Home რუბრიკები პოლიტიკა საიდუმლო ჩანაწერები გენერალ კაკუჩაიას დღიურიდან

საიდუმლო ჩანაწერები გენერალ კაკუჩაიას დღიურიდან

3019

1941 წლის 19 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა ირანის დედაქალაქი დაიკავეს. იმავე დროს თეირანში ინგლისელებიც შევიდნენ. შაჰის ხელისუფლება დაემხო. ფეხლევის დინასტიის დამაარსებელი, 63 წლის რეზაშაჰი, რომელიც 16 წელი მართავდა სახელმწიფოს, აიძულეს, ტახტზე უარი ეთქვა, თავისი 22 წლის ვაჟის _ მოჰამედ რეზა ფეხლევის სასარგებლოდ. ამით თავიდან იქნა აცილებული დიდი სისხლისღვრა. იმ დღიდან მოყოლებული, 1946 წლის ჩათვლით, წითელი არმია აკონტროლებდა ირანის ჩრდილოეთს, ინგლისელები კი _ ამ ნავთობით უმდიდრესი ქვეყნის სამხრეთს, იმ ნავთობით, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა არც ჰიტლერს და არც ჩერჩილს.

«ირანის ფრონტი» არასდროს უხსენებიათ პრესაში, რადიოთი ან ტელევიზიით. მასზე არაფერი დაწერილა არც ერთ ენციკლოპედიაში, მათ შორის, სამხედროშიც, რომლებიც გამოიცა როგორც საბჭოთა დროს, ისე ახლახან. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ისტორიის ამ უაღრესად მნიშვნელოვან მონაკვეთზე, რომელიც მოსახლეობისთვის არათუ უბრალოდ «თეთრი», არამედ ქათქათა «თეთრი ლაქაა», პირადად მე ბავშვობიდან ვიცოდი! თუმცა ხსენებული საკითხის სიღრმისეული ცოდნით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ და, აი, რატომ: ჩემი სახლის პირველ სართულზე, პაწია ოთახში წუთისოფლის გრძელ გზას ასრულებდნენ რუსი ცოლქმარი _ «ბაბა» ნიურა და «ძედა» მიშა. საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ბუნჩულა მიშასაგან განსხვავებით, ნიურა სიავით გამოირჩეოდა, რის გამოც, ჩვენმა მრავალეროვანმა «იტალიურმა» ეზომ მას სავსებით სამართლიანად ზედმეტსახელად «ავჩარკა» უწოდა. დროდადრო, მეუღლის აუტანელი კაპასობისგან თავდასაცავად, «ძედა» მიშა მოუხმობდა საუკუნეებით გამოცდილ და, ამ შემთხვევაში, უტყუარ საშუალებას _ არაყს! ჰოდა, აი, მაშინ, შეზარხოშებული მოხუცი, ლამის, ციცერონისეული მჭევრმეტყველებითა და პათოსით მიმართავდა თანამეცხედრეს: აბა, ბებერო ძუკნავ, აღიარე მეზობლების წინაშე, როგორ ართობდი ჩვენს ჯარისკაცებს ირანშიო!.. შემდეგ კი დაშოშმინებული ამატებდა: ირანში რომ არ შევსულიყავით, ჩემი საქართველო აღარც იარსებებდაო!

არადა, «ირანის ფრონტზე» მოქმედებდნენ მსხვილი სამხედრო შენაერთები, საბრძოლო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა, . . უხილავი ფრონტის ასობით მებრძოლი, რომელთა შორის არცთუ ისე ცოტა საქართველოს მკვიდრი გახლდათ. მათი საგმირო საქმეების აღწერა ომის შემდგომ პერიოდში, გასაგებ მიზეზთა გამო, არ იყო მიღებული, ხოლო შემდეგ _ სტალინის მოწამვლამ, ბერიას მკვლელობამ და მოღალატე, გარეწარი ხრუშჩოვის ზიზღმა ყველაფერი ქართულისადმი დიდი ხნით «დაასამარა» ქართველი მზვერავებისა და კონტრმზვერავთა სახელოვანი ქმედებები

მეორე მსოფლიო ომის ამ საიდუმლოებით მოცულ საბრძოლო და სადაზვერვო ოპერაციაზე ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარს, ისტორიკოსს, მრავალი პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენოსან ლევან დოლიძეს.

_ ბატონო ლევან, როგორ მოიპოვეთ ასეთი, საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ირანის ფრონტზე?

_ ჩემს პირად არქივში მქონდა მწირი ცნობები ამ მოვლენებზე. ის ადამიანები კი, რომლებიც იბრძოდნენ ირანის ფრონტზე, რატომღაც ყოველთვის გვერდს უვლიდნენ ამ თემას და, თუ მოხდებოდა სასწაული და ირანის ამბებს გაიხსენებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ, გაკვრით! ტაბუ ირანული ფრონტიდან მოხსნა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქართველმა გენერალმა ვარლამ კაკუჩაიამ, რომლის მოგონებები, დღიურების სახით, სულ ახლახან მომაწოდა მისი ოჯახის ახლობელმა.

_ მაინც რატომ შეიყვანა საბჭოთა კავშირმა ჯარები ირანში?

_ სანამ ამ კითხვაზე ვუპასუხებ, თავს ნებას მივცემ და პატარა ისტორიულ ექსკურსს ჩავატარებ. სტალინი საზღვარგარეთიდან იღებდა ვრცელ სადაზვერვო ინფორმაციას. ის ყოველთვის კულუარულ საქმეთა კურსში იყო ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის ინტერესების სფეროში. ამ ინფორმაციით მას, ძირითადად, ლავრენტი ბერია ამარაგებდა, რომელსაც მაგ ქვეყნების ხელმძღვანელთა უახლოეს გარემოცვაში «თავისი ხალხი» ჰყავდა. მაგალითად, ღრმად გასაიდუმლოებული, ჰიტლერის მიერ 1940 წლის 18 დეკემბერს დამტკიცებული გეგმა «ბარბაროსა» სტალინს მაგიდაზე 1941 წლის იანვარში უკვე ედო. ერთადერთი შესწორება, რომელიც ჰიტლერმა ამ გეგმაში შეიტანა, თავდასხმის თარიღის ერთი თვით გადატანა იყო.

გეგმა «ბარბაროსა» შეიცავდა, ასევე, მსხვილ სტრატეგიულ ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავდა მთელი კავკასიის დაპყრობას ბაქოზე გასვლით და ჰქონდა დასახელება «ბლაუ III». ამ გეგმის განხორციელებით, ჰიტლერი ვარაუდობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში არა მარტო თურქეთის ჩაბმას, რომელსაც სსრკის საზღვარზე სრულ მზადყოფნაში ჰყავდა  თითქმის მილიონიანი არმია, არამედ ირანისაც. ჰიტლერს ირანზე განსაკუთრებული შეხედულებები ჰქონდა. აქ ხომ ნავთობის უზარმაზარი მარაგია; ხოლო, სადაც «ნავთობის სურნელია», უმალ იქვეა ინგლისიც თავისი შეიარაღებული ძალებით!

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფასდაუდებელი ინფორმაცია მოდიოდა ლონდონიდან, ბერიას აგენტისაგან, ლეგენდარული კიმ ფილბისაგან, რომელიც, სხვათა შორის, გადმობირებულ იქნა ქართული წარმოშობის ფრანგის მიერ. და, მართლაც, ნათელი გახდა, რომ ჰიტლერელებმა აქტიურად დაიწყეს მოქმედება მთელ ირანში, რომლის შაჰი აშკარად მეგობრულად განეწყო ჰიტლერისადმი. ამიტომაც გეგმაზომიერი მუშაობა, გამონაკლისის გარეშე,  სტალინის მიერ განუხრელად ყველა მიმართულებით ხორციელდებოდა. მაშინ მთავარი იყო დროის მოგება…

მართალია, დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე თურქეთი თავის ნეიტრალიტეტზე აცხადებდა, მაგრამ «ქარქაშიდან ამოღებული ხმალი» მომარჯვებული ჰქონდა; ირანში კი, მიუხედავად 1921 წლის 26 თებერვალს დადებული საბჭოთა-სპარსული (სპარსეთი _ 1935 წლამდე ირანის ოფიციალური დასახელება) მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებისა, ლამის ზეიმობდნენ ფაშისტების მიერ თითოეული საბჭოთა ქალაქის აღებას. უფრო მეტიც, სამხრეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სულ უფრო ინტენსიურად იჭრებოდნენ გერმანელი ჯაშუშები და დივერსანტები. ამის გამო ინგლისმა შესთავაზა საბჭოთა კავშირს, რომ საკუთარი ჯარებით გააკონტროლებდა თურქეთს და, განსაკუთრებით _ ირანს, რასაც სტალინის ამგვარი რეაქცია მოჰყვა: მერე ირანიდან ინგლისს ვერ გაისტუმრებო! მოიძებნა კომპრომისი და გადაწყდა ირანში ჯარების ერთობლივი შეყვანა.

_ ჯარების შეყვანას ოფიციალური საფუძველი უნდა ჰქონოდა, მაგალითად, ირანის მხრიდან ნებართვა მაინც.

_ მართალი ბრძანდებით. სტალინმა ისარგებლა ოცი წლის წინანდელი საბჭოურსპარსული ხელშეკრულების ერთერთი პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს ემუქრებოდა საბჭოთა რუსეთის უსაფრთხოებას, ირანის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას.

განსაკუთრებული საიდუმლოების ვითარებაში, გერმანიასთან ომის დაწყებიდან ზუსტად 65 დღის შემდეგ, 1941 წლის 25 აგვისტოს დილის 5 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ირანში შევიდა შინსახკომის პოლკით გაძლიერებული საერთოსაჯარისო 45 არმია გენერალლეიტენანტ .. ბარონოვის სარდლობით. ეს არმია ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში და იმთავითვე გათვლილი იყო ირანის ფრონტისთვის.

გენერალ ვარლამ კაკუჩაიას დღიურიდან:

«დაახლოებით აგვისტოს 20 რიცხვებში, როდესაც სამსახურებრივი საქმეების გამო ვიმყოფებოდი ჭიათურაში, მივიღე დეპეშა მიწერილობით, დაუყოვნებლივ ჩამოვსულიყავი თბილისში. აქ მე წავიკითხე დაშიფრული ტელეგრამა, გამოგზავნლი მოსკოვიდან ჩემს სახელზე: «ამის წაკითხვისთანავე, ჩეკისტების ოპერატიული მცირე ჯგუფით გაემგზავრეთ ჯულფაში (აზერბაიჯანი) იმის გათვლით, რომ 24 აგვისტოს 24:00 საათზე ჯარების შტაბში გახსნათ პაკეტი თქვენს სახელზე და იმოქმედოთ პაკეტში არსებული დოკუმენტების მითითებით».

…მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ფრონტის ყველა უმაღლესი წოდების მქონე პიროვნებები მე კარგად მიცნობდნენ, მათ შორის სამხედრო საბჭოს წევრი _ მირ ჯაფარ ბაგიროვი (აზერბაიჯანის ცკ პირველი მდივანი), რომელიც, ასევე, იმყოფებოდა ჯულფაში, ვერავინ ვერაფერი კონკრეტული ვერ მითხრა, ყველა მოკლედ მპასუხობდა _ 24:00 საათზე გავიგებთ, როდესაც მოსკოვიდან გამოგზავნილ პაკეტს გავხსნითო; იმ დროს კი, შტაბის მუშაკები წუთის დაკარგვის გარეშე   მუშაობდნენ. ზუსტად 24:00 საათზე პაკეტი გავხსენით და, აი, რა გავიგეთ: «…ირანის ტერიტორიაზე ფაშისტურმა გერმანიამ ფარულად თავი მოუყარა ოფიცერთა შემადგენლობის დიდ რაოდენობას, უმაღლესი წოდებების ჩათვლით, რომლებიც, სავარაუდოდ, დესანტის გადმოსხმისას სათავეში ჩაუდგებიან ვერმახტის სამხედრო ნაწილებს, რათა ზურგიდან შეუტიონ წითელ არმიას თურქეთ-ირანის საზღვრის მთელ პერიმეტრზე იმ მიზნით, რომ დაიკავონ ბაქოს ნავთობიანი რაიონები». ამის გამო, როგორც მითითებული იყო უმაღლესი მთავარსარდლის, სტალინის, ბრძანებაში, 1941 წლის 25 აგვისტოს დილის 5 საათზე ჩვენ უნდა დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები ირანის საზღვრის მთელ სიგრძეზე და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გვემოძრავა ელვისებური სისწრაფით, რათა მნიშვნელოვნად დაგვესწრო ინგლისელებისთვის, რომლებიც სამხრეთიდან მიიწევდნენ წინ…»

ამრიგად, საბჭოთა დაჯგუფებას დაუსვეს ამოცანა: დაეკავებინა ირანის ყველა საკვანძო რაიონი, ხოლო შინსახკომისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს უნდა მიეღოთ ენერგიული ზომები, რომ გამოეაშკარავებინათ და გაენადგურებინათ შეგზავნილი გერმანელი ოფიცრები, მათი აგენტურა და დამქაშები. ამასთან ერთად, კატეგორიულად იკრძალებოდა ირანის სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, სავარაუდოდ, მთლიანად უნდა განეიარაღებინათ ირანის არმია და პოლიცია.

სტალინის ბრძანებით, 25 აგვისტოს, დილის 05 საათზე ირანის ტერიტორიას გაუხსნეს ცეცხლი ქვემეხებიდან, ნაღმტყორცნებიდან და სხვა იარაღიდან. სატანკო მექანიზირებულმა და ფეხოსანთა ნაწილებმა დაიწყეს სასაზღვრო მდინარე არაქსის ფორსირება ფონით, რადგან, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რკინიგზის ხიდი დანაღმული იყო.

გენერალ ვარლამ კაკუჩაიას დღიურიდან:

«საჰაერო ნაწილები ბომბავდნენ აეროდრომებს და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს. რაღაც ერთი საათის განმავლობაში რკინიგზის ხიდი უვნებლად ჩავიგდეთ ხელში, რის შედეგადაც 45-ე არმიის ნაწილები, ჯულფის გავლით, გაქანდნენ ირანის ტერიტორიისკენ და თითქმის ქარის სიჩქარით მოძრაობდნენ. გერმანული ნაწილები წინააღმდეგობას გვიწევდნენ მხოლოდ… პანიკური უკუქცევით და სულ მალე წითელმა არმიამ დაიკავა ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი _ თაბრიზი, რომელიც შუა საუკუნეებში სეფევიდების მძლავრი სახელმწიფოს დედაქალაქი გახლდათ».

ირანში წითელი არმია სწრაფად მიიწევდა ორი მიმართულებით: თაბრიზის (ძირითადად, ეს იყო . . ირანული აზერბაიჯანის ტერიტორია) და თეირანის. მოკლე დროში ირანის მთელ ჩრდილოეთს საბჭოთა მხარე აკონტროლებდა, ინგლისელები კი სამხრეთში დამკვიდრდნენ.

ვარლამ კაკუჩაია კარგად ფლობდა, როგორც აზერბაიჯანულ, ისე გერმანულ ენებს. მან უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა, რათა გამოევლინა გერმანელების აგენტურა. ომის წლებში გენერალი კაკუჩაია ირანში არაერთხელ ჩავიდა და საჭირო ურთიერთობები დაამყარა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

_ ბატონო ლევან, კიდევ რა სარგებლობა მოიტანა ირანის გაკონტროლებამ?

_ საბჭოთა და ინგლისის ჯარების მიერ ირანის ტერიტორიის დაკავებამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უსაფრთხოების დერეფნის შექმნაში, რომლითაც სსრკ-ში «ლენდ-ლიზით» შემოდიოდა სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა, იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, სტრატეგიული ნედლეული, სურსათი; და ეს, არ დაგავიწყდეთ, 1941 წლის ნოემბრიდან, როცა ფაშისტები მოსკოვთან იდგნენ! მერე, მოგვიანებით ასეთი მიწოდებები ხორციელდებოდა ვლადივოსტოკის, არხანგელსკისა და მურმანსკის გავლით…

კავკასიისათვის ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ დროს _ 1942 წლის ზაფხულში, როდესაც რჩეული ფაშისტური სამხედრო ნაწილები მოადგნენ საქართველოს საზღვრებს, ლავრენტი ბერიამ, რომელიც ამ დროს სტალინის ბრძანებით თბილისში იმყოფებოდა და ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებსაც, შეძლო მისგან მიეღო 45-ე არმიის ნაწილი, რადგან დაარწმუნა ბელადი, რომ ჩეკისტები სრულიად აკონტროლებენ ვითარებას ირანში. მაშინ ბერიამ მართლაც გადაარჩინა ამიერკავკასია ფაშისტური შემოჭრისგან და აოხრებისგან, მაგრამ რამხელა პასუხისმგებლობა აიღო მან საკუთარ თავზე, ალბათ, მხოლოდ ღმერთმა იცის! ესეც ამ დიდი ომის «თეთრი ლაქაა»!..

_ ბატონო ლევან, «აბვერი», «გესტაპო» და მესამე რაიხის პოლიტიკური დაზვერვა უთუოდ არ ისხდნენ გულხელდაკრეფილნი, არა?

_ რა თქმა უნდა! განსაკუთრებით ფართო სადაზვერვო ქსელი ფაშისტებმა შექმნეს თურქეთში, როდესაც მანდ გერმანიის ელჩად იმყოფებოდა ფრანც ფონ პაპენი, უწინ გერმანიის მმართველი, რომლის დიდი ხელშეწყობით ჰიტლერი მოვიდა სათავეში. მძიმე ვითარება შეიქნა მაშინ ავღანეთშიც, სადაც უკვე 12 წელი ბატონობდა ნადირ შაჰი. ისიც მხარს უჭერდა ჰიტლერს. იმ წლებში საბჭოთა კავშირმა ირანში, ავღანეთსა და თურქეთში არც თუ ისე ცოტა გამოცდილი მზვერავი დაკარგა… და თუ, საბოლოო ჯამში, საბჭოთა დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ სძლია, დაჯაბნა ვერაგი მტერი, ამ წარმატების ლომის წილი საქართველოს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებზე მოდის! ჩეკისტთა ეს ბრწყინვალე კოჰორტა ლავრენტი ბერიას მიერ იყო გამოზრდილი. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე უამრავი რამ არ ვიცით. ბევრი სახელი დაუფასებლად დავიწყებულია, არქივები გაფანტულია ან განადგურებული… მინდა აღვნიშნო, რომ ირანში მოქმედებდნენ სომეხი ეროვნების მზვერავებიც, რომლებიც წარმოშობით თბილისიდან იყვნენ. ირანში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი გახლდათ ივანე აღაიანცი. შემდეგ ივან ივანეს ძე ხელმძღვანელობდა რეზიდენტურას საფრანგეთში; მერე მსახურობდა სსრკ-ს უშიშროების კომიტეტში და გენერლის წოდება მიიღო. მეორე თბილისელი _ მიხეილ ალახვერდოვი სათავეში ედგა საბჭოთა დაზვერვას ავღანეთში. ამ ადამიანმა ამაოდ აქცია ფაშისტების ყველა მცდელობა, ამიერკავკასიაში არეულობის, დესტაბილიზაციის გამოწვევისა. კიდევ ერთმა თბილისელმა ისახელა თავი _ ბოგდან ქობულოვმა, მომავალმა გენერალმა-პოლკოვნიკმა.

არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ლავრენტი ბერიას ერთადერთ შვილს _ სერგოს, რომელიც, მაშინ ჯერ კიდევ ლეიტენანტ-რადისტი, 1941 წელს ირანში იმყოფებოდა.

სერგო ბერიას მოგონებიდან:

«…ჩვენმა ჯგუფმა დაადგინა ირანში გერმანელების აგენტურის თითქმის მთელი ქსელი. პირადად მე არ ვიყავი დაკავებული დაზვერვით, მაგრამ ამხანაგის მიერ მოპოვებული მონაცემები მიდიოდა ცენტრში ჩემი გავლით; მე ერთდროულად ვშიფრავდი და გადავცემდი. ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები, განვიცდიდით, რომ არ ვმონაწილეობდით სამხედრო ოპერაციებში, რამეთუ არ გვესმოდა შესრულებული სამუშაოს არსი. ყველაფერი გაირკვა თეირანის კონფერენციის დროს, როცა ჩვენი სპეციალისტები მთელ ირანში თავს გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში».

სხვათა შორის, სტალინის დავალებით, თეირანის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა სერგო ბერიაც, ხოლო, ამ უმაღლესი საერთაშორისო შეხვედრის, რომელშიც მონაწილეობდნენ სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მამამისი _ ლავრენტი ბერია.

ბატონმა ლევან დოლიძემ ერთ საინტერესო ფაქტზეც მიამბო: «თეირანის კონფერენციის მსვლელობისას, უინსტონ ჩერჩილის თანაშემწემ, თეირანში მისი შტაბის ხელმძღვანელმა _ მერაბ კვიტაშვილმა წარუდგინა ინგლისის პრემიერ-მინისტრს სტალინის დაცვის უფროსი, გენერალი შალვა წერეთელი და იქვე დაამატა: ესეც ქართველიაო. ჩერჩილმა დაუფარავი ინტერესით შეხედა მოხდენილ გენერალს, გაიღიმა და თქვა: «აქ ჩვენ, ყველანი, ქართველების ხელში ვართ!». მართლაც, აქ ბევრი ქართველი იმყოფებოდა. ერთი დღით ადრე ჩერჩილმა ყურადღება მიაქცია ორ საბჭოთა გენერალს, რომლებიც მას მოეწონა და სურათიც გადაიღო მათთან. ეს ორი ვაჟკაცი  გრიგოლ კარანაძე და კაპიტონ ნაჭყებია იყვნენ!

ჩემი პირადი მონაცემებით, თეირანის კონფერენციაში მონაწილეობდა 37 ქართველი ჩეკისტი. 1953 წლის ივნისამდე _ ბერიას მკვლელობამდე _ ქართველი მზვერავების დიდი ავტორიტეტი საბჭოთა კავშირში ურყევი იყო!»

1946 წელს მოსკოვიდან მოსული ბრძანების მიხედვით, 45- არმია უკვე გენერალ რემეზოვის (ესეც თბილისელი გახლდათ) სარდლობით გამოიყვანეს ირანიდან და დაშალეს. ყველა მასალა და დოკუმენტი, დაკავშირებული ირანთან, გამოქვეყნებას არ ექვემდებარებოდა და გადამალულ იქნა საკავშირო უშიშროების არქივში. აი, ასე გადაიქცა ირანის ფრონტი ისტორიის «თეთრ ლაქად» და ამის მთავარი მიზეზი იყო ირანის ომში ქართველთა სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობა ლავრენტი ბერიას თავკაცობით

_ მახსოვს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, _ მეუბნება ბატონი ლევანი, _  ლეგენდებით მოცულმა უშიშროების გენერალმა ვლადიმერ ზარელუამ, რომელთანაც მაკავშირებდა მეგობრობა, შინაურულად მითხრა: ლევან, შვილო, მოვა დრო და სიმართლე გაიმარჯვებს! ხალხი გაიგებს დიდი ქართველი პატრიოტის _ ლავრენტი ბერიას სახელოვან საქმეებზე და იმ ბრწყინვალე მზვერავებსა და კონტრმზვერავებზე საქართველოდან, რომლებსაც ბადალი არ ჰყავდათ ომის დროს; სულ ცოტა, მე მაგ დონის პროფესიონალები არ მინახავსო!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ბერია უდოდ დიდი ჩეკისტი იყო მაგრამ მისმა ამბიციურობამ გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა მან უღალატა და მოწამლა სტალინი რათა თვითონ გამხდარიყო პირველი კაცი,ეს გახლავთ სიმართლე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here