ლევან ჭილაშვილი (1930-2004) _ არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, «საპატიო ნიშნის», ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, 1974-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ძველი ქართული ქალაქების შესწავლას. ამ საკითხებს ეძღვნება მისი მონოგრაფიები: «ქალაქი რუსთავი», «ნაქალაქარი ურბნისი», «ქალაქები ფეოდალურ საქართველოში» I, II ტ., «ძველი გავაზი», «კახეთის ქალაქები», «არეში», «ნეკრესის უძველესი წარწერები» და «ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები», რომლებიც სამაგიდო წიგნებად იქცა ქართველ ისტორიკოსთა რამდენიმე თაობისთვის.
ქართული კულტურის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი უძველესი ქართული წარწერები, რომლებიც აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა დაათარიღა ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე. ამით საბოლოოდ მტკიცდება ქართული დამწერლობის წინარექრისტიანული წარმომავლობა.
სამწუხაროდ, ქართული დამწერლობის წინარექრისტიანული წარმომავლობა არ არის წარმოდგენილი «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში.
სწორედ ქართული დამწერლობის წინარექრისტიანული წარმომავლობის დასაბუთებას ეძღვნება პროფესორ რაულ გვეტაძის წინამდებარე წერილი.
ნეკრესი ქართული ცივილიზაციის უძველესი კერაა, სადაც რელიგიური მრწამსის განვითარების რამდენიმე საფეხური დასტურდება. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია ნეკრესის ნაქალაქარის დასავლეთ მხარეს აღმოჩენილი ციურ მნათობთა ტრიადისადმი მიძღვნილი სამლოცველო, რომელიც თარიღდება ძვ. წ. აღ. XIV-XII ს.ს.-ით. სამლოცველოს შესასვლელი კორიდორი, ისევე, როგორც საყოველთაოდ ცნობილ სტოუნხენჯში, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეზეა ორიენტირებული. ირკვევა, რომ იგი მზის კულტის გავლენით აშენდა. აქ ჩვენ წინაშე ჩანს ის ტიპიური მოვლენა, როდესაც, როგორც ცნობილია, ზაფხულის მზებუდობისას მზე თითქოს ჩერდება და მისი დახრილობა 23.5 გრადუსით ხდება.
ნეკრესის წინაქრისტიანული ხანის საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრანდიოზული და დახვეწილი დაგეგმარების სატაძრო ნაგებობების ნაშთი, რომელიც მდებარეობს ნაზვრევი გორის ძირში, გაშლილ ველზე. მონუმენტური არქიტექტურული ანსამბლის ცენტრში მდებარეობდა კვადრატული ნაგებობა. სამწუხაროდ, დღეს იგი დანგრეულია და მხოლოდ მისი საძირკველიღაა შემორჩენილი. მისი ოთხივე კედლის ირგვლივ განთავსებული იყო დერეფნებით გამოყოფილი აფსიდიანი ოთხი ნაგებობა, რომლებიც ცენტრალური კვადრატისკენ მიმართული იყო აფსიდის რკალით. თვით აფსიდიანი სათავსოები განლაგებული იყო ჯვარედინად. მთლიანად ანსამბლი შედგებოდა შვიდი დამოუკიდებელი ნაგებობისგან. ისინი მოქცეული იყო კვადრატის ფორმის ზღუდს შორის, რომლის გარე ზომები იყო 50(50 მ. კვადრატული ზღუდის თითოეული კედლის ცენტრში 5 მ-ის სიგანის ღიობებია, რომლებიც უსწორდება იმავე სიგანის აფსიდიანი დარბაზების შესასვლელ კარს. დანარჩენი ნაგებობები და სათავსოები, რომელთაგან თითოეულს აქვს 1,5 მ სიგანის კარი, ერთმანეთთან დაკავშირებული იყო კორიდორული სისტემით.
2004 წელს პროფესორებმა: ირაკლი სიმონიამ, ნოდარ ბახტაძემ და ასტრონომიის ისტორიის ცნობილმა ბრიტანელმა მკვლევარმა კლაივ რაგლსმა ერთად ჩაატარეს ნეკრესის ტაძრის არქეოასტრონომიული კვლევა. საველე აზომვებისა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მათ განსაზღვრეს ლანდშაფტში შენობის მდებარეობის კოორდინატები. დადგინეს, რომ 21-22 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობისას, როდესაც წლის მანძილზე ყველაზე მოკლე დღეა, ამომავალი მზის პირველი სხივი სამხრეთ–აღმოსავლეთ აფსიდას ანათებს.
«ნეკრესის მზის ტაძარი» არქიტექტორ და არქეოლოგ ნოდარ ბახტაძის მიერაა აგეგმილი. პროფესორმა გურამ ყიფიანმა ამ არქეოლოგიური კომპლექსის კვადრატული ფორმის გეგმას «დიდი კვადრატი» უწოდა. კვადრატის შიგნით, თითოეული შესასვლელის პირდაპირ სამ და ოთხსათავსოიანი ბლოკია. თითოეული ბლოკის შემადგენლობაში ერთი აფსიდიანი დარბაზია, რომელიც ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ მდებარეობს. «დიდი კვადრატის» ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეებზე განთავსებულია სამნავიანი აფსიდიანი ბლოკები, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე _ ოთხსათავსიანი ნაგებობები. «დიდი კვადრატის» დიაგონალზე სამი სწორკუთხა დარბაზია: ერთი ცენტრშია და თითო _ კუთხეებში. ჯვარედინად განლაგებული აფსიდიანი ნაგებობები ჰარმონიული და ლამაზი არქიტექტურული კომპლექსის შთაბეჭდილებას ქმნის. მათ ერთობლიობას ჯვრის ფორმა აქვს. აფსიდური დარბაზები ჯვარედინად და სიმეტრიულად არის განლაგებული, ხოლო ოთხსათავსოიანი ბლოკები «დიდი კვადრატის» მიმართ ასიმეტრიულად არის განთავსებული. ამავე დროს ეს ოთხსათავსოიანი აფსიდური ბლოკები, ცენტრალურ კვადრატულ სათავსოსთან ერთად, სვასტიკის მკვეთრად გამოხატულ ორ ფრთას გამოსახავს. დავნომროთ ტაძრის გალავნის შიგნით განთავსებული სათავსოები და გავიხსენოთ, რომ ძველად ქართულ ასომთავრულ ნიშნებს რიცხვითი მნიშვნელობაც ჰქონდათ. მაშინ ოთხაფსიდიან ბლოკში, რომელიც ზამთრის მზებუდობას უკავშირდება, მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდება მზის სიმბოლო _ ასო «დონ»-ი. ამ ბლოკის ოთხეულის რიგითი ნომრების ნამრავლი უტოლდება დღე-ღამის ხანგრძლივობას 24 საათს (=1(2(3(4). მე-3 აფსიდური სათავსოს ნომრის კვადრატული მნიშვნელობაა 3ხ3=9, რაც გვიჩვენებს, რომ ზამთრის მზებუდობისას, 21-22 დეკემბერს დღის ხანგრძლივობა შეადგენს 9 საათს. სვასტიკის სამხრეთ-დასავლეთ ფრთის მე-10, მე-11 და მე-12 სათავსოების შესასვლელ კარებს ერთნაირი დამხრობა აქვს. შევაჯამოთ ამ სათავსოთა რიგითი ნომრების კვადრატული მნიშვნელობები 10ხ10+11ხ11+12ხ12=365, რაც მზის კალენდარული წლის ხანგრძლივობაა. აფსიდიანი სათავსოების რიგითი ნომრების ჯამი უდრის 36 (=3+7+11+15). ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ტაძრის გეგმარება უკავშირდება 36-ასოიანი იბერიულ-ქართულ ანბანურ წყობას, ამიტომ ამ არქიტექტურულ კომპლექს ჩვენ ვუწოდეთ «იბერიული დიდი კვადრატი». კვლევით დადასტურდა, რომ არქიტექტურული ანსამბლის გეგმარებაზე აისახა მზის ტაძრის აგების თარიღი. დადგინდა, რომ ფარნავაზის ეპონიმური წელთაღრიცხვით, ძეგლი აგებულია 323 წელს (=17(19), რაც ეთანადება ახ. წ. 40 წელს. ტაძრის გეგმაზე აითვლება თვალსაჩინო ასტრონომიული მოვლენა _ მზის დაბნელების თარიღი, რომელსაც მზებუდობის პერიოდში ახ. წ. 19 წლის 21 ივნისს ჰქონდა ადგილი. ასევე აღმოჩნდა, რომ ძეგლზე აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია ფარსმან მეფის ზეობის პერიოდთან. «იბერიულ დიდ კვადრატზე» დიაგონალურად განთავსებულია N5, NN17 და N13 სათავსოები. ვთქვათ, ამ სათავსოებში ჩავსვათ შესაბამისი ქართულ ანბანის ნიშანთა სახელები: «ენ», «პარ», «მან». წყვილი «პარ» და «მან» ერთად გვაძლევს სიტყვას «პარ[ს]მან», რაც მეფე ფარსმანის სახელის ირანული ჟღერადობაა. «იბერიული დიდი კვადრატის» დიაგონალურ სათავსოებში მთლიანად დაფიქსირებულია სახელი: «უფალი პარ[ს]მან».
«ნეკრესის მზის ტაძარი» რიტუალური და მემორიალური დანიშნულების უნიკალური არქიტექტურული ანსამბლია. ასტრალური ღვთაების სადიდებლად აგებულ კომპოზიციაში მზის კალენდარული პარამეტრის ასათვლელ სტრუქტურულ ელემენტებთან ერთად შერწყმულია იბერიის დიდი მეფის ზეობის თარიღი და სახელის ამსახველი კომპონენტები.
«იბერიული დიდი კვადრატი» და შარაგასის სტელა აგებულია უაღრესად ნიჭიერი და განსწავლული ქართველი ხუროთმოძღვრების მიერ, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ქართული ასომთავრული ანბანის სტრუქტურას. «ნეკრესის მზის ტაძარი» იბერიული ცივილიზაციის გამორჩეული ძეგლია. იგი ქართული ეროვნული არქიტექტურული აზროვნების შედევრია. მასში შერწყმულია ასტრონომიული, კალენდარული და ისტორიული ხასიათის ინფორმაციის ამსახველი ელემენტები. «ნეკრესის მზის ტაძარი» და ნეკრესის მთვარე-მზის წარმართული კალენდარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს.
«საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულიდან ნეკრესის კულტურული მემკვიდრეობის გამორიცხვამ გამოიწვია იბერიული ცივილიზაციის გაუჩინარება და მისი როლის დაკნინება. განა ნეკრესის უძველეს კულტურულ ტრადიციას არ უნდა ვუმადლოდეთ ყველაზე ადრეული, VI ს.-ით დათარიღებული ნეკრესის მცირე ბაზილიკად წოდებული ქრისტიანული ეკლესიის არსებობას, რომელიც წარმართული სამლოცველოს გადაკეთების გზით არის მიღებული? შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია, ბოლო წლებში იბერიული ცივილიზაციის კვლევაში ქართველმა მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ამ მასალების შეფასებასა და სათანადოდ აღიარებზე თავს იკავებს «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულის სარედაქციო კოლეგია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართულ ანბანში დაფიქსირებულია მზის კალენდარული სისტემა, რომელიც შეიქმნა იმხანად, როდესაც საქართველოში გაბატონებული იყო მზის კულტი, მაშინ გაუგებარია, «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში რატომ არ აღმოჩნდა ადგილი ისეთი უნიკალური და ფუნდამენტალური მნიშვნელობის ძეგლისთვის, როგორიცაა «ნეკრესის მზის ტაძარი»…
რაულ გვეტაძე,
პროფესორი
ეს ის არ არის რაც მჭირდება
ძვ. წ. აღ. XIV-XII ს.ს.. სამლოცველო. ვერ იქნებოდა ქართული, რადგან ქართველები აქ ძალიან გვიან მოვიდნენ, ეს იქნებოდა ალბანური სამლოცველო, პატივცემულო ,,ისტორიკოსებო,, ჩახედეთ სიმართლეს თვალებში და ცრუობთ.
სამლოცველო. ვერ იქნებოდა ქართული, რადგან ქართველები აქ ძალიან გვიან მოვიდნენ, ეს იქნებოდა ალბანური სამლოცველო, პატივცემულო ,,ისტორიკოსებო,, ჩახედეთ სიმართლეს თვალებში და ცრუობთ.
ეს ის კარებია საიდანაც სინატლე სემოვა.გააგეტ პარტოდ კარები,მზე გველოდება.ის სხვაგანაც ანატებს.ოკროს მზის სხივი გააბრწყინებს.
,,ლევან" მეტი წიგნები წაიკითხეთ სჯობია!, ხეთურ-ლუვიურ იეროგლიფურ წარწერებში (ძვ.წ. 15-12 ს.) ნახსენებია ,,ხაიასა" და ,,აცის" ქვეყანა. სადაა აქ ალბანური ?. ასურულ-ურარტულ და აქადურ-ხეთურ წარწერებში ყველგან ნახსენებია ჩრდილოეთით (მათი ქვეყნიდან) სუბარები, ხურიტები, მუსკები და სხვა . ტოპონიმები ყველაზე სანდო მოწმეებია.