როგორც გაგვიგია, ერის ხმა თავის მნიშვნელობით ღვთის ხმას უტოლდება. მართალია, ღმერთთან შედარება ცოტათი გადამეტებულად მეჩვენება. ღმერთი უცდომელია, ხოლო ერი ხანდახან ცდება, თანაც, საბედისწეროდ, მაგრამ დედამიწაზე, მატერიალურ სამყაროში, ერთ მუშტად შეკრული ერი უძლეველი ძალაა, რომელსაც ყველა «ძლიერი ამა სოფლისა» უფრთხის! ამიტომაც «ძლიერთა» კასტა არაფერს იშურებს, რომ ხალხი ნახირად გადააქციოს, რათა მან _ ბნელეთმა «ნათელ მომავალში» მასები ადვილად მართოს, ანუ შავზე ათქმევინოს თეთრი და პირიქით. ჩვენი გაზეთი დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს მისი უდიდებულესობა ხალხი შავ და თეთრ ფერებს; ამიტომაც შევადგინეთ ეს კითხვარი, რომელიც დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ცხოვრება, შეიცვლება, და მისი დახმარებით მკითხველს მივაწოდებთ ერის შემადგენელთა _ ადამიანების ხმას.
1. რას ელოდებით პრემიერ–მინისტრ ივანიშვილისგან და მისი მთავრობისგან?
2. კმაყოფილი ხართ თუ არა მთავრობის შემადგენლობით?
3. რომელი მინისტრი იწვევს თქვენში ნდობას ან უნდობლობას?
4. როგორ აფასებთ აშშ–ის ელჩის და, საერთოდ, ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსადმი?
5. როგორი უნდა იყოს საქართველო–რუსეთის ურთიერთობა?
6. გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა მოაწესრიგებს ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან?
7. ვისთან ურთიერთობა უნდა იყოს საქართველოსთვის პრიორიტეტული: თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, აშშ–თან, ევროკავშირთან?
8. რა იცით ნატოს და ევროკავშირის შესახებ?
რევაზ სოსელია,
57 წლის, ინჟინერი, უმუშევარი:
1. პირველ რიგში ველოდები სამართლიანობის აღდგენას, ქვეყნის სტაბილურობას, პერსპექტივაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ისეთი ქვეყნის აშენებას, სადაც ადამიანს არ ექნება შიში ავადმყოფობასთან, დასაქმებასთან, სწავლასთან დაკავშირებით.
2. მეტ-ნაკლებად, შეიძლებოდა უკეთესი მთავრობის ჩამოყალიბებაც.
3. განსაკუთრებული სიმპათია გამაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მიმართაც. უკეთესები მინდა იყვნენ რეინტეგრაციის, დიასპორის საქმეთა, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრები.
4. ძალიან უარყოფითად. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, ფაქტობრივად, ამერიკის ელჩი იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით ეს შეიმჩნეოდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მიმდინარე პროცესებში და, ალბათ, არც შემთხვევითი იყო, რომ მაინც და მაინც იმ დღეს იყო ელჩის შეხვედრა პარლამენტში, ხოლო საელჩომ კენჭისყრიდან 20 წუთში შეაფასა იმ დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.
5. როგორც შეეფერება ორ მართლმადიდებელ ქვეყანას, ორ მეზობელს მეტ-ნაკლებად ორივეს ინტერესების გათვალისწინებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, თუ გვინდა აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება, დღემდე არსებული მიდგომები რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რისი კონტურებიც უკვე იკვეთება.
6. თუ გონივრულად მიუდგებიან საკითხის გადაწყვეტას, ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან ამ ორი ერის ურთიერთობას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია.
7. პირველ რიგში, ურთიერთობა მოწესრიგებული უნდა გვქონდეს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეა. მავანს ეს არ უნდა თუ აღიზიანებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი ამ სივრცით.
8. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ვიცით ის, რომ ნატო იყო ვარშავის ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების საპირწონე. დღეს ეს გაერთიანება არ არის. ნატო კი გვევლინება ერთგვარ სადამსჯელო ორგანოდ, რომელიც რომელიმე ქვეყნის საქმეებში ჩარევის შემდეგ კიდევ უფრო აღრმავებს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით; რაც შეეხება ევროკავშირს, ის სჭირდებათ ევროპის ისეთ მონსტრებს, როგორიც გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა, რათა გავლენა იქონიონ მთელ ევროპაზე.
გენადი ცქვიტაია, დევნილი სოხუმიდან,
56 წლის, ისტორიკოსი, ლექტორი:
1. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მცდელობას, სამართლიანობის აღდგენას.
2. ნაწილობრივ, არიან სუსტი მინისტრებიც.
3. ნდობას იწვევენ: იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის მინისტრები; უნდობლობას _ განათლების, კულტურის მინისტრები.
4. საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ ამერიკის დიქტატისგან არ გათავისუფლდება. უნდა შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი.
5. რუსეთთან ურთიერთობები უნდა იყოს კეთილმეზობლური.
6. რუსეთთან თუ აღდგა კეთილმეზობლური და ღირსეული ურთიერთობა, მაშინ შესაძლებელია, დაიძრას ყინული.
7. საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ურთიერთობის დალაგება ახლო მეზობლებთან: თურქეთთან, ირანთან და რუსეთთან, ასევე შესაძლებელია ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთანაც.
8. ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ვიცი ის, რომ ეს მსოფლიოზე ბატონობის შენარჩუნების დემონური ძალები ახლო მომავალში შეიძლება დასუსტდნენ ან დაიშალონ კიდეც.
თორნიკე ხუბუა,
55 წლის, საშუალო განათლებით, უმუშევარი:
1. ველოდები კეთილდღეობას. ეს მთავრობა იქნება გარდამავალი ეტაპი ქვეყნისთვის და ბოლოს და ბოლოს საქართველო დაემსგავსება ქვეყანას.
2. იდეალური მთავრობა არ არსებობს.
3. დღევანდელი თავდაცვის მინისტრი დადებითი პიროვნებაა. კახი კალაძეც კარგია, ჯანდაცვის მინისტრი კი მასთან დაახლოებულმა პიროვნებამ ასე დამიხასიათა: კარგი მინისტრი იქნება, თუ ვინმეს არ «შეასკდა» (გულისხმობდა მის პრინციპულობას). ეს დადებით მხარედ მიმაჩნია. ცალკე თემაა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გამოცდა უნდა ჩააბაროს. კერძოდ, რაც მოხდა ბათუმში, არ უნდა მიჩქმალოს. უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს განათლების მინისტრის მიმართ. კულტურის მინისტრი დიდ გაუგებრობაში მოხვედრილი პატიოსანი კაცია. ინტეგრაციის მინისტრი კარიკატურული პიროვნებაა.
4. ელჩი ქვეყანაში უნდა იყოს ელჩი და არა «ნამესტნიკი».
5. ურთულესი საკითხია, რომლის ნორმალურ გადაწყვეტაზეც დამოკიდებულია საქართველოს გამოსვლა კრიზისიდან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური.
6. კონფლიქტის ზონებში ურთიერთობის დარეგულირების რეცეპტი საქართველოს მთავრობას არ აქვს.
7. ხელაღებით პრიორიტეტული დამოკიდებულება ქვეყნისთვის სასარგებლო არ უნდა იყოს. ყველასთან სპეციფიკური მიდგომაა საჭირო.
8. ქვეყნისთვის დემოკრატიზაციისა და ცხოვრების დონის ხელშემწყობი უნდა იყოს და არა სხვისი ფუნქციის შემსრულებელი, რაც ძალიან ცუდია.
მზიური კავარაცხელია,
62 წლის, ბუღალტერი, უმუშევარი:
1. ივანიშვილისგან ველოდებით სამართლიანობის აღდგენას, ჩვენი კულტურისა და ადათ-წესების გადარჩენას.
2. ახალი მთავრობა გასაწმენდია ძველი მთავრობის ჩინოვნიკებისგან.
3. ნდობას იწვევს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და განათლების მინისტრები.
4. რომ არა ამერიკის ელჩი, საქართველოში არჩევნების პერიოდში კიდევ უარესი არეულობა იქნებოდა «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან. მის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ.
5. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა იყოს მეზობლური და ურთიერთმეგობრული.
6. მჯერა, ახლანდელი მთავრობა ურთიერთობას დაარეგულირებს აფხაზებთანაც და ოსებთანაც.
7. საქართველოსთვის ყველა ქვეყანა უნდა იყოს პრიორიტეტული.
8. ნატო და ევროკავშირი ვიღაცებისთვის კარგია, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოსთვის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენენ.
მოამზადა
ლადო ქირიამ, ზუგდიდი
გამოყრუებული მოხუცები რო შეგირჩევიათ გამოკითხვის დროს სხვა პასუხს ელოდით? თუ ვინმემ დაგავალათ ეს თაობა გამოგეკითხათ? კომუნისტის გაზრდილს რაც არ უნდა უმტკიცო თეთრი თეთრიაო ის მაინც გეტყვის არა ეგ შავიაო. და კიდევ ბოლო 200 წლის მანძილზე როდის დაამტკიცა რუსეთმა საქართველოს მეგობრობა? რაც შეეხება მთავრობას მეტ ნაკლებად უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ ადრეა ყველაფრის დანახვა და აწონ დაწონა. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
ახალგაზრდებმა ჯერ ზრდილობა ისწავლეთ,მერე უფროსის პატივისცემა,მერე საქართველოს ისტორია,თქვენ ქვეყანას ამერიკაში ,ან ამერიკელებისაგან ნაშოვნ ფულზე ცვლით.იმ გამოყრუებულმა მოხუცებმა მხრებით მოგიტანათ ეს ქვეყანა,შეგინარჩუნათ ადათ-წესები და თქვენ უნდა შეძლოთ უკეთესი,თავისუფალი ქვეყნის აშენება სიკეთით და საქმით,და არა ბოღმით და სხვისი კარნახით.
ნიკა ერთს გეტყვი გაახილე თვალები და გაიაზრე ,რომ ერთ დღეს შენც იქცევი მოხუცად.დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნება ვინმემ ,რომ აუგად მოგიხსენიოს.კიდევ ერთი კითხვა ნინა რა გაგიკეთა სასიკეთო ამერიკამ? სიმართლის აღდგენის ნიშნებს მე ვერ ვხედავ. კალაძე ბუნების მტრობის მინისტრია. რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება საქართველოს ტერიტორიების საკითხი და ეს არის რეალობა. ისე ვატყობ ,რომ ნაციონალებს შერჩებათ ცოდვები და რომ გარიგების პოლიტიკა ამას მიგრძნობს გული…