Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილი ერევანში, ანუ სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?

ივანიშვილი ერევანში, ანუ სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?

773

17 იანვარს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა «შესაძლებელია» და ეს საკითხი შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, «თუ ყველა მხრიდან ამის ნება იქნა». ივანიშვილმა დასძინა, რომ ქართული მხარე საკითხის სწრაფ გადაწყვეტაზეა ორიენტირებული. ამ განცხადებას საქართველოში ხმაურიანი პოლემიკა მოჰყვა, თუმცა კომენტატორების უმრავლესობამ არ მიაქცია ყურადღება იმას, რაც ერევანში მომდევნო დღეს მოხდა. 18 იანვარს, საზეიმო პრეზენტაციაზე, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა ახალი პროექტის, «სომხეთის სამხრეთის რკინიგზის», სტარტის შესახებ, რომელიც სომხეთირანის დამაკავშირებელი მაგისტრალის აშენებას გულისხმობს. თუ ამ ფაქტს და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არა ცალცალკე, არამედ ერთ კონტექსტში განვიხილავთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ საქმე არა მხოლოდ და არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც გეოპოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტს ეხება; სარკინიგზო არტერია ბალტიიდან სპარსეთის ყურემდე სახუმარო რამ ნამდვილად არაა.

ტრანსევრაზიული ექსპრესი

ენ-დი-აის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 12 დეკემბერს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 68 პროცენტისთვის აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მისაღებია და მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია. ამ უკანასკნელთა პოზიცია გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა: «პირველ რიგში ეს არის განცხადება, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებს, _ თქვა სააკაშვილმა, _ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, თურქეთს დაუკავშირებს, ამოქმედების შემდეგ, საქართველოსთვის არანაირი პრაქტიკული საჭიროება აღარ ექნება რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით, ვინაიდან მას უკვე ალტერნატიული გზა გაეხსნება ევროპისკენ». მან ასევე განაცხადა, რომ რკინიგზის გახსნა აფხაზეთი ოკუპაციის დაკანონებას შეუწყობს ხელს და თქვა, რომ «ჩვენი რკინიგზა რუსეთის ტრანსციმბირულ რკინიგზას დიდ საფრთხეს უქნის». სააკაშვილის ამ განცხადებას განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყოლია, უპირველად იმიტომ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის, უბრალოდ, «ჩამოწერა» და მის გამოსვლებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. თუმცა ამ გამოსვლის ციტირება ნამდვილად ღირდა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის კრიტიკასთან, არამედ ორი მსოფლმხედველობის დაპირისპირებასთან გვაქვს.

სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, არაფერი ჯობია იმას, რომ საქართველოზე, ერთის მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანის, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთ-სომხეთ-ირანის დამაკავშირებელმა მაგისტრალმა გაიაროს. ეს ქართულ ეკონომიკას უამრავ ბონუსს მოუტანს; მართალია, პროექტის რეალიზებას შეიძლება ქართული პორტების მნიშვნელობის დაკნინება მოჰყვეს და ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ხელისუფლებამ წინდაწინ უნდა იზრუნოს, თუმცა მთლიანობაში ამონაგები დანაკარგზე, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი იქნება. კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ეკონომისტების უდიდესი ნაწილი სარკინიგზო პროექტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პერსპექტივას მეტად ოპტიმისტურად აფასებს. სააკაშვილისთვის კი, სავარაუდოდ, მიუღებელია ნებისმიერი პროექტი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას ითვალისწინებს; მისი შეხედულებები ტვირთებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტთან დაკავშირებით ეფუძნება მაგიურ ფორმულას «რუსეთის გვერდის ავლით», მაგრამ რეალურად პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა.

სამყაროს მოდელი, რომლის ფარგლებში ოპერირებენ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები, მკვეთრად ბიპოლარულია, ის ნამდვილად დაამშვენებდა «ცივი ომის» პერიოდს, თუმცა დღესდღეობით ერთობ მოძველებული ჩანს. მათ ამ მოდელის ფარგლებში დაპირისპირებული ორი მხარე თეთრ და შავ ფერად შეღებეს, ერთს ნათელი, მეორეს კი ბნელი უწოდეს, ერთს სიკეთე, მეორეს კი _ ბოროტება, ისეთივე მონდომებით, როგორითაც ამას უხსოვარ დროში მანიქეველი მოძღვრები აკეთებდნენ. საინტერესოა, რომ მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში კარის ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ვერ გასცეს თუნდაც მოკლე, მაგრამ გამართული პასუხი კითხვაზე: «როგორია ჩინეთის როლი თანამედროვე მსოფლიოში?», რადგან ეს უძლიერესი და  უმნიშვნელოვანესი ქვეყანა მათ მიერ შეკოწიწებულ დუალისტურ მოდელში, სადაც ერთმანეთის პირისპირ აშშ და რუსეთი იდგნენ, უბრალოდ, «არ ეტეოდა».

იმის ახსნა, თუ რა არის «მრავალპოლარულობა», «მრავალფეროვნება», «კონსენსუსზე და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობა» ადამიანისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ სიკეთისა და ბოროტების შავ-თეთრი ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება, ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი. ამასთანავე, ცნობა ერევნიდან სააკაშვილისთვის განსაკუთრებით მტკივნეული, სავარაუდოდ, იმიტომ კი არ იყო, რომ მან რაღაც ახალი შეიტყო, რადგან ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 22 სექტემბერს, ზუგდიდში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა  სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე დადებით კონტექსტში ისაუბრა, არამედ იმის გამო, რომ დაინახა, პრობლემის მოგვარება უკვე სახელმწიფოთაშორის დონეზე განიხილება და მალე შეიძლება რეალობად იქცეს; სააკაშვილის რეაქციის სიმწვავე და ემოციურობა, ალბათ, სწორედ აქედან მოდის.

სარკინიგზო გვირაბი ბერლინის კედელში

პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იმთავითვე კი არ უარყო ქართული მხარის ინიციატივა, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა, არამედ განაცხადა, რომ, თუ შესაბამისი შემოთავაზებით მიმართავენ, მას «კოლექტიურად განიხილავს». ამის თაობაზე 18 იანვარს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ანქვაბმა ისაუბრა. «ამაზე სპეციალისტები უნდა დასხდნენ და იმსჯელონ; დათვალონ, თუ რა შეიძლება მიიღოს აქედან აფხაზურმა მხარემ», _ განაცხადა ანქვაბმა და, ამასთანავე, რკინიგზის დღევანდელი, მეტად არასახარბიელო მდგომარეობა აღწერა: «ფსოუდან სოხუმამდე გზის მონაკვეთის ეფექტურობა შეიძლება სამიანზე შეფასდეს. ოჩამჩირემდე მონაკვეთს შეიძლება ვუწოდოთ პირობითი გზა, ხოლო ოჩამჩირეს იქით საერთოდ არაფერი არ არის. იმისათვის კი, რომ რკინიგზა სრულყოფილი იყოს, საჭიროა მრავალმილიარდიანი ინვესტიციები». ანქვაბი ასევე შეეხო აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ძველ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მომამავალ პრობლემას _ მის დაბალ გამტარუნარიანობას.

ასეთ რეაქციას, სავარაუდოდ, ორი მიზეზი განაპირობებს: სეპარატისტების ლიდერები ვერ წავლენ (ყოველ შემთხვევაში, ღიად) იმ პროექტის წინააღმდეგ, რომლის რეალიზებას მხარს მოსკოვი უჭერს; ამავე დროს, მათ რკინიგზის რეაბილიტაციიდან და ტრანზიტიდან მოსალოდნელი ამონაგები ხიბლავს. სიტუაცია მთლიანობაში მხარეებს დიალოგისკენ უბიძგებს და ამ შემთხვევაში სოხუმს არ ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ფორმულა «რაზე უნდა ველაპარაკოთ?» ან კიდევ «დამოუკიდებლობის აღიარებამდე არ დაველაპარაკებით», როგორც ეს წარსულში არაერთგზის გაუკეთებიათ. თანაც ეს იქნება არა «დიალოგი დიალოგისთვის», არამედ კონკრეტული საუბარი ციფრებით ხელში სავსებით რეალისტური მიზნების მისაღწევად. ცხადია, რკინიგზის ამოქმედებას მოჰყვება ქართველთა და აფხაზთა შორის  ურთიერთობის გამოცოცხლება, ერთობლივი ბიზნეს-პროექტების დაწყება და, საბოლოო ჯამში, დათბობა და შემოტრიალება წარსულიდან მომავლისკენ, მაგრამ ყოველივე ამასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში გარკვეული ეჭვებიც არსებობს, რომელთა მოკლე შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს: ხომ არ შეუწყობს ეს პროცესი ხელს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი სტატუს-კვოს აღიარებას? მსგავსი ეჭვების არსებობა სავსებით ლეგიტიმურია, ხოლო გაჩენა _ ბუნებრივი, რადგან მომავალი შეთანხმებების კონტურები ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანია, ხოლო სააკაშვილის პროპაგანდა ირწმუნება, რომ ენგურზე აღმართული «ახალი ბერლინის კედლის» დემონტაჟი მხოლოდ მიუღებელი კომპრომისების ხარჯზე თუ მოხერხდება.

ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთ-საქართველოს დიალოგის დინამიკაზე და მის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებზე. ზურაბ აბაშიძე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, თუმცა, როგორც ჩანს, უკვე გაჩნდა პრინციპულ საკითხებზე უმაღლესი პირების შეთანხმების აუცილებლობა და ამ კონტექსტში, ალბათ, ყურადღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტს უნდა მივაქციოთ. რუსეთში გამგზავრების წინ, ინტერნეტ-გამოცემა «ამბიონის” ცნობით, ილია II-მ მრევლს შემდეგი მოწოდებით მიმართა: «მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და, რაც შეგიძლიათ ილოცეთ «მოწყალებისა კარი განგვიღე». ორშაბათს უწმინდესი რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა და განაცხადა: «ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი მოემსახურება ურთიერთგაგებას, ჩვენს ერებს შორის ძმური კავშირების გაძლიერებას და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს, დადებითად გადაწყდება». დღეს ილია II რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. საგულისხმო იყო პატრიარქის შემდეგი განცხადებაც: «ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობა ერთადერთი გზა იყო, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და ერებს აკავშირებდა. ღვთის მადლით, დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით». პატრიარქმა, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ ამიერიდან ზრუნვა საერო საქმეებზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე დიპლომატებისა და პოლიტიკოსების ხელში გადადის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები ამისთვის უმაღლეს დონეზე ნიადაგს არ მოამზადებს.

მოკლედ, ყინული აშკარად დაიძრა, კონკრეტული შეთანხმებები კი ჯერჯერობით არ არის. ალბათ, ისღა დაგვრჩენია, რომ მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ და სტრიქონებს შორის კითხვის დავიწყებული ხელოვნება გავიხსენოთ. ხოლო ვიდრე დიპლომატები იმუშავებენ ფორმულაზე, რომელიც, ერთის მხრივ, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ალბათ, მიზანშეწონილია, ვისაუბროთ ერევანში ივანიშვილის ვიზიტის სხვა ასპექტებზე და გავარკვიოთ, რა რკინიგზას აშენებენ სომხები ირანის საზღვარზე.

ჰაოსისა და ქართლოსის სახელობის ინიციატივა

ერევანში ძალზე რთულია, მიიღო ერთმნიშვნელოვნად დადებითი გამოხმაურება პრესაში, იქაური კომენტატორები განსაკუთრებული ეჭვიანობით და კრიტიკულობით გამოირჩევიან, თუმცა ივანიშვილმა ეს მოახერხა. განცხადებას რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სომხეთში ძალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ფაქტობრივ ბლოკადაში მოქცეული ქვეყანა შეიძლება მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად იქცეს.

დეკემბერში ჩინურმა «საკომუნიკაციო-სამშენებლო კომპანიამ» დაიწყო კვლევითი სამუშაოები იმ 316-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც სომხეთ-ირანის დამაკავშირებელმა მაგისტრალმა უნდა გაიროს. ექსპერტების შეფასებით, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის რეალიზებას (რკინიგზასთან ერთად შენდება ჩქაროსნული ტრასაც) დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. ხელმოწერილია 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულება სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და არაბულ კომპანია «რასია ფზე»-ს შორის, რომელმაც პროექტის დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. «რუსეთი და ჩინეთი ითანამშრომლებენ სომხეთთან რკინიგზის განვითარების საკითხში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს», _ ნათქვამია სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 18 იანვარს გავრცელდა.

ცხადია, სტრატეგიულ მნიშვნელობას ამ პროექტს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა ანიჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა მხოლოდ სომხეთისთვის და ირანისთვის საინტერესო პროექტი, რომელიც, კაცმა არ იცის, როდის განხორციელდებოდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სომხეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად დადებითი რეაქცია ივანიშვილის განცხადებაზე; მათ, რკინიგზელები რომ იტყვიან, გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახეს.

ივანიშვილი ერევანში სადავო ეკლესიების საკითხსაც შეეხო და ერთობ მოულოდნელი ინიციატივითაც გამოვიდა. «ვთქვი, რომ დიდი ხნის წინ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით, რომლის მეშვეობითაც აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა საქართველოში არქიტექტურის 500-ზე მეტ ძეგლს, მიუხედავად იმისა, როდის ვაღიარებთ ამ ეკლესიების წარმომავლობას, მზად ვარ, ხვალვე დავიწყო ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკამათო ეკლესიების რესტავრირება. სწორედ ამ ფონდის დახმარებით უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები ორ მათგანში, რომლებზეც სომხები საუბრობენ. კომისიის მუშაობის პარალელურად, შეგვიძლია დავიწყოთ არქეოლოგიური სამუშაოებიც, რომელთა დასაფინანსებლადაც მზად ვარ ამ ფონდის მეშვეობით. მოხარული ვიქნები, თუ ეკლესიები აღდგება და რესტავრირდება, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის _ სომხეთს თუ საქართველოს. ჩემი აზრით, ინიციატივა მოიწონა სომხეთის პრეზიდენტმაც. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ შევქმნით ორივე მხარის წარმომადგენელ კომისიას, დავიწყებთ რესტავრაციის პროცესს და ამ ძეგლების აღდგენას, პარალელურად კი დავადგენთ მათ წარმომავლობას», _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიო «თავისუფლებასთან» საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევა ხსენებული კომისიის ფორმატში საკმაოდ რთული (ზოგიერთ შემთხვევაში კი, ალბათ, შეუძლებელი) იქნება, ალბათ, არავინ დააყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ ეს განცხადება შეიცავდა კეთილი ნების გამოვლენას და არსებითად წარმოადგენდა იმ კონფლიქტის დარეგულირების მცდელობას (ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით სიარულის დაწყებას), რომელიც ათწლეულების, თუ არა საუკუნეების, განმავლობაში გრძელდება და ორი ქვეყნის ურთიერთობას დაღს ასვამს. დაველოდოთ და ვნახოთ, რით გვიპასუხებენ სომხები. ორმხრივ ურთიერთობებში ამ წლების (ათწლეულების? საუკუნეების?) განმავლობაში, დეკლარირებული ძმობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ნეგატივი და უნდობლობა დაგროვდა. ქართველებისა და სომხების ურთიერთობას გაჯანსაღება და გამოცოცხლება სჭირდება და ეკლესიების პრობლემის მოგვარება ამ კონტექსტში შეიძლება «კარგ დასაწყისად» იქცეს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. თავისთავად, საკომუნიკაციო საშDუალებებს აღდგენა ან ახლის აშენება დადებითია, მაგრამ აფხაზეთის რკინისგზის აღდგენა ბევრ კითხვას ბადებს..ერთი კითხვა ეხება ყარსი ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პერსპექტივას; ვფიქრობ ამ მაგისტრალის პოლიტიკური წონა საქართველოსათვის დღეისათვის უფრო მეტია, ვიდრე აფხაზეთის გავლით ძველი რკინისგზის ამოქმედების დროს იქნება. ამ რკინიგზით უპირველესად მოგებული რუსეთი და სომხეთი იქნებიან. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას კიდევ დიდხანს პერსპექტივა არ უჩანს ამოტომ, აქედან გამომდინარე, როგორ აისახება ეს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო თურქეთის ურთიერთობებზე? აღდგენილი რკინიგზით რუსეთი თავის ბაზებს იარაღითაც მოამარაგებს, რომელიც შემდეგ პირდაპირ თუ ირიბად სომხეთის ხელში აღმოჩნდება. ვინ გააკონტროლებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს… ალბათ რუსეთი…რა სტატუსით…სად და ვის მიერ განხორციელდება საპასპორტო-სავიზო რეჟიმი აფხაზეთის მონაკვეთზე… და სხვა უამრავი კითვვა, რომლებიც ეხლაც ისმება და მომავალშიც გაჩნდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here