Home რუბრიკები საზოგადოება იმ ჯარისკაცის მეუღლეს, რომელსაც სააკაშვილმა საჯაროდ ჰკითხა, თუ რამდენი ავღანელი ჰყავდა მოკლული,...

იმ ჯარისკაცის მეუღლეს, რომელსაც სააკაშვილმა საჯაროდ ჰკითხა, თუ რამდენი ავღანელი ჰყავდა მოკლული, სადაზღვევო თანხას არ უხდიან

1492

ბოლო წლებია, სახელმწიფო ქართულ ჯარზე ზრუნვას პრიორიტეტულად აცხადებს. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სპეციალური სადაზღვევო პაკეტი და რეფერალური ფონდი შეიქმნა. უკვე ამა წლის მარტიდან თავდაცვის სამინისტრომ სადაზღვევო კომპანია «ჯიპიაი ჰოლდინგი» ღია ტენდერით შეარჩია. მაშინ მკაფიოდ ითქვა, რომ სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი სამხედრო პირების ოჯახებისთვის, გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების, პროფილაქტიკური კვლევის დაფინანსების, გადაუდებელი სტაციონალური მკურნალობისა თუ სხვა ტიპის მომსახურების გარდა, მშობიარობის თანხის ანაზღაურებასაც ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც «საქართველო და მსოფლიოს» ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცის მეუღლემ, მარიამ მუხათგვერდელმა, განუცხადა, სადაზღვევო კომპანია «ჯიპიაი ჰოლდინგი» მას კუთვნილ სადაზღვევო თანხას არ უხდის.

აღსანიშნავია, რომ მარიამი იმ ჯარისკაცის მეუღლეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკამერების წინ საჯაროდ ჰკითხა, თუ რამდენი კაცი ჰყავდა მოკლული. რის შემდეგაც ზურაბ მუხათგვერდელის დედამ, ირლანდიაში მცხოვრებმა ქალბატონმა ნათელა მოდებაძემ, გაავრცელა განცხადება, რომ ფირზე აღბეჭდილი ქართველი სამხედროების სიცოცხლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო იყო დაწესებული და მათი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ნათელა მოდებაძე ის ქალბატონი გახლავთ, რომელიც გამთენიისას შემთხვევით შეესწრო, როგორ შეასვენეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ  უსუპოვის ცხედრები საბურთალოს ქუჩა #53-ში მდებარე ბინაში და აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მას საქართველოს დატოვება მოუხდა.

«საქართველო და მსოფლიოს» მარიამ მუხათგვერდელი ესაუბრა.

_ რა თანხა უნდა გადაეხადა თქვენთვის სადაზღვევო კომპანიას?

_ ვინაიდან ჩემი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში მსახურობს, 800 ლარის დაზღვევა მეკუთვნოდა. კანონით, თანხა სადაზღვევო კომპანიას სრულად უნდა აენაზღაურებინა. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, დავრეკე სადაზღვევო კომპანია «ჯიპიაი ჰოლდინგში» და მითხრეს, რომ სრულად დამაფინანსებდნენ და არანაირი პრობლემა არ არსებობდა. მაგრამ ჩვენი საუბრის შემდეგ, ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, თქვენ მეორე დაზღვევაც გქონიათ, ამიტომ მხოლოდ თანხის ნახევარს, ანუ 400 ლარს აგინაზღაურებთო.

მართლაც, ვინაიდან სოციალურად დაუცველთა სიაში ვართ, სადაზღვევო კომპანია «ალფასგანაც» გვეკუთვნოდა თანხა. სწორედ ამას გულისხმობდნენ. ასეთ შემთხვევაშიც თანხის ნახევარი მაინც «ჯიპიაი ჰოლდინგს» უნდა გადაეხადა.

რამდენიმე დღეში ვიმშობიარე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდამაგრამ «ჯიპიაი ჰოლდინგს» არანაირი თანხა არ გადმოურიცხავს. საბოლოოდ, დედამ ისესხა ფული, რადგან სამშობიაროდან თანხის გადაუხდელობის გამო ვერ მოვდიოდი.

როდესაც მიზეზის გასარკვევად «ჯიპიაი ჰოლდინგში» დავრეკეთ, გვიპასუხეს, მარიამ მუხათგვერდელი ჩვენს მონაცემთა ბაზაში საერთოდ არ არისო. ვიფიქრე, გვარი შეეშალათ და ვითარებაში გარკვევას შევეცადე. მეორედ რომ დავრეკე, გადაამოწმეს და მითხრეს, კი ხართ მონაცემთა ბაზაში, მაგრამ თანხა არ გეკუთვნით და, თუ გინდათ, 53 ლარს გადმოგირიცხავთო. ეს ხომ დაცინვაა? წარმოიდგინეთ, 800 ლარი მეკუთვნის და 53 ლარს მთავაზობენ… ისიც, თუ გინდათო, მეუბნებიან. საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ მხოლოდ 53 ლარი გადმომირიცხეს.

_ რა გახდა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან უარის თქმის მიზეზი?

_ ჯერ მოიმიზეზეს, მონაცემთა ბაზაში არ ხარო. შემდეგ განაცხადეს, ლუქსში იმშობიარა და პირადი ექიმი ჰყავდა, ჩვენ თანხა რატომ უნდა გადავურიცხოთო, რაც სიცრუეა. ლუქსის ნომერი ათასი ლარი ღირს, პირველ კატეგორიის ნომერი კი, სადაც მე დავწექი, 785 ლარი ჯდება. ამას გარდა, ყოფილი პირველი სამშობიაროდან, დღეს შარაშიძის კერძო კლინიკიდან, მაქვს დამადასტურებელი ჩეკი და ამონაწერი. აღნიშნული სამშობიარო სახლი «ჯიპიაი ჰოლდინგის» პროვაიდერია. მაგრამ მაინც ვერაფერი გავაწყეთ. როდესაც გაიგეს, რომ «ჯიპიაი ჰოლდინგის» მხრიდან ასეთი პრობლემა შეიქმნა, «ალფამ» 400-ის ნაცვლად ხუთასი ლარი გადმომირიცხა, «ჯიპიაი ჰოლდინგმა» კი დარჩენილი 285 ლარის მაგივრად _ მხოლოდ 53 ლარი.

_ თავდაცვის სამინისტრო თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?

_ ჩემი მეუღლის უფროსს შევატყობინე. მართალია, მან ყურადღება გამოიჩინა, თავად დარეკა სადაზღვევო კომპანიაში, პირველად მასაც იგივე პასუხი გასცეს, მონაცემთა ბაზაში არ არისო. საყურადღებოა, რომ ასეთი მხოლოდ მე არ ვარ. ჩემი მეუღლისგან ვიცი, რომ მსგავსი პრობლემა სხვა ჯარისკაცების ცოლებსაც შეექმნათ. სადაზღვევო კომპანია «ჯიპიაი ჰოლდინგმა» თანხა არც მათ გადაურიცხა.

_ ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ქალბატონი ნათელა მისი შვილის, ანუ თქვენი მეუღლის საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ვინაიდან სწორედ თქვენს მეუღლეს, ზურაბ მუხათგვერდელს, ჰკითხა მიხეილ სააკაშვილმა, რამდენი კაცი ჰყავდა მოკლულირას ამბობს თავად თქვენი მეუღლე, ის თუ საუბრობს სამშობლოში დაბრუნებაზე?

_ როცა ახერხებს, დამიკავშირდეს, მეუღლე სამსახურზე არ საუბრობს. მით უმეტეს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ყველანი ძალიან განერვიულებულები და ფსიქოლოგიურად დათრგუნულები არიან. კონტრაქტის თანახმად, ოქტომბრამდე ავღანეთში უნდა იყოს, ამიტომ იმედიც არ აქვთ, რომ ვინმე ახლა დააბრუნებთ და ამ საკითხზე აღარც საუბრობენ.

საკითხში გასარკვევად, ჩვენ სადაზღვევო კომპანია «ჯიპიაი ჰოლდინგსაც» დავუკავშირდით. თავდაპირველად მონაცემთა ბაზაში მარიამ მუხათგვერდელი არც ამჯერად აღმოჩნდა, თუმცა შემდგომ გვაცნობეს:

«მარიამ მუხათგვერდელის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მისთვის მშობიარობის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, მოგახსენებთ, რომ დაზღვეული სარგებლობს ორმაგი დაზღვევით, ის ასევე დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია «ალფაში». სახელმწიფო დაზღვევით მას აღნიშნული მომსახურება დაუფინანსდა 500 ლარის ოდენობით.

ჩვენთან წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მოთხოვნილი თანხა შეადგენს 285 ლარს (500 ლარის ზემოთ თანხა). აღნიშნულიდან არ ანაზღაურდა 230 ლარი, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება სტანდარტული პალატის ღირებულება, შესაბამისად, მოხდა თანხის დაკორექტირება და არ ანაზღაურდა არასტანდარტული პალატის ხარჯი (200 ლარი), ასევე ამავე ხელშეკრულებით ანაზღაურებას არ დაექვემდებარა კვების (30 ლარი) ღირებულებაც. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანაზღაურებულმა თანხამ 55 ლარი შეადგინა.

აქვე დამატებით მოგახსენებთ, რომ დაზღვეული კლინიკაში მოთავსდა 2013 წლის 30 მაისს; სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკის მიერ გადმოგზავნილი იქნა 2 ივნისს, შაბათს; ჩვენი მხრიდან კი საგარანტიო წერილი გაიცა 3 ივნისს, ორშაბათს.

ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ დაზღვევით გათვალისწინებული ყველა პირობა», _ განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეს 2 ივნისი-შაბათი და 3 ივნისი-ორშაბათი მაგარი იყო:D
    ასეთი ფაქტები ძაან ბევრია. საქართველოში სადაზღვევო სისტემა არაა განვითარებული და ეს სისტემა რაც ეხლაა ძირფესვიანად თუარ ამოიძირკვა არც განვითარდება

  2. დაზღვევის ასეთი უსინდისობა არც საზღვარგარეთის ქვეყნებისთვისაა უცხო,ამიტომ თუ ეხლავე თავს გაუვიდათ მერე უარესს იზამენ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here