Home რუბრიკები სამართალი ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა იცოდეს…

ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა იცოდეს…

857

ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის გასაფართოებლად მერიამ ყაზბეგის #14-სა და მიცკევიჩის ქუჩას შორის ფართი გამოყო. საძირკველი საზეიმო ვითარებაში 1991 წლის 1 ივნისს გაიჭრა. დასრულებული შენობა ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის კოლექტივს არ გადასცემია. ,,საქართველო და მსოფლიო» ამ შენობის ბედით დაინტერესდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიცკევიჩის #29-ში მდებარეობს შპს ,,ჯანმრთელობის ცენტრი», რომელიც 1998 წლის დეკემბერში არის დარეგისტრირებული. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი კი ლალი გუჯაბიძეა. ცნობისთვის: ლალი გუჯაბიძე სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი იუსტიციის ყოფილი მინისტრის და კახი კალაძის მოადგილეობიდან საზოგადოების ზეწოლის შედეგად ახლახან გადამდგარი გია ქავთარაძის დედაა.

საბოტაჟის მცდელობა თუ

გასულ კვირას გამრეკელის #19-ში მდებარე პოლიკლინიკის _ შპს «მედკაპიტალის» ექიმები გაიფიცნენ. მიზეზად ხელმძღვანელობის მიერ ქირურგ რევაზ ბედიას სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.

რევაზ ბედიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი განთავისუფლება პოლიტიკური მიზეზით მოხდა. იგი აპროტესტებდა «სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ N6»-ის «მედკაპიტალის» საკუთრებაში გადასვლას. მისი თქმით, ამ უკანასკნელმა არაკანონიერად შეიძინა «სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ N6»-ის უძრავ-მოძრავი ქონება.

ექიმები აღნიშნავენ, რომ პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ზეწოლა არჩენების შემდეგ გაძლიერდა. მათი თქმით, ადგილი აქვს მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან საბოტაჟის მცდელობას:

«გაფიცულ ექიმებს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წასვლისკენ მოგვიწოდეს. სიტუაციის წარმოჩენა სხვაგვარად სურთ. კურტანიძემ საჯაროდ განაცხადა, «ნაციონალებს» ვაფინანსებდიო, ესე იგი იყო რაღაც კორუფციული შეთანხმება, აფინანსებდა და მას მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფნის საშუალებას აძლევდნენ. ბიძინა ივანიშვილმა პაატა კურტანიძეს თითი დაუქნია და მონოპოლისტურ სამსახურებს შეკავება დაუწყო. სწორედ ამიტომ გაძლიერდა ზეწოლა ექიმებზე, ცდილობენ, ჩვენი საპროტესტო განწყობა ახალი ხელისუფლებისკენ მიმართულ უკმაყოფილებად წარმოაჩინონ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალ ხელისუფლებასთან პრობლემა არ გვაქვს», _ აცხადებენ ექიმები.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ადგილი აქვს სხადასხვა დაწესებულების თანამშრომელთა მასობრივ უკმაყოფილებას. სპეციალისტების აზრით, ამ მდგომარეობას გარკვეული ძალები სპეციალურად ქმნიან, რათა ახალი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულონ.

პოლტერგეისტი, ანუ გასხვისებული ფართები

«სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი N 6» 2007 წელს სამი პოლიკლინიკის შერწყმის შედეგად შეიქმნა. ეს პოლიკლინიკებია: ბავშვთა მე-10, მე-18 და მოზრდილთა მე-8 დაწესებულება. «სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი N 6» გამრეკელის #19-ში მდებარე ფართში შევიდა. ეს შენობა მერიამ მე-8 მოზრდილთა პოლიკლინიკას ძველი ფართის სანაცვლოდ გამოუყო. ბავშვთა მე-10 და მე-18 პოლიკლინიკების ფართები მერიამ შემდეგში 1 კვმ 7 000-9 000 აშშ დოლარად გაყიდა.

აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი: ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის გასაფართოებლად მერიამ ყაზბეგის #14-სა და მიცკევიჩის ქუჩას შორის ფართი გამოყო. როგორც უკვე გითხარით საძირკველი საზეიმო ვითარებაში 1991 წლის 1 ივნისს გაიჭრა. დასრულებული შენობა კი ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის კოლექტივს არ გადასცემია. «საქართველო და მსოფლიომ» მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში გაარკვია, რომ მიცკევიჩის #29-ში მდებარეობს შპს «ჯანმრთელობის ცენტრი», რომელიც 1998 წლის დეკემბერში არის დარეგისტრირებული. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი კი კახი კალაძის მოადგილეობიდან საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადამდგარი გია ქავთარაძის დედა ლალი გუჯაბიძეა. ცნობისთვის: ლალი გუჯაბიძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, გია ქავთარაძის, დედაა. 1998 წლის თებერვლიდან (ანუ მაშინ, როდესაც შენობის გუჯაბიძეზე რეგისტრაცია მოხდა) გია ქავთარაძე  იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორია, იმავე წლის ოქტომბრიდან კი _ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი. ლალი გუჯაბიძე შპს «ჯანმრთელობის ცენტრში» 54-პროცენტიანი წილის მფლობელია. ამავე დროს შენობაში იჯარით ათამდე შპს სარგებლობს.                                                                                                                                                                       

კლინიკის  გასხვისების ისტორია

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 12 აგვისტოს (მერიის 8 აგვისტოს ბრძანებულებით) პოლიკლინიკის კოლექტივს სამედიცინო საქმიანობის შესასრულებლად შენობა 5 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის პირობით (უზურფრუქტი) გადაეცა.

2011 წლის 15 აგვისტოს თბილისის მერიამ აუქციონი ჩაატარა. ექიმების თქმით, მათთვის აუქციონის შესახებ არავის უცნობებია. 2011 წლის 31 აგვისტოს შპს «სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრ N 6»-ის ქონება შპს «მედკაპიტალმა» შეიძინა. აუქციონის ერთადერთი მოთხოვნით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო, აღნიშნულ მისამართზე პროფილის შენარჩუნებით 5 წლის ვადით მომსახურებოდა პაციენტებს.

 2012 წლის 15 მარტს კი შპს «სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ N 6»-ის დირექტორსა და შპს «მედკაპიტალს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც უსასყიდლო სარგებლობის პირობა შეიცვალა სასყიდლიანით (სასყიდლიანი უზურფრუქტი). პერსონალის განცხადებით, არც ამის შესახებ უცნობებიათ მათთვის და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი შევიწროება. გაზარდეს მომსახურების საფასური, ექიმებს კი ხელფასები შეუმცირეს.

 2007 წლის 18 მაისის მერიის ბრძანებულებით, შპს «სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ N6»-ის კაპიტალი შეადგენდა 3 162 390 ლარს. აუქციონზე კი ქონება  1 250 000 ლარად გაიყიდა.

ქეთევან უტიაშვილი, ადვოკატი:

_ ჯერ კიდევ 2007 წლის 18 მაისიდან  საწესდებო კაპიტალი 3 162 390 ლარს შეადგენდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კლინიკას ჰქონდა საკმარისი რესურსი, შესაბამისად, ბიუჯეტში გარკვეული თანხები შეჰქონდა. ჩემთვის ცნობილია, რომ კლინიკას  დღეში დაახლოებით 6 ათასი ლარის შემოსავალი აქვს. ამ დროს მისი მფლობელები აცხადებენ, რომ პოლიკლინიკას, შემოსავლის თვალსაზრისით, არასახარბიელო მდგომარეობა აქვსო. სწორედ ამას ასახელებენ გასხვისების მიზეზად.  კლინიკაში მომსახურების საფასური და პაციენტთა რაოდენობა მაღალია, რაც თავისთავად მის მაღალშემოსავლიანობაზე მიუთითებს, სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლო უზურფრუქტით დაიტვირთა და რამდენიმე დღეში მოხდა ქონების გასხვისება. აღსანიშნავია, რომ პოლიკლინიკა გაიყიდა მიზერულ ფასად _ 1 250 000 ლარად. გაყიდვის შემდეგ აუცილებელი მოთხოვნა ხუთი წლის ვადით პროფილის შენარჩუნება იყო.

_ ეს პირობა სრულდება?

_ ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ 21 ათასი პაციენტი,  ფაქტობრივად, გადავიდა სხვა პოლიკლინიკაში. «ავერსისა»  და «არქიმედეს» კლინიკებს  შორის დაპირისპირებისა თუ შეთანხმების საფუძველზე, ისინი უფასო მომსახურებით ვერ სარგებლობენ. ამ ორი კომპანიის ურთიერთობა, ჩემის აზრით, არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება მონოპოლია ვუწოდოთ. 21 ათას ადამიანს კონკრეტულ პოლიკლინიკაში უნდა მიეღო უფასო მომსახურება. გადამისამართების შემდეგ, თუ მაინც «მედკაპიტალში» უნდოდათ მომსახურება, საფასურს იხდიდნენ. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია, რადგან, პაციენტებისა და ექიმების ინტერესებს კი არა, კონკრეტული ბიზნესის მოგების გაზრდას ემსახურება. ფაქტობრივად, პირველადი ჯანდაცვის სისტემა 21 000 ადამიანისთვის არ მოქმედებს. გამოდის, რომ პოლიკლინიკა პროფილით ვერ ახორციელებს მუშაობას. 

_კლინიკა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იყო. თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ ეს ქონება იყიდება?      

_ თავდაპირველად, როდესაც უსასყიდლოდ სარგებლობის პირობა შეიცვალა სასყიდლიანით და რამდენიმე დღეში აუქციონზე გავიდა შპს, თანამშრომლებს ამის ცოდნის უფლება კანონით ჰქონდათ. უსასყიდლო უზურფრუქტის გაუქმება და აუქციონზე გაყიდვა რამდენად კანონიერად მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

_ რამდენად კანონიერად მოხდა ერთიერთი ექიმის, რევაზ ბედიას, გათავისუფლება?

_  რევაზ ბედია გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე იყო ჩემთან. მან კანონმდებლობით გათვალისწინებული ხერხით დაიცვა საკუთარი უფლება _ ბიძინა ივანიშვილსა და თეა წულუკიანს განცხადებით მიმართა და ამის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ცხადია, ბრძანებაში ამას არავინ ჩაწერდა. ჩემი ინფორმაციით, იგი პროფესიულ საქმიანობაში ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელია. მათ კი ბრალად დასდეს, რომ იმ პერიოდში თითქოს მან დაარღვია შინაგანაწესი. მას ჰქონდა ჯანსაღი პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან ყველაზე დიდი თანხა აქვს შეტანილი პოლიკლინიკაში, რაც გამორიცხავს შინაგანაწესის დარვევას. არ შეიძლება 130 ადამიანი იყოს მტყუანი და ერთი კონკრეტული ადამიანი მართალი. შრომის კანონმდებლობით, დასაქმებულები  დამსაქმებლის პანღურს არიან შეჩვეულნი. ჩვენ ვიცით, შრომის კანონმდებლობით როგორ შეზუდულია დასაქმებულის უფლებები. სწორედ ამ შეზღუდული უფლებების შეზღუდვაც ხდება. ეს სავალალო მდგომარებაა. იმედი მაქვს პირები, რომლებსაც ამ საკითხების გარკვევა ხელეწიფებათ, დაინტერესდებიან და გაარკვევენ, როგორ და რატომ გაიყიდა პოლიკლინიკა, ხომ არ მოხდა მისი მიზანმიმართულად კონკრეტული პიროვნებების ხელში გადაცემა და ა. შ. 

_ როგორც ცნობილია, ექიმებს მედიკამენტების მონიტორინგის ჟურნალები დაურიგეს……

_ მედიკამენტების მონიტორინგის ჟურნალი ამძაფრებს განცდას, რომ კონკრეტული პოლიკლინიკები ბიზნესის გასაკეთებლად გაიყიდა. პოლიკლინიკები შეიძინა «ავერსისა» და «პსპ»-ს შექმნილმა კომპანიამ. გარკვეული პერიოდი გავიდა, რაც «ავერსმა» ექიმებს  გადასცა სპეციალური ბარათები, გახსნილია მედიკამენტების მონიტორინგის ჟურნალი «ავერსი – რაციონალი». ეს ადასტურებს,  რომ ექიმებზე ხორციელდება კონტროლი, აღნიშნული სააფთიაქო ქსელის მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ეს ფაქტიც ადასტურებს ეჭვს, რომ ამ პოლიკლინიკების გასხვისება მოხდა იმისთვის, რომ ზემოაღნიშნულ აფთიაქებს უფრო მეტი პრეპარატი გაეყიდათ, სააფთიაქო ქსელი მიბმულიყო კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაზე.

ექიმს  უფლება აქვს, რომელ პრეპარატსაც ჩათვლის საჭიროდ, ის დაუნიშნოს პაციენტს. ამიტომ ექიმები მეტ-ნაკლებად არ ემორჩილებიან ამ წესს, რის გამოც მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

ზაზა ჯაფარიძე _ შპს «მედკაპიტალის» გენერალური დირექტორი:

«კლინიკის პროფილის შეცვლა არ იგეგმება. ასევე არ იგეგმება მომუშავე პერსონალის შეცვლა და შემცირება. 600-კაციან კოლექტივში თითო შემთხვევა, რა თქმა უნდა, იქნება. ტოტალურ გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, ცალკეული შემთხვევები კი იყო, მაგრამ ამას მასიური ხასიათი არ ექნება. სადაზღვევო პროგრამებიდან მუშაობს «პსპ»-სა  და «ალფა»-ს დაზღვევა, ხოლო, რაც შეეხება «არქიმედეს», მან არ გაგვიფორმა ხელშეკრულება. შესაბამისად, ის ბენეფიციარები, რომლებიც «არქიმედე გლობალ ჯორჯიას» დაზღვევით სარგებლობდნენ, მათ ბალანსზე გადავიდნენ.

რაც შეეხება მედიკამენტების აღრიცხვის ჟურნალს, ასპროცენტიანი აფსურდია. ექიმებისთვის არავის დაუძალებია ასეთი რამ. არ შეიძლება ექიმს მიუთითო, რომ მაინც და მაინც კონკრეტული წამალი გამოწეროს და არა სხვა».

 მონოპოლიის კლანჭებში

მიმდინარე წლის მაისში ბიზნესმენებისთვის  გამართულ  შეხვედრაზე «ავერსის» დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და ბიძინა ივანიშვილი მონოპოლიზაციის თემაზე საუბრისას შეკამათდნენ.  «ქართული ოცნების» ლიდერმა  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან  ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის საკითხი წამოჭრა. პაატა კურტანიძეს კი სიტყვა შეაწყვეტინა. იგი ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიების არსებობას უარყოფდა.  «მონოპოლიებზე საუბარმა ბევრჯერ გაიჟღერა. კონკრეტულად, ფარმაცევტულ სფეროზე და ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემი მოსაზრება ვთქვა. ფარმაცევტულ სფეროში, არც ერთ კომპანიას და არც ერთ პიროვნებას არასდროს გვქონია შეზღუდვა მედიკამენტების იმპორტში ან აფთიაქის გახსნაში», _ დარწმუნებით განაცხადა პაატა კურტანიძემ. კოალიციის ლიდერმა კი მას საჩხერის საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოუყვანა, დიდი მცდელობის მიუხედავად, თუ როგორ ვერ მოახერხა საავადმყოფოსთვის მედიკამენტების შემოტანა.         

არჩევნების შემდეგ პაატა კურტანიძე სხვანაირად ალაპარაკდა. «მაესტროს» ეთერში განაცხადა: «ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელია. ზუსტად უნდა განისაზღვროს მონოპოლისტის განსაზღვრის კრიტერიუმი. შემდეგ კი, თუ რომელი კომპანიები არიან მონოპოლისტები. ასე რომ, მივესალმები ბატონ ბიძინას განცხადებას. მე არასდროს დამირღვევია კანონი. ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა იმის მტკიცება, რომ მონოპოლისტი არ ვარ. რა კანონიც იქნება, იმის მიხედვით ვიმუშავებთ».

არაოფიციალური მონაცემებით, ქართველ მილიონერთა სიაში კურტანიძე 100-მილიონიანი ქონებით 42-ე ადგილს იკავებს. 2009 წლის 25 დეკემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის #16-ში მდებარე 18 ერთეული შენობა-ნაგებობისა და მათზე დამაგრებული 58175 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სს «ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი» და შპს «ქ. თბილისის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი») გამართულ საპრივატიზაციო აუქციონზე განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ შპს «ავერსი-ფარმამ», რომელმაც ქონება 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა (საწყისი ფასი 12 000 000 აშშ დოლარი იყო). ეს ფაქტი მონოპილიის პირდაპირი თუ არა, ირიბი მაჩვენებელი მაინცაა. დაფარული არაა, რომ  «ავერსი» სამედიცინო სფეროში ყველა ციკლს ფლობს: იმპორტი, წარმოება, დისტრიბუცია, აფთიაქები, საავადმყოფოები, სადაზღვევო კომპანია და  სწორედ ამით იძენს დამატებით საბაზრო ძალას. თანაც «ავერსის»  აფთიაქებში ფარმაცევტებზე ზეწოლა ხორციელდება, ხელმძღვანელები პერსონალს აიძულებენ, «ავერსის» წარმოებული მედიკამენტები შესთავაზონ მომხმარებელს, ამის გამო კი პრემიას ურიცხავენ. პაატა კურტანიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ იაფად შეიძენენ მედიკამენტებს. აღსანიშნავია, როდესაც ბათუმში «ფარმადეპო» შემოვიდა, «ავერსმა» და «პსპ»-მ მედიკამენტებზე ფასები 40%-მდე დაწიეს.   

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აშშ-ში  არის 3 დისტრიბუტორი, რომლებსაც ფასნამატი  5 % აქვს, ევროპაში ეს მაჩვენებელი 8-10 პროცენტია, საქართველოში კი, საერთაშორისო ფონდ «კურაციო»-ს  მონაცემებით, ფასნამატი 100 %-ზე მეტია. მიმდინარე წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო» ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა დასკვნა, რომ საქართველოში სამი კომპანია – «პსპ», «ავერსი» და «ჯპს» არიან მონოპოლისტები.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობად მიიჩნევს, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაა. შესაბამისი კანონის უქონლობის გამო, ევროპელებს არაერთგზის გაუკრიტიკებიათ ქართული მხარე. თავის დროზე ამ სამსახურის აღდგენის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდა. მაშინ გადაწყდა, შექმნილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ქვეყანაში «პატიოსანი კონკურენცია» უნდა უზრუნველეყო. 

მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახური, ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, 2004 წელს გააუქმა. 2010 წლის გაზაფხულზე მთავრობის ინიციატივით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა. ეს უწყება ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 2011 წელს მთავრობამ «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ სტრატეგია შეიმუშავა და კანონპროექტი მოამზადა. კანონი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა აღასრულოს, რომელიც 2012 წლის იანვარში ორი სააგენტოს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსა და სახელმწიფო სააგენტოს) შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კანონპროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის» შესახებ პარლამენტმა მესამე მოსმენით 2011 წელს მიიღო. ამის მიუხედავად, ანტიმონოპოლიური უწყების ამოქმედებით, ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლიების პრობლემა არ მოგვარებულა.

ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ პარლამენტში შესული კანონპროექტის მთავარი ნაკლი ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გადაცდენა, მონოპოლისტებისთვის განსაზღვრული დაბალი ჯარიმები, სააგენტოსთვის გამოყოფილი მცირე ბიუჯეტი, ბაზარზე დომინანტი კომპანიისთვის შეცდომით განსაზღვრული სტატუსი და არასაკმარისი კადრები იყო.     

გიორგი ბახტურიძე  _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი:

«ბაზარზე დღესდღეობით რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა. კარტელული შეთანხმების გზით მედიკამენტებსა და მომსახურებაზე ადგენენ კონკურენტუნარიან ფასებს. ამაში პირდაპირ მონაწილეობენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები.  ინტერესთა სერიოზული კონფლიქტია, როდესაც კომპანია პარალელურად სამედიცინო ობიექტების ქსელის მფლობელიცაა. იგი ხდება  მის მიერ წარმოებული ან  შემოტანილი სამკურნალო საშუალებების გამსაღებელი ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კონკურენციის ფაქტორი გამორიცხულია. ეს თავისთავად ზრდის მომსახურებისა და მედიკამენტების ფასს. თავისთავად იზღუდება მომხმარებლის უფლებებიც. ანტიმონოპოლიური სამსახურის  არსებობა აუცილებელია. უკვე ორი წელია, ეკონომიკის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების სამინისტროს მიაწერეს სიტყვა კონკურენცია, ფაქტობრივად, სააგენტოს შიგნით უფუნქციო დეპარტამენტის სახით გააფორმეს; ესეც _ ევროკავშირის მრავალწლიანი მოთხოვნების შემდეგ და ისიც მხოლოდ ფორმალურად, რადგან მათ არანაირი ადმინისტრირების ფუნქცია არ აქვთ. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას. ეს სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო. სასურველია, ის პირდაპირ პარლამენტს ან პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს. მისი მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება რეალური უფლებამისილებისა და ადმინისტრირების ფუნქციებით აღჭურვაზე».

ლალი ბრეგვაძე _ «ავერსის» საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

«მედიკამენტებზე ფასების დაკლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ამაში სააფთიაქო ქსელში შესული ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება. ეს არ არის დღევანდელი ან  გუშინდელი საქმე. ფასებს ყოველკვირეულად და ყოველთვიურად ვამოწმებთ და ვაიაფებთ. «ავერსი რაციონალში» წამლების ნედლეული შემოგვაქვს როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებიდან, ზუსტად რომლებიდან, ვერ გეტყვით, ამის დასაზუსტებლად  უშუალოდ წარმოებას უნდა დაუკავშირდეთ. საიდან მოიტანეთ, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი 100 პროცენტზე მეტია? თქვენ საბაჟოდან უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, თუ რამდენია ფასნამატი და ისე დაწეროთ. მე ვამბობ, რომ არ არის 100%-ზე მეტი ფასნამატი. ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას არ ვეთანხმებით და ოფიციალური განცხადებითაც კი გამოვედით, რომ ეს იყო აფსოლუტურად არასწორი ინფორმაცია და მონაცემები».

ლალი ბრეგვაძემ განაცხადა, რომ შპს «მედკაპიტალის» გეგმებზე ინფორმაციას არ ფლობს.

«აბი კურტანიძე»

1992 წლის აგვისტოდან გია ქავთარაძეს სხვადასახვა მაღალი თანამდებობა ეკავა, იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, იუსტიციის მდივანი; 2002 წელს დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება _ «ქავთარაძე და პარტნიორები», ასევე ინდიანას უნივერსიტეტის ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელსაც დღემდე თავმჯდომარეობს, 2005 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. სწორედ მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, 2006 წლის მარტში, თბილისის მე-5 საპყრობილეში მოხდა გახმაურებული «ბუნტი». ოფიციალური მონაცემებით, შეტაკების შედეგად რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო სპეცრაზმის ორი თანამშრომელი და 16 პატიმარი დაიჭრა. გია ქავთარაძემ მაშინ განაცხადა: «პოლიციამ თავიდან აიცილა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. იგეგმებოდა ციხიდან გაქცევა, რომელსაც წინ უძღოდა «ბუნტი».

იმდროისთვის იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 17 დაჭრილი პატიმრის სია გამოაქვეყნა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო…

უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციაში გადასული «ნაცმოძრაობა» ბოროტად იყენებს სხვადასხვა დონეზე თავისი კადრების სახელისუფლო რესურსს და გაფიცვებისა თუ შეჭრების ინსპირირებით სხადასხვა სამეწარმეო სექტორში საბოტაჟის მოწყობას ცდილობს.

მათი ხელწერის ამოცნობა რთული  ნამდვილად არაა. სამედიცინო სფეროში მრავალმა წარუმატებელმა რეფორმამ, პაციენტების გარდა, მედპერსონალიც დააზარალა. ამან მათი პოლიტიკური შეხედულებებიც შეცვალა. სამედიცინო სფეროს ზოგადი უკმაყოფილება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კი იმაში გამოიხატა, რომ მათმა უდიდესმა უმრავლესობამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი.

სწორედ ამ მხარდაჭერის გამო ექიმები დღეს  ორ ცეცხლშუა აღმოჩნდნენ. პრივატულ საუბარში კლინიკის ექიმები აცხადებენ, _ მათ დაემუქნენ, რომ ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის პასუხს აგებინებენ.

შორს გათვლილმა ხრიკმა  პრემიერმინისტრი ჩიხურ სიტუაციაში ჩააგდო. თუ პრემიერი მედიკოსებს დაუჭერს მხარს, «ნაცმოძრაობა» იმ წამსვე კერძო ბიზნესის ტერორში და «ნაცმოძრაობის» წევრი დეპუტატი ბიზნესმენების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში დაადანაშაულებს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესორგანიზაციებს დაიცავს, მაშინ მედიკოსთა არმია აღუდგება წინ… 

ასეთია «აბი კურტანიძის» ფარმაკოდინამიკა. ეს «აბი» აშკარად მავნებელია, მისი გამოხატული გვერდითი მოვლენა წმინდა წყლის საბოტაჟი გახლავთ და, თუ პრემიერი ივანიშვილი «აბი კურტანიძეს» სასწრაფოდ არ ამოიღებს თავისუფალი მიმოქცევიდან, მას წასვლა არა წელიწადნახევარში, როგორც თვითონ აცხადებს, არამედ გაცილებით მალე მოუწევს.

ბატონ კურტანიძეს კი შევახსენებთ, რომ საბოტაჟი კანონით დასჯადი ქმედებაა და სისხლის სამართლის კოდექსის 318- მუხლი ამ დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ქევხიშვილი,

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here