Home რუბრიკები პოლიტიკა «არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»

«არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»

1205

ომი 8 აგვისტოს 5 საათზე უკვე დასრულებული იყო.

მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დეტალების, გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავის ძებნა დაიწყო, ყველა საინფორმაციო საშუალება ახალ-ახალი ფაქტების ძიებით დაინტერესდა. ყველა ფაქტი, რომელიც ქვეყნდება, შემზარავია და ვფიქრობ, ნეტავ, ამაზე მეტი რაღა უნდა გავიგო და მოვისმინო-თქო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც 2008 წლის ომის თვითმხილველს ხვდები, ისეთ რამეს იგებ, რომ არ გინდა მოისმინო, არ გინდა ქართველი იყო.

ისმენ იმ საშინელებებს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალებმა» აკეთეს, და მერე ისმენ იმას, თუ როგორ არიგებენ ჭკუას ახალ ხელისუფლებას და რჩევებს აძლევენ, უკვირთ, რატომ სცემენ ქუჩებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში… ვდავობთ იმ თემაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ცხრაწლიანი რეჟიმი.

«საქართველო და მსოფლიო» ერედვის მკვიდრს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, აგვისტოს ომის ყველა უმსგავსობის მომსწრესა და მნახველს, ბატონ აკაკი ცოტნიაშვილს ესაუბრა. ვინც მას  მოუსმენს, შეუძლებელია, არ დასვას კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?

_ ბატონო აკაკი, როგორ დაიწყო აგვისტოს ომი და რა სამზადისი შეიმჩნეოდა?

_ ერედვი, ერთ-ერთი უდიდესი სოფელი და სტრატეგიული ტერიტორიაა. ცოტა შორიდან დავიწყებ ამბის თხრობას. 2008 წლამდე პერიოდს გეტყვით. სიმშვიდე იყო, რუსები არ აქტიურობდნენ, სულ რამდენიმე ჯარისკაცი იდგა საზღვართან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ესენი («ნაციონალები») მოვიდნენ ხელისუფლებაში, 2004 წლის 2 აგვისტოს 5 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანეს ტერიტორიაზე. ეს, ფაქტობრივად, ომს უდრიდა. მე ჯერ კიდევ სამმართველოში ვმუშაობდი, ამიტომ დეტალები კარგად ვიცი, 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს ამ გიჟს (მაპატიეთ, პრეზიდენტს ყველგან ასე მოვიხსენიებ) და უთხრეს: ერთ საათს გაძლევთ, რომ ჯარი გაიყვანოო, მაგრამ გაჯიუტდა და რუსეთიდან ჯარი დაიძრა. მერე ეს გიჟი ამერიკას უკავშიდებოდა და მხოლოდ მაშინ გაიყვანა ჯარი, როდესაც ამერიკიდან უთხრეს, უკან დაეხია. იმ დღეებში 17 ადამიანი მოგვიკლეს. ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ნაძირალებმა ჯარი შემოიყვანეს, რითაც ოსებსა და ქართველებს შორის უკვე დალაგებული და თითქმის აწყობილი საქმე გააფუჭეს. გესმით, ალბათ, სისხლი რომ დაიღვრება, იქ უკვე უეჭველი ომის ნიშნებია.

მერე ამ დებილმა (ისევ პრეზიდენტს გულისხმობს _ ე.ნ.) ვითომ ჯარის გაძლიერება დაიწყო, არაპროფესიონალებითა და ბირჟაზე მდგომი ადამიანებით გაავსო ქართული ჯარი. 2005 წლიდან უკვე დაიწყეს აფეთქებები და ადამიანების აქა-იქ ხოცვა. თითო-ოროლა ადამიანი ჩვენი მხრიდანაც იღუპებოდა და ოსების მხრიდანაც, როგორც ნარკომანს წამალი, ჩვენს ხელისუფლებას ომი ისე უნდოდა. ერთი სიტყვით, ის, რაც არ გამოუვიდა 2004 წელს ოქრუაშვილს, 2008 წელს ამ ქვეწარმავალმა (სააკაშვილმა) დაასრულა.

_ ბატონო აკაკი, ახლა უშუალოდ 2008 წლის აგვისტოზე ვისაუბროთ: ვინ დაიწყო ომი, ვინ გახსნა ცეცხლი და რა ვითარებაში?

_ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, თორმეტის ნახევარზე ცეცხლი ცხინვალს ჩვენებმა გაუხსნეს. ამათმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ორი შემოვლითი გზაა, რომელიც გადადის როკის გვირაბისკენ, ჯავაში, საზღვართან. იმ გზით რომ წასულიყვნენ, ორი პოსტი შეხვდებოდათ 40-40 ადამიანით დაკომპლექტებული, მეორე შემოვლით გზაზე კი სულ 60 ადამიანი იდგა, არანაირი საჭიროება არ იყო ცხინვალის დაბომბვის. ამ გზებით რომ ევლოთ პირდაპირ უღელტეხილამდე მივიდოდნენ, მთებში ომი არ გაიმართებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდებოდა, იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საზღვარზე იდგნენ, დაატყვევებდნენ და არაფერიც არ მოხდებოდა, ამხელა ჯარით მიდიოდნენ, წესით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ომი უნდოდათ და იმიტომაც მოიქცნენ ასე, თუმცა მათი არაპროფესიონალიზმიც გასათვალისწინებელია.

2008 წლის 8 აგვისტოს, დილის ათის ნახევარზე ერედვში ჩამოვიდნენ დათა და ბაჩო ახალაიები, გოგი თავთუხაშვილი და «მასტერა» _ გია დგებუაძე. 300 სპეცნაზელი ჩამოიყვანეს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან. ამ დროისთვის ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ავიღეთ ერედვი, დმენისი და ასე შემდეგ. ეს 300 სპეცნაზელი სწორედ ამისთვის ჩამოიყვანეს, რომ აღებული ტერიტორიები დაეცვათ და გაემაგრებინათ, მაგრამ ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ დმენისი აღებული არ არის.

მოვიდნენ მოსახლეობასთან, იარაღი დაგვირიგეს და გვითხრეს, რომ წადით და დმენისი აიღეთო. ჯარი იქ არის, ყველანი იქ არიან და ჩვენ გაგვიშვეს სოფლის ასაღებად. წავედით, სანამ დმენისამდე მიხვალ, რამდენიმე ადგილას საკონტროლო პუნქტი უნდა გაიარო, სადაც 100-100 ადამიანი დგას, რუსებმა გაგვიშვეს.

რომ ჩავედით დმენისის ასაღებად (ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ამას აკეთებს ადგილობრივი მოსახლეობა და არა ჯარი), მოგვივიდა ბრძანება, უკან დაიხიეთო. გამოვბრუნდით. რუსებს ხმა არ ამოუღიათ, ისევ გამოგვატარეს. უკან მობრუნებულები სოფლის გამგეობასთან შევიკრიბეთ, იქ იყო პარლამენტარი გურამ ვახტანგაშვილიც, მის ჯიპში ისხდნენ ყველანი _ ახალაიები, თავთუხაშვილი, «მასტერა» და ბჭობდნენ, უკვირდათ, თუ რატომ აცხადებდნენ ტელევიზიები, რომ დმენისი აღებული იყო. ჯარი და სპეცნაზი იქვე გამზადებული იდგა და განკარგულებას ელოდებოდნენ. თუმცა განკარგულება არ იყო და ჩამოსულთაგან არავინ აპირებდა დმენისის აღებას. ხუთი საათი იქნებოდა, რუსებმა თვითმფრინავები გამოუშვეს და დაბომბვა დაიწყეს. მოკლედ, რუსებმა სამი ბომბი ჩამოაგდეს, მოვლენები ერედვში სოფლის ცენტრში ხდებოდა, სადაც 2000 ჯარისკაცი, 800 რეზერვისტი და 300 გაწვრთნილი სპეცნაზელი იდგა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ.

ამ დაბომბვას და ზოგადად იმ სურათს, რომელიც ერედვის ცენტრში ხდებოდა, ტელევიზიებიც იღებდნენ. საინტერესოა, რატომ არ აჩვენებენ იმ კადრებს, იმ წუთში იქ რაც ხდებოდა, იმ გულისამრევ კადრებს…

ყველანი იქ ვიდექით, ჯარიან-ყველაფრიანად და ამ დროს ვახტანგაშვილის ჯიპიდან გიჟებივით გადმოხტნენ ახალაიები და გაიქცნენ. ძმამ ძმა მიატოვა, დათა გორისკენ გაიქცა, ბაჩო კი ერთი გლეხის _ ბერუაშვილის ოჯახში შევარდა და შეშინებული, გაგიჟებული ეკითხებოდა, _ გორის გზა საით არისო. მათ უთხრეს, საითაც იყო. გამოვარდა, ღობეს გადაახტა და გაიქცა. ხალხი კი ამ ყველაფერს უყურებდა, უკან დაედევნა, უყვიროდა, სად გარბიხართო. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი შეშინებული თვალები, როგორიც იმ წუთას ბაჩო ახალაის ჰქონდა. ხალხი იმასაც კი ამბობდა, _ ვესროლოთ, სად გარბიან, ხომ არ გადაირივნენ, ასე როგორ გვტოვებენო?! თავთუხაშვილიც გაიქცა, «მასტერა» რომ მანქანაში უჯდებოდა, წიხლით გადმოაგდეს, ალბათ, იფიქრეს, მანქანა არ დამძიმდესო.

ამათ რომ ასეთი ამბავი ჩაიდინეს, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, პანიკა კი ასეთ დროს ძალიან საშიშია. სპეცნაზმაც და ჯარმაც უკანმოუხედავად მოკურცხლეს გორის მიმართულებით, გზადაგზა იარაღს ყრიდნენ. ამ ყველაფრის შემხედვარე მოსახლეობა საშინელ დღეში ჩავარდა. როდესაც მეთაურები ხალხის თვალწინ გარბიან, იქ უკვე ომზე საუბარი ზედმეტია.

ომი, როგორც ამბობენ, სამი და ოთხი დღე არ გაგრძელებულა, ომი 8 აგვისტოს 5 საათზე დასრულებული იყო, უბრალოდ, არტილერისტებმა იბრძოლეს კარგად და ვლადიკავკაზიდან შემომავალ რუსის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს.

_ თუ ომი მეორე დღესვე დასრულდა, აბა, ის სამი დღე რა ხდებოდა?

_ ის სამი დღე ჩრდილოკავკასიელები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ იქ დარჩენილ მოსახლეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურად არ გამოიყვანა, რათა მერე მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, _ აი, რუსებმა რა გვიქნესო, თორემ ომი რომ დაიწყებოდა, ყველამ კარგად იცოდა და ცხინვალიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო.

_ მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველი დარჩა?

_ აბსოლუტურად დაუცველი. ხო, მართლა, გენერალი ყურაშვილიც იყო ჩამოსული, ნაღმტყორცნი ჩამოვარდა და წნევით ყურაშვილი გადააგდო, ფეხი რაღაცაზე გაიკაწრა, წაიყვანეს ჰოსპიტალში და მერე აღარ გამოჩენილა.

არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ერთი შეხედვით ჯარი ცუდად აღჭურვილი არ იყო, მაგრამ ჯარისკაცები არაპროფესიონალები იყვნენ, სროლა არ იცოდნენ, 2004 წელსაც ასე იყო.

_ ოქრუაშვილმა რომ ჯარი შემოიყვანა?

_ რატომ ახსენებთ ყოველთვის მარტო ოქრუაშვილს? ეს გიჟიც იქ იყო, შენობაში შედიოდა და თავიც კი გაიტეხა ამ დებილმა, ამ ქვეწარმავალმა, ეს იძლეოდა ბრძანებებს. ის, რაც ვერ გაბედა ოქრუაშვილმა, დააგვირგვინა სააკაშვილმა. ოქრუაშვილი მაინც გორელი იყო და ვერ გარისკა, თუმცა რა ნაგავიც ერთია, მეორეც ის არის.

არ დამავიწყდეს, ამ ომში ყველაზე უარესი ის იყო, ხალხი გორისკენ რომ გარბოდა, გორის შესასვლელში დააყენეს სამხედრო პოლიცია და გაქცეულ ხალხს უკან, სოფელში აბრუნებდნენ. ნებისმიერი გეტყვით, რომ ეს ასე იყო. რუსები კი დიდი ლიახვის ხეობიდან მომავალ ხალხს გზას უხსნიდნენ და ატარებდნენ. იქ რომ რუსებს გზა გადაეკეტათ, თერთმეტი ათასი ადამიანი დაიღუპებოდა. გზა დაკეტილი კი იყო, მაგრამ მოსახლეობას უშვებდნენ და გაქცევის საშუალებას აძლევდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ამ გიჟს უნდოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცილიყო, რათა მერე მთელ მსოფლიოში ეყვირა _ აი, რუსებმა რა გვიქნესო?! მოკლედ, ბევრი რაღა ვილაპარაკო, 90-იანი წლიდან მოყოლებული ასეთი საშინელება, ასეთი ლაჩრობა არ მინახავს. ამ ქვეწარმავალმა ის გააკეთა, რაც უნდოდა!   

ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი 

1 COMMENT

  1. აქ მოყვანილ ყველა ფაქტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი შშს-ს სპეცნაზსს ასეთ რამეს მარტო შენნაირი "მგელი" თუ დასწამებს, ნამუსზე ხელი თუ აიღე და მთავრობას ადანაშაულებ, ბიჭებისგან რაღა გინდა თქვენ დასაცავად თავებს წირავდნენ, სწორედ 8 აგვისტოს წაიყვანეს მამაჩემი ომში (პოლიციის ეგიდით) აღებული სოფლების დასაცავად, ისე მოხდა რომ დაცვის ნაცვლად მოუწიათ ცეცხლის პირველ ხაზზე ომი, მთელი დღე იბრძოდნენ ალყაში მოქცეულები, როდესაც იმედი აღარ იყო და ალყის გარღვევა დააპირეს (სადაც ნახევარიც ვერ გადარჩებოდა) მოვიდა დასახმარებლად შსს-ს სპეცნაზი (შენ რო წერ გაიქცნენ და იარაღები დაყარესო სწორედ ეგ ბიჭები) 12 ბიჭი 1 ტანკით (რომელმაც მხოლოდ 1 გაისროლა) ამ 12 ბიჭმა გაასუფთავა იქაურობა უვნებლად გამოიყვანა ყველა პოლიციელი (80 კაცი) არც თვითონ დაღუპიათ ვინმე, თვითმხილველები ამბობდნენ ( მამაჩემიც) კედლებზე დაძვრებოდნენ 1 ფეხის დადგმით მეორე სართულზე ადიოდნენ, მგლებივით იბრძოდნენო. ამ ბიჭებს ვუმადლი მამაჩემი რომ დღეს ცოცხალია. შენნაირი მამულიშვილები კი მთავრობაზე გამწარებულები მათ ჩირქს ცხებთ. რომ იძახი ქართველები არ უშვებდნენ უკან აბრუნებდნენო შენი აზრით ამდენი დევნილი როგორ არის მთელ საქართველოში გაფანტული? ან რა ნამუსით ამბობ 8 ში ომი დამთავრდაო როდესაც ყველა ჩემი ახლობელი 9,10,11 და შემდგომშიც იბრძოდა ყოველი სანტიმეტრი მიწისთვის ხელჩართულ ბრზოლაში? შენ ვიცი რაც გჭირდება მაგრამ რჩევას მოგცემ "არც ახალ მთავრობას არ მოეწონება გმირებზე მასეთი საუბარი, მარტო ძველი მთავრობა აკრიტიკე და თანამდებობა ან მსგავსი გარანტირებული გაქვს…

  2. შენს სად იყავი 8 აგვისტოს შე ნაკაცარო შენ ქვისლთან რომ ქეიფობდი ტყვიავში შენ რა ხმა ამოგეგება ორი ვაჟკაცი მოაკვლევინე ოსებს როგორც იყავი რუსეტის აგენტი ისევე დარჩი იმად იმას ხომ არ აუხსნი საზოგადოებას მამაშენი სადაა დასაფლევებული საფლავიც არ აღირესტ ქრისტიანული შენ როგორ ბედავ და ლაპარაკობ ერედვზე ცირკაჩივიტ რომ გაქრი 7 აგვისტოს სოფლიდან "გენერალი კაცი" ღმერთის გეშინოდეს მოგკიტხავს ყველაფრისტვის

  3. შენ სირცხვილიტ ხმას როგორ იღებ საკუთარი მამა სახლში დატოვე და შენ სხვა სოფელში ქეიფობდი შენ ხარ პატრიოტი?შენ ხარ პირველი აგენტი რუსების და მედროვე ადამიანი,გრცხვენოდეთ ამ სიტყვების გამო!!!

  4. პატივცემული ჯურნალისტი რომ წერს ტვიტმხილველისგან ავიგე ინტევიუო ვინაა ტვიტმხილველი აკაკი ცოტნიაშვილი ? ეგ 7 აგვისტოს გაიქცა სოფლიდან რა მოხდა სინამდვილესჰი ტვალიტ არ უნახავს მაგას ცაცის და ლოლეს სული არ მოასვენებს გმირი ბიჭები რომ შეწირა ოსებს

  5. ბატონო აკაკი ტქვენი ის არ ხარტ ოსური მტავრობის არცჰევნებსჰი ოსურ საარცჰევნო კომისიასჰი რომ იყავით და 1500 ლარი გქონდატ ხელფასი? გრცხვენოდეთ

  6. არ წამიკითხავს სტატია პირველ კითხვაზე პასუხის შემდეგ. ვინ არის ეს თვითმხილველი და რას ლაპარაკობს ეს "ბატონი აკაკიი"? ასეთი სიკრეტინე გაგონილა, ყველა შეიძლება იყოს "პრფესიონალი" საქმის და პოლიტიკის მცოდნე? აქ ამბობს პატივცემული, დაურეკეს რუსეთის პერეზიდენტის ადმინისტრაციიდანო და უთხრეს ჯარი გაირვანეო… ეტყობა რომ იქ იდგა და უსმენდა, ჯერ ერთი, და მეორეც მაგის ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება ასე ვთქვათ სამშობლოზე შერვარებული და თავშეკლული ადამიანისგან უნდა ყოფილიყო: ვინ კითხავს რუსეთის პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას საქართველოს პრეზიდენტი თავის ქვეყანაში სად და რა რაოდენობის ჯარს დააყენებსო. და ამის ნაცვლად აქ აზრებს აფრქვევს თურმე რა დანაშაული მიუძღვის სააკაშვილს. კარგად ვიცით რაც ხდებოდა ამ სააკაშვილის დროს; მაგრამ მაინც რით ვერ დაიღალეთ ამდენი სისტუტცის ბეჭდვით, თან ხომ კითხულობთ კიდეც ამ ეგრეთ წოდებულ სტატიებს სანამ დაბეჭდავდეთ…; მართლა აღარაა საშველი და მერე გიკვირთ ხალხი რატომ არის ერთმანეთის ლანძღვაში მხოლოდ, და რატომ არ კეთდება არაფერი.

  7. მე მაშინ პატრულში ვმსახურობდი. დიდი გაუგებრობა იყო, ყოველ წუთას შეიძლებოდა ამოვეწყვიტეთ, როდესაც სიბნელეში ნაცნობი ხმა გავიგონე-დაწექით ახლავე და ჯგუფებად დაიშალეთო, ტან მიმართულებებს-პატარა ბილიკებს გვითიტებდა,ვიცანი ეს გოგი თათუხაშვილი იყო, მე პატრულამდე შინაგან ჯარებში ვმსახურობდი, ბატონო გოგი მე თქვენი ყოფილი სპეცრაზმელი ვარ-მეთქი-შევძახე. რომ არა მაშინ მისი გამოჩენა ალბათ ბევრიდავიღუპებოდით.

  8. ქვეწარმავალმა ის გააკეთა, რაც უნდოდა! ყველა ნიშნებით ასე იყო! ომი 8 აგვისტოს დამთავრდა! მერე ვხედავდით უფროსობისაგან უპატრონდ მიტოვებული ჯარისკაცები დათრგუნულები…. როგორ გამორბოდნენ თბილისში….. ეს იყო საშინლად გამანადგურებელი მათთვისაც და ხალხისთვისაც … ერთნაირად დამთრგუნველი … ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან, ისინი გაწირეს , დასცინეს …ასევე ჩვენ , მთელი ქვეყანა !!! ნუ ულამაზებთ აქ ვინმეს საქვეყნოდ ცნობილ ფაქტს! ის რაც ხდებოდა 8 აგვისტოს შემდეგ ეს იყო თავის გადასარჩენი და უკან გამოსასვლელი საბრძოლო ქმედებები! იმ დღესაც წაიყვანდნენ ხალხს, სპეცნაზს, რა თქმა უნდა მუხანათურად მოტყუებული და განწირული განწირული ბიჭების გადასარჩენად, ეს უკვე არ იყო ომი ეს იყო ღალატის შემდგომი უბედურების პრევენცია, რაც შეიძლებოდა გდარჩენილიყო…! ვისაც აგვისტოს ომის კაონირება სჯერა, მიეწიოს იმ ნაღალატევ ვაჟკაცებს უკან…!
    ყურაშვილი რა დიდი ხნით ყავდათ გადამალული! სად იყო ეს კაცი!!!! აქამდე არ ჩანდა…! იფიქრეთ…თავი მისთვის აქვს ადამიანს იაზროვნოს….

  9. მძიმედ არის ავად საქართველო, ავთვისებიანი პრეზიდენტი სჭირს, თავისი მეტასტაზებით! თერაპია უკვე ვეღარ უშველის, ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი!
    ქართველებო! გვეყოფა ბაქი-ბუქი! არაფრის ტრ***ი ჩვენ არა გვაქვს! 20 წელია არცერთი ომი კიარა, არცერთი ბრძოლა არ მოგვიგია! ყველა დაგვცინის: ოსი, სომეხი, აბხაზი, რუსი და ა.შ. გორიდან რომ ხოხვით გამოვრბოდით და მერე "გამარჯვება" ვიზეიმეთ, ვიღაც ტრაკიმასხარა პრეზიდენტს ცხრა წელიწადი რომ ვითმენდით, ხმა ამოგვეღება?

  10. ვინ არის საერთოდ ეს ადამიანი,რას ბოდიალობს, ასეც რომ იყოს ეს ყველაფერი უნდა კომისიას მოახსენოს, პირი კი არ უნდა დაღოს ქალივით და გაზეთიდან არ უნდა ილაპარაკონ ,გააგებინოთ მთელ რუსეთს რომ უარესები აკეთონ.ეს არის პირდაპირი ღალატი სამშობლოსი.არა კაცები ხართ.აქ არ ვლაპარაკობ ვინმეს დაცვის მიზნით,გაითავისეთ უპირველეს საქართველოს აყენებთ ზიანს და არა მიშას.ტვინი თავში იმიტომ აქვს ადამიანს რომ გაანძრიოს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მკითხველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here