Home რუბრიკები პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილი: რეჟიმის გასამართლება აუცილებელია

სალომე ზურაბიშვილი: რეჟიმის გასამართლება აუცილებელია

726

 ,,რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში……ალბათ იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილიკარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება”… ეს სალომე ზურაბიშვილის ათი ,,ქართული ოცნებიდანერთერთია. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება საქართველოს საგარეო კურსი. ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. თუმცა არსებობს  განსხვავებული აზრიცსაზოგადოებას აინტერესებს ევროატლანტიკური ინსტირტუტებისკენ სწრაფვის ფონზე რამდენად შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით გაუცემელი რჩება.  ,,საქართველო და მსოფლიოს”,,საქართველოს გზისსაპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ესაუბრება

არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით გარკვეული ბერკეტები გააჩნიათ, რამდენად საშიშია დამარცხებული ძალა?

ცხადია, მათ ბერკეტები შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ ცხოვრებაში – როგორც პირადულში, ისე პოლიტიკურში არსებობს მომენტები, როცა ყველაფერი უკუღმა მიგდის და აღარაფერი გამოგდის. ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს ,,ნაციონალური მოძრაობა.” რა ბერკეტებიც არ უნდა ჰქონდეთ ვერაფერს მოახერხებენ, რადგან ყველაზე მთავარი ხალხის ნდობა დაკარგეს და ამას ვერაფრით დაიბრუნებენ.

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროპაში, როგორ აფასებენ?

ძალიან კარგად, როგორც დემოკრატიის გაძლიერების ეტაპს. ყველამ ჩათვალა, რომ ეს არჩევნები კონკურენტული (რაც მართალია) და სამართლიანი იყო (გაყალბების ფაქტები, როგორც ჩვეულებრივ ვერ შეაფასეს). ამან გაუზარდა საქართველოს ნდობის ხარისხი. მართალია ზოგიერთმა ნაწილობრივ სააკაშვილის სახელმწიფოებრიობას მიანიჭა, მაგრამ ამავე დროს ძალიან გამყარდა ბიძინა ივანიშვილის სტატუსი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა ,,ნაცმოძრაობის” დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ- ივანიშვილს არც ქუჩა-ნგრევა და არც რუსეთი სდომებია. ყველა ძალიან პოზიტიურად განეწყო. ყველას აინტერესებს მისი გაცნობა. საქართველოს მიმართ ინტერესი არ ნელდება.

უნდა გასამართლდეს, თუ არა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, როგორც რეჟიმი?

რეჟიმის გასამართლება აუცილებელია. რა თქმა უნდა შურისძიების მიზნით ამის გაკეტება არ შეიძლება. მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ეს ჩვენს კულტურაში არ ზის. ჩვენი თავის გაგების მიზნით ეს აუცილებელია. იმას ვგულისხმობ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვერ გავიგეთ რა მოხდა ჩვენს თავს. რეჟიმი შევარდნაძით დაწყებული ,,ნაცმოძრაობით დამთავრებული, ერთ სისტემად უნდა გასამართლდეს. თუ არა ,,ნიურბერგის”ტიპის სასამართლო ვერ გავიგებთ რა მოგვივიდა: ვერ ვასწავლით მომავალ თაობას რა არის სწორი და რა არა, რას ნიშნავს სიკეთე და დანაშაული. ქვეყანა ვერ დაიწყებს აღმავლობის ეტაპს. ყველა საქმე უნდა გაიხსნას: დაწყებული პირველი პრეზიდენტის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ყველა დაუსრულებელი გამოძიებით დამთავრებული, მხედველობაში მაქვს ჟვანია, შარაძე, აფრასიძეები, გირგვლიანი  ვაზაგაშვილი და ა. შ. გამოსაძიებელია ეკონომიკური დანაშაულები: კუპონების გაუქმება, პრივატიზაციის პირველი და მეორე ტალღა, პირამიდების და ხალხის გაკოტრების, ყველაფრის გაყიდვის- ,,გარდა სინდისის” ფაქტები. რაც ყველაზე მთავარია ომის დაწყების და ჩატარების პირობები. ომზე, რადგან ვლაპარაკობ აუცილებელია პირველი ომების ანუ ცხინვალის აფხაზეთის ომის საკითხის განხილვაც. ეს არის უზარმაზარი საქმე. ჭეშმარიტებასთან თუ არ დავბრუნდით წინ ვერ წავალთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ შურისძიების მანქანა არ უნდა შევქმნათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, სანამ სიმართლეს არ გავარკვევთ, სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ვერც პატიებას შევძლებთ და ცხადია ვერც დავიწყებას!

რას მიიჩნევთ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად?

ომს, ომს, და ომს!

თქენ გაქვთ ათი ,,ქართული ოცნება.” ერთერთზე გავამახვილებ ყურადღებას– ,,რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში……ალბათ იმიტომ, რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილიკარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება”……ბიძინა ივანიშვილმა და მაია ფანჯიკიძემ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო კურსი არ შეიცვლება, რამდენად სწორად მიგაჩნიათ საგარეო კურსის უცვლელად დატოვება?

დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. საჭიროა, რადგან როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი ზოგმა ვერ გაიგო, ან სხვანაირად გამოიყენა. მე არ მითქვამს, რომ ეს ორიენტაცია უნდა შეიცვალოს და არც ის, რომ ამის წინააღმდეგი ვარ. რა სისულელეა! მიმაჩნია, რომ ევროპა ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთი საფუძველია, ჩვენში არსებული არსებითი მიმართულება და არა კონიუქტურა, რომლის შეცვლა შეიძლება… რაც რუსეთი არასდროს იქნება! როცა ვამბობ, დღეს ჩემი ოცნება ეს არ არის ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, რომ ევროპაში საქართველოს დაბრუნება (და ასევე ნატოში შესვლა) არ არის დამოკიდებული ჩვენს ოცნებასა და ძალისხმევაზე. არც ერთი და არც მეორე ,,საგარეო პოლიტიკის საოცნებო”არ არის. ჩვენს შესვლას ევროკავშირში წინ უდგას შიდა საკითხების მოგვარება, ანუ სასამართლო სისტემა, ციხეები, ადამიანის უფლებები და ა. შ. ყოფილმა ხელისუფლებამ ყველა ამ დარგში მნიშვნელოვნად დაგვწია უკან. მეორე გარემოება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტები და მათი მოგვარებაა. მის გარეშე ნატო არ შეგვიშვებს, თავის მფარველობის ქვეშ ახალ ომს არ გარისკავს. ევროკავშირი თავის საზღვრებში არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც არც ერთი საზღვარი დადგენილი და აღიარებული არა აქვს. წინა ხელისუფლებამ ამ საკითხშიც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მესამე, რაც ხელს გვიშლის ამ ორი მიმართულების განხორციელებაში, არის რუსეთთან დაულაგებელი ურთიერთობა. იმიტომ არა, რომ ერთი ან მეორე ორგანიზაცია რუსეთს ვეტოს უფლებას ანიჭებს, არამედ იმიტომ, რომ ევროპას და ამერიკას სურს დაწყნარებული ურთიერთობა რუსეთთან. არ დაუშვებენ საქართველოს გადაუწყვეტელი პრობლემებით შესვლას, რადგან ეს დაძაბულობა თან არ შეიტანოს.  ე. ი. ოცნება უნდა იყოს ამ სამივე მიმართულებით. თავის გარკვევაა საჭირო და ამას კვაზი ავტომატურად მოჰყვება –ჩვენი ადგილის მოპოვება იმ საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციებში, რომლებსაც კულტურულად და გეოგრაფიულად ბუნებრივად ვეკუთვნით.

საზოგადოებას აინტერესებს რამდენად შესაძლებელია ნატოსა და ევროატლანტიკურ კავშირებისკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება?

ამაზე ზემოთ უკვე ვუპასუხე.      

თქვენ, როგორც დიპლომატი, როგორ შეაფასებთ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლების განცხადებას ტერმინ ოკუპაციის არ გამოყენების თაობაზე? რუსეთთან დიპლომატიური ურთირთობების აღდგენა ამ ფონზე რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

კონკრეტულ დიპლომატიის საკითხებზე საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, რათა ხელი არ შევუშალო ამ უწყებას და მის ახალ წინამძღვრებს განახლებულ საქმიანობაში.

                                            ანა ქევხიშვილი

  

 

1 COMMENT

  1. იმაში, რომ აშშ-ს რუსეთთან დამშვიდებული ურთიერთობა სურსო – ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქ-ნ სალომეს, რადგანაც აშშ გამალებული იბრძვის რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარება და ამ გზაზე ძლიერი რუსეთი მისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამიტომაცაა რომ აფინანსებს კასპაროვებს, ნემცოვებს, "პუსი რაიოტს"-სა და კიდევ ვის და რას არა პუტინის წინააღმდეგ…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ვალერი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here