Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდა სააკაშვილს სამეგრელოში და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ პრეზიდენტობის კანდიდატი

რა უნდა სააკაშვილს სამეგრელოში და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ პრეზიდენტობის კანდიდატი

778

«რა გითხრათ, რით გაგახაროთ?» _ კითხულობდა XIX საუკუნის მიწურულს დიდი ილია და  ეს კითხვა, სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალურია, რადგან საფიქრალ-საზრუნავი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გულის დასაარხეინებელი.

1 ოქტომბრის შემდეგ საქართველო აღარ არის პოლიციური სახელმწიფო, უფრო სწორად, პოლიციური რეჟიმი ჯერ კიდევ 18 სექტემბერს, ციხის კადრების გასაჯაროებისთანავე გადატყდა ხერხემალში და ნაცბანდის რეჟიმის დასასრული ოფიციალურად 1 ოქტომბერს გაფორმდა. მას შემდეგ, ხატოვნად თუ ვიტყვით, «თავისუფლად ვსუნთქავთ», აღარ გვეშინია, რომ ან ჩვენ, ან ჩვენ გამო ჩვენს ახლობლებს გლდანის  საციხე-საცოცხოდ რაიმეს «გაგვიიმასქნებენ» და განა ეს ცოტაა? _ აი, ის ერთადერთი და უდავო, რაც მართლაც მისალოცია!..

სხვაფრივ, როგორც დიდი რუსი მეიგავე კრილოვი იტყოდა, «А воз и нынче там» და აქ ნამდვილად არ ვგულისხმობ «ქართული ოცნების» წინა საარჩევნო დაპირებების ე.წ. სოციალურ პაკეტს, რადგანაც, ჯერ ერთი, კარგად მესმის, რომ «სოფლის შენებას რა უნდა» სიმღერაშია ადვილი და მეორეც, ოღონდაც ის ცოცხები აღარ განმეორდეს საქართველოში და პირადად მე მზად ვარ, სიცოცხლის ბოლომდე გავუძლო მატერიალურ გაჭირვებას!

აქედან გამომდინარე კი, ქართველი კაცი ვერაფრით ეგუება  იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რბილად თუ ვიტყვით, აშკარად შეფერხდა _ წლების მანძილზე ჩვენს მტანჯველთაგან ერთადერთი, ვინც დააპატიმრეს, ბაჩანა ახალაიაა და ისიც პრაქტიკულად საკუთარი ნებით ჩაბარდა, რადგანაც, როგორც «ბოროტი ენები ამბობენ», ბაჩოს იქ, ციხეში ურჩევნია დაემალოს მავანთა მხრიდან სამართლიან შურისძიებას, ვიდრე საკუთარ სადარბაზოში შესვლისა ეშინოდეს!

რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს,  მან ახალი წლის მოლოცვაც კი გაგვიბედა და, ამას გარდა, კიდევ ერთი შეურაცხყოფაც მოგვაყენა აბსურდული 5-პუნქტიანი კოაბიტაციის გეგმის სახით. აბსურდული, რადგანაც, როგორც ხშირად სჩვევია, შერისგების გეგმას სრულიად გამომრიცხავი რამეები მოაყოლა _ თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო ანდრო ბარნოვი და ხათუნა ოჩიაური, შესაბამისად, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის გუბერნატორებად დანიშნა. ეგეც არ იკმარა ამ მართლა იმბეცილმა და, როგორც ამბობენ (ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება), «სამეფო ტახტის» ზუგდიდის რეზიდენციაში გადატანასა და საპრეზიდენტო მმართველობის განხორციელებას სამეგრელოდან აპირებს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? ზოგიერთმა კომენტატორმა _ თბილისი ეზიზღება და 20 იანვრიდან, როდესაც, სავარაუდოდ, დედაქალაქში უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი აქციები პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, ამ პროცესებს უნდა გაერიდოს ზუგდიდშიო.

ნეტავ, მართლა ასე უბრალოდ იყოს საქმე!…სამეგრელო ერთობ სპეციფიკური რეგიონია, უფრო მეტიც: ეს უმშვენიერესი კუთხე იყო და არის ისტორიულად საქართველოს ხერხემალი და არა თუნდაც «დიდი» ივანე მერაბიშვილი!

 ისიც ფაქტია, ოღონდაც ამჯერად სამწუხარო, რომ ნაცბანდამ თუ სადმე ალალად მიიღო ხმები 1 ოქტომბერს, ეს სამეგრელოა. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივად მოჩანს მიშას იმედი, რომ სამეგრელოში შედარებით არხეინად იქნება.

გასული დროის მანძილზე «ქართული ოცნების» რეიტინგი ისედაც ეცემა, რადგან ეს ყველა არჩევნების შემდგომი ობიექტური თანმდევი პროცესია. ხოლო სააკაშვილის მიერ მითვისებული ვადის ამოწურვამდე, «მეოცნებეთა» რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს სწორედ იმიტომ, რომ  «შეგნებულების» რაოდენობა, რომლებისთვისაც უმთავრესი, პოლიციური რეჟიმის გაქრობა იყო და იქნება, სულ უფრო შემცირდება, ანუ, რაც დრო გავა, კუჭის ფილოსოფია სულ უფრო მეტად სძლევს მაღალ იდეალებს!

«ოცნების» რეიტინგის ობიექტური ვარდნა, არ ნიშნავს «ნაცების» რეიტინგის ზრდას და არც მომავალში იქნება საფრთხე ამისა _ «ნაცებს» მართლაც არავითარ «რასკლადში» არ ემუქრებათ პოლიტიკური რეანიმაცია!

ჰოდა, სააკაშვილის მიერ მეგრული ბანქოს გათამაშების მცდელობა შეიძლება ამ «უსამართლობის» აღმოფხვრასაც ისახავდეს მიზნად _ თუ რა სიკეთე მოუტანა საქართველოს გასული საუკუნის 90-იანებში მსგავსმა «პასიანსმა», ყველას კარგად გვახსოვს!..

მითუმეტეს ახლა გვმართებს გონიერება, რადგანაც იმდენად არაპროგნოზირებად პიროვნებასთან გვაქვს საქმე, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში დარჩენის მანიაკალურმა სურვილმა იქნებ საქართველოს ორად გაყოფის გეგმებიც დაალაგოს მიშა სააკაშვილის ავადმყოფურ წარმოდგენაში! ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სამეგრელო უშუალოდ ესაზღვრება აფხაზეთს, ანუ ამ მიმართულებითაც არ არის გამორიცხული პროვოკაციების მცდელობები შეურაცხადი სააკაშვილის მხრიდან!..

როგორც უკვე გითხარით, სამეგრელო «ოცნებისთვის» პრობლემური რეგიონია და «ნაციონალური მოძრაობა» ამით ბოროტად სარგებლობს. ამდენად, გაბუტვას, რომ აი, ამ რეგიონში მე არჩევნები ვერ მოვიგე და კისერიც უტეხიათ, სჯობია, პრაგმატულად მივუდგეთ საკითხს და სააკაშვილს ეს პლაცდარმიც გამოვაცალოთ.

პრობლემა კომპლექსურია, სამეგრელოში არსებული ვითარება პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთს, აფხაზეთის საკითხი კი სრულად არის დამოკიდებული რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე.

მოკლედ რომ ვთქვა, საჭიროა, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში წარმოდგენილი იყოს ადამიანი, რომელიც თავის მხრივ გაანეიტრალებს სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» გავლენას სამეგრელოში, შეძლებს აფხაზებთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და მოახერხებს რუსეთთან პრაქტიკული, პერსპექტიული დიალოგის წარმართვას.

ფაქტია, რომ სააკაშვილს ნაკლებად ადარდებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სიამოვნებით დაანთებს სამეგრელოში სეპარატიზმის ხანძარს, რაც დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტებმა უკვე დაიწყეს სამეგრელოში იმ აზრის გაღვივება, რომ ამ კუთხის წარმომადგენლები არ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში და ეს იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილი რეგიონში არჩევნების წაგების გამო იძიებს შურს.

ვახტანგ ხმალაძის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ, ვინაიდან სამი ძირითადი უმაღლესი თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკელების წარმომადგენელი უსუფაშვილია, პრემიერის პოსტი თავად ივანიშვილს უჭირავს, იქნებ ჯობდეს, რომ მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად არა რესპუბლიკელი ხმალაძე, არამედ ისეთი ფიგურა განიხილებოდეს, რომელიც ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას კომპლექსურად შეძლებს, ანუ გაანეიტრალებს სამეგრელოში «ნაციონალებს» და წარმართავს სათანადო მუშაობას როგორც აფხაზეთის მიმართულებით, ასევე რუსეთთან პერსპექტიული დიალოგის გამართვის თვალსაზრისით.

ფაქტია, რომ, მიუხედავად სააკაშვილის არჩევნებში დამარცხებისა, არც სოხუმი და არც მოსკოვი ჯერჯერობით ახალ ხელისუფლებას ჩოხის კალთებს არ ახევს და, როგორც ზაქარეიშვილის მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით, ასევე ბატონ აბაშიძის ძალისხმევა რუსეთთან დაკავშირებით  უკეთესის სურვილს ტოვებს.

წლეულს ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება ისეა განსაზღვრული, რომ, ძალაუფლების თვალსაზრისით, ის ვერანაირად ვერ იქნება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონკურენტი. ამდენად, თუკი მომავალი პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, «სამუშაო პრიორიტეტებს» ჩამოვაყალიბებთ, მან უნდა იმუშაოს იმ მიმართულებებზე, იმ საკითხებზე, რომელთა დარეგულირება პრემიერისა და პარლამენტის სპიკერისთვის სირთულეს წარმოადგენს. ამ მხრივ საგულისხმოა ისიც, რომ პრეზიდენტის რანგში ჩამოთვლილ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია მხოლოდ ისეთ ფიგურას, რომელიც არ იქნება გამაღიზიანებელი აფხაზებისა და ოსებისთვის და შეუძლია სამეგრელოს შემობრუნება ცენტრალური ხელისუფლებისკენ, ასევე «ნაცმოძრაობის» დესტრუქციული ქვენა გრძნობების განეიტრალება რეგიონში და, რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც სასაუბროდ დასხდებიან რუსები.

სადღეისოდ სწორედ ამ კრიტერიუმების შესაბამისად უნდა ხდებოდეს პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის შერჩევა, რადგან სწორედ ეს კრიტერიუმებია ძირითადი იმ მოთხოვნებიდან, რომელთაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კი არ გახლავთ ის ფიგურა, რომელიც ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მას, შესაძლოა, კარგად გამოსდის ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ სხვა გამოწვევების მოგვარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არ ძალუძს.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩამოთვლილი ამოცანების შესრულება ურთულეს აუცილებლობას წარმოადგენს და ნებისმიერი ხელმოცარვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად დააზარალებს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, გამოიწვევს იმედგაცრუებას მოსახლეობაში, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება, ანუ, თუკი ხსენებულ მიმართულებაზე სწორი კრიტერიუმებით შერჩეული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატი მიაღწევს წარმატებებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება «ქართული ოცნების» დამსახურება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, პრეზიდენტი, როგორც მაღალი პოლიტიკური ფიგურა, თვითონ იღებს ამ პასუხისმგებლობას და «ქართული ოცნებას», მის რეიტინგს და პოლიტიკურ წონას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება.

ყოველდღიურად ვართ მოწმენი რეგიონებში გამგეობების შენობების პიკეტირების. მოსახლეობას არ სურს «ნაციონალური მოძრაობის» იმ ნაშთთან შეგუება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაშია ფესვგადგმული და თავის პროტესტს ღიად გამოხატავს.  შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ  ისინი, ვინც გამგეობების ბლოკირებას ახდენენ, უმკაცრესად დაისჯებიან!

მინდა მჯეროდეს, რომ მინისტრმა ეს განცხადება, განცხადებისთვის გააკეთა და ღმერთმა ნუ ქნას, ვცდებოდე, თორემ, თუ ახალ მინისტრს «დუბინკისკენ» წასცდა ხელი, მაშინ ის ერთადერთი საფუძველიც გამოეცლება «ქართულ ოცნებას», რის გამოც ამდენ შეგნებულ თუ შეუგნებელ «გაუგებრობებს» გაგებით ეკიდება «ნაცების» 9-წლიანი დიქტატურით გაწამებული მოსახლეობა!

 ყველა ყველა და პოლიციური რეჟიმის რეანიმაციის უმცირეს სიმპტომებსაც კი ცოცხების საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილი ქართველი კაცი არავის აპატიებს!

დავით მხეიძე

 

P.S. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც საპატრიარქოში გამართული კოაბიტაციის კადრები ვიხილე. კაცი ვერ ვნახე ჩემს ახლო-მახლო, ვინც ბატონი ბიძინას და ქართველი ხალხის სისხლით თუ ცრემლით მართლაც გაუმაძღარი პრეზიდენტის კურკურს მოიწონებდა. ვისი და რისი სიყვარულის წლად გამოაცხადა 2013 წელი ბიძინა ივანიშვილმა? იმ პირსისხლიანი მიშასი და მისი ნაცბანდის, რომელთაც ასეულობით პოლიტპატიმარი ჰყავდათ?  მათი სიყვარულის, ვინც ცოცხებით გვაუპატიურებდა, ქუჩებში გვხვრეტდა, ეკლესიებს გვინგრევდა, სარწმუნოებას გვიგინებდა, ეროვნულ მენტალიტეტში გვაფურთხებდა?

იქნება ისინი უნდა გვიყვარდეს, ვინაც საქართველოს ტერიტორიების 20%, სამუდამოდ თუ არა, დიდი, ძალიან დიდი ხნით დაგვაკარგვინეს?

საამისო მანდატი არავისთვის მიუცია ქართველ ხალხს…

1 COMMENT

  1. დათო არა მგონია სამეგრელოში მთლად მასე იყოს საქმე. ამას გვიჩვენებს მარტვილის მოვლენები. მანდ მე ვნახე ეროვნულების ირგვლივ გაერთიანებული ხალხი, რომელიც მთლიანად მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ამ ხალხს ვერავითარი მიშა ვერ შეაჩერებს. ბიძინა ივანიშვილი თუ გააქტიურდა სამეგრელოში და იმ ხალხს ვინც მას მხარს უჭერდა ზურგი არ შეაქცია მიშას შანსი 0-ის ტოლია.

  2. მარტვილში არაფერიც არ ხდება ოცნების სასარგებლოდ. არ გაინტერესებთ სად არის ის ხალხი, მიტინგებს რომ აწყობდა.. აუ რომ იცოდეთ,არ მოიყვანდით მარტვილის მაგალითს ოცნების სასარგებლოდ 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here