Home რუბრიკები პოლიტიკა 46 პრეტენდენტი, რომლებსაც არა მხოლოდ აქვთ სურვილი, განასახიერონ “მესამე გზა” ბიპოლარული “ქოც-ნაცური”...

46 პრეტენდენტი, რომლებსაც არა მხოლოდ აქვთ სურვილი, განასახიერონ “მესამე გზა” ბიპოლარული “ქოც-ნაცური” მოდელის ფარგლებს გარეთ, არამედ შანსიც _ 1 პროცენტზე მეტი ხმა დააგროვონ

1193
პრეზიდენტის სასახლე

8 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება დაასრულა _ მას 46 მსურველმა მიმართა. მათ დიდ ნაწილს არავინ იცნობს, სანათესაოს, სამეზობლოს და, შესაძლოა, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პერსონალის გარდა, თუმცა არის რამდენიმე პრეტენდენტი, რომლებსაც არა მხოლოდ აქვს სურვილი, განასახიეროსმესამე გზაბიპოლარულიქოცნაცურიმოდელის ფარგლებს გარეთ, არამედ შანსიც _ 1%-ზე მეტი ხმა დააგროვოს.

სოციოლოგიური კვლევების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არა მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”, არამედ მთელ პოლიტიკურ ელიტას და მის მიერ შექმნილ სისტემას უარყოფენ. მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესის მიმართ კარგად აღწერს ახალი ტერმინი “დეგაჟიზმი”. ის პირველად ტუნისის რევოლუციის პერიოდში გაჟღერდა, ორიოდე წლის წინათ კი ფრანგი პოლიტოლოგების ლექსიკონში დამკვიდრდა, მაშინ, როდესაც ისინი საუბრობდნენ ნდობის დაცემაზე ერთდროულად ყველა ძველი პარტიისა და ზოგადად პოლიტიკური ელიტის მიმართ. დეგაჟისტური მიდგომა ნაკლებად გულისხმობს ერთგულებას ახალი იდეებისა და ლიდერის მიმართ, მთავარი მისთვის ძველის განადგურებაა. შესაბამისად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დემონტაჟის მძლავრი ინსტრუმენტი. ამ კონტექსტში ძალზე საინტერესოა საუბარი როგორც “არაბულ გაზაფხულზე”, ისე საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც “ახალი სახის” _ ემანუელ მაკრონის გამარჯვება მნიშვნელოვანწილად სწორედ ძველი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ სიძულვილმა და უნდობლობამ უზრუნველყო.

ქართველი დეგაჟისტები ამაოდ ეძებენ თავის “მაკრონს”; მეტიც, ეპოტინებიან ალტერნატივის ნებისმიერ ილუზიას, თუმცა ამაოდ. ამ არჩევნებში ისინი საწადელს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ არსებითად არაფერი შეიცვლება, რადგან გადასვლამ საპარლამენტო მოდელზე ქვეყნის ფორმალურ მეთაურს რეალური უფლებები თითქმის არ დაუტოვა, თუმცა მაინც სურს, კარგი არჩევანი გააკეთოს. ეს არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ზნეობრივი პოზიციაა.

კორუფცია, ძალმომრეობა, ნეპოტიზმი, სიცრუე, სიცრუე, სიცრუე… ალბათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ძველი რეჟიმი შედარებით ხშირად ძალადობდა, ხოლო ახალი “უფრო ნეპოტისტურია”. მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ორივე შირმის როლს ასრულებდა კლეპტოკრატიული ელიტისთვის, რომელიც ქვეყანას ძარცვავს. ამომრჩეველთა ნაწილი ამას აცნობიერებს ან “გრძნობს” და გამოსავალს ეძებს.

2012 წლიდან ივანიშვილის პარტია საზოგადოებას ძველი რეჟიმის რესტავრაციით აშინებს და არჩევნებს ამის ხარჯზე იგებს, მაგრამ როდესაც 2017-ში, “ნაცმოძრაობისორ ნაწილად დაშლისა და დასუსტების შემდეგ, ელექტორატს საფრთხის შეგრძნება ნაწილობრივ გაუნეიტრალდა, რადგან სააკაშვილი და მისი გარემოცვა ფრიად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ის მყისიერად დაფიქრდა ალტერნატივაზე. ალეკო ელისაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 17,48% მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშგასაწევი რესურსები არ გააჩნდა, კამპანია ცუდად დაგეგმა, ხოლო “მიუმხრობელი” ამომრჩევლების ნაწილმა ის სერიოზულად არ აღიქვა. ეს გახდა გამაფრთხილებელი სიგნალი, როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე “ნაცმოძრაობისთვის”, რადგან იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მათ შექმნეს, “მესამე ზედმეტია” (“ევროპული საქართველოსფორმალური დამოუკიდებლობა ამ კონტექსტში არაფერს ნიშნავს).

ალეკო ელისაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა (შესაძლოა, ურჩიეს კიდეც), რომ “მდინარეში მეორედ ვერ შევა”, რამდენიმე ორაზროვანი ანონსის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და აქცენტს, სავარაუდოდ, საკუთარი მოძრაობის შექმნაზე და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებაზე გადაიტანს.

მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ასევე ჰქონდა “დამოუკიდებელი ამომრჩევლების” წინამძღოლობის პრეტენზია, გაცლა ამჯობინა და, ალბათ, ჩათვალა, რომ მისთვის გაცილებით კომფორტული იქნება, 2020 წელს საზოგადო მოღვაწის ამპლუაში შეხვდეს, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარყო დავით უსუფაშვილის წინადადება ალიანსის თაობაზე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი კენჭს მაინც იყრის. მაგრამ, ვინაიდან საზოგადოება მას ძველი პოლიტიკური ელიტის ნაწილად აღიქვამს (მნიშვნელობა არ აქვს, როდის იყო ხელისუფლებაში და როდის _ ოპოზიციაში), ნაკლებად სავარაუდოა, მისმა კანდიდატურამ ის ამომრჩეველი დააინტერესოს, რომელიც ახალ ალტერნატივას ეძებს. თანაც კონსერვატორები მას ლიბერალად აღიქვამენ და, როგორც წესი, ვერ იტანენ, ხოლო თანმიმდევრული ლიბერალები ვერ პატიობენ იმ კონფორმიზმს, რომელსაც მმართველ კოალიციაში ყოფნის პერიოდში ავლენდა. ულტრალიბერალებს კი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოსწონთ, მისი “ნიშა” მცირეა, თუმცა კარგად ათვისებული და უსუფაშვილი იქ, სავარაუდოდ, ვერ შეაღწევს. საბოლოო ჯამში, უსუფაშვილი შეიძლება მხოლოდ იმ ამომრჩევლების იმედად დარჩეს, რომელნიც ვერ იტანენოცნებასდანაცმოძრაობას”, ხოლო ალტერნატიულ კანდიდატებს შორისნაკლებ ბოროტებადუსუფაშვილს ჩათვლიან და საარჩევნო უბანზე მისვლა არ დაეზარებათ.

დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის წასვლა რესპუბლიკური პარტიიდან, ალბათ, გამართლებული იყო, რადგან მათი თანაპარტიელები ვერ გასცდნენ იმ როლს, რომელსაც პარტია შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში ასრულებდა. ივანიშვილს ყოველთვის მოსწონდა უსუფაშვილი და მას შეეძლო ეს ფაქტორი სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ ამ ეტაპზე ის თითქოსგაიყინაიმნახევრადოპოზიციურმდგომარეობაში, რომელშიც რესპუბლიკელები მმართველი კოალიციის დაშლის პერიოდში იმყოფებოდნენ _ ერთი მხრივ, აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, “ამუხრუჭებდნენ”, რადგან რიგ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. რამდენად ზნეობრივი იყო ეს პოზიცია ცალკე საუბრის თემაა, თუმცა მთავარი, ალბათ, ისაა, რომ უსუფაშვილი დღემდე მასთან ასოცირდება. რესპუბლიკური პარტიისგან “დამოუკიდებლობის პერიოდში” ის ფრიად ინერტულად მოქმედებდა და ვერ მოახერხა ამ საიმიჯო, საბოლოო ჯამში კი, პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტა.

საერთოდ, ინერტულობის პრობლემა აქტუალურია “მეორე ლიგის” ყველა პოლიტიკოსისთვის (ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით), მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მატერიალური რესურსების დეფიციტის დაძლევა სწორედ აქტიურობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. გიორგი ანდრიაძე ერთერთი იშვიათი კანდიდატია, რომელიცძველ პოლიტიკასთანარ ასოცირდება და პოტენციურად შეუძლია კონსერვატორი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინოს, მაგრამ მან გვიან დაიწყო კამპანია, რომელიც ამ ეტაპზე ფრიად შაბლონურია. ეს ანდრიაძისთვის პოლიტიკაში შემოსვლის პირველი მცდელობა როდია და ის ყოველთვის ერთი და იმავე ალგორითმის მიხედვით მოქმედებს _ ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან, განაცხადიპაუზაუკან დახევა, ახალი განაცხადიისევ პაუზა ძნელი სათქმელია, რა არის ამ “გაუბედაობის” მთავარი მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ ის ანდრიაძეს ხელს უშლის.

თითქმის იმავე ელექტორალურ კლასტერებთან მუშაობს კახა კუკავაც, რომელიც უსუფაშვილისა და კიდევ ერთი პრეტენდენტის _ შალვა ნათელაშვილის მსგავსად, აღიქმება, როგორც “ძველის” (ეპოქის, პოლიტიკის, ეთიკის) შემადგენელი ნაწილი. ვინაიდან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კუკავა რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს შემოგვთავაზებს. ნაკლებად სავარაუდოა, მან თბილისის მერის არჩევნებში მიღებული შედეგი დიდად გააუმჯობესოს (5005 ხმა _ 1,25%). მსგავსი რამ შეიძლება ითქვას თემურ შაშიაშვილზეც. დეგაჟისტმა ამომრჩევლებმა მასში შეიძლება დაინახოს ყველაფერი, სიახლისა და ძველი სისტემის ალტერნატივის გარდა. ამ მხრივ პირობითი კონსერვატორების ბანაკში სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო უღიმღამო აღმოჩნდეს, ვიდრე, პირობით, ლიბერალებთან.

დეგაჟიზმის კონტექსტში მკაცრ იდეოლოგიურ დაყოფას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ემანუელ მაკრონი უპრობლემოდ “პარავდა” იდეებსა და ლოზუნგებს, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ოპონენტებს და ამომრჩეველი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მისი მთავარი დაკვეთა განახლება იყო (ის, რომ მაკრონმა ბევრ მათგანს იმედები გაუცრუა, ცალკე საუბრის თემაა). ელექტორატმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება დაყოფას კონსერვატორებად და ლიბერალებად, თუ მას პრინციპულ სიახლეს შესთავაზებენ, თუმცა ამისთვის “მეორე ლიგის” პოლიტიკოსებს ზოგ შემთხვევაში ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით, ზოგჯერ კი _ გამბედაობა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური რეაქციის ეშინიათ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სისტემასთან დაპირისპირება, უბრალოდ, არ უღირს. დღევანდელ საქართველოში ეს საშიშია, სიცოცხლისთვის თუ არა, სოციალური მდგომარეობისთვის მაინც. ერთი მხრივ, ბევრ ამომრჩეველს ესმის, რომ დეგრადირებული, კორუმპირებული ელიტა ალტერნატივას ვერ შექმნის და დიდად არც საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებს ენდობა, მაგრამ მაინც ელოდება, რომ საიდანღაც (საიდან?) მოვა ვიღაც (ვინ?) და ყველაფერი თავისით დალაგდება. ბეკეტის პიესის გმირების მსგავსად, ისინი ელოდებიან გოდოს, რომლის გამოჩენა მათ მოლოდინს, მეტიც, ქართული დემოკრატიის არსებობას აზრს და მნიშვნელობას შესძენს, მაგრამ გოდო არ ჩანს და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ოდესმე შემოვა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here