Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის სადალსკი და პუტინის დეპარდიე

სააკაშვილის სადალსკი და პუტინის დეპარდიე

738

ერთი ხანობა მიხეილ სააკაშვილი გატაცებული იყო უცხოელი გამვლელგამომვლელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ჩვენ გვაგიჟებდა: თქვენ კი იძახით, გიჟიაო (იგივე გაიმეორა გასულ კვირადღეს პირველი არხის კორესპონდენტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში), მაგრამ ნახეთ, რა სახელოვანი ადამიანები ილტვიან საქართველოსკენ, როგორ ესწრაფვიან საქართველოს მოქალაქეობასო.

ქართველები კი უცხოეთში გარბოდნენ _ ლეგალურად, არალეგალურად,  ლუკმა პურის საშოვნელად.

ჰოდა, ერთხელაც გადააგდო ანკესი მიშამ და დაიჭირა «ოქროს თევზი» _ ცოტა ყალბი, ცოტა «ზაპოისტი», მაგრამ _ მსახიობი სტანისლავ სადალსკი, რომელიც თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას ეძგერა რომელიღაც ჩვენს  ავიატორს, წაართვა ქუდი, დაიმხო თავზე და ასე დადიოდა იმ დღეებში «სინათლის ქალაქ» თბილისში.

რაც გინდა, მთხოვე და ბედსა გწევო, უთხრა მიშამ «ოქროს თევზს». საქართველოს მოქალაქეობაო, უპასუხა იმან და დაიწყო სახალხო ბედნიერების ხანა იმ მომენტიდან.

მართალია, «ოქროს თევზის» ზღაპარში პირიქით ხდება, ჯადოსნური თევზია ინიციატორი, მაგრამ სააკაშვილის ეპოქაში ხომ ზღაპარი სინამდვილედ ვაქციეთ და ამიტომაც იყო ყველაფერი თავდაყირა.

მიშამ მისცა პასპორტი… «თოფმა _ მგელი, მგელმა _ თხა», თხამ ვენახი შეგვიჭამა, სადალსკიმ კი სვა და სვა ქართული ღვინო, რომლის შეტანა რუსეთში აკრძალული იყო.

არ გამოფხიზლებულა!

აკი გითხარით, «ზაპოიში» იყო.

მას მერე არც სადალსკი გამოჩენილა საქართველოში, არც ვინმეს გახსენებია, თორემ მანამდე ხომ მის შემოქმედებაზე მზე და მთვარე ამოგვდიოდა. და თუ ვინმეს ახსოვს მაინც და მაინც, ალბათ, იმ ავიატორს, ვისაც ქუდი წაართვა და აღარ დაუბრუნა. ამიტომ, თუ სადმე ყივჩაღივით გადაგეყარათ ეს ძალადქართველი მოქალაქე, ქუდი წინასწარ მოიხადეთ. ქუდს მაინც შეინარჩუნებთ, სახელს თუ არა.

მოქალაქეობას აღარაფერი ეშველება.

მოქალაქეობის წართმევა სააკაშვილმა იცის.

მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტების პრიორიტეტია, დავიწყება _ ხალხის. მაგრამ, არა მგონია, ასე სწრაფად (საერთოდაც) დაივიწყონ რუსებმა ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე: ვლადიმერ პუტინმა წლევანდელი წლის პირველ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას #1, ჟერარ კსავიე მარსელ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

დეპარდიე მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი არტისტია. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ორჯერ მიენიჭა «სეზარის» პრემია (ფილმები «უკანასკნელი მეტრო» და «სირანო დე ბერჟერაკი»), «ოქროს გლობუსის» ლაურეატია, «ოსკარის» პრემიის ნომინანტი. მის მიერ განსახიერებულ როლებს კომედიურ, ისტორიულ, სათავგადასავლო ფილმებში, თეატრების კლასიკურ რეპერტუარსა და აბსურდისტულ ექსპერიმენტებში თვლა არ აქვს. მას, როგორც შემოქმედს, მილიონობით ადამიანი იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის (გარდა საფრანგეთის მოქალაქეებისა), რომ იგი ამასთანავე მეურნე კაციც არის _ რესტორატორი, მეღვინე. მისი მოღვაწეობის ამ მხარესთან იყო დაკავშირებული «დეპარდიე-გეიტი», როცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გადასახადებისგან ვითომდა თავის არიდების ჟერარისეულ მცდელობას «საცოდავი» უწოდა. ამან შეურაცხყო დეპარდიე და ძალიან მწარე საპასუხო წერილი გაუგზავნა ეროს: «ვინ ხართ თქვენ, ასე რომ გამკიცხეთ, გეკითხებით, თქვენ, ერო?.. არავინ მომიკლავს, უღირსი საქციელი არ ჩამიდენია, 45 წლის განმავლობაში 145 მილიონი ევროს გადასახადი მაქვს გადახდილი, სამუშაო ადგილით უზრუნველვყოფ 80 ადამიანს. ნუ შემიცოდებთ, ნუ შემაქებთ, მაგრამ ვერ მივიღებ სიტყვას «საცოდავი».

მისი პროტესტი სწორედ პიროვნული ღირსების დაცვასთან იყო დაკავშირებული და არა საგადასახადო კანონდარღვევის გამო თავის მართლებასთან.

რუსეთმა გაუღო კარი, მობრძანდიო. მაშინ დეპარდიემ რუსეთელებს უთხრა: «მე თაყვანსა ვცემ თქვენს ქვეყანას _ რუსეთს, თქვენს ხალხს, თქვენს ისტორიას, თქვენს მწერლებს. მომწონს თქვენთან ფილმების კეთება, რომლებშიც ვმუშაობ ისეთ აქტიორებთან, როგორიც ვლადიმირ მაშკოვია. თაყვანსა ვცემ თქვენს კულტურას, თქვენეულ აზროვნებას. მამაჩემი თავის დროზე იყო კომუნისტი და უსმენდა მოსკოვის რადიოს! ესეც ჩემი კულტურის ნაწილია!.. რუსეთი ის ქვეყანა არ არის, სადაც პრემიერ-მინისტრი თავისი ქვეყნის მოქალაქეს უწოდებს საცოდავ ადამიანს».

როცა დეპარდიე ამბობს, რუსეთში ფილმების გადაღება მოსწონს, უნდა ვერწმუნოთ, რადგან ფილმების მკეთებლების მიმართ იგი ძალიან კრიტიკულია: «უწინ პროდუსერებს კულტურა ჰქონდათ. დღეს აღარ აქვთ, მათ გადაღება ფულში ერევათ… გამქირავებლები სულ უფრო მეტ ფულს აკეთებენ და გვაიძულებენ, ვიაროთ საძაგელ კინოთეატრებში… თანამედროვე კინოთეატრები გულისამრევია».

სიტყვას ჯიბეში არ ეძებს საფრანგეთის ხელმძღვანელების დახასიათებისას, მაღალჩინოსანთა პატივისცემით დაავადებული არ არის. თუ, ერთის მხრივ, მოსწონს სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მის შემცვლელზე შეუძლია თქვას: «ორიოდეჯერ თუ მყავს ნანახი. ჩემი ყურადღება ვერ მიიპყრო. მასში შემართებული არაფერია. იგი ჩვეულებრივი მამიკოს ბიჭია».

ამიტომ, როცა რუსეთის პრეზიდენტზე ლაპარაკობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ გულწრფელია: «მე ბევრი რუსი მეგობარი მყავს, მაგალითად, პუტინი. ამის გამო ყველა ინტელექტუალი მიბრაზდება, ისინი ფიქრობენ, რომ იგი მკვლელია. რუსეთის სახელმწიფოს სათავეში სწორედ ისეთი კაცია საჭირო, როგორიც პუტინია, რუსული ტემპერამენტით. პუტინი ცდილობს, ადამიანებს ღირსება დაუბრუნოს».

არმაზ სანებლიძე

P.S. ხოლო რას ლაპარაკობს საქართველოს მოქალაქე სადალსკი სააკაშვილზე ან ლაპარაკობს თუ არა საერთოდ, არავინ უწყისდა არც არავის აინტერესებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here