Home რუბრიკები ისტორია იოსებ სტალინის ირანული ტრიუმფი

იოსებ სტალინის ირანული ტრიუმფი

ამ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო მოვლენაზე დაიწერა ათასობით ფურცელი, გადაღებულია დიდებული კინოფილმიც _ «თეირანი-43» ნატალია ბელოხვოსტიკოვას, ალენ დელონის, ჟორჟ ჟერეს, არმენ ჯიგარხანიანის, იგორ კოსტოლევსკის, კურდ იურგენსის მონაწილეობით და, მიუხედავად ამისა, დღევანდელი მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობია ამ კონფერენციაში ჩვენი თანამემამულეთა მონაწილეობის უამრავი ფაქტი. ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ქართველი გენერალიტეტის მემატიანეს, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარს, ისტორიკოსს, მრავალი პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენოსან ლევან დოლიძეს.

_ თქვენთან წინა ინტერვიუმ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ, «თეირანის» თემა გაგვეგრძელებინა, მითუმეტეს, ბევრი რამ წინა წერილში, უბრალოდ, ვერ «ჩაეტია».

_ ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე, არაერთხელ მისაუბრია თეირანის შეხვედრის უშუალო მონაწილეებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ამზადებდნენ მას და ზრუნავდნენ მის უსაფრთხოებაზე. სამწუხაროდ, დღეს უკვე არც ერთი მათგანი აღარაა ცოცხალი. «თეირანის» ბოლო მოწმე და მაგ მოვლენების აქტიური მონაწილე, ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი-არალეგალი, საბჭოთა კავშირის გმირი, თბილისელი გევორქ ვართანიანი ამა წლის იანვარში გარდაიცვალა მოსკოვში, 88 წლის ასაკში…

შევახსენებ მკითხველს «დიდი სამეულის» _ სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის _ შეხვედრის ძირითად პერიპეტიებს, რასაც წინ უძღოდა მრავალთვიანი მიმოწერა სამი მოკავშირე ქვეყნის ლიდერთა შორის. დასახელებული იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ქალაქი კასაბლანკა მაროკოში, სადაც ნიადაგის მოსასინჯად ჩავიდნენ საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, უკვე 1943 წლის 5 ნოემბერს, სტალინის წინადადებით, «დიდმა სამეულმა» გადაწყვიტა, შეხვედრა ჩაეტარებინა ირანის დედაქალაქ თეირანში, სადაც 1941 წლის აგვისტოში ერთდროულად შევიდნენ საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარები, ხოლო ერთი წლის შემდეგ ყოფილ სპარსეთში განლაგდნენ ამერიკული ჯარის ნაწილებიც.

სტალინი მომავალ შეხვედრას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და ამიტომ დააკისრა ლავრენტი ბერიას, მიუხედავად მისი მეტისმეტი გადატვირთულობისა, საბჭოთა დელეგაციის დაცვის საკითხები.

თავის დროზე, საპატიო ჩეკისტმა, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებულმა მუშაკმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ზარელუამ მიამბო, რომ ლავრენტი ბერია გახლდათ უბადლო ორგანიზატორი, რომელიც პროფესიონალურად არჩევდა კადრებს. რატომღაც დღემდე არ აქვეყნებენ იმ ფაქტებს, რომ დიდი სამამულო ომის ყველაზე მძიმე წლებში საბჭოთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, შინსახკომის ხაზითაც, მუშაობდნენ ჩვენი თანამემამულეები; არადა, 1938-1953 წლების მანძილზე მათი მხრიდან არ იყო ღალატის არც ერთი შემთხვევა, რაც დაზვერვის ისტორიაში უნიკალური გამონაკლისია! აი, ასეთი კადრები ჰყავდა ბერიას!

როგორც ისტორიამ დაგვანახა, სტალინი, ბერიას დახმარებით, ყველაზე უკეთ იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და, განსჯის შედეგად, სასურველ მიზნებს აღწევდა. ასე, მაგალითად, თეირანის კონფერენციის დაწყებამდე სტალინმა მშვენივრად იცოდა როგორც ჩერჩილის, ისე რუზველტის გემოვნება, ჩვევები, სისუსტეები, მათი საოჯახო თუ სხვა კავშირების თაობაზე. ყველაფერ ამაზე ბელადს ბერია ატყობინებდა; თავის მხრივ, ბერიას ინფორმაციას აწვდიდა ლონდონიდან «ზენკენი», იგივე კიმ ფილბი _ ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი, რომელიც თავის დროზე ბერიას დავალებით გადმოიბირა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა, ხოლო ნიუ იორკიდან შეტყობინებები მოდიოდა აშშ-ში 1941 წლიდან ჩანერგილი შინსახკომის რეზიდენტის, ავლაბრელი ხელოსნის შვილის, ჰაიკ ოვაკიმიანისგან და მისი ჯგუფისგან, რომელმაც შემდგომ, სხვა გამოჩენილ მზვერავებთან ერთად, მოსკოვში გადმოსცა თითქმის ყველა მასალა ატომურ ბომბზე!

დამატებით გეტყვით, რომ ოვაკიმიანი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობდა ლევ ტროცკის ლიკვიდაციას. 1941-43 წლებში ბერიამ იგი დანიშნა საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილედ. ამაზე და კიდევ სხვა საინტერესო ამბებზე გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიყვებოდა ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო _ საოცარი ბედის ადამიანი, რომელზეც შეიძლება გადაიღო მრავალსერიანი ფილმი! სერგო ბერია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რაკეტების კონსტრუქტორი. მამის მკვლელობის შემდეგ, მას შეუცვალეს გვარი, მამის სახელი, ჩამოართვეს ყველა ჯილდო და წოდება. უნდა დაეხვრიტათ კიდეც, მაგრამ საქონლის «ინტელექტის» პატრონს _ ხრუშჩოვს უთხრეს, რომ, თუ სერგოს დავხვრეტთ, მაშინ სარაკეტო ტექნიკაში ამერიკელებს ოცი წლით ჩამოვრჩებითო! «Тогда, пустъ живет», _ წაიღრუტუნა ყველა ანტისტალინელის «სულიერმა მამამ» _ ხრუშჩოვმა. აი, ასე იცხოვრა ბატონმა სერგომ დანარჩენი 45 წელი!.. როცა იგი გარდაიცვალა, 2000 წლის ნოემბერში, გაზეთ «Нედელია”-ში მოთავსდა ძალზე მოკრძალებული შეტყობინება: «В Киеве скончался директор НИИ комета Сергей Алексеевтч Гегечкори»(?!).

სხვათა შორის, ლავრენტი ბერიას ერთადერთი ვაჟი _ სერგო, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლისა არ იყო, 1941 წლის ზაფხულში, რადიოკავშირის მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ, სადაზვერვო ჯგუფთან ერთად, გადაისროლეს ირანის ქურთისტანში, თუმცა მისი ჯგუფის თავდაპირველი დავალება იყო მოხვედრა გერმანიაში, ზესაიდუმლო (ოღონდ არა ბერიასთვის) სარაკეტო ცენტრ _ «პეენემიუნდეში». სერგომ არალეგალურად დაჰყო ირანში ხუთი თვე, საიდანაც გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას «ცენტრში», რომელიც განთავსებული იყო თბილისში, მას კი, ეგონა, მოსკოვში აგზავნიდა მონაცემებს.

1935 წლიდან სპარსეთში არალეგალურად იმყოფებოდა თბილისელი ბოგდან ქობულოვი. მან ადგილზე რამდენიმე დაზვერვის ცენტრი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ომის დასაწყისში გერმანელი მსტოვრებისა და დივერსანტების გაუვნებელყოფას. ომამდე ირანში მუშაობდა კიდევ ერთი თბილისელი, პროფესიონალი მზვერავი სერგო კორხმაზიანი. ომის დამთავრების შემდეგ, ბერიას რეკომენდაციით, იგი სათავეში ჩაუდგა სომხეთის უშიშროების სამინისტროს და 1950 წელს გენერალიც გახდა. ირანში მუშაობდა შინსახკომის გენერალი, კაცი ლეგენდა _ ვარლამ კაკუჩაია, ხოლო თბილისელი ვანო აღაიანცი გაგზავნილი იყო ირანში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად პარიზიდან, სადაც დიპლომატიურ რანგს ამოფარებული (საფრანგეთში სსრკ-ს საელჩოს მესამე მდივანი) ასრულებდა საფრანგეთში საბჭოთა რეზიდენტის მოადგილის მოვალეობას. ომის შემდეგ აღაიანცი იკავებდა მაღალ თანამდებობებს სუს-ში და სუკ-ში. გენერლის წოდებაც მიიღო.

_ ბატონო ლევან, თქვენი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბერიას, ასე ვთქვათ, გარემოცვაში ბევრი სომეხი ეროვნების ადამიანი იყო. რით ხსნით ამას?

_ ლავრენტი ბერია პრაგმატიკოსი გახლდათ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: მაგ წლებში სპარსეთ-ირანში უამრავი სომეხი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობა ვაჭრობით იყო დაკავებული და ხშირად დადიოდა ავღანეთსა და თურქეთში, ამიტომაც ბერია სადაზვერვო სამსახურში იზიდავდა თბილისელ სომხებს და ისინიც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ მის დავალებებს!

სომხების გარდა, თბილისელი რუსებიც იყვნენ, მაგალითად, პეტრე ზუბოვი, რომელიც მაგ დროს ორჯერ ჩავიდა ირანში. პეტრე იაკობის ძემ იცოდა ქართული ენა და ბერიაზე ერთი წლით იყო უფროსი. ბერიამ ისიც მოიწვია საიდუმლო სამსახურში. ზუბოვმა თავი გამოიჩინა კავკასიისთვის ბრძოლაში, სადაც, ლავრენტი ბერიასთან ერთად, ჩამოვიდა მოსკოვიდან 1942 წლის ზაფხულში.

«დიდი სამეულის» შეხვედრამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ეს ამბავი ჰიტლერისთვის გახდა ცნობილი. მან უმალ მიიღო ყველა ზომა, რომ ადგილზე გაენადგურებინათ სტალინი და ჩერჩილი. რაც შეეხება რუზველტს, «ცოფიანმა ფიურერმა» მისი დატყვევება უფრო მიზანშეწონილად ჩათვალა; ალბათ, ამერიკასთან «სავაჭროდ» გამოსაყენებლად…

_ ბატონო ლევან, როგორ გაიგო ჰიტლერმა ამ შეხვედრის თაობაზე? ვინ მიაწოდა ინფორმაცია?

_ ეს დღემდე არაა ცნობილი; თუმცა საფიქრებელია, ინფორმაციამ ინგლისელებისგან გაჟონა. დაახლოებით ასე თვლიდა ქართველი რუდოლფ ფონ შელია, იმ წლებში შინსახკომის რეზიდენტი ბერლინში. საბჭოთა დაზვერვის უმაღლესი ხელმძღვანელობა იცნობდა მას, როგორც «არნეცს».

გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოვიდა საბჭოთა ფილმი «მზვერავის გმირობა» და მიეძღვნა განთქმული საბჭოთა მზვერავის, საბჭოთა კავშირის გმირის, ნიკოლოზ კუზნეცოვის, ხსოვნას, მაგრამ ამის თაობაზე ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. მთავარი როლი ამ ფილმში შეასრულა პოპულარულმა მსახიობმა, სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატმა _ პავლე კადოჩნიკოვმა.

მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ნიკოლოზ კუზნეცოვი მოიზიდეს ბერიას საიდუმლო თანამშრომლებმა. იმ დროს ბერიას მოუწია, თითქმის მთლიანად განეახლებინა საკავშირო შინსახკომის ცენტრალური აპარატი და ახალი პერსპექტიული თანამშრომლების მოეძებნა. ნიკოლოზ კუზნეცოვმა გაიარა ბერიას ჩეკისტთა კოჰორტის, ლეგენდარული გენერლის _ პავლე სუდოპლატოვის სკოლა და გადაისროლეს გერმანელთა ზურგში ობერ-ლეიტენანტ პაულ ვილჰელმ ზიბერტის სახელით. ვისაც ეს ფილმი არ უნახავს და არ სმენია ამ გახმაურებულ ისტორიაზე, მოკლედ მოვახსენებ: პაულ ზიბერტმა ოკუპირებულ ლვოვში გაიცნო მნიშვნელოვანი პერსონა, შშ-ის შტურმბანფიურერი ულრიხ ფონ ორტელი, რომელიც ენათესავებოდა მესამე რაიხის ზოგიერთ ხელმძღვანელს, თუმცა ჰქონდა ნაკლიც _ ეტანებოდა «შნაპსს», ანუ ლოთობდა. კაზინოში მორიგი შეხვედრის დროს ფონ ორტელმა წამოაყრანტალა, რომ საიდუმლო დავალებით მიემგზავრება თეირანში, სადაც მალე ერთმანეთს შეხვდებიან სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი და მათი განადგურება იგეგმებაო. ორტელი უფრო შორს წავიდა და პაულ ზიბერტს შესთავაზა ამ საიდუმლო ჯგუფის წევრობა. სულ მალე ეს ინფორმაცია ბერიას მაგიდაზე ედო.

ნაცისტების მიერ დაგეგმილი ოპერაცია კოდური დასახელებით «გრძელი ნახტომი» ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ საბჭოთა დაზვერვამ არათუ ჩაშალა ეს შეთქმულება და გააუვნებელყო გერმანიის «მთავარი დივერსანტის» _ ოტტო სკორცენის ათობით თანამებრძოლი, არამედ სრულად ისარგებლა ამერიკის პრეზიდენტის _ რუზველტის სამდღიანი ყოფნით საბჭოთა საელჩოში. იმ ოთახებში, რომლებშიც რუზველტი გაჩერდა, მოსასმენი მიკროფონები დააყენეს. ეს საკმაოდ საჩოთირო საქმე სტალინმა პირადად სერგო ბერიას დაავალა. სერგოს არა მარტო ყურადღებით უნდა მოესმინა რუზველტის და ჩერჩილის საუბრები, არამედ დაკვირვებოდა მათ ინტონაციასაც, ხოლო დილით პირადად სტალინისთვის მოეხსენებინა.

თბილისში მე ახლოს გავიცანი უკვე თადარიგში მყოფი ჩეკისტი, შინსახკომის, შემდგომ სუს-ის პოლკოვნიკი ალექსანდრე ნაბიჭვრიშვილი. იგი ცხოვრობდა მაჩაბლის ქ.#7-ში. სხვათა შორის, მაგ აგურის სახლში ცხოვრობდა უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ გვიშიანიც, რომლის შვილი _ ჯერმენი, მომავალი ცნობილი აკადემიკოსი, დაქორწინდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ალექსეი კოსიგინის ქალიშვილზე _ ლუდმილაზე. გვერდით კი, ერთი სახლის გამოტოვებით, 1938 წლამდე, მოსკოვში გადასვლამდე, ცხოვრობდა ლავრენტი ბერიას ოჯახი.

ბერიას სკოლის ჩეკისტები არ გახლდნენ საუბრის მოყვარულნი, ამიტომაც მიხდებოდა მათთან ხშირად შეხვედრა; საუბრისას «ვიჭერდი» ცალკეულ ფრაზებს. «მშველოდა» ისიც, რომ ვმეგობრობდი მათ შვილებთან და ახლო ნათესავებთან. მოკლედ, მარცვალმარცვალ ვაგროვებდი ინფორმაციას.

მაშ ასე, პოლკოვნიკმა საშა (როგორც მას სიყვარულით ეძახდნენ ახლობლები) ნაბიჭვრიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბერიას ნდობით აღჭურვილი თანამშრომელი, არ იცოდა, რომ მორიგი დიდი პარტია ყველანაირი პროდუქტისა, ღვინისა, კონიაკისა, ხილისა და ა. შ. გააგზავნა «დიდი სამეულის» სუფრაზე თეირანში. აღსანიშნავია, იმ დროს საქართველოდან სურსათ-სანოვაგის გაგზავნა მოსკოვში სტალინისთვის, ბერიასთვის და სხვებისთვის არ ხორციელდებოდა სპეციალური ლაბორატორიის გასინჯვის და საშა ნაბიჭვრიშვილის ბეჭდის გარეშე.

როცა პარტიულ სამუშაოზე ვიყავი, ჩვენთან, «ცეკას» სასადილოში, შეფ-მზარეულად მუშაობდა ძალზე გულკეთილი ადამიანი _ ალექსანდრე არსენის ძე რთველაძე. ბატონი ალექსანდრე იმ დროისთვის ცკ-ის მაშინდელი «პატრონის» _ ედუარდ შევარდნაძის პირად მზარეულად მსახურობდა. გვიან საღამოს, სამსახურის შემდეგ, ჩვენ ხშირად დავმგზავრებივართ ერთმანეთს. იგი გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩემი ძმის მეზობლად. სულ მოკლე დროში ჩვენ ნათესავებივით დავახლოვდით. ჰოდა, ერთხელ შაბათ საღამოს, ჩაის რომ მივირთმევდით, არსენიჩმა, როგორც მას პარტმუშაკები და ნაცნობები მიმართავდნენ, საოცარი ისტორია მომიყვა. ვფიქრობ, ცნობილი მზარეული არაგამოგონილ ამბავს ყვებოდა, რაც, თითქმის 35 წლის შემდეგ არც თუ ისე უინტერესო იქნება მკითხველისთვის.

თურმე ალექსანდრე რთველაძე 30-იან წლებში ლავრენტი ბერიას მზარეული იყო. მოსკოვში გადასვლის შემდეგ, მან რთველაძეც თან წაიყვანა. გადიოდა წლები. ბერიასთან სახლში ხშირად სტუმრობდა სტალინი. სოსოს ძალიან უყვარდა ბერიას მეუღლის _ ნინო გეგეჭკორის მომზადებული ქართული კერძები. რამდენიმე ხნის შემდეგ, რთველაძემ სტალინის სამზარეულოში დაიწყო მუშაობა.

ერთხელ არსენიჩს უბრძანეს, მისულიყო ვაგზალზე, კუნცევოს რაიონში. საით უნდა გაეშვათ, არავინ იცოდა. დრო იყო ასეთი _ «ზედმეტი სიტყვების გარეშე». ამგვარად, იგი აღმოჩნდა ბაქოში, საიდანაც რამდენიმე თვითმფრინავით მთელი ჯგუფი (60 კაცამდე) თეირანში ჩაიყვანეს. უნდა გითხრათ, იმდროინდელი თეირანი ძალიან ჰგავდა თბილისის ცენტრს და რთველაძესაც თურმე თავდაპირველად თბილისში ეგონა თავი. 1943 წლის 25 ნოემბერი იყო და მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაიგეს, რომ აქ უნდა ჩატარებულიყო საერთაშორისო შეხვედრა!..

უინსტონ ჩერჩილს 30 ნოემბერს 69 წელი უსრულდებოდა. ჩვენმა ჩეკისტებმა იცოდნენ, რომ მას ჭკუა ეკეტებოდა მოხარშულ ზუთხზე. ბერიას დავალებით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელმა მირ ჯაფარ ბაგიროვმა კასპიის ზღვაში მეთევზეებს დააჭერინა ორი მეტრნახევრიანი ზუთხი; რთველაძეს უბრძანეს ზუთხის მთლიანად მოხარშვა. საბჭოთა საელჩოს «სამეურნეო» ეზოში კოცონი დაანთეს, ადუღებულ წყალში ჩაუშვეს დოლბანდში გახვეული ზუთხი. კოცონის ორივე მხრიდან იდგნენ ჩეკისტები, რომლებსაც ეკავათ ხეზე გადასროლილი თოკის ბოლოები; როგორც კი არსენიჩმა ნიშანი მისცა, ზუთხი ასწიეს, მოაშორეს დოლბანდი და სპეციალურად ლენინგრადის ერმიტაჟიდან ჩამოტანილ ვეებერთელა სინზე მოათავსეს. შემდეგ «მორთეს» მოხარშული ზუთხი, მათ შორის, შავი ხიზილალითაც. მერე რთველაძემ და მისმა დამხმარეებმა, უშიშროების მესამე რანგის კომისრის, ალექსანდრე ეგნატაშვილის ( თეირანში კურირებდა ყველა სამეურნეო საკითხს), მითითებით, სინი საზეიმოდ შეიტანეს საბანკეტო დარბაზში (მადლობა ღმერთს, ინგლისის საელჩო გვერდით იყო) და დადგეს მაგიდაზე ჩერჩილის წინ. ბრიტანეთის პრემიერის აღტაცებას და ემოციებს ბოლო არ უჩანდა! ბანკეტის ბოლოს იუბილარს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადეს _ მის წინ აღმოჩნდა მთლიანად შოკოლადიდან დამზადებული უზარმაზარი კომპოზიცია «რუსული ტროიკა».

ეს ამბავი დამიდასტურა გენერალ-ლეიტენანტ გრიგოლ კარანაძის შვილმაც (ბატონი გრიგოლი, სხვა ჩეკისტებთან ერთად, უზრუნველყოფდა საბჭოთა დელეგაციის უსაფრთხოებას), რომელიც მამასთან ერთად ამ მოვლენის მოწმე იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, ჩემს ნათესავებთან მოსკოვში ყოფნისას, ოჯახურ ვითარებაში გავიცანი მათი მეგობარი, ყოფილი ჩეკისტი, მაიორი გრიშა ზაქარაია. იგი თეირანში სტალინის დაცვის ჯგუფში შედიოდა. მისგან საინტერესო ფაქტი შევიტყვე.

კონფერენციის დამთავრებისას, «დიდმა სამეულმა» თურმე სამახსოვრო სურათის გადაღება მოისურვა. რატომღაც ორ ჩვეულებრივ სავარძელთან ერთად დადგეს შესამჩნევად დაბალი სავარძელი, რომელზეც ჩერჩილი მოთავსდა. პრემიერი ტანმორჩილი იყო. უმცირეს ნიუანსებზეც დაკვირვებულმა ჩერჩილმა, როგორც ჩანს, შეამჩნია დამსწრეთა თვალებში ირონია და შემდგომში, იალტაშიც და პოტსდამშიც «დიდი სამეულის» სავარძლები მხოლოდ ერთი სიმაღლისა იყო!

ყველაზე გასაკვირი ჩემთვის ის გახდა, რომ მაშინ თეირანში იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის, მოსე თოიძის ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი _ გიორგი. აღმოჩნდა, რომ ლავრენტი ბერია მეგობრობდა მოსე თოიძესთან და ეს უკანასკნელი ხშირად სტუმრობდა შინსახკომის ყოვლისშემძლე თავკაცს. ცნობილია, ბერია კარგად ხატავდა ფანქრითაც და ფუნჯით და არც თუ ისე ურიგო არქიტექტორი იყო; მაშასადამე, მას ჰქონდა სასაუბრო თემა მხცოვან ქართველ მხატვართან. ჰოდა, მოსე თოიძის ნაბოლარა _ გიორგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე, იმ დიდი ომის პირველივე დღიდან ებრძოდა მტერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მოქმედ ჯარებში, შემდეგ _ ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. როგორ აღმოჩნდა გიორგი თოიძე ირანში, აღარ მახსოვს, თუმცა ჩემს ბლოკნოტში შემომრჩა მისი იმდროინდელი ზოგიერთი მოგონება.

გიორგი თოიძის მოგონება

«თეირანში ვმუშაობდი მთავარ და, საერთოდ, ერთადერთ მხატვრად გაზეთ «ირანის მეგობარში», რომელიც ფარსის ენაზე გამოდიოდა. რედაქცია თეირანიდან 7 კილომეტრში, ზერგენდში იმყოფებოდა, სადაც განთავსებული იყო საბჭოთა საელჩოს საზაფხულო რეზიდენცია. კონფერენციის მომზადების და ჩატარების პერიოდში ბევრ ქართველს შევხვდი, მათ შორის, მშვენიერ სპორტსმენ-ტანმოვარჯიშეს, უშიშროების სამსახურის მაიორ ლევან ჩაჩავას, კინოოპერატორ კანდელაკს და მრავალ სხვას…»

მე კი ჩამონათვალს რამდენიმე სახელს დავუმატებდი: სტალინის პირადი დაცვის უფროსს, წარმოსადეგ გენერალს _ შალვა წერეთელს (მას ბერია იცნობდა ოციანი წლებიდან, როდესაც ერთად ისხდნენ ქუთაისის ციხეში), ასევე, ულამაზეს ვაჟკაცს, გენერალ კაპიტონ ნაჭყებიას (რომელსაც ყურადღება მიაქცია უინსტონ ჩერჩილმა) და კიდევ ბევრი სხვა…

«დიდი სამეულის» შეხვედრა, ასე ბრწყინვალედ ორგანიზებული და ჩატარებული დასრულდა სტალინის და მისი თანამემამულეების ტრიუმფით, განსაკუთრებით საბჭოთა ჯარების უდიდესი გამარჯვებებით სტალინგრადთან, კავკასიის ფრონტზე, კურსკის რკალზე, დნეპრის ფორსირების და კიევის განთავისუფლების ფონზე! რუზველტი მოხიბლული იყო სტალინის პიროვნებით, ხოლო ჩერჩილი _ საბჭოთა ბელადის ქარიზმით! ასაკით ყველაზე უფროსი ჩერჩილი გახლდათ _ მას 69 წელი შეუსრულდა; 21 დღის შემდეგ სტალინი 64-ისა ხდებოდა, რუზველტს კი 62 წლამდე ცოტაღა აკლდა. ყველაზე ახალგაზრდა, რომელსაც დაეკისრა «დიდი სამეულის» დაცვა, იყო ბერია. იგი ცხოვრების მხოლოდ 44 წელს ითვლიდა.

მათ შორის ყველაზე დიდხანს ჩერჩილმა _ უჭკვიანესმა, ბრძენმა პოლიტიკოსმა _ იცოცხლა. მან, საბჭოთა რუსეთის და სსრკ-ის პირველმა მტერმა 1959 წელს, როცა საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის მიერ გაჩაღებული იყო აღვირახსნილი ანტისტალინური ისტერია, ლორდთა პალატაში სტალინის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში სტალინს გენია უწოდა და დასძინა: «…სტალინმა რუსეთი გუთნით ჩაიბარა, ხოლო ატომური ბომბით შეიარაღებული დატოვა»!

_ ბატონო ლევან, ამ საკითხზე მე ვაპირებ ერთ ცნობილ რუს მკვლევარს ვესაუბრო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ასეთმა იდეურმა მტერმა, როგორიც ჩერჩილი იყო სტალინისთვის, როგორ გაიმეტა საბჭოთა კავშირის ბელადისთვის აღტაცებული სიტყვები?

_ ჩემი აზრით, ეს უბრალოდ აიხსნება: ჩერჩილი ჰერცოგ მალბოროების პირდაპირი ჩამომავალი იყო, ანუ უმაღლესი რანგის არისტოკრატი. კეთილშობილი ადამიანებისთვის ცხოვრებაში ღირსებაა უმთავრესი. ღირსების არქონა არისტოკრატისთვის სიკვდილის ტოლფასია; ჩერჩილი პირადად იცნობდა სტალინს და მშვენივრად იცოდა, რომ ხრუშჩოვი და მისი მდაბიო ბანდა ცრუობდნენ და მას _ ლორდ ჩერჩილს, უფლება არ ჰქონდა, ხმა არ ამოეღო ამ საძაგლობის წინააღმდეგ! წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მყეფარე უჯიშო ლუმპენს დაემსგავსებოდა! აი, მოკლედ, პასუხი თქვენს კითხვაზე.

_ რამდენიმე ხნის წინ მქონდა «ბედნიერება», გავცნობოდი ოტტო სკორცენის მოგონებებს. იგი ამბობს, რომ გერმანელები «დიდი სამეულის» განადგურებას არ აპირებდნენო. თქვენი კომენტარი.

_ დაუჯერეთ?

_ რა თქმა უნდა, არა!

_ ჩემი აზრით, სკორცენის ასეთი უცნაური «საქციელი», შესაძლოა, აიხსნას სამი მიზეზით: პირველი _ რაღაც ფაქტებზე მზვერავები პირში წყალს იგუბებენ სიკვდილამდე; მეორე: სკორცენი ორმაგი აგენტი იყო, მუშაობდა არა მხოლოდ ჰიტლერზე, არამედ სტალინსაც ემსახურებოდა და მესამე: ძალზე არ სიამოვნებდა, რომ საბჭოთა დაზვერვასთან პირწმინდად დამარცხდა.

აპირებდნენ და კიდევ როგორ აპირებდნენ «დიდი სამეულის» ლიკვიდაციას! თუ რა აგენტურული ქსელი ჰქონდათ ფაშისტებს შექმნილი, ეს ორი ფაქტიც მეტყველებს. შD-ს ოფიცერი ფრანც მაიერი მუშაობდა თეირანში სომხურ სასაფლაოზე მესაფლავედ, ხოლო ჰაუპტშტურმფიურერი იულიუს შულცე მსახურობდა ისპაჰანის მეჩეთში მოლად და ყოველ პარასკევს მუსლიმებს უქადაგებდა, რომ «ყველა მართლმორწმუნეს ვალია, გამოუცხადოს ინგლისელებს და რუსებს, რომლებიც თავის აქ ყოფნით შეურაცხყოფენ ისლამის მიწას, ჯიჰადი». მაიერი დააპატიმრეს კონფერენციამდე ორი თვით ადრე. ასე რომ, ბერიამ და მისმა სამსახურმა აშკარად დაჩაგრეს ფაშისტების უძლიერესი დაზვერვა!

ესაუბრა

გიორგი  კორძაძე

 

14 COMMENTS

  1. თეირანის კონფერენციაზე ყოფნისას, სტალინს სსრკ-ს საელჩოში ესტუმრა ირანის შაჰი და მისალმებისას ქედი მოიხარა მის წინაშე, ამ მომენტში სტალინს გვერდში ედგა მისი დაცვის უფროსი-კაპიტონ ნაჭყებია, რომელსაც იმ მომენტში სტალინმა გადაულაპარაკა—ნეტავი ახლა გააცოცხლა მეფე ერეკლე და ანახა ქართველების წინასე ქედდახრილი ირანის შაჰიო!

  2. სტალინს ნახევარი მსოფლიო დაპყრობილი ჰყავდა და მეორე ნახევარს კიდევ მისგან შიშით კანკალებდა! ამიტომაც იმპერიალისტური დასვლეთი დღემდე ვერ ინელებს მის სიძლიერეს!

  3. ჩემი ბაბუაც იმყოფებოდა ირანში,( ენკავედეს მაიორი, რომელიც ახლდა ბერიას) მისგან მახსოვს რომ, სომხების ჯგუფი ყოფილა ყველაზე ძლერი სპეც ჯგუფი, რომლებიც მუსაობდენენ თეირანშიო. და მათი უფროსი ყოფილა თბილისელი სომეხიო,––(ის კაცი ეხლახან გარდაიცვალა მოსკოვში)

  4. ჩემი ბაბუაც იმყოფებოდა ირანში,( ენკავედეს მაიორი, რომელიც ახლდა ბერიას) მისგან მახსოვს რომ, სომხების ჯგუფი ყოფილა ყველაზე ძლერი სპეც ჯგუფი, რომლებიც მუსაობდენენ თეირანშიო. და მათი უფროსი ყოფილა თბილისელი სომეხიო,––(ის კაცი ეხლახან გარდაიცვალა მოსკოვში)

  5. დავიწყოთ იქიდან რომ შეცდომები ყველა ადამიანს მოსდის არ არსებობს უშეცდომო ადამიანი.სტალინს რაც შეეხება ყველამ ვიცით თუ რა დიდი მაშტაბების ადამიანი იყო იგი. როდესაც ხარ ამხელა სახელმწიფოს სათავეში (მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოსი) როდესაც იცი რომ ყველა შენს წინააღმდეგ მოქმედებს (შეფარულადაც), როდესაც ამხელა ქვეყანა გაქვს სამართავი, ვფიქრობ რომ ბუნებრივია იქნებოდა შეცდომები. რა თქმა უნდა! დამისახელეთ ნებისმიერი მმართველი, ნებისმიერი ქვეყნის, რომელსაც არ ექნებოდა შეცდომები.(!) ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამ აზრს შეიგნებს. ალექსანდრე მაკედონელმა ისე დაიპყრო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია??! მაშინ თუ მის მართველობას, დიდი მსხვერპლი მოჰყვა,(და მოჰყვებოდა თავისთავად) რატომ ითვლება დღეს ის ასეთ გენიალურ მხედართმთავრად?? (არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მაკედონელის დროს მსოფლიო რუკა მოიცავდა ძალიან მცირე ნაწილს დღევანდელი მსოფლიოსგან განსხვავებით, და ვიცით, რომ მან დაიპყრო იმ დროინდელი მსოფლიო!) რატომ არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო?? იგივე შეიძლება ითქვას ნაპოლეონ ბონაპარტეზეც. ვფიქრობ, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ისტორიულ პიროვნებაზე, იგი უნდა შევაფასოთ ყველა მხრივ და როდესაც ნაწილობრივ ინფორმაციას მაინც (!) მივიღებთ (დადებითსაც და უარყოფითსაც), მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ობიექტური (!) დასკვნის გამოტანა ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების მიმართ: შევაჯერებთ დადებით და უარყოფით მხარეებს და აქედან გამოვიტანთ დასკვნებს -მთლიანობაში,ამ პიროვნების დადებითი თუ უარყოფითი როლის შესახებ. მაგრამ ამას მხოლოდ საღად მოაზროვნე ადამიამი შეძლებს.

    • ეს, რაც ხდება დღეს, სტალინის წინააღმდეგ, მარტივად მიხვდება განათლებული ადამიანი, უწიგნური და გაუნათლებელი ვერასდროს ვრ მიხვდება, რაც არუნდა მყარი და უტყუარი მტკიცებულებები დავუდოთ.
      დღევანდელი ლიბერალების კასტას არ აწყობს, რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე, თუარა კი ვკითხულობთ სტატიაში, თვით ჩერჩილი რასაც წერს სტალინზე და რესპოდენტს განმარტებულიც აქვს ჩერჩილის უმაღლესი რანგის არისტოკრატობის შესახებ და შესაბამისად, არისტოკრატი
      ადამიანებისთვის ცხოვრებაში ღირსებაა უმთავრესი.

  6. სტალინი იყო ყველაზე დიდი ქართველი და ჩვენ, ქართველები იმის მაგივრად რომ პირიქით უფრო მეტად მონდომებულები ვიყოთ მისი ფენომენის შესწავლის ობიექტურად, იმის მაგივრად რომ ვცდილობდეთ მის გამოკვლევას სამართლიანად და დაუმახინჯებლად, ვდგევართ და ლაფს ვასხამთ ასეთ პიროვნებას… სირცხვილია უბრალოდ! რომელიმე სხვა ერს რომ ჰყოლოდა ასეთი გენია, ასეთი ბინძურის ლაპარაკს დაიწყებდნენ??? ასე შეურაცხყოფდნენ??? ასე მიწასთან გაასწორებდნენ თუ პირიქით????? აბა ერთი სომხებს ჰყოლოდათ ასეთი მსოფლიო დონის გენია ან ნებისმისმიერ სხვას!! ასე დაუწყებდნენ ლანძღვა გინებას, როგორიც არა უნდა ყოფილიყო??? კი ბატონო… კაცმა კაცობრიობაში ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი ომი მოიგო და დააჩოქა ეშმაკის მოციქული ჰიტლერი თავისივე ბანაკში!!! რომ არა მისი მხედართმთავრული გენია, დღეს ვიქნებოდით ნაცისტური გერმანიის რომელიღაც დაპყრობილი ტერიტორია ნახევრად განადგურებული მოსახლეობით! მთელი თუ არა…

  7. სტანლინისნაირი შეუპოვარი ძლიერი გონების და რკინის ნებისყოფის ადამიანი გვჭირდება დღეს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი ვინც ხალხზე იქნება თავგადაკლულიდა ფული არ დააინტერესებს

  8. სეხედეთ რუსეთს, რომელიც დღეს აღმერთებს სტალინს! სხვა ეროვნების კაცს. ჩვენ ქართველები კი ვლანძღავთ მას რომ ჩვენი უსუსური მნიშვნელობა ჩვენს თვალებში ავამაღლოთ. უტვინო უმეცრება, \\\”პროფილის\\\” ასათიანიც კი ბედავს მის კრიტიკას, თუმცა უკალკულატოროთ 7 x 6 ვერ ამრავლებს. აი ქართული პარადოქსი. ადამიანების უფლებების დაცვას რომ ნაპოლეონსა და ჩინგიზ ხანს თხოვენ. ეხლა ემთხვიეთ ამერიკელ პედერასტებს ტუჩებში.

  9. სტალინი უდიდესი მსოფლიო გენიოსი იყო. ჩვენმა პატარა საქართველომ მსოფლიოს უდიდესი პიროვნება შვა. ნებისმიერი ერი იამაყებდა ასეთი პიროვნებით, ჩვენს გარდა. შ.ნუცუბიძემ სთქვა: \\\”საქართველოში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭიერების გარდა.\\\” სტალინს დემოკრატიას უწუნებენ დასავლეთსა და ამერიკაში. აბა თუ გახსოვთ, ამერიკელებმა 40 მილიონი აბორიგენი ინდიელი 1 მილიონამდე როგორ მიიყვანეს ხოცვა -ხოცვით, ომწაგებულ იაპონიაში ატომური ბომბი როგორ გამოიყენეს და 250 000 ადამიანი ერთ წუთში როგორ ააორთქლეს. დემოკრატია სად არის დამალული? მაშინ ხალხთა სიბრიყვის სატყუარა \\\”დემოკრატია\\\” ჯერ არ იყო გამოყენებული ერის საგინებლად. \\\”მიშა\\\” სისხლიანის დემოკრაატიაც გვახსოვს, ფაშისტური დემოკრატია. სტალინის გინება დღეს ეტალონია პიროვნების აზროვნების და განათლების ხარისხის. რუსეთმა დღეს გაიგო სტალინის გენიის მნიშვნელობა, საქართველომ არა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here