Home რუბრიკები პოლიტიკა სოზარ სუბარი: დასავლეთს წინა წლებშიც ასეთი მკაცრი შეფასებები რომ გაეკეთებინა, დღეს უკეთეს...

სოზარ სუბარი: დასავლეთს წინა წლებშიც ასეთი მკაცრი შეფასებები რომ გაეკეთებინა, დღეს უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით

706

საპატიმროებს ყოველკვირეულად ათეულობით მსჯავრდებული ტოვებს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ამნისტია დაახლოებით 3500 ადამიანს შეეხება, 20 ათასამდე პრობაციონერს პირობითი მსჯავრი მოეხსნება. ახალი ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკას სუბარის წინამორბედი საფრთხედ აღიქვამს და მას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად აფასებს; «ნაციონალური მოძრაობა» კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმებას პროგნოზირებს. რამდენად ახლოსაა რეალობასთან საპარლამენტო უმცირესობის არგუმენტები და რა მექანიზმებით აპირებს მმართველი გუნდი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, თუკი ოპოზიციის ვარაუდი გამართლდება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ამომწურავად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრება.

_ ბატონო სოზარ, წლების მანძილზე წინა ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდით იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობები არ იყო. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გადატვირთულობა, საკნებში უჰაერობა, ჰიგიენური ნორმების არარსებობა; ასევე, არ მოწმდებოდა საკვები, რომლითაც პატიმრები იკვებებოდნენ, არ ფუნქციონირებდა ჯანდაცვის სისტემა და . . ხელისუფლების შეცვლიდან ორი თვის თავზე რა მდგომარეობაა საპყრობილეებში? მოგვარდა თუ არა ეს პრობლემები?

_ მე განვავრცობ თქვენს ჩამონათვალს: მთავარ პრობლემას წარმოადგენდა წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ, რაც იყო წითელი ხაზი. გადატვირთულობა შეიძლება ობიექტურ მიზეზს უკავშირდებოდეს და უცებ ვერ მოგვარდეს, მაგრამ წამება არის პირდაპირ პოლიტიკური ნების საკითხი. ზუსტად ეს იყო წინა ხელისუფლების ნებაც, რომ არაადამიანური მოპყრობის გზით პატიმრები და მთლიანად საზოგადოება დაეშინებინა. ბუნებრივია, ეს პრობლემა აბსოლუტურად მოხსნილია. მეორე, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის პრობლემა. ადამიანების სიცოცხლეს, ხშირ შემთხვევაში, აგდებულად უყურებდნენ, ხდებოდა მათი ჯანმრთელობის იგნორირება და დღეს მაქსიმუმი კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად. მარტივ მაგალითს გეტყვით, ამ ერთი თვის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა როგორც შიდა, ისე გარე რეფერალი. რას ნიშნავს ეს? _ სამჯერ უფრო ხშირად ხდება ავადმყოფი პატიმრების გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებებში. ასევე მკვეთრადაა გაზრდილი დანახარჯები სამედიცინო მომსახურების კუთხით. ასე რომ, ამ მხრივაც მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგას, თუმცა საბოლოო გამოსწორებამდე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი.

_ პირობითი მსჯავრის მოხსნა, ამნისტია და ზოგადად სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გადახედვა იმისთვის ხდება, რომ გადატვირთულობა მოიხსნას, თუ რეალურად ეკუთვნით შეწყალებულ პატიმრებს თავისუფლება? რა არის პრიორიტეტი?

_ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩემი სამინისტროს პოზიციიდან, თორემ საერთო მიდგომა არის შემდეგი: მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ატარებდა, იყო უაზრო, სასტიკი და არაადამიანური. როდესაც მოქალაქეს, ვთქვათ, წვრილმან ქურდობაზე 13, 20 და 30 წელს უსჯი, როცა 14 წლის ბავშვს 15 ლარის ღირებულების ნიგვზის ქურდობისთვის 4 წელს აძლევ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური. ამასთან, როცა სასამართლო არაა დამოუკიდებელი და ყველაფერს წყვეტს პროკურორის სიტყვა, ცხადია, იქ ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რამდენად სამართლიანადაა გამოტანილი ესა თუ ის განაჩენი. ყველა საქმის გადახედვა, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება, ამიტომ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზას წარმოადგენს ამნისტია, რომელიც მსჯავრდებულთა რაღაც ნაწილს საერთოდ უხსნის სასჯელს, ხოლო რაღაც ნაწილს უმსუბუქებს, შეიძლება მეოთხედი მოუხსნას ან გაუნახევროს. რაც შეეხება შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას, ეს არის ისევ იმ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვისა და შეცვლის მექანიზმი.

_ რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ ყოველკვირეულად ათეულობით ადამიანი ტოვებს საპატიმროს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. რა გარანტიები არსებობს, რომ საზოგადოების უსაფრთხოება დაცული იქნება? «ნაციონალური მოძრაობა» კრიმინოგენული სიტუაციის მოსალოდნელ გაუარესებაზე საუბრობს.

_ ყოველ კვირას ათეულობით ადამიანი შედის ციხეში და ათეულობით გამოდის. ეს ისედაც ხდება, რაც შეეხება კრიმინოგენული ვითარების დაძაბვას, თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ და გააკეთოთ ანალიზი, პირობით ვადამდე გათავისუფლებით რანაირი ადამიანები გამოდიან და პრეზიდენტის შეწყალების შედეგად რა ხალხი ტოვებს ციხეებს. დარწმუნდებით, რომ საზოგადოებრივ წესრიგს რეალურად საფრთხეს უქმნის პრეზიდენტის შეწყალებები და არა ჩვენ მიერ გათავისუფლებული პატიმრები, იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება საზოგადოებისთვის საშიშროებას.

ახლა გადავხედოთ სააკაშვილის მიერ გამოშვებული პატიმრების სიას (სახელებს და გვარებს, თქვენი ნებართვით, არ ვიტყვი). მაგალითად, შეწყალებაში მოხვდა პირი, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 8 წელი და რჩებოდა 2. ბრალდება _ ყაჩაღობა თავისუფლების აღკვეთით, საქმეში წერია, რომ პირთა ჯგუფთან ერთად დააყაჩაღა სათამაშო კლუბი «ჩემპიონი». ასევე, შეწყალება შეეხო მსჯავრდებულს, რომელსაც მკვლელობის მცდელობის მუხლით მისჯილი ჰქონდა ცხრა წელი. მან მხოლოდ ერთი წელი მოიხადა, ფაქტობრივად, _ მეათედი. კიდევ: შეწყალებულია მოქალაქე, რომელსაც 26 წელი ჰქონდა მისჯილი ქურდობისთვის. ის მხოლოდ ოთხი წელი იყო პატიმრობაში, ანუ რეალურად აქ საუბარია იმ კატეგორიის დამნაშავეებზე, რომლებიც მართლა შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის და ასეთი ადამიანების გათავისუფლებისგან ჩვენ, თუ ძალიან მძიმე ავადმყოფი არ არის ან, ვთქვათ, ორი, სამი თვე არ აქვს დარჩენილი, მაქსიმალურად თავს ვიკავებთ. პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია სანამ გადაწყვეტილებამდე მიდის, ყველა საქმეს სწავლობს დეტალურად და ითვალისწინებს, როგორ იქცეოდა ესა თუ ის პატიმარი ციხეში, იყო თუ არა კანონმორჩილი. მსგავსი რამ საერთოდ გათვალისწინებული არაა პრეზიდენტის შეწყალებებში. აი ეს არის განსხვავება ჩვენ შორის.

_ ცოტა არ იყოს, უცნაურია, პრეზიდენტი, რომელიც ადრე ნულოვან ტოლერანტობას ქადაგებდა, ახლა საშიშ დამნაშავეებს იწყალებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება კრიმინოგენული ვითარების დასაძაბად?

_ ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა შეძლებენ, ყველა კრიმინალი, რომელიც განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, ციხეში შეაბრუნონ, მაგრამ აქ საყურადღებო სხვა რამაა, როცა ამდენს ყვირიან «ნაციონალური მოძრაობის» წევრები, ამნისტია კრიმინალს გაზრდისო, რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდნენ, ვის იწყალებს პრეზიდენტი?! რატომ არ კითხულობენ, ვინ არიან ეს ადამიანები და რამდენად წარმოადგენენ ისინი საფრთხეს საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, როცა, ვთქვათ, ლაპარაკია მსჯავრდებულზე, რომელიც ერთდროულად გასამართლებულია ქურდობისთვის, მრავალგზის ყაჩაღობისთვის და პლიუს კიდევ ციხეში იყო დაუმორჩილებელი.

_ რაც შეეხება მიმდინარე დაპატიმრებებს, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2003-2004 წლებში, როცა «ნაციონალური მოძრაობა» მოვიდა ხელისუფლებაში, დაკავებები ამხელა მასშტაბით არ ხდებოდა.

_ კი, ბატონო, მოდი, გავიხსენოთ, მაშინ რა ხდებოდა. მირცხულავა მინისტრი იყო, დაიჭირეს, მერაბ ადეიშვილი დაიჭირეს. შინაგან საქმეთა მინისტრიც დააკავეს, ასევე დააკავეს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და რკინიგზის ხელმძღვანელი. ჩვენთან ამ წუთში დაკავებულია ორი მინისტრი და აქედან ერთ-ერთის, ირაკლი ოქრუაშვილის, დაპატიმრება მათ მიერვე მისჯილი სასჯელის გამო მოხდა. სხვა ვინაა დაჭერილი მაღალჩინოსნებიდან?

_ ზოგი იმის გამო არაა დაკავებული, რომ საქართველოში არ იმყოფება.

_ კონკრეტულად ვინ?

_ მაგალითად, დათა ახალაია.

_ და რამე არასწორი ბრალდებაა მის წინააღმდეგ? ახალაიაზე და საერთოდ, იმ ადამიანებზე, რომლებზეც ახლა ძებნაა გამოცხადებული, ხალხი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა. იმავე გირგვლიანის საქმე რომ ავიღოთ, ამაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. ასე რომ, არ უნდა თქვან ისეთი რამ, რაც არ არის სწორი. დღეს საზოგადოებისთვის დამალული არაფერია.

ამდენი კვირაა, საუბრობენ იმაზე, რომ ბაჩო ახალაია რაღაც კონკრეტულ დაწესებულებაში არ უნდა იჯდეს. რატომღაც მათ ავიწყდებათ, სად სვამდნენ თვითონ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრებსაც. ახალაია მე იქ განვათავსე დროებით, მანამ, სანამ შენობა არ გარემონტდებოდა, სადაც მისი შესახლება იყო გადაწყვეტილი და, უბრალოდ, ამას ხმამაღლა არ ვამბობდი. დღეს კი ის აბსოლუტურად ნორმალურ, დაცულ პირობებში იმყოფება და არანაიარი საფრთხე არ ემუქრება.

_ ეს ასეც უნდა იყოს.

_ კი, ბატონო, მაგრამ გავიხსენოთ წინა ხელისუფლებისდროინდელი დაპატიმრებები. მაგალითად, დავით მირცხულავა გულის უმძიმესი შეტევით წაიყვანეს საავადმყოფოში და კაცი ხუთ წუთში ისევ ციხეში შეაბრუნეს. ასეთ რამეს ჩვენ არ ვაკეთებთ.

იმავე კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოლაშვილის, შემთხვევა ავიღოთ. იგი სასჯელს იხდიდა მეშვიდე საპყრობილეში და კაცი სადღაც სარდაფში, უჰაერობაში, სინესტეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ის მოინახულეს, გაგიჟებულები იყვნენ. იქ ადამიანის შეყვანა უკვე იყო წამება; აღარ ვლაპარაკობ ახლა ზურგზე ნამწვავებზე, სისხლჩაქცევებზე და ა. შ. ასე რომ, სანამ ბატონი დარჩიაშვილი რამეს იტყვის, გაიხსენოს, რა ხდებოდა მათ დროს ციხეებში, რა პირობებში იყვნენ პატიმრები.

_ თუკი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის პროცესი წმინდა სამართლებრივი ნორმების დაცვით მიმდინარეობს, რატომ აღიქვამს ამას დასავლეთი საფრთხის შემცველად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის?

_ თავისთავად კარგია, როცა მაღალი ყურადღებაა ქვეყნისკენ. მე არ ვეთანხმები, ხშირ შემთხვევაში, ამ შეფასებებს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ასეთივე მკაცრი შეფასებები ყოფილიყო თუნდაც 2003-ში, 2004-ში და მთლიანად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. მაშინ დღეს ცოტა უკეთეს ქვეყანაში შეიძლება გვეცხოვრა, უფრო მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო სასამართლო, ნაკლები პატიმრები გვყოლოდა და სიკვდილიანობასაც ციხეებში არ მიეღწია კატასტროფულ ზღვრამდე.

_ რაიმე დარღვევა თუ აღმოაჩინეთ ამ ორი თვის განმავლობაში სამინისტროს შიდა სისტემაში? წლების მანძილზე ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ეს უწყება გამართულად არ მუშაობს.

_ ამჟამად მიმდინარეობს აუდიტი და ეს, ალბათ, ძალიან დიდხანს გაგრძელდება, იმიტომ, რომ რთული საქმეა. დარღვევებს რაც შეეხება, უამრავია. მაგალითს გეტყვით, არიან სამშენებლო ფირმები, რომლებიც აშენებდნენ გარკვეულ დაწესებულებებს ისე, რომ, მათთან კონტრაქტი არ იყო დადებული. ჯამში კი მილიონების საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ დღეს, უბრალოდ, შეუძლებელია, მათ ფული გადაუხადო, თუ ეს ყველაფერი შესწავლილი არ იქნება. ვთქვათ, კაცი მოდის და მეუბნება, სამი მილიონი დავხარჯეო, სიტყვაზე ვენდობი, მაგრამ ნდობაზე ხომ არ გადავიხდი ფულს? დოკუმენტი, საბუთი არ გვაქვს, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს დეტალურად.

ასევე, ჯანდაცვის კომისია მოშლილი იყო და არ არსებობდა. წელს არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ დაშვებული ამ კომისიაში, არც შარშან. ამ დროს უამრავი მძიმე ავადმყოფი იხდიდა სასჯელს, რომელიც ყურადღებას საჭიროებდა. ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები, რომლებიც ხშირად დანაშაულთანაა ძალიან ახლოს.

_ ლოგიკურად ამ ყველაფერმა ვის პასუხისმგებლობამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

_ წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, გამოძიება ყველაფერს იტყვის თავის დროზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here