დღეს დილიდან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერდა: „ესე იგი… თოხარიკი ცხენებივით არბენინა მიშამ თავისი ლობისტები ევროსტრუქტურებში და ნატოში…ივანიშვილზე ნახევარი საათით ადრე რომ მიეღოთ… ეხლა მითხრეს, რასმუსენი ისე გამოიყვანეს წყობილებიდან, ბოლოს კიოდა თურმე, ოღონდაც ბიორნის (მიშას შვედი ლობისტი) სიფათი არ დამანახოთ და ჯერ სააკაშვილს მივიღებ და მერე პრემიერ–მინისტრსო…. ეჰ, მაღალო, დაგღუპავს შენ ბოღმა… დაგღუპაავს!“
მაღალს არ ვიცი და, ივანიშვილს ეს ლობისტური გაწამაწია ნამდვილად წინ დახვდა. ნახევარ საათში სააკაშვილმა ისე „დააბოლა“ ნატოს გენერალური მდივანი, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ფაქტის დადებითად შეფასების შემდეგვე დასძინა, რომ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. პრაღაში მიმდინარე ნატოს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს, რათა არ მოხდეს სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევა. „უაღრესად შეშფოთებული ვარ (არჩევნების შემდგომ) განვითარებული პროცესებით – უწინარეს ყოვლისა საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. ნატო დიდი ყურადღებით მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს“, –განაცხადა რასმუსენმა.
რას ადევნებდა თვალს ბატონი რასმუსენი და მთელი ნატო, როცა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდნენ, ქონებას ართმევდნენ, აწამებდნენ და დასცინოდნენ ადამიანებს, კაცმა არ იცის. სოციალური ქსელი დაიძაბა: „ეტყობა,მიშიკომ მიუტანა ამბავი დიდ „უმფროსს“ – მავიწროებენ და მიშველეო… ამასაც მეტი რა საქმე აქვს, თავს სხვა ვერაფრით ირთობს, საქართველოსთან მიმართებაში შეშფოთების და აღშფოთების გარდა, ხოდა ამჯერად შეშფოთდა! ნახევარი საქართველო ციხეებში რომ შეყარეს ამათ და უკანალში ცოცხებს რომ ჩრიდნენ, მაშინ რატომ არ ევსებოდა „შეშფოთების“ ფიალა, დიდ დემოკრატს და ნაცმაცუნების უფლებადამცველ კაცმაცუნა რასმუსენს?“
საინტერესოა, ქართული დელეგაციიდან ვინმემ შეახსენა თუ არა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ „პოლიტიკური ნიშნით“ დაპატიმრებული ბაჩო ახალაია სწორედ ის თავდაცვის მინისტრი იყო, რომლის დანიშვნამ 2009 წელს ზუსტად რასმუსენივით „შეაშფოთა“ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ? ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაში ნათქვამია: „ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მისი ცუდი წარსული. სააკაშვილმა მაშინვე უთხრა ქეიდენაუს, რომ მას არ ესმის, თუ რატომ არის მისი ამ საკადრო არჩევანის გამო საერთაშორისო კრიტიკა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს, ახალაია პასუხისმგებელი იყო გამკლავებოდა მაფიას საქართველოში და შედეგად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით უფრო მეტი წარმატება ქონდა, ვიდრე სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა ქვეყანას.
სააკაშვილის მტკიცებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს რეფორმების კუთხით და რომ ის უკეთესი დიპლომატი იყო, ვიდრე მინისტრი და რომ ის (სააკაშვილი), როგორც პრეზიდენტი, ვალდებული იყო (2009 წ-ის მაისის) მუხროვანის (სახელით ცნობილი) გადატრიალების მცდელობისთვის სიხარულიძესთვის პასუხი მოეთხოვა.
სააკაშვილმა მოუწოდა ქეიდენაუს და სხვა ოფიციალურ პირებს არ ეჩქარათ ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა და ქეიდენაუს შესთავაზა (ახალაიას) თანამდებობაზე მუშაობის შეფასება გაეკეთებინა. ქეიდენაუმ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს გაეაზრებინა, თუ რა გავლენა იქონია ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას“.
თავად ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ბაჩო ახალაიას ადამიანის უფლებების დამრღვევად და ოდიოზურ მინისტრად აღიარების მიუხედავად, დღეს ნატოს გენერალური მდივანი „შფოთავს“ და ახალ მთავრობას „პოლიტიკურ დევნაზე“ ელაპარაკება. სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ „შემმოწმებლების“ დიდ ნაწილს რომ „ეჟვანი შეაბა“, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და არც რასმუსენის „შეშფოთება“ უნდა იყოს უანგარო და უფასო. ამიტომაც არის, რომ რასმუსენის განცხადებას კიდევ ერთი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში: „საინტერესოა, რა დაჯდა ეს განცხადება? და ისევ ჩვენი ფულით გაკეთდა“!
ჯალათების გამოსარჩლება საქართველოს მოსახლეობისთვის შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს მისი მოთმინების უძირო ფიალაში. 2008 წლის ომის შემდეგ ნატოზე გულაცრუებულ ქართველებს ბაჩო ახალაიას გამოსარჩლებაღა აკლია, რომ საქვეყნოდ უთხრას უარი ნატოს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამასაც გადაყლაპავს და დასასჯელის დასჯაზე „ნებაყოფლობით“ იტყვის უარს, ამომრჩეველი მას ისევე შეაქცევს ზურგს, როგორც თავის დროზე 94–პროცენტიან სააკაშვილს!
არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა ურჩია სააკაშვილს, გადამდგარიყო, თუმცა ამერიკელი მეგობრების მცდელობით ამაზე ლაპარაკი მალევე შეწყვიტა. ახლა სააკაშვილმა მორიგი სვლა გააკეთა და ნატოში „ჩაუშვა“ პრემიერ–მინისტრი – ჩემს ხალხს იჭერსო! თუ დამნაშავის დაჭერა „პოლიტიკური დევნაა“, მაშინ უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩებში დახოცვას რა ჰქვია? ვის სჭირდება ისეთი „სტრატეგიული პარტნიორი“, რომელიც სამართალს და სამართლიანობას არად დაგიდევს და დამნაშავე ხელისუფლებას ხელს აფარებს?
სააკაშვილი რომ ამდენს ბედავს, უგულავას რომ ენა აქვს დაგრძელებული, თუთბერიძე რომ თეა წულუკიანის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს, ეს ნამდვილად არ არის მათი ბრალი; ეს ახალი ხელისუფლების მოუქნელობისა და სიზანტის ბრალია. ახალი ხელისუფლება კი საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილია და არა მისი კოალიციის წევრები, რომლებმაც იმაზეც კი ვერ იზრუნეს, რომ ძალაუფლების აღებისთანავე გადაეწყვიტათ პირველი რიგის ამოცანები.
თამარ დავითულიანი