Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან, ანუ მეორე გზა საქართველოსთვის

როგორ გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან, ანუ მეორე გზა საქართველოსთვის

533

«დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არაფერს იტყვის»–  უინსტონ ჩერჩილი


«დიპლომატია ძალის «გახედვნის» ხელოვნებაა»– ჰენრი კისინჯერი

 

«ერთადერთისადაც საქართველო გაერთიანდებანატო და ევროკავშირია»– მაია ფანჯიკიძე

რა აქვთ საერთო, დიპლომატის გადმოსახედიდან, უინსტონ ჩერჩილისა და ჰენრი კისინჯერის «ფრთიან» ფრაზებს მაია ფანჯიკიძის განცხადებასთან?.. არც არაფერი! 

ერთის მხრივ, რიგითი ობივატელისთვის ასეთი კატეგორიულობით, რიხიანად და  თვითდაჯერებულად  ნათქვამი ეს განცხადება, შესაძლოა, მოსაწონი და მისაღები იყოს, მაგრამ, როგორც ვიცით, მედალს ორი მხარე აქვს და  ქალბატონი მინისტრის განცხადების სწორედ ის, მეორე მხარეა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რაზეც ქვემოთ მოკლედ გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ აზრს.

ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის საგარეოპოლიტიკურ კურსს  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, არაფერი მეტ-ნაკლებად პოზიტიური არ მოხდება. ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომელიც კარგად არ არის  გარკვეული პოლიტიკაში, ეს ნაკლებადაა გასაგები და მისაღები, მაგრამ რატომ ვერ ხვდებიან ამას ქართველი პოლიტიკოსები, ვერ გეტყვით. ეჭვი მაქვს, რომ მათ უფრო არ უნდათ მიხვდნენ, ხელს არ აძლევთ და იმიტომ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მათთვის პრიორიტეტულია არა საქართველოს ინტერესები, არამედ გარკვეული  ვალდებულებები და კონიუნქტურა, კერძოდ, სხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნის _ აშშ-ის ინტერესები, რომლებიც კავკასიის რეგიონში და კერძოდ, საქართველოში წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი მეზობელი რუსეთის ინტერესებთან რეგიონში.

 რა ლოგიკით უნდა ხელმძღვანელობდე ან ვის გაუგია მსგავსი რამ პოლიტიკაში, რომ, ერთის მხრივ, რუსეთისგან ურთიერთობების დათბობას და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდე საქართველოს მიმართ, მეორე მხრივ კი,  ნატოში გაწევრიანებას საქართველოსთვის ერთადერთ გზად აცხადებდე (იხ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადება)?! ეს ან უცოდინარობაა და ინფანტილიზმი, ან კიდევ რუსულ-ქართული ურთიერთობების განზრახ მორიგ ჩიხში შეყვანის მცდელობა… ორივე შემთხვევაში ეს ავნებს საქართველოს!

თუ რეალურად გვაქვს სურვილი, რომ ოდესღაც მაინც გაჩნდეს დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, უკეთეს შემთხვევაში, ან თუნდაც ქართველების, ოსებისა და აფხაზების მეტი ინტეგრაციის პერსპექტივა მაინც, უნდა შეიცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი!

პირველ რიგში, საქართველომ   უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთისთვის ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე, ეს უნდა იყოს კეთილი ნების ჟესტი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისამართით, ცალმხრივი ნაბიჯი და არა ვაჭრობის საგანი, ანუ- Дашь на Дашь, როგორც ამბობენ რუსები.

ნუ ვიქნებით ინფანტილურები და ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები – რა თქმა უნდა, ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს არ დაავალდებულებს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა ეს ჟესტი ერთმნიშვნელოვნად რუსეთისთვის გახდება იმის მანიშნებელი, რომ საქართველო რეალურად დაინტერესებულია პოზიტიური ცვლილებებით კავკასიის რეგიონში და არ სურს გააგრძელოს რუსეთთან დაპირისპირებისა და კონფრონტაციის პოლიტიკა.

ამის შემდეგ უკვე რუსეთიც გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, რაც პირველ ეტაპზე გამოიხატება მეტ ინტეგრაციაში რუსეთთან, რუსეთის ბაზრის დაბრუნებაში, ცხადია, აღდგება და გამარტივდება მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და ასე შემდეგ.

მეორე ეტაპზე კი ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყოველგვარი ბრავირებისა და სიჩქარის გარეშე, უნდა მოისინჯოს ნიადაგი დაკარგული ტერიტორიების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის საქართველოში. ცხადია, საწყის ეტაპზე ეს იქნება, პირველ რიგში, ეკონომიკური დაინტერესება, საერთო პროექტები და სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, შემდგომ პერიოდში კი, შესაძლოა,  გამოჩნდეს ის ნანატრი შუქი გვირაბის ბოლოს, რომელსაც, აგერ უკვე 20 წელზე მეტია, ასე უშედეგოდ ელოდება ქართველი ხალხი.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here