ჯერ კიდევ არჩევნებამდე ევრაზიის ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკითხვა პარტიების რეიტინგსა და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსადმი პოზიტიურია, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის თქმით, ეს დამოკიდებულება ელექტორატს შორის განსხვავებულია _ კოალიცია «ქართული ოცნების» მხარდამჭერებს, «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ნატოსადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. ევრაზიის ინსტიტუტის საექსპერტო განხილვას «პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს» დირექტორი, რუსეთში მოღვაწე ექსპერტი დავით ფურცხვანიძეც ესწრებოდა. დღეს იგი «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე საუბრობს.
_ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ნატოს თემატიკასთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის განხილვას ესწრებოდით, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აღნიშნული გამოკითხვის შედეგების საფუძველზე?
_ გამოკითხვა მაღალპროფესიულ დონეზე შესრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების ძალიან დიდმა პროცენტმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან. ეს ხალხი, ალბათ, დაელოდება მოვლენების განვითარებას და ან ნატოსკენ გადაიხრება, ან მის წინააღმდეგ განეწყობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი ნატოა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ასეთი შედეგი. როგორც ჩანს, «ქართულ ოცნებაში» დაბნეულობას აქვს ადგილი. ვინაიდან, საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილი პრორუსული პროექტია, მეორე ნაწილისთვის ის პროამერიკულია, მესამე ნაწილი კი საერთოდ ვერ გარკვეულა, რაშია საქმე. მე კი მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორატიული ინტერესების პროექტია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ივანიშვილი რთულად «იკითხება», ამიტომ ჯერ კიდევ უცნობია, რა გზას აირჩევს ახალი პრემიერი.
ერთ რამეში კი დაგვარწმუნა აღნიშნულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ – საგანმანათლებლო–განმარტებითი ხასიათის სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა ხალხმა გაიგოს, რა არის ნატო და მისი პრიორიტეტები; იცოდეს, რომ ნატომ შეითავსა სადამსჯელო ფუნქცია და ის მსოფლიოში ძალთა ბალანსის პოლიტიკის გამტარებელს აღარ წარმოადგენს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რომ ნატო არ არის მსოფლიოში ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი. როდესაც საქართველოს პრიორიტეტებზე მიმდინარეობს საუბარი, გვავიწყდება, რომ ნატოს, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, შეუძლია თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა, თავისი გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამის მაგალითია 2010 წელს ნატოს რიგებში მიღებული ალბანეთი, სადაც ყვავის ნარკოტრეფიკი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბანდიტური სახელმწიფოა.
_ მაშინ რატომ არ იღებენ საქართველოს ნატოში?
_ არსებითი შეკითხვა დასვით, სწორედ ამაშია საქმე. საქართველოზე კი არ არის დამოკიდებული, ნატო მიიღებს თუ არა მას თავის რიგებში, არამედ, თუ ნატოს თავად დასჭირდება, მიგვიღებს. ნატოს ჰყავს სერიოზული პარტნიორი რუსეთის სახით და ძალიან კარგად იცის ნატოს ხელმძღვანელობამ, რომ რუსეთთან უთანხმოება მისთვის ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე საქართველოსთან.
_ ფიქრობთ, რომ რუსეთის ფაქტორი ერთ–ერთია, რის გამოც ნატოში არ გვიღებენ?
_ შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს მხოლოდ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგი იქნება. კონფრონტაციით საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს და ცხადია, რუსეთი და აშშ, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გამო ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. სწორედ ამიტომ მართებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე დიდი გონიერება და სიბრძნე, რომ შეინარჩუნოს ბალანსი, როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან.
რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოსტრატეგიული ფაქტორები და ვიყოთ მაქსიმალურად საჭირონი როგორც აშშ-თვის, ისე რუსეთისთვის და დამერწმუნეთ, ეს ორი დიდი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ეფექტური და სტაბილური ვითარება იყოს. ეს კი, მაგალითად, უკვე მიიზიდავს ინვესტორს, რომელიც მანამდე ინვესტიციების დაბანდებისგან გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდა.
_ ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოშიც გაწევრიანდება და რუსეთთან ურთიერთობასაც მოაგვარებს. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?
_ ნატოში გაწევრიანება შექმნის კონფრონტაციის მომენტს და არა მგონია, რომ ისეთმა კაცმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ურთიერთობა თავიდანვე ჩხუბით დაიწყოს. მიმაჩნია, რომ პრობლემა მოგვარდება, თუ საქართველოს ექნება განსაკუთრებული სტატუსი. ივანიშვილი, პრინციპში, შეძლებს ამის მიღწევას, ვინაიდან მას აქვს გრანდიოზული მხარდაჭერა არა მხოლოდ რუსულ-ამერიკული და მსოფლიო ისტებლიშმენტისგან, არამედ საერთაშორისო ელიტური ბიზნესწრეებისგანაც. მან თამამად შეიძლება დააყენოს საკითხი საქართველოს განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ნატოსთან მიმართებაში.
_ თქვენ საერთაშორისო მხარდაჭერა ახსენეთ, მაგრამ ბოლო დროს მსოფლიო პრესა თუ უცხოელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილს მკაცრად აკრიტიკებენ და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლაში ადანაშაულებენ…
_ ეს უკვე პიარმუშაობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ბევრი რამ სწორად ესმის, ერთი დიდი მინუსი აქვს _ ეს არის მოუწესრიგებელი პიარი, თუმცა კრიტიკა არ ნიშნავს, რომ მას მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილს მისი ყველაზე დიდი ზეობის პერიოდშიც უამრავი ასეთი კრიტიკოსი ჰყავდა.
_ თქვენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ, გარდა განცხადებებისა, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებს, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი თუ გადადგა ამ მიმართულებით?
_ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა პოზიტიური განწყობა შეინიშნება, მაგალითად, მოსკოვის ქართულ დიასპორაში, რომლის ერთი ნაწილი რეგულარულად დადის მოსკოვის წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მინდა გითხრათ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები ძალიან იმედიანად არიან განწყობილნი. ყველა ელოდება, როდის გაიხსნება ბაზარი. პირდაპირ გეტყვით, ანტირუსულმა რიტორიკამ ბევრი პრობლემა შეუქმნა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, თუმცა დღეს ქართველების მიმართ მაინც თბილი დამოკიდებულებაა. არავის არ გადაურქმევია «ბოლშაია და მალაია გრუზინსკაიასთვის» სახელები, ისევ დგას ქართული ანბანის უზარმაზარი სტელაც… ჩვენ თავად თუ არ გავაკეთებთ რაიმე სისულელეს, როგორც, მაგალითად, პუშკინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაა, ყველაფერი კარგად იქნება.
ვფიქრობ, როდესაც ივანიშვილს ქართველმა ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა, დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებდა. ეს მოლოდინი ისევ არსებობს, მათ შორის რუსულ წრეებშიც.
_ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ის გამოსავალს ვერ ხედავს.: «რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით და არც საქართველოს შეუძლია დათანხმდეს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. წარმოდგენა არ მაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია». როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის დარეგულირება?
_ გადადგმული ნაბიჯები უკვე ჩანს. თუნდაც მხოლოდ თეორიულად რომ იყოს რუსეთის მხრიდან განაცხადი, რომ ემბარგო მოიხსნება, ეს უკვე კარგია. ჩემი აზრით, თუ რუსეთი, საქართველო, «სამხრეთ ოსეთი» და აფხაზეთი მოახერხებენ მცირეფორმატიანი ინტეგრაციული კავშირის შექმნის სურვილის დეკლარირებას, შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს მათთან დიალოგის დაწყებაში.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ახალი სარეინტეგრაციო კავშირი უნდა ჩამოყალობდეს?
_ დიახ, ფიქრი ახალ სარეინტეგრაციო სივრცეზე, თუნდაც ხელოვნურზე, შეიძლება. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დღეს რუსეთის ინტერესებშიცაა საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება, თუნდაც 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის გარანტირებულად და უსაფრთხოდ ჩატარების გამო.
დაახლოებით ერთი წლის წინ მე შევხვდი ინგუშეთის პრეზიდენტს, იუნუს ბეკ ევკუროვს, რომელმაც მითხრა, რომ ლარსის საზღვრის ცალმხრივი გახსნა იმდენად პოზიტიური მომენტია, რომ, სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩემი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ ამის თაობაზე ხმამაღალი განცხადება გავაკეთო და საქართველოს მხრიდანაც შევხვდე ვინმესო. ხელისუფალმა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
_ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას როგორ შეაფასებთ, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ შეხვედრის შემდეგ?
_ რადგან შეხვედრა შედგა, ეს უკვე კარგია, მაგრამ მარტო ზურაბ აბაშიძე ამ საკითხებს ვერ მოაგვარებს. ყველა მიმართულებით უნდა წარიმართოს მუშაობა. კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. შეხვდნენ კულტურის მუშაკები ერთმანეთს. მაგალითად, ნიკიტა მიხალკოვს, რომელიც რუსეთში სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს ქმნის, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე მოწვევის გარდა, საქმიანად და საგნობრივად დაველაპარაკოთ. აუცილებელია, რუსი და ქართველი მეცნიერების დიალოგი. ყველა მიმართულებით უნდა აღდგეს კავშირები. ბოლო წლებში, მართალია, ჩამოდიოდა დელეგაცია საქართველოდან, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი მწერალი, ერთი ჟურნალისტი და ერთი მღვდელი, მაგრამ ეს ყვლაფერი კომიკური, მკვდრადშობილი იყო, რასაც საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვებოდა ხოლმე. ძალიან არ მინდა, ეს ყველაფერი დაემსგავსოს 90-იანი წლების პირველ ნახევარს, როცა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებები ხან ჟენევაში და ხან სად ტარდებოდა და ჩვენი ე. წ. დიპლომატები დადიოდნენ უცხოეთში და უხაროდათ, რომ ხშირი მოგზაურობის საშუალება ჰქონდათ. შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ასე იყო. საბოლოოდ, ამ ვიზიტებმა უკუშედეგებიც კი გამოიწვია. საქართველოშიც და რუსეთშიც უამრავი ღირსეული, პროფესიონალი ქართველია და სწორედ ისინი უნდა ჩაერთონ დიალოგში. მაგალითისთვის, ირაკლი მენაღარიშვილზე გავაკეთებდი აქცენტს, რადგან ვფიქრობ, ის არა მხოლოდ კარგი დიპლომატი, არამედ ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეა. მთავარია, სწორად იქნას შერჩეული პროფესიონალი კადრები, რათა ყველაფერი უპატიოსნო და თაღლით ჩინოვნიკებს არ ჩაუვარდეს ხელთ.
_ ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებენ. პრინციპში, კოალიციაში ვერ მოხვდნენ პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები და რუსულ წრეებთან დაახლოებული ადამიანები. რამდენად მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ხელისუფლება?
_ ხელისუფლებას სუსტი საკადრო პოლიტიკა აქვს. მაგალითად, დავით კირვალიძე, რომელმაც ერთხელ აჩვენა, რომ არ არის სოფლის მეურნეობის წარმატებული მენეჯერი, ისევ დანიშნეს ამ თანამდებობაზე. რატომ ვნიშნავთ ერთსა და იმავე რეპუტაციაშელახულ ადამიანებს და რატომ ვატარებთ ექსპერიმენტებს? მით უფრო, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბევრი საუკეთესო სპეციალისტია, მაგალითად პაატა კოღუაშვილი, შოთა ჩხეიძე…
საკადრო პოლიტიკა არცთუ ისე სახარბიელოა ძალოვან სტრუქტურებშიც. უახლოეს მომავალში მივმართავ წინადადებით პრემიერ-მინისტრს, რათა შეიქმნას ამ დარგებში მუშაობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭო. ამ სფეროშიც საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, მაგალითად ბატონი ანზორ მაისურაძე, რომელიც საერთაშორისო დონის სუპერპროფესიონალია. უნდა გაიზარდოს ძალოვანი სტრუქტურების პრესტიჟი, ის ელიტარულ სამსახურად უნდა იქცეს. ასევე სახელმწიფო უშიშროების კონცეფცია უნდა შეიქმნას. თუ ასე არ მოხდა, ქვეყანას განვითარება არ უწერია.
დროა, საქართველოში დამთავრდეს არტისტებისა და პოეტების პოლიტიკოსობის დრო. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ბუბა კიკაბიძე დაღუპეს, როცა პოლიტიკაში გარიეს. კაცი შეაზიზღეს მთელ რუსეთს. ბუბა კიკაბიძეს თავი უნდა დაანებო, ის შესანიშნავი მსახიობია და პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება. გია როინიშვილი აღარც მსახიობია და აღარც პოლიტიკოსია. დაიღუპა კაცი. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი