Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ლაბაძე: აგვისტოს ომისდროინდელი ხელისუფლებაც და გენშტაბიც საკუთარი ხალხის წინაშე დამნაშავეა

გიორგი ლაბაძე: აგვისტოს ომისდროინდელი ხელისუფლებაც და გენშტაბიც საკუთარი ხალხის წინაშე დამნაშავეა

992

აგვისტოს ომის შემდეგ ხუთი წელიწადი გავიდა, მაგრამ დავა იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი და რა მოხდა სინამდვილეში, არ წყდება. თითქოს დაფარული არაფერია, მაგრამ ყოველთვის, როდესაც აგვისტოს ომზე ვიწყებთ საუბარს, რაღაც ახალი და თანაც დაშაულებრივი დეტალები იჩენს ხოლმე თავს. ახალმა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აგვისტოს ომის დეტალები გამოიძიოს და მტყუან-მართალი გამოააშკარაოს. ამ ამბავმა, შესაძლებელია, ქვეყნის პრეზიდენტი საბრალდებო სკამზეც კი დასვას, თუმცა ჯერ მოვლენებს ვერ დავასწრებთ, მაგრამ ფაქტი ერთია: საქართველოს უდანაშაულო მოსახლეობა ღირსია, სიმართლე იცოდეს აგვისტოს ომის შესახებ. სიმართლე უნდა იცოდეს იმ 15 ათასმა ჯარისკაცმა, რომელთაც პირად საქმეში «ცხინვალში სწავლების მონაწილეები» უწერიათ, ალბათ, არიან იმის ღირსნი, იცოდნენ _ წვრთვნებში დაკარგეს მეგობრები და თანამებრძოლები თუ ომში. «საქართველო და მსოფლიო» ომის დეტალებზე საგურამოს ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონის ასეულის შეიარაღების უფროსს, სერჟანტ გიორგი ლაბაძეს ესაუბრა, რომელიც ბაჩო ახალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, იმ ბაჩო ახალაიამ, გაგანია ომის დროს პატიმრებს წამებაში სულს რომ ხდიდა, და სიტყვები «პატრიოტი», «სამშობლო» და «ჯარისკაცი», სავარაუდოდ, საკვები ჰგონია.


_ გიორგი, როგორ დაიწყო აგვისტოს ომი, რა წინაპირობა იყო, იყავით თუ არა მზადყოფნაში?

_ მორიგე ვიყავი. 7 აგვისტოს დილით ბრძანება გასცეს და ომის დაწყება გამოაცხადეს. ჩვენ არ დავიჯერეთ, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, ყურმოკვრითაც კი არ გაგვიგია არაფერი, მაგრამ #1 ბრძანება უეჭველ ომს ნიშნავს და სხვა რა გზა გვქონდა, არ დაგვეჯერებინა! ყველანი ერთმანეთს ტელეფონებით დავუკავშირდით, ზოგი სახლში იყო წასული და ამიტომ უცბად ვერ მოხდა მობილიზაცია. ადგილიდან რომ დავიძარით, გზადაგზა ვრწმუნდებოდით ომის სინამდვილეში, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გვეგონა, რომ წვთნა იყო.

ჩაგვიყვანეს კარალეთში, იქ გენშტაბისთვის მოვამზადეთ საველე მოწყობილობები, დაგვაწყებინეს სანგრების გათხრა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი პატარ-პატარა სროლები რომ იყო, იმისთვის სჭირდებოდათ, უბრალოდ, ტერიტორიის გასამაგრებლად. საღამოს თერთმეტი საათი იყო, რომ სარდალმა მამუკა ბალახაძემ მიიღო ბრძანება არტილერიის მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე, განლაგდა კავშირგაბმულობის მანქანები და ღამის სამ საათზე დავიწყეთ ინტენსიური დაბომბვა. არტილერიიდან ცოტა ხანში სარდალს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ტყვია-წამალი დაუმთავრდათ და შველას ითხოვდნენ. თავის მხრივ, სარდალმა კეზერაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მძიმე ტექნიკით დახმარებოდნენ, რადგან მხოლოდ ავტომატების იმედად იყვნენ ჯარისკაცები დარჩენილები. ჩვენი ჯარისკაცები ტერიტორიას არ იცნობდნენ, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა მტერი ჩასაფრებული ყოფილიყო, ამიტომ ტყვია-წამალი ძალიან მალე დაუმთავრდათ.

_ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ დაზვერვას წინასწარ არ უმუშავნია?

_ რა დაზვერვას, ომის დაწყების შესახებ არაფერი ვიცოდით. მოკლედ, მძიმე ტექნიკის დახმარების გარეშე ჩვენმა ბიჭებმა ერთი სოფელი კიდევ აიღეს. გამთენიისას შეგვატყობინეს, რომ მინისტრი მოდისო. კეზერაშვილი რამდენიმე ჯიპის თანხლებით ჩამოვიდა, ჩვენც აქედან დაცვაში რამდენიმე ბიჭი წაგვიყვანეს და დავიძარით, სანამ ნიქოზამდე მივედით, გვესროლეს.

_ რამდენად მიზანშეწონილი იყო ფრონტის ხაზზე მინისტრის წასვლა, ეს შეცდომა ხომ არ იყო?

_ ალბათ, შეცდომა იყო, რადგან ის ძალიან შესამჩნევი იყო. მისი მანქანები სამიზნეს წარმოადგენდა. მისი მიზეზით, შეიძლებოდა მთელი ბატალიონი გაწყვეტილიყო. სერიოზული სროლა დაგვიწყეს, მინისტრი სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან და ჩვენ დავრჩით. სროლები არ წყებოდა, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, თუ სად ვიმყოფებოდით, მერე აღმოჩნდა, რომ ცხინვალთან ვყოფილვართ. ყველაფერი გათიშული გვქონდა, გადამცემები უცბადვე გაგვითიშეს, ჩვენს ბატალიონს ჰქონდა ამერიკული გადამცემი «ჰარისი», რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამერიკელებს რომ ჩამოუტანიათ, უკვე ვადაგასული, უფრო ზუსტად, ძველი და ამერიკაში ჩამოწერილი გადამცემები ყოფილა. რუსეთის მხარემ მისი გათიშვა მარტივად მოახერხა. ცხინვალის მისადგომებთან რომ ვიმყოფებოდით, სარდალმა მიიღო ბრძანება, რომ წინ წავსულიყავით. მოკლედ, ცხინვალში უნდა შევსულიყავით და აგვეღო. ცხინვალში შევედით, ვნახეთ, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, ვერავის დაინახავდით, საქართველოში კი, მოსახლეობამ კი არა, ჯარისკაცებმაც არ ვიცოდით, რა ხდებოდა. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდით, რომ ომი დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველაფერი გააკეთეს და მაგრად, ბოლომდე იბრძოლეს, საოცრებები ჩაიდინეს ბიჭებმა, მაგრამ რუსული ავიაციის ჩართვამ უკან დაგვხია.

_ როგორ, სარდალმა და გენშტაბმა ის არ იცოდა, რომ რუსეთი ავიაციას გამოიყენებდა?

_ როგორ გითხრათ, ახლა ვფიქრობ, რომ ჩვენებს, ალბათ, მხოლოდ პოზიციების გამაგრება სურდათ. შევიდოდნენ ცხინვალში და პოზიციებს გაიმაგრებდნენ. არ ელოდნენ, რომ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. რუსული ავიაციის ჩართვის შემდეგ სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკან დაგვეხია. მახსოვს, გენშტაბის წევრები ერთმანეთს აფრინდებოდნენ, მანქანებში რომ ჩამსხდარიყვნენ. ჯარისკაცები აზრზე არ ვიყავით, რომ უკან დახევის ბრძანება იყო გაცემული, იმის ნაცვლად, რომ ჯერ ჯარი გამოეყვანათ და შემდეგ თვითონ გადაერჩინათ თავი, პირველები გამორბოდნენ. ჯარში საშინელი დაბნეულობა დაიწყო. ბევრ მათგანს ომის თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ თეორიულად ჰქონდათ, თანაც იმას, რომ წინასწარ არაფერი ვიცოდით, ჯარისკაცები სიგიჟემდე მიჰყავდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი ვალი პირნათლად მოიხადეს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რას აკეთებდნენ ისინი და რა თავგანწირვით იბრძოდნენ.

არ ვიცი ორ სახელმწიფოს შორის რომელია მტყუან-მართალი, მაგრამ ის ვიცი, რომ მაშინდელი, ანუ აგვისტოს ომისდროინდელი ხელისუფლებაცა და გენშტაბიც საკუთარი ხალხის წინაშე დამნაშავეა. ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ მოქალაქეები, ადგილობრივი მცხოვრებლები არ დაიცვეს, ომის ხაზიდან არ გაიყვანეს, თუ ცხინვალიდან გაიყვანეს მოსახლეობა, ესე იგი ომის სამზადისი იყო და ეს მოწინააღმდეგემაც კი იცოდა, და ჩვენ კი, ჯარისკაცებიც, ისე წამოგვყარეს, რომ ბოლომდე ვერ ვიჯერებდით ომის რეალობას. წინასწარ რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის ინფორმაცია, ფსიქოლოგიურად მაინც მოვემზადებოდით და არ დაიბნეოდა ჯარი. როდესაც ომს იწყებ, დაზვერვა უნდა ჩავიდეს და თითოეული კენჭი სად დევს, ის უნდა იცოდე. ტერიტორიის არცოდნამ, ძალიან დაგვაზარალა, უამრავი ტყვია-წამალი ტყუილად დავკარგეთ. მოკლედ, ჯარი ომს მოუმზადებელი შეხვდა, რაც, ვფიქრობ, დანაშაულია. ამ ყველაფერში კი მთავარი ის დეტალია, რომ 15 ათას ჯარისკაცს, რომლებიც ომში ვიყავით, ყველას პირად საქმეში გვიწერია, რომ ცხინვალში სწავლება გავიარეთ.

_ რას ამბობთ? ესე იგი ეს ომი არ ყოფილა და ხელისუფლებამ ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და ტერიტორიები «სწავლებას» შესწირა?

_ დიახ, ასე გვიწერია. ეს, ალბათ, იმიტომ გააკეთეს, ანუ აგვისტოს ომში მონაწილეობის ნაცვლად ცხინვალში სწავლების გავლა იმიტომ ჩაგვიწერეს, რომ შეღავათებით არ გვესარგებლა. მოგეხსენებათ, ომის მონაწილეებს გარკვეული შეღავათები ეკუთვნით, სწავლების მონაწილეებს კი _ არაფერი…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. სრულად ვეთანხმები ესეთი გაურკვევლობა და არაორგანიზებულობა ალბათ ნეოლითის ნანაში არ იყო, თუ წინასწარ არ იყო ეს დაგეგმილი რა თქმაუნდა. თვით მოწინააღმდეგეს ისე გაუკვირდათ ქართული მხარის დაბნეული მოქმედება რომ მომავალი 22 საუკუნის ტაქტიკა ეგონათ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here