არაფერი რომ არ არის დაფარული ამქვეყნად, ჭეშმარიტებაა. მაგრამ დაუფარაობა არაფერს რომ არ ნიშნავს, ფაქტია. ეს დასტურდება თუნდაც გრანტიჭამია პლაგიატორის, ბიძინა კორახაშვილის, ისტორიით. ეს ამბავი ჯერ კიდევ 2005 წელს გახმაურდა, მაგრამ რად გინდა? შეაყარე კედელს ცერცვი, ამ შემთხვევაში,მეცნიერულად თუ ვიტყვით, კაფსულირებული სათესლე მასალა.
2005 წლის «ჯორჯიან ტაიმსის» 1 სექტემბრის ნომერში ჟურნალისტი სოფო ედიბერიძე წერდა: «ავთანდილ კორახაშვილმა დოკუმენტების გაყალბებით მსოფლიო ბანკიდან 50 ათასდოლარიანი გრანტი მიიღო» და იქვე იმოწმებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგეს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გივი პაპავას: «ავთანდილ კორახაშვილმა ზეპირად, ექსპერიმენტის ჩატარების გარეშე შეთხზა, შეცდომაში შეიყვანა «საქპატენტი» და უკუღმართი გზით მიიღო პატენტი ონკულირების (კაფსულირების) მეთოდზე, რომელსაც (პატენტს) არავითარი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია. აღნიშნული პატენტის მიხედვით, თესლის ონკულირება (კაფსულირება) შეუძლებელია» («50 ათასდოლარიან გრანტს პარლამენტის ვიცესპიკერი ლობირებს»).
იგივე რესპონდენტი, ოღონდ ამჯერად გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკისთვის» მიცემულ ინტერვიუში, კვლავ ხაზგასმით ადასტურებს თავის პოზიციას: «ამ პატენტის მიხედვით, კაფსულირება შეუძლებელია… კორახაშვილს არავითარი ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია და არსებული აქტები, რომლებშიც თითქოს 30 ტონამდე კაფსულირებული თესლი დამზადდა და დაითესა, ყალბია. რა გინდა, გრანტის შესრულებისთვის გამოყოფილი 50000 დოლარი კი ჩაიჯიბა» («საქართველოს რესპუბლიკა», 2008 წლის 18 აპრილი, #77-78, ოთარ ხუციშვილი, «გრანტიყლაპია ვაიმეცნიერი და გაბახებული სამართალი»).
სანამ პლაგიატობასა და გაყალბებაზე გავაგრძელებთ საუბარს, გავარკვიოთ, რას ნიშნავს თესლის კაფსულირება, ისეთი რა მნიშვნელობა აქვს, რომ მის დასანერგად სოფლის მეურნეობაში 50-ათასიან გრანტს არ იშურებენ?
ირკვევა, რომ მარცვლის, ძირითადად, ხორბლეულის კაფსულირება მიზნად ისახავს აზოტოვანი სასუქის მარცვალზე დარჩენას, რათა მცენარე თანდათანობით იკვებოს სასუქით. მეცნიერების დასკვნით, ეს მეთოდი სასუქის ეკონომიისა და მცენარის ზრდის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა.
ახლა კი _ თემა კრიმინალური.
ბატონი გივი პაპავა აცხადებს, რომ პროფესორმა კორახაშვილმა მოისურვა, ეს მეთოდი გაევრცელებინა პარკოსან მცენარეებზე და დახმარებისთვის მას, პაპავას, მიმართა. ეს უკანასკნელიც უშურველად ეხმარებოდა თესლის დამუშავებაში, ექსპერიმენტის ჩატარებაში და ა. შ. «ამ ყველაფერს ისე ვაკეთებდით, რომ მან არც იცოდა, რა და როგორ კეთდებოდა. უბრალოდ, მზა პროდუქციას ვაძლევდით. როგორც შემდგომში გაირკვა, მან ამით უსინდისოდ ისარგებლა, შექმნა ახალი პატენტი, რაშიც მხოლოდ ციფრები შეცვალა»… («საქართველოს რესპუბლიკა»).
პროფესორ კორახაშვილის მიერ გრანტის მითვისების გამო ბატონმა გივიმ პროკურატურას მიმართა.
_ აღიძრა საქმე, მაგრამ პროკურატურაში მოახერხეს და ორჯერ დახურეს საქმე, _ ამბობს იგი «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში, _ მივმართე საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გააუქმა პროკურატურის დადგენილება და ხელახალი გამოძიებისთვის უკან დაუბრუნა. ეს იყო, მე მგონი, 2007 წელს. იმის შემდეგ ველოდები, მაგრამ ამაოდ. ამასობაში უამრავი გამომძიებელი გამოიცვალა. ერთი გადასცემდა მეორეს, მეორე ვითომ იძიებდა, გავიდოდა რამდენიმე თვე და ახლა ეს გადასცემდა სხვას. ასე მეორდებოდა და ასე გაჰყავდათ დრო.
არ დარჩენილა ინსტანცია, რომლისთვისაც არ მიმიმართავს. პრეზიდენტს მივმართე ექვსჯერ.
_ შედეგი?
_ არავითარი. არავითარი გამოძახილი. მერე დავანებე ამ საქმეს თავი. ხომ არ გადავყვებოდი. ახლა კი კორახაშვილი აცხადებს, მე გამართლებული ვარო. თუ საქმე დახურეს, ვის რა უფლება აქვს, მე არ შემატყობინოს და ისე შეწყვიტოს საქმე?! თან როგორ დახურავენ საქმეს, როცა, რაზეც ვდავობ, ისეთი ჭეშმარიტებაა, ღმერთი რომ ჩამოვიდეს, კორახაშვილს ვერ გაამართლებს.
_ პატენტი ვინ გააფორმა?
_ ჩვენ ერთობლივად გავაფორმეთ პატენტი. არ უნდა შემეყვანა, მაგრამ ანგარიში გავუწიე კოლეგას, რომელიც სადოქტოროს იცავდა და სჭირდებოდა. ამ პატენტის საუძველზე მან ახალი პატენტი დაწერა ისე, რომ არავითარი ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია, ზეპირად შეთხზა, ციფრები შეცვალა. ასეთი შეცვლა, როცა ექსპერიმენტს ვერ ფლობ და გგონია, კარგს აკეთებ, საბოლოო ჯამში გამოდის სისულელე. ისეთი სისულელეებითაა სავსე მისი პატენტი, რომ მერვეკლასელსაც კი შერცხვება წაკითხვა. აბსოლუტურად უვიცი ადამიანის დაწერილია. მაგრამ შეძლო და შეცდომაში შეიყვანა საქპატენტი.
_ ამ სისულელეში კი ვიღაცამ მისცა გრანტი. ვინ?
_ არ ვიცი, ვინ მისცა.
_ თქვენ თავად თუ მოითხოვეთ თქვენი კანონიერი ექსპერიმენტის საფუძველზე გრანტი?
_ არა, არ მომითხოვია. კორახაშვილი თუ წარადგენდა, წარმოდგენა არ მქონდა. ეტყობა, მას უთხრეს, პატენტი გააკეთე და ამ პატენტის საფუძველზე მოგცემთ გრანტსო.
_ გარიგდნენ?
_ ვერ გეტყვით.
_ მიღებული 50 ათასი დოლარის გამოყენებით, მას რაღაც სამუშაო უნდა შეესრულებინა. გააკეთა რამე?
_ ვითომ გააკეთა, ვითომ ჰექტრობით დათესა კაფსულირებული თესლი, მოსავალი მიიღო თითქოს. მაგრამ, როგორც თქვენ არ დაგითესიათ, ისე მას არ დაუთესია. როგორ დათესავდა, როცა კაფსულირებული მარცვალი არ ჰქონდა?! კაფსულირება კეთდებოდა მხოლოდ ჩვენთან _ ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში და სხვაგან არსად საქართველოში.
_ ესე იგი, უხეშად რომ ვთქვათ, «მოტეხა» გრანტი და გააცურა გრანტის მიმცემები?
_ ეს გაარკვიონ იმათ, ვისაც ევალებათ.
_ და ეს მეცნიერი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა?
_ წევრ-კორესპონდენტი გახდა მაშინ, როცა წინა დღით, 2009 წლის 18 აპრილს «საქართველოს რესპუბლიკაში» რუბრიკით «ელიტარული კორუფცია» დაიბეჭდა წერილი «გრანტიყლაპია ვაიმეცნიერი და გაბახებული სასამართლო».
_ ესეც ახდენილი ზღაპარი _ ბელტიყლაპიადან გრანტიყლაპიამდე…
_ ახლა კი აკადემიის წევრობას აპირებს.
_ ფიქრობთ, რომ გახდება?
_ კი, კი. ამბობენ, რომ გამართლდაო. ვინ გაამართლა, როგორ გამართლდა?! ეს ყველაფერი ტყუილია. როგორ შეიძლება იმის გამართლება, რაც აბსურდია?! მისი აკადემიკოსად გახდომა დიდი შეურაცხყოფა იქნება თვით მეცნიერებათა აკადემიის და საერთოდ ქართული მეცნიერების.
_ პიროვნებას, რომელიც აკადემიკოსობაზე წარდგენილია, დახასიათებები და რეკომენდაციები არ უნდა მიჰყვებოდეს?
_ ალბათ, ვიღაცას სთხოვა და დააწერინა რეკომენდაცია. კი არ დააწერინა, თვითონ დაწერდა და ხელს მოაწერინებდა. მე როგორც ვიცი, გადაწყვეტილია მისი საკითხი, უნდათ, რომ აირჩიონ აკადემიის წევრად.
რა არის, იცით? ალბათ, თქვენს გაზეთში გამოქვეყნდება კრიტიკული წერილი, მაგრამ ბატონ კორახაშვილს არ აწუხებს პრესის პუბლიკაციები. რამდენჯერ დაიწერა, რა არ უწოდეს, მაგრამ ვითომც არაფერი _ წყლიდან ყოველთვის მშრალი ამოდის, რადგან ამ პუბლიკაციებს არავითარი რეაქცია არ მოსდევს. ვიღაცები, მათ შორის, მეცნიერებათა აკადემიაში, მხარს უჭერენ და ავრცელებენ ხმას, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. როგორაა ტყუილი, როცა საქმე აღძრული?!
ყოველკვირეულ «ქრონიკაში» (#8, 03.03.2013 წელი) ამ თემას განავრცობს აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი მანანა ცინცაძე:
_ წლების განმავლობაში უამრავჯერ შემოვიდა საქართველოში «მილენიუმის» პროგრამით გრანტი, მაგრამ მის განხორციელებას მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანებს ავალებდნენ… კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ არჩევანი სულ ერთსა და იმავეზე ჩერდებოდა. 8 და 9-ჯერ აქვთ ამ ადამიანებს თანხა აღებული. გრანტში ჩართული ადამიანები ბენდუქიძის მფლობელობაში გადასული, აგრარულ უნივერსიტეტში ჩარჩენილი თანამშრომლები არიან». ქალბატონი მანანა ასეთთა შორის პირველს ბიძინა კოროხაშვილს ასახელებს.
და ამის შემდეგ დგება ჭეშმარიტების მომენტი, ფარდა ეხდება კრიმინალს, გნებავთ, კორუფციას, რომლის არსი ბანალურ ფულის «მოტეხვაში» გამოიხატება.
რესპონდენტი დაბეჯითებით ამბობს: «ვერ დაასახელებენ და ვერ მაჩვენებენ გრანტით განვითარებულ ერთ ობიექტსაც… არც ერთი დარგი ამ დაფინანსების შემდგომ არ განვითარებულა. ფული აითვისეს, შეჭამეს და დაასრულეს საქმე. იქ, სადაც რეალურად 500 ლარი იყო დასახარჯი, დახარჯულია 100 ლარი და ა.შ.»
დაბოლოს: «ახლა ფულის გასათეთრებლად ამ ხალხს შორს წასვლა აღარ დასჭირდება, რადგან ასეთ საგრანტო პირობებს აქვე, სოფელ კრწანისში, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის საცდელ სადგურთან აკეთებენ, რომელიც, როგორც აგრარული უნივერსიტეტის საკუთრება, ხელში აქვს ჩაგდებული ბენდუქიძეს».
სერიოზული ბრალდებაა.
კრიმინალიც აქაა, ეტყობა, დაბუდებული, და პროკურატურამაც ფხა უნდა გამოიღოს, გამოიძიოს, როგორც «ტეხავენ» გრანტების ფულს მეცნიერებად წოდებული და ბენდუქიძის ზურგს ამოფარებული გრანტიხვეტიები.
თუ აქაც კოაბიტაციას ვაპირებთ სააკაშვილისეული კორუფციის ნარჩენებთან?
ჰარმონიზაციას?
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე