Home რუბრიკები ისტორია რატკო მლადიჩი: სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი მხოლოდ თავისუფლებაა

რატკო მლადიჩი: სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი მხოლოდ თავისუფლებაა

«ფაქტობრივად არ არსებობს სერბი, რომელიც გულგრილი იყოს გენერალ რატკო მლადიჩის საქმის მიმართ. ჰააგის ტრიბუნალი პრინციპული და მიუკერძოებელი რომ იყოს ყველა ეჭვმიტანილის მიმართ, ასევე, ყველა მხარის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხედრო კონფლიქტში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, გენერალი რატკო მლადიჩი, დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ბრალდების წამოყენებისთანავე თავად წავიდოდა ჰააგაში. გენერალ რატკო მლადიჩის საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, იგი იყო სერბეთის რესპუბლიკის არმიის სამხედრო მეთაური. მეორე მხრივ, რადგან არმია სახელმწიფოსა და ხალხის რაინდულ ძალას წარმოადგენს, იგი ასევე არის სერბეთის რესპუბლიკის, ყველა სერბის რაინდული ღირსების განსახიერება». _ წერს პოლკოვნიკი, დოქტორი რადე რაიჩი. ეს ციტატა ამოღებულია ცნობილი სერბი ჟურნალისტის ლილიან ბულატოვიჩის წიგნიდან, რომლის ფრაგმენტების თარგმანს დღეს გთავაზობთ.

ლილიან ბულატოვიჩი რატკო მლადიჩს პირველად 1994 წლის 8 იანვარს, სერბეთის რესპუბლიკის ხან-პისეკში შეხვდა, როცა იტალიელი ჟურნალისტებისთვის გენერლის ინტერვიუს ორგანიზება ითავა.

როცა რატკო მლადიჩს ჰკითხეს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ომის მოტივების თაობაზე, მან თქვა: «ვოცნებობ იმაზე, რომ ომი აღარასოდეს იყოს. რომ თვით სიტყვა «ომიც» კი აკრძალონ ადამიანებმა… რომ იარაღი სათამაშოების სახითაც არ გამოუშვან, _ და განაგრძო, _ ომმა ბალკანეთში დაარღვია მშვიდობა მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიო ამ პოლიციელმა მოიგონა და სხვადასხვა მაქინაციების მეშვეობით შექმნა გაერთიანებული გერმანია ევროპის გასაკონტროლებლად, რათა გაერთიანებული ევროპა მისი გიგანტური კონკუენტი არ გამხდარიყო. შეიძლებოდა გვეთქვა, ახლომხედველმა აშშ საგარეო პოლიტიკამ ვერ გათვალა ევროპაში იარაღის გამოყენების საშიშროების შედეგები, რადგან მანამდე ამერიკელებს ჯუნგლებში მცხოვრები ტომების წინააღმდეგ ომის გამოცდილება გააჩნდათ მხოლოდ. ამასთან, ცნობილია, რომ გერმანია დაინტერესებულია, გახდეს იარაღის ქარხანა ამ რეგიონისთვის. აქვეა ისლამიც, რომელსაც, მართალია, არ აქვს ატომური ბომბი, მაგრამ გააჩნია დემოგრაფიული ბომბი და საკუთარი ურყევი მიზნები. ბალკანეთი კი სასწაული მიწაა. ფრინველებიც კი სამხრეთისკენ ბალკანეთის გავლით მიფრინავენ».

მლადიჩის ინტერვიუ იტალიელ ჟურნალისტებს

1994 წლის მაისი

«კორიერე დელა სერას» კორესპონდენტი ეკითხება რატკო მლადიჩს:

_ რომელ სტადიაშია დღეს ომი?

_ ეს უნდა ვკითხოთ «ომის ღმერთებს», მაგრამ ისინი არ არიან არც ყოფილ იუგოსლავიის სივრცეში, არც ყოფილ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. ისინი არიან სადღაც იქ, ძლიერ ქვეყნებში, რომელთაც იცავს ნატოს ავიაცია ისევე, როგორც ბალკანეთში მათი დავალებების შემსრულებლებს. მე მინდა, რომ ამ მომენტიდანვე შეწყდეს ომი და საერთოდ აღარ იყოს, სანამ ადამიანები ცხოვრობენ პლანეტაზე სახელად დედამიწა.

აქეთ რომ მოემგზავრებოდით, ნახავდით პატარა სასაფლაოს. ახალი საფლავებია, უდანაშაულო ადამიანების საფლავები. ცოტა ზემოთ წინა ომის ძეგლი დგას. 2400 სერბია აქ მოკლული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სერბული მონასტერიც, მის წინ კი _ წყლის წისქვილი, რომელშიც გერმანელმა ფაშისტებმა სერბი ბავშვები დაწვეს. სადილის შემდეგ გაემგზავრებით ფრონტის წინა ხაზზე, ნახავთ სოფლებს, რომლებიც მუსლიმებმა გადაწვეს, გაესაუბრებით ადამიანებს, რომლებმაც მოახერხეს ამ სოფლებიდან გამოქცევა. მათი ნათესავები და ახლობლები კი დაიღუპნენ და იმ საფლავებში წვანან.

მაპატიეთ, რომ სასაფლაოზე გელაპარაკებით, მაგრამ მინდა, რომ ბუნების სილამაზის აღწერის გარდა, რომელიც ჩვენს გარშემოა, ამ ორ სასაფლაოს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ, რომ იტალიის საზოგადოებრიობისთვის ცნობილი არ არის არც ერთი სერბი, რომელიც ხორვატი ან მუსლიმური ძალების მიერ არის მოკლული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ «ომის ღმერთებმა» ჯერ კიდევ ვერ განახორციელეს თავიანთი მიზნები, ვერც იუგოსლავიის დანაწევრება მოახერხეს, ვერც სერბი ხალხით დასახლებული ტერიტორიების, ოპტიმისტი ვერ ვიქნები. მათ ხელშია ომის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ რადგან ჯერ კიდევ არ გადაუტანიათ ნატოს ბაზები ტერიტორიებიდან, სადაც მათი არსებობა არასასურველია, სხვა, უფრო იაფ ტერიტორიებზე აღმოსავლეთით, სავარაუდოა, რომ ისინი კიდევ შექმნიან ახალ ბაზებს ტუზლასა და სკოპლეს გარდა. ცოტას ამოისუნთქავენ, ძალას მოიკრებენ, აღმოსავლეთით წასაწევად.

_ გენერალო, არ დაგავიწყდეთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები ზუსტად ის ქვეყნებია, რომლებსაც ნატოში გაერთიანება სურთ.

_ დიახ, დიახ, _ რატკო მლადიჩის ხმაში ირონია ჟღერს, _ მთელი ხალხი რიგში ჩადგა, ნატოს ხელები რომ დაუკოცნოს და ღმერთს შეთხოვოს ნატოში სწრაფად მიღება. ნატოსკენ ისწრაფვიან ისინი, ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უღალატა.

_ მე ვლაპარაკობ რუმინეთზე, პოლონეთზე, რუსეთზე

_ არ მსურს ვუპასუხო პოლიტიკურ შეკითხვებს, მაგრამ ვიცი, რომ იტალიას არ სურს ნატოს ბაზა თავის ტერიტორიაზე იხილოს.

_ მაგრამ ნატოს ნამდვილად სურს მშვიდობა.

_ (რატკო მლადიჩმა გადაიხარხარა) ამაში დამარწმუნებდით, თუ ნატო აღმოსავლეთის ბლოკის ატომური ქობინების განადგურების პარალელურად, გაანადგურებდა თუნდაც თავის ერთ დაჟანგულ შაშხანას! და თუ დამარწმუნებდით, რომ ნატო, როგორც რეგიონული ორგანიზაცია, დარჩებოდა იმ ქვეყნების ჩარჩოებში, რომლებმაც იგი შექმნეს, რათა დაიცვას მათი ძირძველი ტერიტორიები. როგორც ვიცი, სერბი ხალხი ამ ომში არ დამუქრებია ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას, არც ერთი ჯარისკაცით, არც ერთი სამხედრო შენაერთით, ან რომელიმე სახის იარაღით. ცდებით, ბატონებო, როცა ნატოს ბლოკის განზრახვებზე ლაპარაკობთ. რაც უფრო გვიან გაიგებთ, თქვენთვის და იტალიელებისთვისაც  უარესი იქნება.

ახლა კი შემიძლია ვკითხო ჟურნალისტს?

ნატოს ბლოკი შეიქმნა მისი წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად. გადასახადის გადამხდელებს მაშინ უხსნიდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო ვარშავის ხელშეკრულების და კომუნიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხის თავიდან ასარიდებლად. ახლა, როცა ვარშავის ხელშეკრულება დაშლილია, ნატოს არსებობა რით შეიძლება აიხსნას? მას შემდეგ, რაც ამ ხელშეკრულების წევრებმა განახორციელეს დემილიტარიზაცია და გააუვნებლეს სტრატეგიული ბირთვული იარაღი, როცა ვარშავის ხელშეკრულების შეიარაღებული ძალები წავიდნენ გერმანიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან? განა ნატოს ჯარისკაცები და ოფიცრები არ არიან გამოწყობილი მუსლიმური და ხორვატიის არმიების ტანსაცმელში?! განა მათ არ აცვიათ თეთრი ფორმა ევროპის თანამეგობრობის, გაეროს დამკვირვებლების? განა მათ არ ახურავთ ცისფერი მუზარადები და შენიღბული არიან მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებათა ჟურნალისტების ტანსაცმლით? აი, ახლა კი ველოდები პასუხს…

_ (უპასუხებს «კორიერე დელა სერას» ჟურნალისტი) პასუხი მოკლეა. მე შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ ნატოს, როგორც ვხედავთ, არ აქვს აგრესიული მიზნები არც იუგოსლავიის, არც  რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. გარკვეულ მომენტში ნატომ თავიდან აგვაცილა ბირთვული ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ვიზიარებ, რომ ნატოს ძალები არ უნდა მოსულიყო ყოფილ იუგოსლავიაში, მაგრამ ნატო მიიწვია გაეროს უშიშროების საბჭომ, რადგან გაერომ ბევრი შეცდომა დაუშვა…

_ დაგისვამთ თუ არა ოდესმე შეკითხვა საკუთარი თავისთვის, დაგიშვიათ თუ არა რაიმე შეცდომა მიმდინარე ომში?

_ ჩვენთან ამბობენ: არ არსებობს ხე უფოთლებოდ, არ არის უშეცდომო ადამიანი. ვცდილობდი, მემოქმედა უშეცდომოდ. გამომეყენებინა ყველა ჩემი შესაძლებლობა ხალხის დასაცავად. დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, გამოამჟღავნებს ყველა მნიშვნელოვან პიროვნებას, ვინც მონაწილეობდა ამ და, აგრეთვე, სხვა ომებში. ისტორიკოსები და ჟურნალისტები შემდგომ იტყვიან ვინ ვინ არის.  მამშვიდებს ის, რომ მე ვიცავ საკუთარ ხალხს და ვომობ ჩემს მიწაზე იმისთვის, რათა დავიცვა ის, რაც ოდითგან ჩვენ გვეკუთვნის. და ვფიქრობ, რომ არ ვცდები. მე ჭეშმარიტების მხარეს ვარ. მე რომ მივსულიყავი ავღანეთში ან ერაყში ადამიანების მოსაკლავად, ან ჩემი მფრინავებისთვის სხვისი მიწის ან ქვეყნის დაბომბვის ბრძანების მისაცემად, მე შემრცხვებოდა. ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.

_ შემიძლია გკითხოთ, ვინ გიხდით ფულს? ვისგან იღებთ ფულს და ვის უხდით გადასახადებს?

_ მე ხელფასისთვის არ ვმუშაობ, გჯეროდეთ, რომ ძალიან მდიდარი ვარ, რადგან მაქვს შესაძლებლობა ხალხისთვის მიცემის და არა მისგან მიღების. ხალხი აფასებს იმათ, ვინც მას აძლევს. ჩემი ცხოვრების აზრი ის არის, რომ მივცე ხალხს ყველაფერი, რისი მიცემაც ამ მძიმე წუთებში» შემიძლია.

გენერალ რადოვან რადინოვიჩის მონათხრობიდან

«ჰააგის ტრიბუნალი სავსეა საზიზღარი, სამარცხვინო, კარნახით დაწერილი მოწმეთა ჩვენებებით. ის მომენტიც კი, რომელიც ვიდეოზე იყო გადაღებული და ასახავდა, თუ როგორ ურიგებს მლადიჩი ბავშვებს კამფეტებს, წარმოგვიდგინეს, როგორც გენერლის ფარისევლობა: თითქოს მან ეს კანფეტები გადაღების შემდეგ წაართვა ბავშვებს.

ასეთი რამ წარმოუდგენელია გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, მით უფრო ისეთმა, როგორიც მლადიჩია, როგორსაც ვიცნობთ. ცხადია, რომ ასეთი ყბედობით მიზანმიმართულად ცდილობენ შექმნან დამნაშავის ხატი. მთელი ომის განმავლობაში იგი მშვიდობისკენ ილტვოდა. მაგრამ ილტვოდა ისეთი მშვიდობისკენ, რომლის დროსაც სერბეთის მხარე იგივე სუვერენიტეტს მიიღებდა, როგორსაც მუსლიმები».

ამონარიდი  ინტერვიუდან კომპანია სიენენს

1995 წლის 13 აგვისტო

«_ ჩვენს ხალხზე გამოსცადეს დღემდე არსებული ყველა სახეობის იარაღი წყალქვეშა ნავებისა და ბირთვული იარაღის გარდა. მე პირადად ვიყავი იქ და მაშინ, როცა გვბომბავდა ფ-16 და მისნაირი თვითმფრინავები. იმ მომენტში ჩვენ მძიმედ განვიცდიდით არა მხოლოდ იმას, რომ იღუპებოდა ჩვენი ახალგაზრდობა, არამედ იმასაც, რომ უგვანო გადაწყვეტილება მიიღეს იმ ამერიკელების შთამომავლებმა, რომლებიც ჩვენი მამებისა და პაპების მხარდამხარ იბრძოდნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში… რომლებიც ჩვენს მხარეს იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ! მაშინ ისინი, ვისაც დღეს მხარს უჭერენ ამერიკელები, მეორე მხარეს იდგნენ _ ავსტრო-უნგრელების ან ჰიტლერელთა ურდოების მხარეს».

ახალი წლის მილოცვა

რატკო მლადიჩი ახალ, 1996 წელს შეხვდა პატარა ქალაქ ხან-პიესაკში, საბრძოლო მეგობართა წრეში. ლილიანა ბულატოვიჩმა მოიპოვა გენერლის მიმართვის ჩანაწერი თანამებრძოლებისადმი. გთავაზობთ ფრაგმენტს:

«გთხოვთ, იზრუნოთ ჩვენს დებზე, ჩვენს ქალიშვილებზე, ჩვენს დედებზე, განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჩვენს დედას _ სამშობლოს. რადგან რაც უნდა გააკეთოთ, რასაც გინდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვერასოდეს დაუბრუნებთ ვალს ვერც დედას, რომელმაც გშვათ, ვერც დედასამშობლოს».

«პარდონ, მადამ

«რატკო მლადიჩი წინააღმდეგი იყო მოლაპარაკების, რომელსაც ჯიმი კარტერი სერბეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან აწარმოებდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე გენერალთან მივიდა აშშ ყოფილი პრეზიდენტის ცოლი როზალინ და აცნობა, რომ მან ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც აფინანსებს სამხედრო დოკუმენტაციის შეკრებისა და შენახვის საქმეს.

«ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყველაფერს იწერთ და რომ გაქვთ სამხედრო დღიურები, _ უთხრა მან გენერალს და შესთავაზა, _ მესიამოვნება, თუ დაგვითმობთ მათ. აი თქვენ ჩეკი, ჩაწერეთ თანხა, რომელიც გსურთ, რომ გადაგიხადოთ».

რატკომ ერთი კი შეხედა ამ ქალბატონს და დინჯად წარმოთქვა: «მადამ, ჩვენი ისტორია ფასდაუდებელია».

მლადიჩმა ყოფილ პირველ ლედის ხელი არ გაუწოდა».

რუსული პრესის მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here