რუსულმა ლიტერატურულ–მხატვრულმა ჟურნალმა «Октябрь», რომელიც 1924 წლის მაისიდან გამოდის, წლევანდელ თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ფერმწერის _ ბორის მესერერის წიგნის «ბელას გაელვება» (Промельк Беллы) (მესერერი ბრწყინვალე ბელა ახმადულინას ქმარი იყო) რამდენიმე თავი, საერთო სათაურით «სიზმრები საქართველოზე».
ეს სათაური ბელას ლექსიდანაა:
Сны о Грузии – вот радость!
И под утро так чиста
Виноградовая сладость,
Осенившая уста.
…
Пусть всегда мне будет вновость
И колдуют надо мной
Родины родной суровость,
Нежность родины чужой.
სხვისი სამშობლოს სინაზეო, კი ამბობს პოეტი, მაგრამ ეს «სხვისობა» საკუთარივით აქვს გათავისებული და აღქმული შემოქმედებაშიც და ყოველდღიურობაშიც. ჰქონდა.
მესერერი ბელასთან ერთად შატილობაზე მიიპატიჟა ჭაბუა ამირეჯიბმა _ შატილობის სახალხო დღესასწაულზე, ხევსურეთში, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა აქაც, ომალოშიც და საერთოდ მთიანი საქართველოს სოფელ-ქალაქებში ერთი დევიზით: «მთას დაუბრუნდა მთიელი».
ეს ისე, გასახსენებლად, და იმავე რიგიდან _ ერთი ფაქტი ბელა ახმადულინას მიერ გათავისებული საქართველოს დამადასტურებელი, რომელზეც წიგნის ავტორი წერს და რომელსაც ვადასტურებ, რადგან იქ ვიყავი:
«მთის ძირას, რომელსაც მიჰკროდა სოფელი, ქორწილს ზეიმობდნენ. სპეციალურ ფიცარნაგზე ასრულებდნენ ქართულ ცეკვებს, რომლებიც საქორწინო რიტუალს შეეხამებოდა. ჩვენ მეფე-დედოფალთან მიგვიყვანეს, მივულოცეთ, ბელამ ხელიდან ბეჭედი მოიძრო და პატარძალს აჩუქა. ახლადდაქორწინებულებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, ვინ იყო ბელა. საჩუქრით გახარებულები დარჩნენ».
ასე იყო. თუმცა დღემდე ისე მეგონა, რომ ბელამ სამაჯური უძღვნა პატარძალს.
ქორწილში ხელცარიელი არ მივიდა! ქართულია.
ჯანსუღ ჩარკვიანს ხშირად აქვს მონაყოლი: მოსკოვში ყრილობაზე ჩასულმა ქართველმა მწერლებმა რუსი კოლეგები მიიპატიჟეს. სუფრა გაიშალა ერთ-ერთ რესტორანში. და როცა ბატონი ჯანსუღი ხარჯის გასასტუმრებლად ოფიციანტებთან მივიდა, მათ ბოდიშის მოხდით აცნობეს, რომ ბელა ახმადულინას ნადიმის დაწყებამდე დაუტოვებია მათთვის # რაოდენობის ფული: რამდენიც დაჯდება, აქედან აიღეთო.
ესეც ქართულია. ბელას მიერ ჩვენი ყოფითი ტრადიციების გათავისება რომ ვახსენე ზემოთ, იმის დამადასტურებელია.
ჩემს ჩანართებს ამით ვამთავრებ და მესერერის წიგნს მივუბრუნდები, არა სარეცენზიოდ და შესაფასებლად, რაც უკეთეს შემთხვევაში, გაშუალებულ წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს ამ ორი შემოქმედის ოჯახის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე, შუამავლობა ტონუსს აგდებს, არამედ ფრაგმენტულად _ წიგნიდან ნაწყვეტების სახელდახელო ნათარგმანების გადმოცემით, რაც გაცილებით საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთგვარი პასუხია ჰაერში დაკიდებულ შეკითხვაზე: ახსოვს კი რუსეთის ინტელიგენციას ის საქართველო, სადაც მათ ყოველთვის ეგულებოდათ საუკეთესო მეგობრები _ დიდოსტატები სიტყვაკაზმული მწერლობის?
«მე და ბელა საქართველოს სიყვარულში ჩავეზიარეთ ერთმანეთს. ეს, შეიძლება ითქვას, იყო ყველაზე უფრო ფატალური დამთხვევა, რადგან უაღრესად დაგვაახლოვა ერთმანეთს. ისე, რომ არ მოგვილაპარაკია, ვუზიარებდით ერთმანეთს ამბებს ამ გასაოცარი ქვეყნის შესახებ», _ წერს ბორის მესერერი.
აქვე, სანამ შატილს გავცილებულვართ, ისიც წავიკითხოთ, როგორ აღიქვა მან, მხატვარმა, შატილის მრავალსაფეხურიანი სწრაფვა ცისკენ _ ერთმანეთზე მიდგმული სახლების გაქვავებული აღმასვლა:
«ყველა ეს სახლი, რომელიც ნატურალური ფიქალით აგებული, ნახევარწრედ არის შემორკალური და თანდათან მიემართება მწვერვალისკენ. გიგანტური პირამიდა სახლების, თითოეული თავისი ზომითა და ხედით რომ არის გამორჩეული. სავსებით შესაძლებელია, რომ ასე გამოიყურებოდა ბაბილონის დაუმთავრებელი გოდოლი… ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა საუკუნეში მოვხვდი».
წიგნის ავტორი და მისი მეუღლე ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულები მაინცდამაინც თავიანთი მეგობარი ქართველების გამო და მათთან ურთიერთობის წყალობით არიან: «თბილისში ბელასთან ერთად ჩვენი ყოფნა აღვსებული იყო გამოჩენილ ქართველ მწერლებთან და მხატვრებთან ურთიერთობით. და მაინც, ჩვენი უახლოესი ადამიანები იყვნენ ოთარ იოსელიანი, სერგო ფარაჯანოვი, გია მარგველაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, იურა ჩაჩხიანი და მისი ცოლი მანანა გედევანიშვილი». (სხვათა შორის ჟურნალ «ოქტიაბრის» ეს ნომერი, რომელზეც წარწერილია «Дорогой Манане с любовью! Борис Мессерер, 5 марта 2013», ჩვენს რედაქციას სწორედ ქალბატონმა მანანამ ათხოვა).
მხოლოდ ასეთ მეგობრებს შეეძლოთ ისეთი «ლამაზი ჟესტის» გაკეთება, როგორითაც, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი გაეცნო ბელას და ბორისს მოსკოვის კინოს სახლის სტუმრებით სავსე დარბაზში:
«ჩვენ მოგვიახლოვდა მაღალი, გამხდარი ქართველი. წარმოსადეგი, მხარბეჭიანი, წელგამართული. მისი სახე განსაცვიფრებლად სწორად იყო დახატული და სახის ნაკვთები ნატიფი ლაზათითა და ღირსებით იყო აღბეჭდილი…
მან გრაციოზულად დახარა თავი და სიყვარულისა და აღფრთოვანების სიტყვებით მიმართა ბელას… რესტორანში იმ საღამოს ყველა მაგიდა დაკავებული იყო. მე და ბელამ ერთდროულად გავაკეთეთ რეაგირება მის კომპლიმენტებზე და მივიწვიეთ ჩვენს მაგიდასთან ჩვენი გაცნობის სადღეგრძელოს დასალევად. მასზე იმოქმედა ჩვენმა გულწრფელმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ, სულ რამდენიმე წუთით ჩამოჯდა, ბელას სადღეგრძელო თქვა და დაგვემშვიდობა. გაცნობისას მან, რასაკვირველია, თავისი სახელი და გვარი გვითხრა: ჭაბუა ამირეჯიბი».
«ლამაზი ჟესტი».
სწორედ მან, ჭაბუა ამირეჯიბმა გააკეთილშობილა, მე რომ მკითხოთ, ცოტა ობივატელური «ტრადიცია», როცა ერთი ცნობილი პიროვნების ძმამ რესტორან «იპოდრომში» სუფრასთან მსხდომ ჭაბუას და მის მეგობრებს პატივისცემის ნიშნად 50 ბოთლი შამპანური შემოუგზავნა:
«ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც სუფრას უძღვებოდა, მიესალმა მას და სადღეგრძელო წარმოთქვა:
_ დავლიოთ სადღეგრძელო იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ჟესტის სილამაზე!
მე ამ სიტყვებს მივაწერ თვით ჭაბუა ამირეჯიბის ხატებას, რომელშიც შერწყმულია სახის სილამაზე და სილამაზე ჟესტის».
საოცარი მორიდება და მოკრძალება, ამასთან სულის დამშვიდება და უმაღლესთან მიახლოების გრძნობა აკავშირებდათ რუს შემოქმედებს სვეტიცხოვლის ტაძართან. ბორის პასტერნაკი სიკვდილის წინ, 1960 წლის გაზაფხულზე მაინც და მაინც სვეტიცხოველში ჩავიდა. მაშინო, იხსენებს მესერერი, ნინა და ლადო გუდიაშვილებმა უმასპინძლეს დიდ პოეტს, და თქვეს, რომ იგი, პასტერნაკი, «ძალიან მწუხარე იყო და მხოლოდ ქართველების მზრუნველობა და ყურადღება ახარებდა».
_ მე ბევრი რამ მაკავშირებს სვეტიცხოველთან, _ ამბობდა ბელა ახმადულინა, _ თარგმანები, ლექსები.
«ბელას ვკითხე:
_ გახსოვს სვეტიცხოველი? შენ ხომ იქ მოგნათლეს?
_ დიახ, ქალაქ მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქში…
Ни о чем я не жалею,
Ничего я не хочу –
В золотом Свети-Цховели
Ставлю бедную свечу.
Малым комушкам во Мцхета
Воздаю хвалу и честь,
Господи, пусть будет это
Вечно так, как ныне есть.
ლოცვასავითაა.
«თბილისისადმი ბელას სიყვარული _ ქალაქისა და ამ ქალაქის მკვიდრთა მიმართ _ მტკიცედ არის დაკავშირებული გალაკტიონ ტაბიძის პოეზიასთან და მის ბედთან.
მე, რასაკვირველია, გალაკტიონი არასოდეს მინახავს, _ იხსენებდა ბელა, _ მაგრამ თბილისში ყველაფერი მისით იყო აღვსილი, მისი ხატება ცხოვრობდა ქალაქში, მის ღამეულ ჰაერშიც ცხოვრობდა თითქოს იგი. იგი უსაზღვროდ უყვარდა ყველა ადამიანს, ყველა თბილისელ ლოთს. აკადემიკოსი იყო და, როცა აკადემიაში ხელფასს აიღებდა, ეს ლოთები, ღამის კოცონების უბრალო ადამიანები, მის გარშემო შეიკრიბებოდნენ ხოლმე. თუ პარიზში კლოშარები არიან, აქ ვიღაც გაურკვეველი ღამის მცხოვრებნი გახლავან.
მე, ოთარ და თამაზ ჭილაძეები ველაპარაკებოდით ღამის თბილისის მკვიდრთ. ბევრ მათგანს ახსოვდა გალაკტიონი, მათთან ხარჯავდა აკადემიკოსის ხელფასს, დაეხეტებოდა, საუბრობდა. მისი სიდიადე უსაზღვროა. ერთხელ მივუსხედით ასეთ ღამის კოცონს და გავარკვიეთ, რომ შეკრებილები ღვინის ფარდულთან შეგროვილ ცარიელ ბოთლებს დარაჯობენ, თითქოს ყარაულები იყვნენ. თბებიან კოცონთან და ჰყიდიან ღვინოს…
ძმები ჭილაძეები გამოელაპარაკნენ მათ და მე კი ვიკითხე:
_ შეიძლება გავიგო, ისინი რა, მთელ ღამეს ცარიელ ბოთლებს ყარაულობენ?
ჩემი შეკითხვა გადაუთარგმნეს და ერთ-ერთმა მათგანმა დაეჭვებით შემომხედა _ ეს რა არსება არისო, ვინ უცნობიაო, _ და მიპასუხა:
_ შენ რა, ჯერ კიდევ არ შეგიმჩნევია, რომ ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვკარგავთ იმას, რის გარეშეც არსებობა არ შეგვიძლია და ვდარაჯობთ იმას, რაც არავის სჭირდება?
გავვოგნდი: ქვეყნად თურმე როგორი ადამიანები არსებობენ ჩვენს _ ვიღაც სულელებს შორის… ამას ვერ მოიგონებ».
გაუყვებიან ქუჩას რუსთაველის პროსპექტისკენ თბილისის სტუმარი და მისი მასპინძლები, თონეში შევლენ და «პირველად ქმნილი პურით, რომელიც ლავაშს ჰგავდა, გაგვიმასპინძლდება ხაბაზი.
გარშემო კი ღამეა, ვარსკვლავები, და აქ გამოჩნდება ის ბრძენი, რომელიც კოცონთან იჯდა. ხაბაზმა მასაც მიართვა პური, ალბათ, ნაცნობები იყვნენ, ისინი ყველანი იცნობენ ერთმანეთს. ვეუბნები:
_ ჩვენ ხომ ახლახან ვნახეთ ერთმანეთი.
ის მიპასუხებს:
_ დიახ, თქვენთან ურთიერთობა საინტერესოდ მეჩვენა და მეც ქუჩას ჩამოვყევი…
შემდეგ ღვინის დალევა მოვინდომეთ ამ პურის მიყოლებით, მაგრამ ხაბაზმა გადაჭრით თქვა უარი: არავითარ შემთხვევაში, რადგან შეიძლება თონეში ჩავვარდე და იქ კი ისეთი სიმხურვალეა!.. ერთი სიტყვით, ასე დავინახე ეს ყველაფერი და, რასაკვირველია ვოცნებობდი, ოდესმე კვლავ შევხვედროდი ამ ადამიანებს, მაგრამ არ გამოვიდა. ლექსებში კი არის:
Ничего мне не жалко для ваших услад.
Я – любовь ваша, слухи и басни.
Я нырну в огнедышащий маленький ад
За стихом, как за хлебом – хабази.
ასეთ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში, როგორც თონეში, არაერთხელ ჩაუყვინთავს ბელა ახმადულინას ქართველი პოეტების ლექსების თარგმანების «სულიერი არსობის პურის» გამოსაცხობად, და რუსი მკითხველისთვის მიუწოდებია ბარათაშვილის, გალაკტიონის, ლეონიძის, კალანდაძის, ჩიქოვანის, ნონეშვილისა და სხვათა და სხვათა რუსულად აჟღერებული ქართული სიტყვა.
«რეზო ამაშუკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასე თქვა ბელა ახმადულინას თარგმანებზე: «მან თარგმნა ქართული პოეზიის ნიმუშები, და, წარმოიდგინეთ, როგორ დაჰფოფინებდა თითოეულ ქართულ სიტყვას, როგორ ესწრაფვოდა, რომ ამ სიტყვას არ დაეკარგა ქართული სული, რომელიც მის აზრსა და დატვირთვას ესადაგებოდა».
მესერერი წერს: «ამაშუკელი სახალხო ჟღერადობის პოეტია, ფრიად პოპულარული საქართველოში. იგი მხიარული, ოხუნჯი, თაოსანი, თამადა და სუფრის საქმეთა განმგებელია. ამჟამად ხელისუფლებასთან ერთგვარ ოპოზიციაშია (ასეა დედანში, ეტყობა, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან რეზოს წინააღმდეგ შესაძლო გართულებას აარიდა მესერერმა ამაშუკელი, თორემ, რა «ერთგვარ ოპოზიციაშიც» იყო და არის, ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით! _ ა.ს.).
უფრო დასერიოზულდა. მაგრამ ძველ მეგობრებთან შეხვედრისას, თვალის დახამხამებაში გარდაიქმნება და კვლავ ძველ რეზოდ მოგვევლინება, თავისი ხუმრობებითა და ლათაიებით».
ქედს იდრეკდა ბელა ახმადულინა ანა კალანდაძის წინაშე. მისი ერთი ლექსი, ანასადმი მიძღვნილი, ასე მთავრდება:
О жизнь, я люблю твою сущность:
Луну, деревья и Анну…
და ღაღადისი _ მიმართვა და თხოვნა ცხოვრებისადმი:
Дай, жизнь, отслужить твое чудо,
Ту ночь, и то утро и Анну.
ახლა ნახეთ, როგორ აფასებს ნოდარ დუმბაძის უიშვიათეს ნიჭს ბელა ახმადულინა: «ვფიქრობ, რომ დასცინო არა იმას, რაც შენს გარშემოა, არამედ ისე, ვითომ საკუთარ თავს დასცინი, ალბათ, არის ნოდარის ტალანტის ძვირფასი თვისება».
აი, ასეთი ურთიერთობა იყო! თუ მკითხველი მოახერხებს რამენაირად ჟურნალ «ოქტიაბრის» ამ ნომრის სადმე შოვნას, ბევრ თბილ და მნიშვნელოვან (სწორედ _ მნიშვნელოვან) ამბავს გაიგებს ქართველ და რუს შემოქმედთა თბილ კავშირებსა და მეგობრობაზე; რუსთა პოზიციიდან, მათი თვალით დანახულსა და შეფასებულს.
«რადგან საშუალება არ მაქვს საქართველოს ყველა ცნობილი ლიტერატორის შესახებ დავწერო, _ ამბობს პუბლიკაციის დასასრულისკენ ბორის მესერერი, _ მინდა მხოლოდ, რომ გაიჟღეროს მათმა როგორც ჩვენთვის საკმაოდ ახლობელმა და ჩვენს ცხოვრებაში მონაწილე ადამიანების სახელებმა.
ესენი არიან: არჩილ სულაკაური, მორის ფოცხიშვილი, იზა ორჯონიკიძე, მიშა ქვლივიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე».
და სულ ბოლოს ასეთი პასაჟი, ფიცივით თქმული უბრწყინვალესი რუსი პოეტი ქალის _ ბელა ახმადულინას მიერ, აღსარებასავით, საქართველოსა და ქართველების წინაშე:
«მე დამესიზმრა დედამიწის ამ ადგილის სახელი: ისე ნათლად, ისე გასაგონად, რომ თვალცრემლიანს გამეღვიძა, მაგრამ შემდეგ მთელ დღეს ვიღიმებოდი, და მათ, ვინც არ იცოდნენ, რას ნიშნავს საქართველო, უკეთ, უფრო ხალისიანად იგრძნეს თავი ამქვეყნად.
…მე ვცდილობდი, თვითონ მეთარგმნა რუსულად ქართული სიტყვები, არაფერი გამომივიდა: მე არ ვიცი ქართული წერა, მაგრამ ძილშიც მესმის ქართული გალობა.
საქართველო ჩემი სულის სინათლეა, ბევრი მოფერება, გადამრჩენი ბევრი კეთილი სიტყვა მერგო მე დედამიწის ამ ადგილზე და _ ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რაც ვიცით, და ისიც, რისი ცოდნის ძალა არ შეგვწევს.
დაე, მათი სახელები, ვისაც ეძღვნება ეს ლექსები, დაუვიწყარი იყოს მარადის».
არმაზ სანებლიძე
Fრიად სენტიმენტალური სტატიაა. ის,ალბათ, სიკვდილისწინა მონანიებაა ქ-ნ ბელასი ქართველების წინაშე. ჩვენ გვახსოვს ამ ქალბატონის დითირამბების ფრქვევა აფხაზ სეპარატისებისადმი 90-ან წლებში, რომლებშიც აშკარად იგრძნობოდა "დიდი რუსი დემოკრატის",კაცობრიობის მოძულე, საბჭოთა წყალბადის და ნეიტრონული იარაღის შემქმნელის ანდრია სახაროვის "თეორიისა’- "საქართველო, როგორც მცირე იმპერია",რომელიც თავის არაქართველ მოქალაქეებს სრულ ჩაგვრასა და მონობაში ამყოფებს".ასეთი აბსურდული "თეორიის"ფარგლებში იყო ქ-ნის გამოსვლები სოხუმის მმართველების წინაშე.გარდაცველებამდე უფალმა გაუნათა გონება ალბათ.