Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილი უნდა აორთქლდეს!

სააკაშვილი უნდა აორთქლდეს!

664

აქცია «ღირსების შეკრება», რომელიც დაიწყო 20 იანვარს, 13 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, უდავოდ იმსახურებს და საჭიროებს მხარდაჭერას სხვადასხვა მიზეზის გამო.

2003 წლიდან დღემდე სააკაშვილის მმართველმა გუნდმა ქართველი ერის თვალში ნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მისი პოლიტიკა სხვა არა არის რა, თუ არა საქართველოს ყოველმხრივი, მიზანმიმართული ნგრევა «დასავლური ღირებულებების» სახელით (რასაც არაპირდაპირ შედეგად, ავტორთა გეგმით, უნდა მოჰყვებოდეს დასავლეთის დისკრედიტაცია საზოგადოებაში). ამ შეგნებულად დივერსიული პოლიტიკის ელემენტებია:

1. საქართველოს მაკროეკონომიკური ნგრევა. საქართველოში მოსპობილია მრეწველობა და ორ მესამედად ჩამკვდარია სოფლის მეურნეობა. საქართველოს აქვს ასტრონომიული მასშტაბის საგარეო ვალები და საკუთრებიდან დაკარგული აქვს თავისი ენერგეტიკული ბაზის 75%;

2. საქართველოს მიკროეკონომიკური ნგრევა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პაუპერიზებულია. მოსახლეობის ამ ეკონომიკური გენოციდის ერთ-ერთი პირდაპირი მიზანია ქართველი მოსახლეობის სტიმულირება ემიგრაციისთვის, რაც ემსახურება საქართველოში მოსახლეობის შეცვლას _ გასულის ნაცვლად, შეუზღუდავი იმიგრაციის გზით, საქართველოში აზიის ქვეყნებიდან და უშუალოდ მეზობელი ზოგი ქვეყნიდან ახალი მოსახლეობის მასობრივად ჩამოსახლებას;

3. ყოვლისმომცველი კორუფცია, რომელიც მხოლოდ იმ სიახლით განსხვავდება მანამდე არსებულისგან, რომ მას მონოპოლიზებული, სახელდობრ, მმართველ კლანებთან ორგანიზებულად დაქვემდებარებული ხასიათი აქვს;

4. მეცნიერებისა და განათლების ნგრევა, რომლის მთავარი პარამეტრებია: ფუნდამენტური მეცნიერების ფაქტობრივად ორგანიზაციული გაუქმება (კვლევითი დაწესებულებების გაუქმება), სტუდენტთა და მოსწავლეთა კონტინგენტის გამესამედება, სასწავლო პროგრამების შევიწროება პრიმიტიულ დონემდე;

5. მოსახლეობისთვის რეალურად ადექვატური მედმომსახურების გზათა ხელოვნური გადაკეტვა;

6. წარმოების ძირითადი საშუალებების (მათ შორის _ სასოფლო-სამეურნეო მიწის) მასობრივი გასხვისება უცხოელებზე (საქართველოს კატასტროფული ხელოვნური პაუპერიზაციის ფონზე);

7. ხელოვნური მიზანმიმართული ნგრევა და ბლოკირება მოზარდი თაობების ფსიქოლოგიური და მენტალური განვითარებისა, აგრეთვე, ხელოვნური რღვევა გონივრულად სწორი ცნობიერებისა და თვითცნობიერებისა _ იმის მალვით, რომ ე. წ. დასავლური ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის, არამედ ეს ტრადიციული ქართული ღირებულებებია, რომლებიც, ბუნებრივია, ემთხვევა იმ ღირებულებებს, რომლებითაც დღეს ყველა განვითარებული დასავლელი ერის საშუალო ფენა და, ზოგადად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი ცხოვრობს. ამ მალვის მიზანი სხვა არა არის რა, თუ არა ის, რომ თაობებს ხელი ააღებინონ ამ ღირებულებებზე და ამით ჯანსაღი საშუალო ფენის ქმნადობას დაბრკოლება შეუქმნან;

_ იმ დეზინფორმაციის «შეცურებით» თაობათა ცნობიერებაში, თითქოს «თავისუფლების» ცნება, რომლითაც ქართველი ერი დღემდე ცხოვრობდა და ცხოვრობს, დღეს აღარ ნიშნავს შემოქმედებითი ცხოვრების თავისუფლებას ცხოვრების სხვადასხვა დარგში, სოციალურის ჩათვლით, არამედ მხოლოდ ზნეობისა და ზრდილობის ტრადიციულ ნორმებთან შეუთავსებლად მოქმედების თავისუფლებას. ქართველი ერი კულტუროსანი ერია და ამგვარ ინფანტილურ «აღმზრდელობით» პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან იგი შეურაცხმყოფელად რაცხს;

8. სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიზანმიმართულად დივერსიული პოლიტიკის გამოვლინებაა შეიარაღებულ ძალთა მშენებლობის რეალური საბოტირება:

ა. არშექმნა სამხედრო განათლების სისტემისა სასკოლოს ჩათვლით,

ბ. არშექმნა სამოქალაქო თავდაცვისა,

გ. არშექმნა რეალურად სარეზერვო სამსახურისა,

დ. არშექმნა იმ ერთადერთი სისტემისა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობაში მხედრული სულისკვეთებისა და სამხედრო კვალიფიკაციის აღდგენას: საქართველოს ჰყავს საყოველთაო სამხედრო ვალდებულებაზე დაფუძნებული (ანუ გაწვეული) ჯარი და ჰყავს საკონტრაქტო ნაწილები (მეორეში სამსახური _ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ძალოვან სტრუქტურაში, საკონტრაქტო ნაწილების ჩათვლით _ შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც სავალდებულო სამსახური გაიარა),

ე. არშექმნა რეალური სამხედრო მრეწველობის.

ასევე პირდაპირი ღალატი სახელმწიფოსი და სამშობლოსი სააკაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუსჯელად ავრცელებს სიცრუეს ინგლისურ ენაზე, თითქოს საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ გააუქმა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. სხვა უამრავ სახელმწიფო დანაშაულს სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან აქ არ ვახსენებთ.

სავსებით კანონზომიერია, რომ პოლიტიკის ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მიმართულება, ანუ ერის მასისათვის მიუღებელი მიმართულება, შეუთავსებადია მართვის რეალურად წარმომადგენლობით დემოკრატიულ პრინციპებთან. ამიტომ გარდაუვალი იყო და მოხდა კიდეც ის, რომ სააკაშვილის გუნდმა, რომელიც საჭესთან მოვიდა როგორც უმწიფარი და ყოველგვარ კვალიფიკაციას მოკლებული ბედის მაძიებელთა ჯგუფი, ევოლუცია განიცადა განშტოებული და სრულქმნილი კომუნისტურ-პოლიციური დიქტატურისკენ, რომლის აღწერას ტომები სჭირდება.

სავსებით ლოგიკურია ხსენებული აქციის შინაარსობრივი სტრუქტურა, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგ მთავარ პუნქტებს მოიცავს:

პირველი. ქართველ ერს თავმოყვარეობა აქვს. იგი ვერ დაუშვებს, რომ მისი სახელმწიფოს საჭე ეჭიროს უზურპატორს, რომელსაც ამ საჭის საჭერად ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის _ კონსტიტუციის _ მიხედვით არანაირი უფლებამოსილება აღარ აქვს. ამავე მიზეზით ქართველი ერი ვერ შეურიგდება იმ ფაქტს, რომ საქართველოს სათავეში იმყოფებოდეს პრეზიდენტი, რომელიც მრავალჯერ მხილებულია მკვლელობის მიზანმიმართულ ხელშეწყობაში როგორც ინდივიდუალური პოლიტიკური ნიშნით (ანუ ტერორში), ისე მოქალაქეზე ანგარიშსწორების სურვილით (გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამყრელიძე და სხვ.) და ქუჩის დემონსტაციის დასჯის მიზნით (ისევ ტერორი), აგრეთვე, აუარებელ სხვა მძიმე დანაშაულში, რომლებიც მრავალჯერადად შეურაცხყოფის მიმყენებელია ერისთვის _ პრეზიდენტი,  რომელიც ერს განუკითხავად, მხუთავი გაზით მოწამლვისთვის იმეტებს. ასევე ვერ დათმობს ქართველი ერი იმას, რომ მსოფლიო მას შეურაცხყოფის უსასრულოდ მომთმენ ერად თვლიდეს _ უუნაროდ, რომ არ დაუშვას თავის ქვეყანაში კანონიერების რაგინდარა მძიმე დარღვევა;

მეორე. ქართველი ერი ვერ დაუშვებს იმას, რომ წლიდან წლამდე, ეპოქიდან ეპოქამდე განვითარებული და თავისუფალი მსოფლიოს თვალში ჩნდებოდეს, როგორც საკუთარი ნების არმქონე უფორმო მასა, რომელსაც მხოლოდ ისტორიისა და პოლიტიკის ობიექტად ყოფნა ძალუძს, მაგრამ არა სუბიექტად. ჩვენ ხომ მოწმენი ვართ იმისა, რომ წლების მანძილზე ჩვენი გულითადი მეგობრებიც კი დუმილით კვერს უკრავენ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებას საქართველოში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი პრაგმატული მოტივებით, ანუ ურიგდებიან საქართველოს მოქალაქეთა მასის ერთ-ერთი უპირველესი ადამიანური უფლების ხელყოფას. ურიგდებიან იმის მიუხედავადაც კი, რომ გამყალბებელი ხელისუფლების კურსი მიზანმიმართულად დაპირისპირებულია ერის უარსებითეს მატერიალურ და სულიერ ინტერესებთან, სახელდობრ, მიმართულია ერის ხელოვნური დეგრადირებისკენ, მისი ხარისხის დაყვანისკენ მარტოოდენ მომსახურე, არა შემოქმედებითად მშრომელი და მებრძოლი მასის დონემდე, რომელსაც არაპრესტიჟული სამუშაო ადგილის მოპოვების გარდა სხვა ინტერესი აღარ დარჩენია, _ როდესაც უზურპატორი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ყოველგვარ პირად და ეროვნულ ამბიციაზე ხელის აღება ინდივიდის მიერ იგივეა, რაც თანამედროვე ცივილიზაციის დონის მიყოლა და განვითარებული მსოფლიოს დღევანდელ იდეოლოგიურ და მენტალურ სტანდარტებთან მიახლოება. ჩვენმა პროტესტმა ამგვარი პოლიტიკის ცხრა წლის მანძილზე გამტარებელი საძულველი ხელისუფლების წინააღმდეგ მსოფლიოს ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ქართველი ერის კანონიერი ამბიციაა, იყოს ისეთივე მშრომელი და მებრძოლი ერი სხვა ერთა შორის, როგორც დედამიწის დანარჩენი მცხოვრებნი არიან, რადგან პოლიტიკისა და ისტორიის სუბიექტად ყოფნა იმგვარი ღირებულებაა, რომლის დასათმობადაც ქართველი ერი მზად არ არის და ვერ იქნება;

მესამე. ქართველ ერს აქვს პასუხისმგებლობის შეგნება თავისი ქვეყნის მომავალ თაობათა წინაშე. იგი სიმპათიის ღიმილსა და ტაშს ვერ გააყოლებს იმ მმართველებს, რომელთა პოლიტიკა შეგნებულად მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობის ძირის მოსათხრელად _ ტერიტორიების ჩუმ-ჩუმად დასათმობად, მრეწველობისა და მეცნიერების გასანადგურებლად, სოფლის მეურნეობის ჩასაკლავად, თავისუფალი ეკონომიკური ინიციატივის დასათრგუნად, «საშუალო ფენის» განვითარების აღსაკვეთად.

მსოფლიომ უნდა დაინახოს პოლიტიკური აქციით «ღირსების შეკრება», რომ ხალხისთვის ეს პოლიტიკა მიუღებელია, ხოლო მისი გამტარებელი ან თუნდაც მხოლოდ მცდელი ხელისუფლება მხოლოდ ზიზღით გასასტუმრებელია და არა პატივისცემით.

ვადაგასული პრეზიდენტი გუშინ სტრასბურგში ისევ თავისას აჭენებდა. იგი ისევ  აგრძელებს შეთქმულებაში ყოფნას ქართველი ერის ნებისადმი და ვერ იაზრებს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის _ ილია II-ს გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობას, მისი და ახალი მთავრობის ურთიერთობების დარეგულირების საქმეში. სააკაშვილი უნდა აორთქლდეს.

პაატა კოღუაშვილი,

პროფესორი

 

1 COMMENT

  1. როგორც თავის დროზე ერთ ერთ ქვეყანაში გაანადგურეს კომუნისტები , ისე არ უნდა დატოვო ცოცხალი ნაცი სააკას მეთაურობით !!!

  2. როდის დაგვადგება საშველი? როდის გადაშავდებიან? დიდად არც ამათი იმედი მაქვს მარა ნაცებივით სისხგაყინულები როგორ იქნებია? ნაცებს ყველას და მათ მომხრეებს ყვეკლას გველის სისხლი უდუღდუთ ძარღვებში…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ელლა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here