Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბართლომე: კმარა ბოკერია, კმარა სააკაშვილი, კმარა უგულავა, კმარა რამიშვილი… კმარა თუთბერიძე!...

მამა ბართლომე: კმარა ბოკერია, კმარა სააკაშვილი, კმარა უგულავა, კმარა რამიშვილი… კმარა თუთბერიძე! მორჩა თქვენი დრო საქართველოში!

1987

თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაიშვილი) აქტიურად მონაწილეობდა «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო ღონისძიებებში, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ სასულიერო პირებს მოსთხოვა, თავი აერიდებინათ პოლიტიკური დატვირთვის მქონე აქციებისთვის. რა რეაქცია მოჰყვა მის ამგვარ ქმედებას? გაკიცხეს, დასაჯეს, შეუნდეს, თუ _ არც არაფერი?

_ ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი და ღირებულება არის თავისუფლება. ღმერთმა იგი თავისუფალი ნებით შექმნა, მისი თავისუფლების შეზღუდვა არავის შეუძლია. თავისუფლებაა, როცა შენ საკუთარი თავის უფალი ხარ. ადამიანი სრულად არის დამორჩილებული გონს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერ იყო დამორჩილებული კეთილ გონს, კეთილ თავს ვერ იყო დამორჩილებული.

«ქართული ოცნების» მოძრაობაში ჩემი ჩართვის მიზეზი და მიზანი (მე, როგორც ერთ ადამიანს, მოქალაქეს ამ ქვეყნისას და ამავე დროს სასულიერო პირს, ასე მიმაჩნდა) ჩემი სამშობლოს გვერდით ყოფნა იყო.

მამა ბართლომე დარწმუნებულია, რომ «ქართული ოცნება» ეროვნული მოძრაობაა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ერის წინამძღოლი ადამიანი და, ღმერთისა და ხალხის ნებით, გამოიყვანა საქართველო უმძიმესი მდგომარეობიდან. მისთვის სამშობლო უფრო მაღალი მცნებაა, ვიდრე სახელმწიფო. ეს ყველაფერი ლოგიკურ ჯაჭვად ისეა შეკრული, რომ არ მოვერიდე და ვკითხე:

_ მამაო ბართლომე, ეს რწმენა, რომელიც თქვენს გონშია ჩამჯდარი, რომელმაც გამოგიყვანათ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ნუთუ უცხო იყო იმათთვის, ვინც ზემოთ თქმული მითითება გასცეს?!

_ მე ვერავის სულში ვერ ვიხედები, არავის შინაგანის განჭვრეტა არ შემიძლია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ, თუმცაღა არის ადამიანების ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური მოღვაწეობა იყო გამართლებული, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. 2003 წელს ვიყავი მომხრე ცვლილებების, მაგრამ ამ ცვლილებებმა, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გაამართლა.

ჩვენ, სასულიერო პირები, აქტიურად დავდიოდით ციხეებში.

_ ნუგეშის საცემად პატიმართა?

_ არა მარტო ამისთვის. ყველას კარგად ახსოვს პრეზიდენტის მოწოდება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია დაემატა, რომელიც მან საჯაროდ გამოიტანა: მე ვარ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მომხრე. რაც, ალბათ, მიუღებელია ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანისთვის, რომელიც სამართლიანობის მომხრე უნდა იყოს და არა სიმკაცრის.

_ «ქმნა მართლისა სამართლისა»…

_ დიახ, ასე. სიტუაცია, რომელიც ციხეებში ჩამოყალიბდა, რთულზე ურთულესი იყო. სრულიად გაუსაძლისი. პატრიარქი ამაზე ხშირად ლაპარაკობდა თავის ქადაგებებში.

მესმის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს: უმჯობესია, ადამიანმა სასჯელი ამ ქვეყანაზე მოიხადოს, ვიდრე საიმქვეყნოდ წაყვეს. საეკლესიო წესისა და კანონის თანახმად, ადამიანს ერთი ცოდვისთვის, ერთი დანაშაულისთვის ერთი სასჯელი ედება. ჩვენს პატიმრებს ამას რომ არ აკმარებდნენ, ვიცით: აწვალებდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ღირსებას ულახავდნენ. ყოველგვარი უმსგავსობა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ციხეში.

გარკვეული ხნის შემდეგ შევწყვიტე ციხეებში სიარული.

_ ალბათ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა?

_ ამიტომაც.

_ მამაო, მოგეკითხათ იმის გამო, რომ დაარღვიეთ საპატრიარქოს მითითება?

_ არა, არა. ვერ ვიტყვი, რომ მომეკითხა. თუმცა იყო გარკვეული რჩევა სასულიერო პირთა ერთი ნაწილისგან, არ მევლო მიტინგებზე. მაგრამ იმას, რაც ხდებოდა, მიტინგს ვერ დავარქმევ. ვფიქრობ, რომ ეს იყო საერთო-სახალხო, ეროვნული შეკრებები, რომლებზეც მისვლა ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა…

არა მგონია, რომ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მოეკითხა ჩემთვის. ვფიქრობ, ისინიც კი, ვინც აკრძალვას ემხრობოდნენ, შინაგანად ჩემსავით იყვნენ განწყობილნი.

_ ყოფილი ხელისუფლება რომ ცდილობდა ეკლესიის ორად გახლეჩას, ცნობილია. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ.

_ რაც შემეძლება, გიპასუხებთ.

_ არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გახლეჩის რეკომენდაცია, გნებავთ, მითითება, აშშის სპეცსამახურებიდან მოდიოდა, დაკვეთა იყო, დავალება. ატყობდით ამის მსგავსს?

_ რაც ხელისუფლებაში მოვიდა «ნაციონალური მოძრაობა», მის მერე ვატყობდი და ვგრძნობდი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ განსაკუთრებული და გამიზნული ზემოქმედება მიმდინარეობდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკა, ევროპა თუ რუსეთი იქნება ამ წნეხის შემოქმედი.

არ ვიტყვი, რომ ზემოქმედება უშუალოდ პატრიარქზე მიმდინარეობს, მაგრამ ქვედა რგოლებზე გავლენის მოპოვებას ყველა სახელმწიფო ესწრაფვის, რათა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს რელიგიური გარემო. სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ რელიგიური გარემო არ არის პოლიტიკური მრწამსის ჩამოყალიბების ასპარეზი, არამედ შინაგანი მრწამსის გამოხატულებაა. თუმცაღა «თავისუფლების ინსტიტუტი» სხვას არაფერს აკეთებს ქვეყანაში, თუ არა დისკრედიტაციას მართლმადიდებლური ეკლესიისა. ამასთან, ძალიან კარგად თანამშრომლობენ სხვადასხვა კონფესიასთან და, უწინარეს ყოვლისა, უდიდეს რელიგიურ კონფესიებთან.

ბუნებრივია, რომ ასეთი საქმიანობა მართული იყო და სერიოზული თანხებიც იყო ჩადებული.

_ თანხები კი ციდან მანანასავით არ ცვივა. დამფინანსებელი გავლენიანი ძალებია, გავლენიანი და მდიდარი.

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  იყო და რჩება ქართული ეკლესიის ერთგული. ის, უხვად დაფინანსებული მზაკვრული გეგმა ჩაიშალა. ეკლესია ცოცხალი სხეულია, მას ძალით ვერ დაანგრევ, ამიტომ ცდილობდნენ ნეობოლშევიკები შიგნიდან მის გატეხვას ისეთი სასულიერო პირების მეშვეობით, რომლებიც ოცდაათ ვერცხლად გაიყიდებოდნენ; ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა სასულიერო პირთა გარკვეულ ჯგუფზე ზემოქმედება, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობა გარკვეული სახის მოსყიდვებით.

_ მოსყიდვების ერთი ფორმა, რომელმაც მრევლზე უკიდურესად უარყოფითად იმოქმედა, იყო ძვირადღირებული ავტომანქანებით დასაჩუქრებათქვენ ხომ არ მიგიღიათ ასეთი ავტომობილი?

_ არა. ეს ძვირფასი ავტომანქანები დაურიგდათ მღვდელმთავრებს.

_ თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი?

_ ადამიანი, რომელიც ზნეობრივ სიმაღლეზე დგას, მას გინდა ძვირფასი მანქანა აჩუქე, გინდა ოქროს კოშკი დაუდგი, იგი არ გაიყიდება. თუ ვინმეს ამის გამო გადაცდომა ჰქონდა, გაიყიდა, ეს მისი ზნეობრივი და შინაგანი პრობლემაა. ზნეობრივი ადამიანისთვის საჩუქარი არ უნდა გახდეს მისი მონური მორჩილების განმსაზღვრელი.

_ მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს. კერძოდ, ეკლესიას უნდა დაბრუნებოდა თავისი ქონება, რაც კონკორდატითაა დადასტურებული (მუხლი მე-11) და რაც ეკლესიის საკუთარი შესაძლებლობით მომძლავრებისა და ფეხზე დადგომის საფუძველი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ეს არ სურდა ყოფილ ხელისუფლებას, მან უარყო ეს შეთანხმება, სამაგიეროდ მანქანების დარიგების მსგავსი ღონისძიებებით შეეცადა ეკლესიის სახელმწიფოზე დამოკიდებულების  განმტკიცებას.

ეკონომიკურად სუსტი ეკლესია და «გულმოწყალე» სახელმწიფო, რომელზეც სრულად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული «მადლიერების გრძნობით გამსჭვალული» მართლმადიდებლობის სულიერი ტაძარი.

გიფიქრიათ ამაზე?

_ ეკლესიას სახელმწიფოს დახმარება არ დასჭირდება იმ შემთხვევაში, როცა თავისი  ქონება დაუბრუნდება. ეკლესიას სახელმწიფოს ვალი არ აქვს. სახელმწიფოს აქვს ეკლესიის ვალი _ უამრავი ჩამორთმეული მიწა, შენობა-ნაგებობა, ძვირფასეულობა _ ხატების შემკობილობა და ა. შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სახელმწიფო მოვალე არის, ეკლესიისთვის გარკვეული, არ ვიტყოდი დახმარება, უფრო კომპენსაცია გაეწია. ავტომანქანა თუ სხვა რამ, ვფიქრობ, ერთგვარი სატყუარა იყო, რათა მთავრობაზე ეკლესიის დამოკიდებულების შთაბეჭდილება შექმნილიყო და გამჯდარიყო ეკლესიის შიგნითაც და საზოგადოებრივ აზრშიც.

თქვენი გაზეთის მკითხველების ყურადღებას მივაქცევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: ქართული ეკლესიის გვერდით არ დგანან მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პატრიარქის საიუბილეო დღეებზე დასასწრებად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა შეიხ-ულ-ისლამი კავკასიისა და პატრიარქს ორდენი გადასცა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. უდიდესი პატივისცემის გამოხატულებასთან ერთად ეს იყო, ჩემი აზრით, პასუხი ბინძური ძალების ყოვლად უსინდისო მცდელობაზე _ ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ მუსლიმი(!) და მართლმადიდებელი ქართველები საქართველოს შიგნით.

_ რა ძალები იდგნენ ამ პროვოკაციის უკან, გაშიფრა ამ დღეებში აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, შეეცადა, ჯერ აზერბაიჯანელი კოლეგა დაერწმუნებინა, შემდეგ _ ქართველი საზოგადოებრიობა, რომ მოსკოვში მოღვაწე მარნეულელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამზადებს მეზობელი ქვეყნის კანონიერი მთავრობის დამხობას. ქვეტექსტი _ როგორც მე მომიწყოო «მოსკოვის აგენტმა» ქართველმა მილიარდერმა. ეს ერთი. მეორე, არანაკლებ მზაკვრული ჩანაფიქრი _ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის განხეთქილების ჩამოგდება.

მიიღო კიდეც პასუხი ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელებისგან. ამის წინაპირობა კი შეიხის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო.

_ თქვენც გსმენიათ, ალბათ, რომ აშშის სპეცსამახურების სპეციალისტებმა დაამონტაჟეს საქართველოს საპატრიარქოში და ყველა ეპარქიაში მიყურადების თანამედროვე აპარატურა. ამ ოპერაციის კოდური სახელმწოდება იყო «აღსარება», მკრეხელური ცინიზმის მწვერვალი.

_ ამის შესახებ არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რად უნდა ამას ამერიკის სპეცსამსახურები, როცა მიშა სააკაშვილის მთავრობის დროს უსმენდნენ ყველას, ისმენდნენ ყველაფერს. ეს იყო პათოლოგია, დაავადება, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და დამკვიდრდა. ვერ დავაბრალებ ამას ვერც ერთ სპეცსამსახურს, ეს ჩვენი ყოფილების ავადმყოფური აკვიატება იყო.

_ თქვენს დასკვნას ადასტურებს ისიც, რომ ოპერაცია «აღსარებას» ხელმძღვანელობდა ერთი პატარა კაცი, შსს მაღალჩინოსანი, კუდის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული სოსო თოფურიძე, რომელიც თავის დროზე სადისტური სიამოვნებით აცხადებდა, ამდენი და ამდენი კაცი დავაპატიმრეთო.

_ ძალიან პატარა ადამიანები იყვნენ. როცა მთავრობაში იყვნენ, ძალიან ომახიანად ყვიროდნენ, დახტოდნენ, ცუდი სიტყვა უნდა ვიხმარო, გორილასავით დახტოდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მათ ბევრი თავიანთი წვრილფეხობა დატოვეს ეკლესიაში, რადგან გარკვეული ურთიერთობები ჰქონდათ გაბმული მათთან. მაგრამ ეს ადამიანები ისტორიისთვის, ალბათ, არაფერს წარმოადგენენ და ისტორია მათ დაივიწყებს ისევე, როგორც ბევრი სხვა დაუვიწყებია.

_ მამაო ბართლომე, მითხარით, ამდენი ცოდვის ჩამდენთ მიეტევებათ?

_ ცოდვის მისატევებლად საჭიროა, რომ ადამიანმა აღიაროს ჩადენილი ცოდვა. აღიარებას უნდა მოჰყვეს სასჯელი, გარკვეული ეპიტემია, რაც ნიშნავს, რომ იგი სინანულის ქვეშ იმყოფება. სინანულს უნდა მოჰყვეს გამოსწორება ადამიანის ქცევის, მისი სულიერი მდგომარეობის.

თუ სასულიერო პირი, გინდაც ერის ადამიანი, გინდაც მთავრობის წევრი არ აღიარებს თავის დანაშაულს და სასჯელს არ მოიხდის, მიტევებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიტევებამდე ბევრი გზაა გასავლელი: აღიარება, სინანული, სასჯელის მოხდა, შენდობა ღმერთისგან. «მამაო ჩვენოში» წერია: მიუტევე, რომ მოგეტევოს. ჩვენ მივუტევებთ, როგორც ადამიანები, მაგრამ ღმერთი?

_ საოცარია პირდაპირ უსაზღვროება გაუნათლებლობისა. ახლახან რამდენიმე ჟურნალისტთან შეხვედრის დროს სააკაშვილი ალაპარაკდა «მოტევებაზე»: ერთხელ, ორჯერ _ მოტევება და მოტევებაო. ესმის კი მიტევების არსი ადამიანს, რომელსაც ეს სიტყვაც კი სწორად ვერ წარმოუთქვამს?

_ მიშა სააკაშვილის გამონათქვამების სიბრიყვე საყოველთაოდ ცნობილია. როცა მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის წინ ხალხს დაჰპირდა, რომ ჩვენ დავბრუნდებითო აფხაზეთში, იქვე დაამატა, _ ეს სიტყვები არასოდეს ასეთი დარწმუნებით და ასეთი თავდაჯერებით არ წარმომითქვამსო.

მაშინ იქ ერთმა ადამიანმა თქვა: ღმერთმა ქნას!

წარმოუდგენლად მკრეხელური იყო ამ სიტყვებზე სააკაშვილის რეაქცია: ღმერთმა კი არა, ჩვენ უნდა ვქნათო. ესე იგი, ღმერთს იგნორირება გაუკეთა, შეურაცხყო იგი…

და ღმერთმაც მას ანალოგიურად მიაგო.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დააკნინა ეროვნული იდეა, კერძოდ ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი უმეცრება. არა მგონია, რომ დედა ღვთისმშობელმა აპატიოს მას ეს.

უბედურებაა, რომ სააკაშვილს ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი ბაძავს. იმ დღეს პირველ არხზე მოვუსმინე დიალოგს დავით პაიჭაძესთან და ისიც ანალოგიურად მსჯელობს.

_ ნუ გიკვირთ, მამაო ბართლომე, ჩვენი გაზეთის უკვე ნახსენებ პუბლიკაციაში _ «ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი». და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება», ნათქვამი იყო, რომ «თავისუფლების ინსტიტუტის» რეგულარულ თავდასხმებს ქართულ ეკლესიასა და მის უმაღლეს იერარქებზე, ისევე, როგორც ამერიკიდან მიღებული დირექტივების ქართული რეალობისთვის ადაპტირებას განახორციელებდა ერთი ჯგუფი გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილის, გიგი თევზაძის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, მამუკა ახვლედიანის, გივი თარგამაძის, ამირან მესხელის, აკაკი მინაშვილისა და გიორგი მელაძის შემადგენლობით. მათ შორის იყო თქვენ მიერ ნახსენები დავით პაიჭაძეც, ამიტომ მისგან ასეთი მკრეხელობა ბუნებრივია და მოსალოდნელი.

_ არც მიკვირს. მაგრამ მინდა, ამ ადამიანს მოვუწოდო, ცოტა გონს მოეგოს. ღმერთის სახელის ამაოდ ხსენებას თავი დაანებოს, თორემ უფალი მას ისე თუ შეეხო, როგორც საჭიროა, მაშინ მიხვდება ღმერთის ძალას და დაავიწყდება, სეკულარიზაცია რაც არის.

_ «კმარას» ფუძემდებლები

_ მართლა კმარა გიგა ბოკერია, მიშა სააკაშვილი, გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი და მათნაირები. თუგინდ _ თეა თუთბერიძე. კმარა, მორჩა მათი დრო საქართველოში.

_ საერთოსახალხო მოძრაობა ახსენეთ თქვენ, ეროვნული მოძრაობა. ახლა რა დრო გვიდგას? ხომ არ დამუხრუჭდა ხალხის აღზევებული ძალა?

_ ამ მოძრაობას არა აქვს მინელების დრო და საშუალება, არც უფლება.

არ მინდა, ქვეყნის სათავეში მოსული პრემიერ-მინისტრი ვაქო, მაგრამ ნამდვილად მჯერა ამ ადამიანის დაუღალაობის, შრომის, ენერგიის, რომელსაც იგი საქართველოს, თავის სამშობლოს მოახმარს. მაგრამ ქებასაც ვერ გავურბივარ, რადგან ვხედავ მის გულანთებულობას. გახსოვთ, რამდენს ლაპარაკობდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებსო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ერთხელ არ შემცდარა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და შედეგიც მივიღეთ.

ვფიქრობ, რომ ახლაც ყველაფერი გათვლილი აქვს.

დღეს საქართველოში, ასე თუ ისე, ორხელისუფლებიანობა სუფევს. ერთ მხარეს მთავრობაა, მეორე მხარეს _ მიშა სააკაშვილი და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც პრემიერმინისტრის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს. ამ საბოტაჟის სუნი ყველგან მცემს. მესმის, რომ საშუალო და დაბალ რგოლებში მომუშავე ჩინოვნიკების სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია, მაგრამ იმათაც უნდა ესმოდეთ, რომ ასევე დაუშვებელია საბოტაჟში მონაწილეობა. თუ ადამიანები მათ პასუხს არ მოსთხოვენ, ღმერთი ხომ მოსთხოვს!

_ სამართალი დუმს?

_ ყველაზე ძლიერი საბოტაჟი სუფევს კუბლაშვილის სასამართლოში. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს სასამართლო. ეს არის ვიწრო პარტიული ჯგუფის სასამართლო, რომელსაც სათავეში უდგას კოტე კუბლაშვილი, ეს ადამიანი დასცინის ქართულ საზოგადოებას, დასცინის ქართველ ხალხს.

მინდა შევახსენო, რომ წლების წინ მას მძიმე დაავადება აქვს გადატანილი, რომელმაც შეიძლება კვლავ თავი იჩინოს, თუ იგი კვლავ ასე მოიქცევა: იგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის და ცდილობს, პარტიული ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის, გადაარჩინოს.

ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო, კოტე კუბლაშვილმა ბევრი გადაიტანა თავისი ჯანმრთელობის გამო. მინდა ვუთხრა, როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, თავი მაღლა აწიოს და ღმერთს შეხედოს!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძემ

P.S წინასაარჩევნო პერიოდში მამა ბართლომე ხშირად ჩადიოდა ჭორვილაში, ხვდებოდა ქალბატონ ციცინოს _ ბიძინა ივანიშვილის 90 წლის დედას. ვეკითხები, როგორი იყო დედის დამოკიდებულება ქვეყნის ბედტეხილის სათავეში მდგარი შვილის რისკიანი საქმიანობის მიმართ?

_ ყოველთვის შემართებული განწყობილება ჰქონდა. ყოველთვის სჯეროდა თავისი შვილის სამშობლოსთვის გამარჯვების.

მხნედ იყო და მისთვის ჩვეულ იუმორს არ ივიწყებდა. წინასაარჩევნო დღეებში «ნაციონალებმა» ჭორვილელთა ღობეებს, მათ შორის, ივანიშვილების ღობესაც, წრეში ჩაწერილი ხუთიანები მიახატეს.

შეშფოთდნენ მეზობლები და თავიანთი შეწუხება ქალბატონ ციცინოს გაუზიარეს. იმან კი:

_ რაო, თქვენს ღობეებს რომ დააჩხაპნეს და ჩემსას ლამაზად რომ მიაწერეს, ამან შეგაწუხათ?

იუმორში გაუტარა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here