინდელ ზესახელმწიფოს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას, გაუსწრო. მაგრამ ყველაფერი ეს დაიწყო სოფლის მეურნეობით, იმ პროდუქციის წარმოებით, რომლის წარმოება საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებს არ შეეძლოთ.

ის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შეუძლიათ ეს პროდუქცია, ხშირად უკეთესი ხარისხის და უფრო დაბალ ფასში სხვაგან იყიდონ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მატიანიდან უნდა ამოიშალოს ის დადებითი როლი, რომელიც თავის დროზე აგრარულმა სექტორმა შეასრულა და მისი წარმოჩენა ჩარმოჩენილობის ან არასწორი ისტორიული არჩევანის სიმბოლოდ, ალბათ, ძალიან დიდი შეცდომაა.

გასაგებია, რომ რუსოფობია «ნაციონალების» იდეოლოგიური პლატფორმის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მაგრამ ბოლო დროს ის აშკარად ბოდვითი კონსპიროლოგიის სახეს იძენს. ეს, პრინციპში, ხელს აძლევს მოსკოვს, რადგან საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან კეთროვანივით იზოლირებული «ნაცმოძრაობა» ახდენს ნებისმიერი ლოზუნგის დისკრედიტაციას, რომელსაც ხელს ჰკიდებს, იქნება ის ანტირუსული თუ პროდასავლური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსპარანტებზე ათ მცნებას ჩამოწერენ, გვერდით მაინც არც ერთი «არანაციონალი» არ დაუდგებათ და ბოლო თვეებში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ასე რომ, ნებისმიერი მათი ანტირუსული პასაჟი დღეს უკურეაქციას იწვევს და რეალურად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ეს, პრინციპში, მათი, აგრეთვე, მათი პოლიტტექნოლოგებისა და მკურნალი ექიმების პრობლემაა, მაგრამ ეკონომიკის ამბავში რაღა ვქნათ, ბატონი ზურაბის ეპოქალური გამოსვლიდან გამომდინარე? იქნებ მივცეთ «ნაციონალებს» შესაძლებლობა, ააშენონ ის შიზარიუმი, უკაცრავად, ქალაქი ლაზიკა, რათა შიგნით ჩაიკეტონ და «აიფონების» აწყობა დაიწყონ? დაე, იმოქმედონ თავმჯდომარე მაოს დანაბარების შესაბამისად: «ჩვენს მუშაკებში საშიში ტენდენცია შეინიშნება _ მათ არ სურთ, ხალხთან ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში, პირადი კეთილდღეობისკენ და დიდებისკენ მიილტვიან. ეს ძალიან ცუდია. ამ საშიში ტენდენციების დაძლევის ერთერთი მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოებისა და ეკონომიკის ზრდაზე მიმართული მოძრაობის ფარგლებში, შევამციროთ აპარატი, გავაგზავნოთ მუშაკები ქვედა რგოლებში და მათი დიდი ნაწილი წარმოებაში დავაბრუნოთ». კაცმა რომ თქვას, კარგი იქნება, თუ ამ ციტატას პირდაპირ საამქროში ჩამოვუკიდებთ, თან იმუშავებენ, თან იეროგლიფებს ისწავლიან.

ზოგს ეს გადაწყვეტილება შეიძლება სადისტურად მოეჩვენოს, არადა, სინამდვილეში ის ჰუმანურია. საქმე ისაა, რომ ნოლიდან აშენებული ლაზიკა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ისტორიისგან თავისუფალი სივრცე იქნება. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ «ნაციონალების» ლიდერებს საქართველოს ისტორია მთელ რიგ ეპიზოდებში უკიდურესად აღიზიანებს, ხშირ შემთხვევაში კი, უბრალოდ, ტანჯავს. აგერ ერთი ამბობს, რომ ერი არასწორად შრომობდა აგრარულ სექტორში, მეორე კი მიანიშნებს, რომ მეორე მსოფლიო ომშიც არასწორად ომობდა. გასაგებია, რომ ამა თუ იმ ისტორიულ ეპიზოდს შეიძლება სხვადასხვა, მათ შორის ნეგატიური შეფასება მისცე, მაგრამ არ შეიძლება კონკრეტული ადამიანების, მთელი თაობების (და საბოლოოდ _ ერის) ისტორია წარმოაჩინო, როგორც დაუსრულებელი კოშმარი და შეეცადო, მათ ღირსებას, მთელ განვლილ ცხოვრებას ხაზი გადაუსვა.

თავის დროზე ერთმა იაპონურმა სიუჟეტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს არაერთმა იაპონელმა კამიკაძემ საბრძოლო გაფრენის განხორციელება ვერ მოასწრო და სიკვდილს გადაურჩა. იმ ფირზე ასახული იყო «ღია კარის დღე» 80-იანი ან 90-იანი წლების იაპონიის სამხედრო მფინავების სასწავლებელში, სადაც სკოლის მოსწავლეებთან და კურსანტების ნათესავებთან ერთად, ყოფილი კამიკაძეების ჯგუფიც მივიდა. ისინი მილიტარისტული იაპონიის მეომრები იყვენენ, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს აწარმოებდა; თანამედროვე დემოკრატიული იაპონია სრულიად განსხვავებული სახელმწიფოა. მაგრამ ერთ-ერთ დარბაზში მოხუცი კამიკაძეები და ახალგაზრდა კურსანტები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ერთმანეთს თავი დაუხარეს და ასე საკმაოდ დიდხანს იდგნენ. ალბათ, სწორად ასე უნდა მოუხაროს ქედი ერმა უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჯარისკაცი იქნება თუ თუნდაც უბრალო მიწათმოქმედი. არანაირი ალტერნატიული რეალობა არ არსებობს; ერის ისტორია, რომელიც კონკრეტული ადამიანებისა და თაობების ისტორიისგან შედგება, იყო ისეთი, როგორიც იყო. სააკაშვილს საქართველოს  ტერიტორიაზე ყველა მემორიალი რომ აეფეთქებინა, ამას მაინც ვერ შეცვლიდა.

თუმცა დავუბრუნდეთ ზურაბ ჯაფარიძის იდეებს და შევეცადოთ, დავადგინოთ, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ ძველ ბერძნებს, როდესაც პროვოკაციულად გეორგია, ანუ მიწათმოქმედთა ქვეყანა გვიწოდეს. ალბათ, უკვე მაშინ ძირს უთხრიდნენ ჩვენს კოსმოსურ პროგრამას და ნანოტექნოლოგიურ გარღვევას, რადგან ჩვენი ყოველთვის შურდათ; ეს, სხვათა შორის, ევრიპიდეს შემოქმედებიდანაც ჩანს. არგონავტებმა მოიპარეს ჩვენი ნახაზები და, თუ ამ წინადადების პირველ სიტყვაში მეორე და მესამე ასოს ადგილს შევუცვლით, ვნახავთ, რომ მათ საიდუმლო მისიას ქართველების აგრარულ სექტორზე მიბმა წარმოადგენდა. შემდეგ ამ საბრალო ბარბაროსებმა მოიპარეს ტოტალური ურბანიზაციის ძველქართული იდეა მის ადრეულ რედაქციაში და არისტოტელეს ალექსანდრე მაკედონელის გახურებულ თავში ჩაადებინეს; სადაც მიყრუებულ ადგილს ნახავდა, იქვე ახალ ალექსანდრიას აარსებდა. ო, რა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას იძლევა ბატონი ზურაბის თეორია!

როდესაც ისინი ააშენებენ ლაზიკას (ცხადია, ეტაპობრივად; პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება რამდენიმე ბარაკი, სასადილო და აბანო, მეტის საშუალება რესპუბლიკას ჯერჯერობით არ აქვს), იქ აუცილებლად, ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა გაიხსნას «მძიმე აგრარული წარსულის მუზეუმი» და ზურაბ ჯაფარიძის სახელობის კოსმოდრომი. მერე რა, რომ რაკეტები არ გვაქვს? ფრენა ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ როგორ, ბელადი ასწავლით.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. მაგ არსებაზე არაფერს არ ვიტყვი, არა და ჭკვიანი მეგონა, ნეტა დედა თუ უყვარს? ან მამა? ან მეგობარი, იცის რა არის სამშობლო?…კომენტარი გამომივიდა… ვანოს შოუში მისი ყოფნის მერე მივხვდი რომ იუმორის გრძნობა არა აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here