Home რუბრიკები საზოგადოება ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში დევნიან

ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში დევნიან

1159

წარმოიდგინეთ, რა საშინელი რისხვა აბობოქრდებოდა ისლამურ სამყაროში, თუ ბოლო 30 წლის მანძილზე ქრისტიანების მიერ მართული ხართუმის ხელისუფლება ათასობით სუდანელი მუსლიმანის სიკვდილზე იქნებოდა პასუხისმგებელი, ან თუ ერაყში ქრისტიანი ტერორისტები პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში ცეცხლგამჩენ ბომბებს შეაგდებდნენ, ან თუ ინდონეზიაში სკოლაში მიმავალ მუსლიმან გოგონებს გაიტაცებდნენ და თავს მოკვეთდნენ მათი რწმენის გამო.

რა თქმა უნდა, ასეთ საშინელებებზე ფიქრიც კი შეუძლებელია. თუმცა ამგვარი რაღაცები იმ ქრისტიანებს ემართებოდათ, რომლებიც ისლამისტების აგრესიის მსხვეპრლნი ხდებოდნენ. სულ რაღაც ორი დღის წინ თვითმკვლელი-ტერორისტი ნიგერიის ჩრდილოეთში, კადუნში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ჯიპით შევარდა. 8 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. ეს ტრაგედია თავისი ხელწერით იმ მრავალრიცხოვანი ტერაქტების ანალოგიური იყო, რომლებსაც უკიდურესად პირსისხლიანი, მებრძოლი «ბოკო ხარამის» (რაც ითარგმნება როგორც «დასავლური განათლება ცოდვიანია») დაჯგუფება ახორციელებდა.

პრობლემურ ადგილთა რიცხვში შედის, მაგალითად, ეგვიპტე, რომელიც 1980-იანი წლების შემდეგ შევიწროებისა და ღია რეპრესიების გამო 600 ათასმა კოპტმა დატოვა. ეს რიცხვი მანჩესტერის მოსახლეობას აღემატება.

მაშ, რატომ არ აქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას დასავლეთი? ამგვარი უყურადღების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მსხვერპლის გაზვიადებული განწყობა, რომელიც ბევრ მუსლიმანს დაუბრკოლებლად უვითარდება. ავიღოთ, მაგალითად, მთელ მსოფლიოში აგორებული პროტესტი წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ გადაღებული ამერიკული ფილმის წინააღმდეგ. მათ უამრავი დავა გამოიწვიეს კანონიერებასა და სიტყვის თავისუფლებაზე, თუმცა არავის უსაუბრია იმაზე, თუ რამდენად ხშირად შეურაცხყოფენ თავად მუსლიმანები ქრისტიანებს და რამდენად ადვილად «გასდით» ეს ყველაფერი.

ფილმ «მუსლიმანთა უმანკოებას», რომელმაც გამოიწვია ამ უკმაყოფილებათა ტალღა, სამართლიანად უწოდებენ საზიზღრობას, მაგრამ რას იტყვით საიტის «რწმენის მცველების» შესახებ, რომელიც ქაიროელმა ექსტრემისტ-სალაფიტებმა შექმნეს? სხვათა შორის იქ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით «რით სჯობია მუსლიმანები კოპტებს». «იყო მუსლიმანი ქალი, რომლის მისაბაძი მაგალითიც ჰიჯაბის მატარებელი წინასწარმეტყველის ცოლები არიან, უმჯობესია, ვიდრე იყო ქრისტიანი ქალი, რომლის მისაბაძი მაგალითიც როსკიპები არიან, _ აცხადებს იგი. _ იყო მუსლიმანი, რომელიც იბრძვის, რათა თავისი ღირსება და რწმენა დაიცვას, უმჯობესია, ვიდრე იყო ქრისტიანი, რომელიც ქურდობს, ბავშვებს აუპატიურებს და კლავს». ამგვარი სიძულვილის პროპაგანდა შესაბამის ქმედებებს იწვევს. არაა გასაკვირი, რომ ბოლო წლის მანძილზე ეგვიპტეში ბრბო ეკლესიებს წვავს.

ჭეშმარიტება, რომელიც ამ ხმამაღალი ტირადების უკან შეუმჩნეველი რჩება და რომელიც, სხვათა შორის, შეუმჩნეველი ხდება ბევრი დასავლური ანტიკლერიკალის ახვეული თვალების გამო, არის იმაში, რომ ქრისტიანები ახლა მეტად იტანჯებიან, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიის აღმსარებლები. დაახლოებით 200 მილიონი ქრისტიანი (საერთო რაოდენობის 10%) ხდება რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი, მაგრამ ამაზე საუბარი მიღებული არ არის. 2010 წელს გადავწყვიტე, სხვადასხვა კონტინენტზე ქრისტიანთა დევნის ქრონიკა დამეწერა. ჩემი კვლევის შედეგები, რომელიც წიგნ «ქრისტიანოფობიაში» გამოვაქვეყნე, გაცილებით უფრო სავალალოდ გამოიყურება, ვიდრე ველოდი.

აბუ ჰამზას (Abu Hamza), 7 ივლისის ტერაქტების ორგანიზატორ მიჰამედ სიდიკ ხანს (Mohammad Sidique Khan) და სხვა ცნობილ პერსონაჟებს თავიანთი რელიგიის ღია პრაქტიკა შეეძლოთ ბრიტანეთში, მაგრამ მაროკოდან პაკისტანამდე რთულად იპოვით თუნდაც ერთ ქვეყანას, რომელშიც ქრისტიანებს შეეძლებათ დაბრკოლების გარეშე, სრულიად თავისუფლად თავიანთი რელიგიის აღიარება. მუსლიმანებს, რომლებიც მიიღებენ ქრისტიანობას ან სხვა რელიგიას, ამ სახელწიფოთა უმრავლესობაში მძიმე სასჯელი ელით. ახლა არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ ეკლესიები ახლო აღმოსავლეთის ბიბლიური მიწიდან სრულად აღიგვება.

ქრისტიანები სხვა ადგილებშიც იტანჯებიან. ვიდრე აღმოსავლეთ ტიმორმა ინდონეზიისგან დამოუკიდებლობა მიიღო, 100 ათასი მშვიდობიანი კათოლიკე 1970-1990 წ.წ. პერიოდში სუხარტოს მთავრობის აგენტებმა მოკლეს. რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთის უმაღლესმა მუფტიმ, შეიხმა აბდულ-აზიზ ბინ აბდალამ (Abdul Aziz bin Abdullah) ოფიციალურად განაცხადა, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე «აუცილებელია, ყველა ეკლესია განადგურდეს».

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ისლამურ სამყაროში ამ რელიგიური დევნის შესახებ დასავლური აუდიტორია მწირ ინფორმაციას ფლობს, საკმაოდ მარტივია: ევროპასა და ამერიკაში ქრისტიანი ახალგაზრდობა არ «რადიკალიზდება», ხოლო შევიწროებული ქრისტიანები ტერორსა და ძალადობას არ მიმართავენ. ამგვარი ხანგრძლივი მოთმენის უნარი სიამაყის მიზეზი და უდავო მადლი იქნებოდა, მას რომ სათანადოდ აღიარებდნენ. თუმცა მისი ფასი ეცემა იმ ვითარებაში, რომელშიც მხოლოდ ხმაურისა და გულახდილი ძალადობის შემჩნევაა მიღებული.

პრობლემები, რომლებიც ხვდება ქრისტიანებს, მხოლოდ მუსლიმანური სამყაროთი არ შემოიფარგლება. ავიღოთ ინდოეთი, რომელშიც უმცირესობებს, მათ შორის მუსლიმანებსაც, ექსტრემისტი-ინდუისტები ემუქრებიან. ისინი მონოთეისტურ ტრადიციებს ინდურ მიწაზე დაუპატიჟებელ სტუმრებად მიიჩნევენ და აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ქრისტიანები კასტური სისტემის წინააღმდეგ გამოდიან.

2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ინდუისტმა ფანატიკოსებმა აღმოსავლეთის შტატ ორისში არანაკლებ 90 ადამიანი მოკლეს, 50 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი ბინა. თავდასხმა მოხდა 170 ეკლესიასა და სამრეკლოზე. და ეს არ იყო რაიმე გამონაკლისი. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქვეყნის სხვა ნაწილებში ეკლესიებსა და მრევლზე თავდასხმის ათობით შემთხვევა აღინიშნა.

გარდა ამისა, ქრისტიანებს ასევე კომუნისტები ავიწროებენ, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბირმა და შრი-ლანკა, ნაციონალისტურად განწყობილი ბუდისტებიც. კომუნისტური შეუწყნარებლობის გასაქანი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. რწმენის თავისუფლების შელახვა კომუნისტურ ქვეყნებში, კერძოდ, ჩინეთში, ვიეტნამსა და კუბაში დრაკონულ ხასიათს ატარებს და ხშირად, უბრალოდ, სადისტურად გამოიყურება.

რატომ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა? ერთ-ერთი ნათელი პასუხი ის არის, რომ რელიგია არ აპირებს წარსულში გადაბარგებას. როგორც არ უნდა ეპყრობოდეს ვინმე რელიგიურ რწმენას, ეჭვგარეშეა, რომ სეკულარიზმი ახლა უკან იხევს, დიდწილად დემოკრატიის გავრცელების გამო. კაცობრიობის სამი მეოთხედი ამჟამად ამა თუ იმ რელიგიურ შეხედულებებს იზიარებს და, პროგნოზების მიხედვით, საუკუნის შუაგულისთვის მორწმუნეთა წილი 80%-ს მიაღწევს.

ამ პერსპექტივამ არ უნდა გაგვაოცოს. ათეიზმი იკვებება ცუდი რელიგიით, განსაკუთრებით – ფუნდამენტალიზმით, რომლის იაფფასიანი დოგმატური რწმენაც ათეიზმისთვის უკიდურესად ხელსაყრელია. მეორეს მხრივ, ურწმუნობას გაცილებით უფრო უჭირს, ჩაანაცვლოს მომწიფებული რელიგიური რწმენის პოეტურობა, რომელიც ბადებს რწმენას, რომ სიცოცხლე ღირს, რადგანაც მას უმაღლესი აზრი აქვს.

ამასთან, როგორც მთავარმა რაბინმა ჯონათან საქსმა (jonathan sacks) აღნიშნა, რწმენა ცეცხლს ჰგავს. მას შეუძლია გაათბოს, მაგრამ დაწვაც შეუძლია. ჩრდილოეთ განედის მე-10 პარალელის გასწვრივ და მის შემოგარენში ნიგერიას, ინდონეზიასა და ფილიპინებს შორის, რელიგიური ფანატიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა ერთმანეთს კვებავს. ეს უნდა გავითვალისწინოთ იმის აღიარებისას, რომ რელიგია არსებული სოციალური კაპიტალის მნიშვნელოვან, შესაძლოა, საკვანძო წყაროსაც წარმოადგენს.

რელიგიური რწმენა მილიონობით ადამიანს შთააგონებს, იბრძოლონ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, მიაღწიონ დემოკრატიას, მხარი დაუჭირონ ადამიანის უფლებებს და შეუმსუბუქონ ადამიანებს ტანჯვა. მეოცე საუკუნეში რელიგიური მოძრაობები ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკასა და აზიაში კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიის განმტკიცებას ეხმარებოდა.

ამგვარად, ამოცანა, ერთდროულად იოლი და მნიშვნელოვანი, იმაში მდგომარეობს, რომ განვავითაროთ მშვიდობისმოყვარე ტენდენციები, რომლებიც მთავარი მსოფლიო რელიგიების საფუძველში დევს.

ის, რასაც ვამბობ, არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მცდელობა, ქრისტიანებში ქედმაღლობა გამოვიწვიო. ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი 70 და 100 წლის წინ შეპყრობილი იყო საშინელი ძალადობით. ბრიტანეთში მე-18 საუკუნემდე ადამიანი, სახელად თომას ეიკენჰედი (Thomas Aikenhead) სიკვდილით დასაჯეს ღვთის გმობისთვის. «მუსლიმანთა უმანკოება» კოპტური წარმოშობის ნასამართლევმა დამნაშავემ გადაიღო.

თუმცა მთლიანობაში, თუ გამონაკლისებს არ შევეხებით, ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ქრისტიანები ბევრად შემწყნარებლები და კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ და ამ პროცესში იესოს სწავლების ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტს მიუბრუნდნენ (მაგალითად, უნდა აღვნიშნოთ, რომ პაპი იოანე პავლე მეორე და სხვა ძირითადი ქრისტიანული ეკლესიების მეთაურები ერაყში ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ).

ქრისტიანობის ევოლუციის გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ისლამს ასევე აქვს უნარი, შეიცვალოს. ორი ტრადიციის შეხების წერტილები, სულ ცოტა, იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც განსხვავებები. ორივე რწმენა _ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი თავისი სახელმძღვანელო პრინციპების ერთგული რჩებიან, ღმერთის მაძიებელი ადამიანის სიწმინდეს ვარაუდობს. აქედან უნდა გამომდინარეობდეს რელიგიური თავისუფლების, როგორც ადამიანის უპირველესი უფლების აღიარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მხოლოდ მაღალი მოსაზრებები, არამედ საერთო სარგებელიც ითხოვს. სინდისის თავისუფლება მთლიანობაში თავისუფლების და საზოგადოების აყვავების მაჩვენებელია.

ამ საშუალო და გრძელვადიანი ამოცანების დაძლევა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. მაგრამ რელიგიათაშორისი კავშირების განვითარებამ არ უნდა შეაჩეროს მცდელობები, ითქვას სიმართლე ქრისტიანთა დღევანდელ ბედზე. არ უნდა შეჩერდეს ბრძოლა მასშტაბური უსამართლობის წინააღმდეგ.

რუპერტ შორტი,

The Telegraph UK,

დიდი ბრიტანეთი.

რუპერტ შორტი _ ავტორის წიგნისა «ქრისტიანოფობია: რელიგია დარტყმის ქვეშ» («Christianophobia: A Faith Under Attack»), რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობა Rider-მა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here