Home რუბრიკები საზოგადოება «არჩილ ჩოხელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სააკაშვილს, ახალაიას და ვინმე აბაშიძეს»

«არჩილ ჩოხელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სააკაშვილს, ახალაიას და ვინმე აბაშიძეს»

1484

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის ოჯახი სიმართლის გარკვევას ითხოვს. გარდაცვლილის დამ, ხათუნა ჩოხელმა, საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, უკვე მიმართა პროკურატურას. როგორც ოჯახი აცხადებს, საქმეში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალი იკვეთება, რაც სერიოზული ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ არჩილ ჩოხელი მოკლულია. არჩილ ჩოხელი _ მსოფლიო ჩემპიონი (1993), ორგზის მეორე (1994, 1997) და ექვსგზის მესამე (1992, 1996, 1998, 1999, 2000, 2002) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონი (1998), მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 1994, 1997, 2000, 2002) პრიზიორი და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გარდაცვალების შემდეგ, არჩილ ჩოხელის დამსახურებულ ჯილდოებს, კიდევ ერთი, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი შეემატა. ლაფანყურის ბუნდოვანი სპეცოპერაციის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხი დღემდე არ არსებობს. არჩილ ჩოხელის ოჯახს კი ახლა მხოლოდ ერთადერთი, _ საქმის ობიექტური გამოძიების ჩატარების იმედი რჩება. «საქართველო და მსოფლიო» გარდაცვლილი არჩილ ჩოხელის დას _ ხათუნა ჩოხელს და დედას _ იზო (ეთერ) ბუჯიაშვილს ესაუბრა.  

_ რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეთ. კონკრეტულად ვის ადანაშაულებთ არჩილ ჩოხელის სიკვდილში? 

ხათუნა ჩოხელი, არჩილ ჩოხელის და:

_ ხელისუფლებას ვადანაშაულებთ. ეს სპეცოპერაცია იყო წინასაარჩევნოდ დადგმული პიარ-სცენარი. კანონით, ყველა გზა სააკაშვილამდე მიდის. ამ საქმის შესახებ ყველაფერი იციან მიხეილ სააკაშვილმა, ბაჩო ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ _ გიორგი ლორთქიფანიძემ, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელმა _ სანდრო ამირიძემ და ვინმე აბაშიძემ, რომელიც აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ის ახალაიას კაცია და მას ყველაზე კარგად მოეხსენება, რა მოხდა. ჩვენ არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ გვინდა, სიმართლე გაირკვეს. რაც მოხდა, კარგად იციან ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა და გვინდა, ეს ადამიანები დაკითხონ.

_ თქვენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნეთ. საზოგადოებისთვის უცნობი რა დეტალები გამოიკვეთა, რამაც ეჭვის საფუძველი შეგიქმნათ, რომ არჩილ ჩოხელი სპეცოპერაციის დროს შემთხვევით არ დაღუპულა?

_ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალი იკვეთება. ჯერ ერთი, მიცვალებული საშინლად იყო დასახიჩრებული. არადა, ოფიციალური ვერსიის თანახმად, მას მხოლოდ ერთი ტყვია (ისიც მარცხენა მხარეს, ფილტვიდან გულში შემავალი) აქვს მოხვედრილი და შეუძლებელია, მას სახე ასე დაეზიანებინა. მთლიანად ჰქონდა სახე დამწვარი. შეენიშნებოდა შრამები, თვალებიც ჩაშავებული ჰქონდა. ხელებზე კი წითელი კვალი ეტყობოდა, ნაწამებს ჰგავდა.

ამას გარდა, ჯერ მიცვალებული შინ მოსვენებული არ გვყავდა, რომ უკვე გაჩნდნენ სახლში სოდის, კუდისა და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები. ფაქტობრივად, საკუთარ სახლში არაფრის უფლება არ გვქონდა. ჟურნალისტებს სახლიდან ყრიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანახმა ვიყავით, ყველას გავსაუბრებოდით, რადგან დასამალი არაფერი გვქონდა. დაე, ყველას გაეგო, რა ღირსეული ადამიანი დაიღუპა. როგორც შემდეგ გავიგეთ, სოფლის ცენტრიდანვე უკან აბრუნებდნენ ხალხს და ჩვენამდე არ უშვებდნენ. ინფორმაციაც კი გაავრცელეს, თითქოს ჩვენ, ოჯახს არ გვსურდა არავისთან საუბარი, რაც ტყუილია. ადგილობრივი მოსახლეობაც იმდენად დაატერორეს, რომ სოფელში შიშით ხმას ვერავინ იღებდა. ყველას აკონტროლ ებდნენ. ადგილობრივი პოლიცია «მაგრად» მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი, საგურამოს პოლიციელი პაატა ბერიძე, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახლში გვივარდებოდა და სამსახურეობრივ უფლებამოსილებას უხეშად აჭარბებდა. ალბათ, დავალებული ჰქონდა, ასე მოქცეულიყო.

აჩიკო 28 აგვისტოს, დღის ოთხ საათზე გამოიძახეს სამსახურში და მას შემდეგ ორი დღე არაფერი ვიცოდით მის შესახებ. მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს საღამოს მოასვენეს. ამბებს მხოლოდ ტელევიზორიდან ვიგებდით. ჩვენთან არავინ მოსულა და გარდაცვალების თაობაზე არ შეუტყობინებია, მეტიც, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვეცადეთ აჩიკოს ადგილსამყოფელის დადგენას, პასუხს არ გვცემდნენ, ტელევიზორს უყურეთ და გაიგებთო. ყველგან ვიყავით, სადაც შეიძლებოდა რომ მიცვალებული ყოფილიყო, მაგრამ უარით გვისტუმრებდნენ, ჩვენთან არავინ შემოუყვანიათო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც და «არამიანცის» (პირველი კლინიკური საავადმყოფო) საავადმყოფოშიც იგივე პასუხი გაგვცეს, არადა, იქ მომუშავე თანამშრომლებს კარგად ახსოვთ ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ აჩიკო შსს-სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მუშაობდა, როგორც დამსახურებული სპორტსმენი, ის ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ ხელფასსაც იღებდა, რაც არ მოსწონდათ. რატომღაც ბოლო დროს მის ირგვლივ ყველა სწორედ ამ საკითხით იყო დაინტერესებული. ვფიქრობ, ზოგიერთებს მისი შურდათ კიდეც. რადგან აჩიკო ივანიშვილის დანიშნულ ხელფასს იღებდა, ასევე მეგობრობდა მოჭიდავეებთან, რომლებიც ივანიშვილის გვერდით იყვნენ, ეჭვობდნენ, რომ შესაძლო იყო აჩიკოც ივანიშვილის გუნდში გადასულიყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არც კი იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, მის მიმართ ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდა.

_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაღუპული სპეცრაზმელები «ქართული ოცნების» მხარდამჭერები იყვნენ. მართლაც ასე იყო თუ არა და შეიძლებოდა თუ არა, ეს გამხდარიყო მათი დაღუპვის მიზეზი?

_ აჩიკო სიტყვაძუნწი იყო და საჯაროდ პოლიტიკაზე არ საუბრობდა, უბრალოდ, მადლობელი იყო ბიძინა ივანიშვილის და ამას არც მალავდა. ყოველთვის ამბობდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მისი ნიჭი და ამაგი დააფასა, ივანიშვილი იყო. სწორედ მისი ხელფასის მეშვეობით აიშენა ბინა თბილისში და ოჯახსაც ეხმარებოდა. ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, დაღუპული სპეცრაზმელები ჩემი დაცვის ბიჭების მეგობრები იყვნენ და ჩვენი მხარდამჭერებიო. ალბათ, ხელფასმა და ამ ბიჭებთან მეგობრობამ განაპირობა ის, რომ ხელისუფლების თვალში ჩემი ძმა ივანიშვილის მხარდამჭერად მოიაზრებოდა და ამიტომ გაწირეს, თორემ არც ერთ სამსახურში არავისთან დაპირისპირება არ ჰქონია. ყველა დადებითად ახასიათებს. ესენი ყველას იშორებენ, ვინც კარგია. ჩემი ძმა შეგნებულად გაწირეს სასიკვდილოდ.

იზო ბუჯიაშვილი, არჩილ ჩოხელის დედა:

_ აჩიკო წინა ღამეს მორიგე იყო, მარიამობა დღეს მოვიდა სახლში. 4 საათზე დაურეკეს სამსახურიდან, სუფრასთან დაილოცა, სამი სადღეგრძელო თქვა: პირველი _ საქართველოს სადღეგრძელო, მეორე _ პატრიარქის და მესამე ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დალია: ამ მადლიან კაცს გაუმარჯოს, მხოლოდ ეგ აფასებს სპორტსმენების შრომასო, და წავიდა.

უამრავი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, აჩიკოს  ივანიშვილის მკვლელობაც დაავალეს. თავს მოიკლავდა და მას არ მოკლავდა, ისეთი ადამიანი იყო.

ხათუნა ჩოხელი:

_ არავინ გვეუბნება, რა მოხდა სინამდვილეში, როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა ჩემი ძმა. უამრავი კითხვა ჩნდება, რაც ეჭვის საფუძველს ბადებს, რატომ არ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება? ცალი ფილტვითაც შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა, თუ ფილტვში ჰქონდა ტყვია ნასროლი, გადმოეყვანათ საავადმყოფოში, ხომ გადარჩებოდა? ორი დღე რატომ არ გამოიყვანეს ხეობიდან? ვფიქრობთ, რომ სურდათ, მიცვალებული საერთოდ დაკარგულად გამოეცხადებინათ, რადგან, სანამ დედა არ ჩავიდა შავნაბადას ბატალიონში და საჯაროდ არ განაცხადა, გამაგებინეთ, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარიო, იქამდე პასუხიც არ გვაღირსეს.

უკვე გახრწნილ მდგომარეობაში, საშინლად დასახიჩრებული მოგვისვენეს სახლში და მიცვალებულის ნახვის საშუალებაც არ მოგვცეს, მაშინვე მიცვალებულის ჩასასვენებელ მაცივარში ჩაასვენეს. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ არც ამის უფლება მომცეს.

_ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საშუალება თუ გქონდათ?

_ მაშინ არც გვიცდია დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, იმდენად გაოგნებულები ვიყავით, მაგრამ ამის უფლებას, ალბათ, არც მოგვცემდნენ. ტირილსაც კი გვიკრძალავდნენ, რათა რაიმე არ წამოგვცდენოდა, რაც მათ არ მოეწონებოდათ. შიშის ქვეშ ვიყავით. აჩიკოს შვილი არ ჰყავდა, ამ ოჯახს არავინ დარჩა, მე გათხოვილი ვარ და ერთი ბიჭი მყავს. შემთხვევით მოვისმინეთ, როგორ კითხულობდნენ სრულიად უცხო ადამიანები, ამ ოჯახს რატი ვინ ჰყავსო. საინტერესოა, რატომ დაინტერესდნენ ჩემი შვილით.

იზა ბუჯიაშვილი:

_ ნათესავი ქალი ტიროდა სამძიმარზე და ტირილის უფლება არ მისცეს. მაშინვე გარეთ გაიყვანეს, ტირილიც არ აცადეს. ისე უნდოდათ მეტირა შვილი, რომ ჩირქი არ მომეცხო არც პრეზიდენტისთვის, არც ახალაიასთვის, მაგრამ მაგის ნერვები მქონდა? ერთხელ რაღაც ვთქვი და ახალაიამ დაბღვერილი თვალებით შემომხედა. პირველ დღეებში ვიწყევლებოდი და, როგორც ჩანს, ეს არ მოსწონდათ. არადა, კარგი რა უნდა მეთქვა?

_ მის თანამებრძოლებს თუ ესაუბრეთ, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ სპეცოპერაციის დროს? რას გეუბნებიან თუნდაც პირად საუბრებში?

ხათუნა ჩოხელი:

_ ისინი არაფერს ამბობენ. აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს დაიღუპაო. არადა, ეს არ იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოვიპოვეთ გარკვეული ინფორმაციები. მათ თქვეს, რომ არავითარი მძევლების აყვანა არ მომხდარა და არავითარი ტერორისტები იქ არ ყოფილან. ეს ხალხი ხელისუფლებას ქვეყანაში 4 თვით ადრე ჰყავდა ჩამოყვანილი და იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ რა დაკვეთის შესრულება მოსთხოვეს მათ, ეს, ალბათ, ბაჩო ახალაიამ იცის, თუნდაც ის ქისტები რატომ გაწირეს?

_ ხელისფლება აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩატარდა სპეცოპერაცია.

_ ამ ადამიანებს თავად ხელისუფლება ამზადებდა. ჭორის დონეზე გავრცელდა ვერსია, თითქოს მათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია, არ ვიცი. უკვე იმაშიც ეჭვი მეპარება, იმყოფებოდა კი საერთოდ ლოპოტას ხეობაში აჩიკო? როგორც გია კრიალაშვილი გაწირეს და სულ სხვა ადგილას მოკლეს, იქნებ აჩიკოსაც ასე მოექცნენ? რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა ჩეჩენმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ქართველი სპეცრაზმელები ჩეჩნებთან ერთად დახოცეს, რათა მოწმეები არ დარჩენილიყვნენო. რა მოხდა, რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი, ჩვენ არ ვიცით.

_ გავრცელებული ინფორმაციით, ლოპოტას ხეობის საქმის მასალების ნაწილს, შესაძლოა, გრიფით საიდუმლო დაედოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ ეს სიმართლის გარკვევაში?

_ არ უნდა დაედოს გრიფით საიდუმლო, ყველაფერი უნდა გახდეს ცნობილი, რა არის დასამალი? თქვან, რა დავალებაზე გაუშვეს, რისი შესრულება მოსთხოვეს და რა ვითარებაში დაუღუპნენ. კიდევ ერთი დეტალი: იქ მყოფები ამბობენ, რომ ჯავშანჟილეტი მხოლოდ აჩიკოს ეცვა, ჩვენ არ გვეცვაო. რატომ არ ეცვათ, ტყვიები სეტყვასავით მოდიოდაო, ამბობენ და ნუთუ მათ არ ეშინოდათ?

_ სპეცოპერაციის დროს დაღუპული სოლომონ წიკლაურისა და ექიმ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახები თუ აპირებენ პროკურატურას მიმართონ?

_ ერთმანეთს პატრიარქთან შევხვდით და ამ საკითხებზე არ გვისაუბრია, თან მაშინ დაკრძალვიდან მხოლოდ სამი დღე იყო გასული. თუმცა, როგორც გავიგეთ, ისინიც აპირებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ვიცი, რომ აჩიკო და სოლომონი მეგობრობდნენ.

_ პატრიარქმა რა გითხრათ?

_ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და მაინც შიშის ქვეშ ვიყავით, ბევრი რამის თქმა მინდოდა პატრიარქისთვის, მაგრამ თავი შევიკავე. პატრიარქი თავად დაინტერესდა, რამდენი ხანი ჰყავდათ მიცვალებულები ხეობაში და რატომ არ მოხერხდა ცხედრების გამოტანა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ასე ბუნდოვნად იყო გაშუქებული ყველაფერი, ეჭვს ბადებსო, გვითხრა.

_ პრეზიდენტი იმყოფებოდა გასვენებაში, თუ მოგეცათ მასთან დალაპარაკების საშუალება?

_ მე დავინახე პრეზიდენტი როცა შემოვიდა, სამძიმარი არ უთქვამს ჩვენთვის, შემოვიდა, შემოუარა მიცვალებულს და კარში გაჩერდა. გვერდზე ბაჩო ახალაია მოჰყვებოდა, რომელიც იმ დღეს სამჯერ ამოვიდა. ხშირად მოდიოდა. როგორც ყვებიან, ხვედელიძის დედამ უთხრა პრეზიდენტს, შენ მომიკალი შვილიო, და ვფიქრობ, ჩვენთან ახლოს მოსვლას ამის გამო მოერიდა.

იზა ბუჯიაშვილი:

_ მე ვერც დავინახე, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერავის ვხედავდი და ვამჩნევდი, თორემ აუცილებლად ვეტყოდი პრეზიდენტს, შენ ერთი თვის წინ ჩემი შვილი დააჯილდოვე და რა მოხდა ერთი თვის შემდეგ, სასიკვდილოდ რატომ გაიმეტე-მეთქი.

_ უკვე ერთი კვირა გავიდა რაც პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ, თუ დაგიკავშირდათ ვინმე პროკურატურიდან, რა ხდება საქმის ირგვლივ?

_ მე თავად დავრეკე პროკურატურაში და მითხრეს, რომ ჯერ საქმე გამომძიებლისთვის არ გადაუციათ. ვფიქრობ, ამ საქმეს სერიოზული გამოძიება სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს ნათელი მოეფინება. მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახლაც გვეშინია, ჩემს შვილს არაფერი დაუშავონ, მაგრამ მეტი გზა არ გვაქვს _ სიმართლე უნდა ვთქვათ, ყველაფერი უნდა გაირკვეს. ჩვენი ცხოვრება ტანჯვაა მის გარეშე. მე არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ძმა, ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ არჩილ ჩოხელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სააკაშვილს,  ახალაიას და ვინმე აბაშიძეს. ამბობენ, რომ სნაიპერის ტყვიით არის მოკლული ჩემი ძმა და ის სპეცოპერაციის დროს, ბრძოლაში არ დაღუპულა.

იზო ბუჯიაშვილი:

_ ჩემი თვითმიზანი მაინც და მაინც ბაჩო ახალიას დასჯა და დაჭერა არ არის, მინდა სიმართლე თქვას. აღიაროს, რა მოხდა სინამდვილეში. როდემდე ვიყოთ ასე გაურკვევლობაში, სიცოცხლე გაგვიმწარეს. ცოდო არ ვარ, ამისთანა შვილი მიწაში დავმარხე და სიმართლესაც არ მეუბნებიან? ახალაიას მამა რომ აფარებს თავის სისხლისმსმელ შვილს ხელს, მე ცოდო არ ვარ? რას უშლიდათ ჩემი შვილი, მთავრობას წაართვა რამე, კრიმინალი იყო თუ რატომ გაწირეს? სახე სულ დამწვარი ჰქონდა, რა დააშავა ასეთი, რომ ასე დაასახიჩრეს?

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ქალბატონო იზო, თქვენი შვილი ნამდვილი ვაჟკაცი ადამიანი იყო და არის კიდეც (არჩილი გარდაცვალების შემდეგაც ვაჟკაც ადამიანად დარჩება საუკუნეების მანძილზე, ეს არაკაცები, ვაი კაცები და ვითომ კაცები კი ეხლაც წურბელები არიან და სიკვდილის მერე რაგა იქნებიან).ყოველთვის მხოლოდ კარგი მესმოდა მასზე და ვამაყობდი კიდეც და ვიამაყებ სანამ ცოცხალი ვარ.გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ,უსამართლობის გრძნობამ კი გამამწარა, მაგრამ სამართალი ხომ უფალშია,დიდება უფალს.არჩილი ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო.ის ჩოხის წმიდა გიორგის ყმა იყო და მე ეგ მაიმედებს.ჩოხის წმიდა გიორგის ყმობა კი უბრალო რამ არაა ეს თქვენ კარგად გეცოდინებათ.ის სამართალს აღავლენს,მე ეს ვიცი.მე ამ სიტყვებით ალბათ მინდა რაღაცნაირად დაგამშვიდოთ (თუმცა ვიცი დედისთვის არანაირი სიტყვა არ კმარა,როდესაც შვილი აღარ ჰყავს),უბრალოდ მეც ძალიან მტკივა, როდესაც თვენს მდგომარეობას წარმოვიდგენ.არჩილი იქ, იმ ქვეყნად კარგადაა, სიცოცხლე ხომ, აქ ამ ქვეყნად არაფერია, მთავარი იქაა იქ გრძელდება.ის კი ამაყად წარსდგა უფლის წინაშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here