ბატონი გიორგი გამცემლიძე, რომლის წერილსაც დღეს გთავაზობთ, 1972 წლიდან 1985 წლამდე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი გახლდათ. აღიარებულია, რომ იგი ამ დარგის სუპერპროფესიონალია და უნიკალურ გამოცდილებას ფლობს. მისი ეს თვისებები კი საქართველოს დაკნინებული ეკონომიკის აღდგენა–აღორძინებისთვის ჰაერივით საჭირო და აუცილებელია. თუ დღევანდელი მთავრობა ყურს მიუგდებს მის რჩევას, არაფერს წააგებს. პირიქით!
რაც იყო და რაც არის
ერის დიდი მოჭირნახულე ილია ჭავჭავაძე გაზეთ «ივერიის» ფურცლებზე წერდა: «ფეიქრებო, იხაროს თქვენმა ჯანმა, მაჩვენოს უფალმა, თქვენი ხელობა გავრცელებულიყოს ჩვენში, ბევრი ოსტატი-შეგირდი მენახოს თქვენს საფეიქროში».
ავუსრულეთ ეს ნატვრა ერის მამას?
ჩავიხედოთ ისტორიაში.
დარგის განვითარება, მართალია, ნელი ტემპით, ჯერ კიდევ 1923 წლიდან დაიწყო, ხოლო სერიოზულ მასშტაბებს 1960-80 წლებში მიაღწია, როცა მწყობრში ჩადგა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი, რომელიც წელიწადში 8 მილიონ მეტრ შალის ქსოვილს უშვებდა. თბილისში ამუშავდა გლდანის ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ცხინვალში _ ტრიკოტაჟის ფაბრიკა, მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ცხაკაიის ხალიჩების კომბინატს, ზუგდიდში აშენდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფაიფურის ქარხანა.
ბამბის ნართით საქსოვი საწარმოების უზრუნველსაყოფად საჩხერეში ამუშავდა სართავი ფაბრიკა, რომელშიც 1000-მდე მუშა დასაქმდა.
მსუბუქი მრეწველობა წელიწადში აწარმოებდა (1980 წლის მონაცემებით):
_ ბამბის ქსოვილს _ 60,0 მლნ გრძ. მეტრს;
_ შალის ქსოვილს _ 5,17 მლნ გრძ. მეტრს;
_ აბრეშუმის ქსოვილს _ 49, 2 მლნ გრძ. მეტრს;
_ ტრიკოტაჟის თეთრეულს _ 27, 7 მლნ ცალს;
_ ზედა ტრიკოტაჟს _ 15,9 მლნ ცალს;
_ წინდის ნაწარმს _ 27,4 მლნ წყვილს;
_ ტყავის ფეხსაცმელს _ 15,6 მლნ წყვილს.
1980 წელს წარმოების მოცულობამ 101 მილიონი შეადგინა, ხოლო რენტაბელობამ _ 15,4 პროცენტი.
მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საერთო პროდუქციის გამოშვებით საქართველო მსუბუქ მრეწველობაში II-III ადგილს ინარჩუნებდა. რესპუბლიკის მრეწველობის საერთო პროდუქციაში მსუბუქი მრეწველობის წილი 20-22 პროცენტი იყო. 1975-81 წლებში საკავშირო მსუბუქი მრეწველობის ზრდის ტემპს 30 პროცენტით ვუსწრებდით. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ წარმოების მოცულობის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ნეგატიურად აისახებოდა ხარისხზე, განსაკუთრებით, ფეხსაცმლისა და სამკერვალო დარგების რიგ საწარმოებში.
გაუმართლებელი იყო, რომ რესპუბლიკის 5-მილიონიანი მოსახლეობის პირობებში ვაწარმოებდით 15 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს და 23 მილიონ ერთეულ სამკერვალო ნაწარმს.
ასეთი მანკიერი დაგეგმვა იყო გამოწვეული იმით, რომ რესპუბლიკა დოტაციური იყო და მხოლოდ წარმოების მოცულობის მაღალი ტემპით შეიძლებოდა საკავშირო მთავრობის მიერ დეფიციტის ანაზღაურება.
ასე იყო. დღეს კი დარგის მდგომარეობა კატასტროფულია: თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კუსტარულ საწარმოს, მათ შორის, რუსთავში ტყავის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს. თითქმის 10 წელია, ქვეყანაში არც ერთი ფაბრიკა-კომბინატი აღარ ფუნქციონირებს. 110 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა; მილიონობით ღირებულების დანადგარები, საწარმოო კორპუსებიც კი განადგურებულია. შემორჩენილია 15-მდე საწარმოს შენობა-ნაგებობა, რაც წვეთია ზღვაში.
გავიხსენოთ, რომ საწარმოების დასახლებებში მუშებისთვის შენდებოდა საცხოვრებელი სახლები, ბაგა-ბაღები და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტები. სამინისტრო წილობრივ მონაწილეობდა ქალაქებისა და დაბების კეთილმოწყობაში. დღეს ამაზე ოცნებასაც გადავეჩვიეთ.
მაინც რა შეიძლება გაკეთდეს?
უნდა ითქვას, რომ ახალი ხელისუფლების მიერ ამ მიმართებით გადადგმული პირველი ნაბიჯები იმედის მომცემია.
«ქართული ოცნების» სოფლის განვითარების პროგრამაში ადგილი აქვს დათმობილი აბრეშუმის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ბაზის შექმნას, რაც მისასალმებელია. აბრეშუმის პარკის წარმოების ზრდა დღის წესრიგში დააყენებს აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკების შექმნის აუცილებლობას. უწინ საქართველოში 5 ასეთი ფაბრიკა ფუნქციონირებდა.
საერთოდ, მეაბრეშუმეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო, ვაწარმოებდით 40 მილიონ გრძივ მეტრს, რითაც კავშირის მასშტაბით მე-4 ადგილზე ვიყავით.
სოფლის მეურნეობის მასშტაბური განვითარების პირობებში იქმნება რეალური ბაზა მსუბუქი მრეწველობის რიგი დარგების ნედლეულით უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება დასავლეთ საქართველოში (სამტრედია) და აღმოსავლეთ საქართველოში (თელავი) აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი-საგრეხი ფაბრიკების აღდგენა. შემდეგ: ტყავ-ნედლეულის ბაზის შექმნა და პირველ ეტაპზე ერთი ტყავ-ნედლეულის ქარხნის აშენება თბილისში.
ადგილობრივი წარმოების აბრეშუმის ნატურალური ძაფის, ასევე კამვოლური ნართის მიღების პირობებში, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა განვიხილოთ ყოფილი თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატისა და ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების აღდგენის მიზანშეწონილობა, რათა ადგილობრივი ნედლელულით გამოშვებული იქნას ნატურალური შალისა და აბრეშუმის ქსოვილები.
საქართველოში წარმოებული ნატურალური აბრეშუმის (შიფონის) ქსოვილი უაღრესად დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, არამედ ევროპაში; საყურადღებოა, რომ ნატურალური აბრეშუმის ქსოვილზე დღესაც დიდი მოთხოვნაა.
პროექტირების საგნად უნდა იქცეს ქუთაისის ტყავის ფეხსაცმლის კომბინატის ბაზაზე ფეხსაცმლის წარმოების ორგანიზება.
ვინაიდან ქვეყანაში ბამბეულისა და ქიმიური ბოჭკოს ნართს არ ვაწარმოებთ, საწყის ეტაპზე გართულდება ტრიკოტაჟის საწარმოთა ამოქმედება, შემოტანილი ნედლეული კი გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, რაც გააძვირებს საცალო ფასებს და, საბოლოო ჯამში, შეაფერხებს ნაწარმის რეალიზაციას. ამ გასათვალისწინებელი ფაქტორის მიუხედავად, განსახილველია თბილისში ერთი ტრიკოტაჟის ფაბრიკის ამუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალისა და მამაკაცის ზედა ტრიკოტაჟის გამოშვებაზე.
ამ ეტაპზე გადამწყვეტია საპარტნიორო ფონდის როლი, რომელმაც მსოფლიო სავალუტო ფონდთან ერთად უნდა იზრუნოს დარგის საწარმოთა ამოქმედებისათვის.
წართმეულს დაბრუნება უნდა
მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მოდების სახლი, რომელიც, ფაქტობრივად, წარმართავდა სამკერვალო და ტრიკოტაჟის საწარმოებში ნაწარმის მოდელირების, ასორტიმენტის განახლების საქმეს.
სასურველია, საქართველოს მთავრობის განხილვის საგანი გახდეს მოდის სახლის შენობის, რომელიც ყოფილი ვორონცოვის მოედანზე მდებარეობს, მსუბუქი მრეწველობისთვის გადაცემის საკითხი.
მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდება უკანონოდ ჩამორთმეული მეაბრეშუმეობის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის შენობის (ბ. პაიჭაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე) ყოფილი მეპატრონისთვის დაბრუნება და მისი ფუნქციის აღდგენა.
მსუბუქ მრეწველობაზე «ზრუნვის» საუკეთესო მაგალითია ამ ინსტიტუტის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, რაც პირადად კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება. დარგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაშლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას, 2010 წლის დეკემბრის ბრძანებამ, ვითომდა ოპტიმიზაციის საბაბით, შესაბამისი ინსტიტუტებისთვის იურიდიული სტატუსის გაუქმების თაობაზე.
ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი უდიერი დამოკიდებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გიგანტი საწარმო _ თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი. ოთხმოცდაათიან წლებში ფაქტობრივად გაჩერებული კომბინატის ასამოქმედებლად აწ განსვენებულმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ათობით მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის სრული უყურადღებობის შედეგად ეს თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა და ვერ მოხერხდა კომბინატის ნაწილობრივი ამუშავებაც კი.
მსუბუქი მრეწველობის საწარმოებს განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვა 1997 წელს შემუშავებული საგადასახადო კოდექსი, ხოლო «ნაციონალების» მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს დარგი პირწმინდად განადგურდა: ისეთი გიგანტები, როგორებიც იყო თბილისის გლდანის ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ქუთაისის აბრეშუმის კომბინატი, თბილისის ფეხსაცმლის საწარმოო გაერთიანება «ისანი», საჩხერის ბამბის სართავი კომბინატი და სხვები, დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
და, რაც მთავარია, მუდმივი მაღალანაზღაურებადი სამუშაო დაკარგა 1100 ათასზე მეტმა ადამიანმა.
დარგის განადგურება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ იგი მზად არ აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად. ხოლო ეკონომიკის სამინისტრო უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულა მისი ბედით.
მატყლი «ჩვენი არსობისა»
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნედლეული საფეიქრო დარგისთვის არის მატყლი. 1976 წლის მონაცემებით, საქართველოში 2,2 მილიონი სული ცხვარი იყო. მზადდებოდა 5,2 ათასი ტონა ცხვრის მატყლი. ფუნქციონირებდა მატყლის გადამუშავების ორი საწარმო თბილისსა და შულავერში.
ამ საწარმოების უმოქმედობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ გარემოებას, რომ სოფლად ცხვრის მოშენებით აღარ ინტერესდებიან (რადგან ცხვრის მატყლი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მისი ხორცი). ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხვარი გაედინება ირანსა და არაბეთის ქვეყნებში.
საქართველოში აღარ არსებობს ტყავ–ნედლეულის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი არც ერთი საწარმო, არადა, მსოფლიოში ნატურალურ ტყავზე მოთხოვნა ძალიან დიდია. დილეტანტური მთავრობის ხელში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მეცხოველეობის დარგი დაკნინდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა მატყლის დამზადების ზრდის კვალზე განიხილავს ერთი კამვოლური ნართის გამომშვები საწარმოს ამოქმედების საკითხს ან თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატში, ან კამვოლური დართვის ფაბრიკაში.
სოფლად მატყლის დამზადების პირობებში სასურველია, შულავერის მატყლის სარეცხ ფაბრიკაში პარალელურად ორგანიზებული იყოს ქეჩის წარმოება, ასეთ ნაწარმზე დღეს დიდი მოთხოვნაა.
დასკვნის მაგიერ
ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი დარგის სპეციალისტების, ეკონომისტებისა და ექსპერტების შემადგენლობით, რომელიც შეიმუშავებს დარგის ეტაპობრივი განვითარების გეგმას:
_ განსჯის საგანია აბრეშუმის პარკის, მატყლის, ტყავის (მსხვილფეხა საქონლისა და ღორის) დამზადების და მოსახლეობიდან მისი მიღების პირობები. ამ ფუნქციას უწინ ცეკავშირის სისტემა ასრულებდა.
_ უნდა ჩატარდეს დარგის საწარმოთა (რომელთაც შემორჩათ ტერიტორია და შენობა-ნაგებობა; სამწუხაროდ, დაზგა-დანადგარები ძირითადად განადგურებულია) ინვენტარიზაცია, რათა დადგინდეს დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა.
სავსებით სწორია რეფორმატორთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ დაყენებული საკითხი სოფლის მეურნეობისა და აგრარული მრეწველობისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების შემოღების თაობაზე. სხვაგვარად ვერ განხორციელდება ის მასშტაბური გარდაქმნები, რომლებიც მთავრობამ დაიწყო.
მსუბუქი მრეწველობის კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი აღდგენის საწყის ეტაპზე (დროებით) განსახილველია დარგისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხი.
კარგი იქნება, თუ დარგის კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა ბაზაზე საწყის ეტაპზე პროფესიული განათლების ორი სასწავლებლის გახსნის საკითხს (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში). ჩემი აზრით, ამ სამინისტროს ხელმძღვანელობამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატთან ერთად უნდა შეისწავლოს დარგის საინჟინრო კადრებით უზრუნველყოფის პრობლემა.
მსუბუქი მრეწველობის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს: უცხოეთიდან შემოტანილი მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას. ეს განსაკუთრებით ეხება თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ უაღრესად მდარე ხარისხის საქონელს.
ასევე უნდა გამკაცრდეს ე. წ. მეორადი საქონლის (ფუთები) სანიტარული და ჰიგიენური კონტროლი, რადგან შემოაქვთ ისეთი საქონელი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული.
დაბოლოს, კარგი იქნება, თუ საწყის ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც კურირებას გაუწევს დარგის ფუნქციონირების აღდგენის პროცესს.
გიორგი გამცემლიძე,
1972-85 წლებში საქართველოს
მსუბუქი მრეწველობის მინისტრი