გასულ კვირას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჯვაროსნულმა ლაშქრობამ შინაგან საქმეთა მინისტრზე ფართო რეზონანსი გამოიწვია. საბაბი იმდენად პრიმიტიული იყო, რომ თითქმის «გასაოცარი დემოკრატიის» შეგრძნება გააჩინა. საიას მძღოლსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერიან თელიას, შორის შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, როცა მძღოლმა საავარიო სიტუაცია შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს მსუბუქი სიმთვრალე დაუდგინდა, დამნაშავე მაინც თელია აღმოჩნდა, რომელმაც, საიას წევრების მტკიცებით, მძღოლს ანთებული სიგარეტი ესროლა.
ბოდიში, მაგრამ სანდრო გირგვლიანი ანთებული სიგარეტით მოკლეს წინა ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსნებმა? ან იქნებ სულ სიგარეტის ნამწვებით ჩაცხრილეს მანქანაში ვაზაგაშვილი და ხუბულოვი? ბუტა რობაქიძეს იღლიაში ანთებული სიგარეტი მოხვდა? თუ მეხსიერება დავკარგეთ ერთბაშად და აღარ გვახსოვს, როგორი «მზრუნველი» პოლიცია გვყავდა სულ რაღაც ექვსი თვის წინ? რესპუბლიკური პარტიის კადრების სამჭედლო საკუთარი ინიციატივით რომ არ გაილაშქრებდა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კადრის წინააღმდეგ, ამის შესახებ «გონივრული ეჭვი» მაშინვე გაჩნდა. თუმცა თელიამ ნარკოლოგიურ შემოწმებას თავი აარიდა, ხოლო ორიოდე დღეში საავადმყოფოში ამოყო თავი.
28 მარტს ჯერ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც დაუზუსტებელი კრუნჩხვითი სინდრომი დაუდგინდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ იგი საკუთარი სურვილით ხელვაჩაურის კლინიკა «მედინაში» გადავიდა, საიდანაც 6 აპრილს გაეწერა. რას იზამ, ყველას თავისი მექა და მედინა აქვს, მაგრამ ბათუმის კლინიკას ხელვაჩაურისა რატომ ამჯობინა, უცნობია. ასეთივე სიტუაციაში აღმოჩენილი მიხეილ სააკაშვილი ანტალიის კლინიკას არ ენდო და სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალს მიაშურა. ფათერაკიან სააკაშვილს მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ხოლო თელიას რაც შეეხება, მის ჰოსპიტალიზაციას ახალი ჭორები მოჰყვა; თითქოს იგი კლინიკაში დეტოქსიკაციის მიზნით დაწვა და, შესაბამისად, ნარკოლოგიურ შემოწმებასაც «განწმენდილი» გაივლის.
დეტოქსიკაცია დღევანდელ საქართველოში ისეთივე აქტუალურია, როგორც დენაციფიკაცია 1945 წლის გერმანიაში. ყველაზე დიდი ტოქსინი, რომელიც ყოველდღიურად წამლავს საქართველოს სახელმწიფოებრივ სხეულს, მიხეილ სააკაშვილი და მისი აწ უკვე ოპოზიციური «ნაციონალური მოძრაობაა». თუმცა არც ახალი ხელისუფლებაა ტოქსინებისგან თავისუფალი; ოღონდ მისი წარმომადგენლები (საქართველოში ყველასთვის «გულით საყვარელი» რესპუბლიკელების თამადობით) აშკარად თავს არ ამჟღავნებენ და ამ საქმისთვის საიას (და არა მარტო) იყენებენ.
მთავარი ტოქსინი _ მიხეილ სააკაშვილი ეგვიპტეში დასვენების შემდეგ, როგორც ჩანს, ისე დაიღალა, რომ ანტალიას მიაშურა და, როგორც ჭეშმარიტად ჯანსაღ ცხოვრების წესზე შეყვარებულმა ადამიანმა, ველოსიპედით სეირნობა გადაწყვიტა. ხარება დღეს ველოსიპედით იგი ტრასაზე გადავიდა და არც მეტი, არც ნაკლები, ტრაილერს შეეჯახა. უცნობია, არის თუ არა თურქეთში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მაგრამ იქ არავის მოუთხოვია, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაეტარებინათ კაცისთვის, რომელმაც მოახერხა, ველოსიპედით ტრაილერს შეჯახებოდა!
სააკაშვილმა ამ ინციდენტით კამოს რეკორდი მოხსნა, რომელსაც, თბილისში ერთადერთი ავტომობილი სწორედ ველოსიპედზე გადამჯდარს დაეჯახა. სტამბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა. ოპერაცია იმავე საავადმყოფოში ჩაუტარდა. როგორც ჩანს, მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ «ნაცები» უკვე 19 აპრილის «ისტორიული» აქციის გადადებაზეც ალაპარაკდნენ.
ამასობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ
აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.
«ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც, შესაძლოა, ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში», _ განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა განმარტა, რომ პროკურატურაში მოძიებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა. «სახეზეა მრავალი ათეული ტომი, თუმცა არის კითხვის ნიშნები, რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით. ჩემი მიზანია, გამოძიება წავიდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველოში. ეს მოიაზრებს პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი, ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას, მოქალაქეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც ჰააგაში კითხვები არსებობს», _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.
როგორც ჩანს, დეტოქსიკაცია დაწყებულა და ამ საქმეში იუსტიციის მინისტრს არც ღარიბაშვილი ჩამორჩა. ერთ დღეში მან იმდენი საკადრო ცვლილება განახორციელა, რამდენიც გასულ თვეებში არ ყოფილა. კერძოდ, შეიცვალნენ თბილისისა და სამხარეო სამმართველოების უფროსები. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ ჩიკვაიძე ალექსანდრე ჭიკაიძემ ჩაანაცვლა. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის პოსტზე გიორგი ტურიაშვილი გრიგოლ ბესელიამ შეცვალა. ძველი თბილისის პოლიციის უფროსის პოსტზე ლაშა შალვაშვილი შალვა ბედოიძემ ჩაანაცვლა, ისანი-სამგორის პოლიციას კი მუხრან ლობჟანიძის ნაცვლად ვანო პაპიაშვილი უხელმძღვანელებს.
საკადრო ცვლილებები განხორციელდა სამხარეო სამმართველოებშიც _ გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა ზაზა პეტრიაშვილი, რომელიც გოჩა ფერსაშვილმა შეცვალა. სამცხე–ჯავახეთის მთავარ სამმართველოს კი, ვახტანგ ტალახაძის ნაცვლად, რეზო მუმლაძე ჩაუდგა სათავეში. მცხეთა–მთიანეთის სამმართველოს უფროსი მიხეილ ხორგუაშვილი ივანე ზურაბაშვილმა ჩაანაცვლა.
დეტოქსიკაცია მხოლოდ პოლიციას კი არა, უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებსაც უნდა შეეხოს, თორემ თვითკმაყოფილებით აღვსილი და ნირვანაში გადავარდნილი «რესპუბლიკელები» (კრებითი სახელია და ყველა მაგნაირს გულისხმობს) ამომრჩეველს ისე აუვსებს მოთმინების ფიალას, რომ ნაცების დაანონსებული 19 აპრილი საბავშვო ბაღის დღესასწაულს დაემსგავსება.
მინისტრის მოადგილედ გამწესებული რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის მდივანი დავით ზურაბიშვილი «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე მოურიდებლად წერს: «ეს ურაპატრიოტების სასტავი არჩევნების წინ ფიქრობდა, ბიძინას რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ამერიკელების დასაბოლებლად სჭირდება, მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოვა, მერე მაგათ გაყრის და ჩვენ მოგვიყვანსო. ჰოდა, ახლა ნელ-ნელ რწმუნდებიან, რომ თურმე ასე არ ყოფილა. არადა, რომ იცოდნენ, მე თვითონ გავავრცელე ის მესიჯი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ არჩევნებამდე და ხელი არ შეეშალათ».
ეს მერამდენედ რესპუბლიკელები თავს იწონებენ იმით, რომ საზოგადოებას ატყუებენ და თვალში ნაცარს აყრიან. დეტოქსიკაციის გარდა, ამ საქმეს მართლაც არაფერი უშველის და, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მიხვდება, რომ მოტყუებულთა შორის თავადაც ივარაუდება, მანამდე შხამი იმოქმედებს და მთელ პოლიტიკურ ორგანიზმს მოედება. სიტუაცია ერთობ მარტივია: არაეროვნულ ნაცებსა და ასეთივე რესპუბლიკელებს იდეოლოგიური სხვაობა არა აქვთ. მეტიც, ახლა მათ ისე სჭირდებათ ერთმანეთი, როგორც არასდროს.
რესპებს მაშინ აქვთ ფასი, ვიდრე ხელისუფლებაში ოპოზიციის სახელით «ნაციონალური მოძრაობა» რჩება, ხოლო «ნაცებს» ყველაზე უკეთეს ხელშეუხებლობის გარანტიას მხოლოდ რესპუბლიკელები თუ შეუქმნიან. ამის ნიმუშად თელიასა და საიას შერკინების ეპიზოდიც კმარა.
სააკაშვილი სპორტულ ტრავმებს იშუშებს, პოლიციამ დეტოქსიკაცია დაიწყო, წულუკიანი პრეზიდენტის «პრეზიდენტობის შემდეგ» დაკითხვაზე ლაპარაკობს, ხოლო გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, სხვა არაერთის და პრემიერ-მინისტრ ჟვანიას საქმეები კვლავ ძიებაშია. დეტოქსიკაცია ორგვარია: ნარკოლოგიური და კოსმეტოლოგიური. ჩვენს მდგომარეობაში კოსმეტიკურ დეტოქსიკაციას შედეგი რომ არ მოჰყვება, ცხადზე უცხადესია.
ამერიკულ ფილმში «დეტოქსიკაცია» გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ჯეკ მალოი შემზარავი მკვლელობის შემსწრე გახდება. ჟვანიას მკვლელობის შემსწრე მისი ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, იგი შოკის მდგომარეობიდან ვერ გამოდის და სმას მიჰყოფს ხელს. დეტოქსიკაციის კურსის გასავლელად კი მისნაირი პოლიციელების დახურულ კლინიკას მიმართავს.
თუმცა მალოი და მისი კოლეგები განკურნებას ვერ ახერხებენ, რადგან კლინიკაში მხეცური მკვლელობების სერია იწყება. აგენტ მალოის მკვლელის ხელწერა ეცნობა…
თქვენ?
არ გეცნობათ?
თამარ დავითულიანი