Home რუბრიკები სამართალი ნუცა თოფჩიშვილი: ბოკერიას, ჩერგოლეიშვილს, კეზერაშვილს, ჩიქოვანს აუცილებლად ვაგებინებ პასუხს ჩემი შვილის დაღუპვისთვის

ნუცა თოფჩიშვილი: ბოკერიას, ჩერგოლეიშვილს, კეზერაშვილს, ჩიქოვანს აუცილებლად ვაგებინებ პასუხს ჩემი შვილის დაღუპვისთვის

852

სამშენებლო კომპანია, რომელიც თავის დროზე «რუსთავი 2»-ის შენობას არემონტებდა და რომლის სახელსაც ორი ახალგაზრდის _ ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას გარდაცვალება უკავშირდება, ამჟამად მრავალსართულიან სახლს ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, თუმცა იქვე ოთხსართულიანი ნაგებობაც ააშენეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჟურნალი «ტაბულა» დაიკავებს. ზოგადად მშენებლობა კარგია და სამშენებლო ბიზნესიც საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა, მაგრამ, თუ შენობას სისხლის კვალი ამჩნევია და ფულსაც სისხლის სუნი ასდის, მორალურმა ადამიანმა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა… შენობა, რომელშიც «ვარსკვლავების აკადემიის» პროექტი მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა და ორი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ნანგრევებში ჩაიყოლა… აღნიშნულ შენობაში «რუსთავი 2»-მა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია «არტ-X»-ი ახორციელებდა, რომლის დამფუძნებელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე სოფიო ჩიქოვანია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი _ უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, ცოლისდა _ რუსუდან ჩერგოლეიშვილი. სწორედ ეს კომპანია და ეს ადამიანები აშენებენ ვაკეში ორ ნაგებობას გვერდიგვერდ და იმედია, მომავალში მათი «შენების შედეგი» კიდევ რამდენიმე ოჯახს არ გააუბედურებს. ადგილობრივი მოსახლეობა, წლებია, აპროტესტებს აღნიშნულ მშენებლობას, მაგრამ შედეგს ვერც ქუჩის აქციებით მიაღწიეს და ვერც სასამართლო პროცესებით.

«საქართველო და მსოფლიოს» აქციის ერთერთი მონაწილე, რუსუდან კუკულაშვილი, ესაუბრება:

_ როდესაც მშენებლობის დაწყების შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე გავაპროტესტეთ, მაგრამ ვინ ჩაგაგდო რამედ! როგორც ამბობენ, იქ ისეთი დაჭაობებული ადგილი ყოფილა, ნავებით დადიოდნენ თურმე, მაგრამ ესენი უსაფრთხოების ნორმებს არად დაგიდევენ, თუმცა ეს სხვა საკითხია. ორი წელიწადი მარტო საძირკვლის გათხრას მოანდომეს, სულ წყალი ამოდიოდა, ძლივს ამოიყვანეს საძირკველი, მერე კედლები გადაეხარათ. ამა წლის აგვისტოში კი მუშა გადმოუვარდათ ხარაჩოდან და დაეღუპათ. დღედაღამ აშენებდნენ და 32 წლის ბიჭის სიცოცხლეც შეიწირეს. აშენდა ეს 14-სართულიანი შენობა, რომლის წინაც ჩვენ საკუთარი სახსრებით დავრგეთ ხეები. ერთ მშვენიერ დღეს მერიის სამსახურის თანამშრომლებმა მათი გაჩეხვა დაიწყეს. რომ ვიკითხეთ, თუ რატომ ჭრიდნენ ხეებს, პასუხად გადმოგვცეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ რუსუდან ჩერგოლეიშვილის მოთხოვნის საფუძველზე მოიჭრა ხეები და დაიწყო მშენებლობა, აშენდა ოთხსართულიანი შენობა.

_ რატომ აპროტესტებთ აღნიშნულ მშენებლობას?

_ უკვე სამი წელიწადია, ამ საკითხზე ვდავობთ. ვერ გეტყვით, რამდენი სასამართლო გვქონდა, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალს სად იპოვი? ვითხოვდით მშენებლობის შეჩერებას, რადგან საერთოდ დააბნელა ამ კორპუსებმა ჩვენი სახლები, მზე აღარ შემოდის ჩვენს ფანჯრებში. არ იკმარეს ეს თოთხმეტი სართული და კიდევ მეორე შენობა დაგვადგეს თავზე. ამბობენ, თურმე «ტაბულას» რედაქცია გადმოდის იქ.

_ როგორ გგონიათ, თქვენი პრობლემების მიზეზი ისაა, რომ მშენებლობას ბოკერიას ოჯახი აწარმოებს?

_ დიახ, ბოკერიასა და კეზერაშვილის ოჯახების საკუთრებაა ეს კომპანია და სამართალს სად ვიპოვიდით?! იქვე გარაჟებიც გვქონდა, რომლებიც მერიამ წაგვართვა, გამოგვიყარეს მანქანები ქუჩაში და იქაც მიმდინარეობს მშენებლობა. ზუსტად წყალკანალის შენობის წინ ააშენეს ეს კორპუსები.

_ რას აპირებთ?

_ არ ვიცით, სად ვეძებოთ სამართალი. რასაც ვუყურებთ, ჯერ კიდევ მხნედ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და აქეთ გვაშინებენ… მთავარია, სასამართლოGგათავისუფლდეს ამათი მარწუხებისგან. მერიამ ყველაფერი კანონის ფარგლებშიაო. ერთი ძლიერი მიწისძვრა და განადგურდება ქალაქი, თუმცა სტიქიური უბედურებებიც არაა საჭირო, უსაფრთხოების ნორმებს რომ არაფრად აგდებენ, ეს თუნდაც «რუსთავი 2»-ის შენობის ჩამონგრევამაც ცხადყო და შეიწირეს ორი ახალგაზრდის სიცოცხლე. აგო ვინმემ პასუხი?

აღნიშნულ საკითხზე «საქართველო და მსოფლიო» «რუსთავი 2»-ის შენობის, რომელშიც პროექტი «ვარსკვლავების აკადემია» მიმდინარეობდაჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ ნიკა გელაშვილის დედას, ნუცა თოფჩიშვილს, შეხვდა.

_ ჩვენ მეზობლებისგან გავიგეთ, რომ აქციის ჩატარებას აპირებდნენ და, რასაკვირველია, მე და ჩემი რძალი ჩავერთეთ ამ აქციაში და მედიასაც ვაცნობეთ, _ გვითხრა ქალბატონმა ნუცამ. _ ეს არის მკვლელების ჯგუფი, რომელსაც შლეიფივით თან დასდევს სისხლი და უბედურება. სანამ ბოკერია ბოკერიობს, ამათ ხელშია ყველაფერი, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ბოკერია ჩვეულებრივი ადამიანი გახდება და სასამართლო ამათაც მისწვდებათ. აქამდე ჩვენ ვერაფერი შევძელით, სტრასბურგის იმედად ვართ, მაგრამ, თუ აქ სასამართლო განთავისუფლდება და გამოძიება თავიდან დაიწყება, მაშინ სტრასბურგი ჩვენთვის იდეაფიქსი ნამდვილად არაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!

_ მიმართავთ ახალ მთავრობას თხოვნით, რომ ხელახალი ძიება დაიწყოს?

_ რასაკვირველია, მე «ქართული ოცნების» ყველა ლიდერთან ვიყავი, საქმის მასალებიც გადავეცი და სტუდია «მონიტორის» მიერ გადაღებული ფილმიც ყველას დავურიგე, საქმის კურსში არიან. შალვა შავგულიძესთან კონსულტაციებზე დავდიოდით. ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე რომ მოვიდა, მითხრა, თქვენი საქმე ჩემს კარადაში ინახებაო… ახლა გვპირდებიან, ბევრი საქმის ხელახალი გამოძიება მოხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენც შევძლებთ სიმართლის დადგენას. ჩვენ ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიების მეტს არც არაფერს ვითხოვთ. მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენს საქმეში არის ისეთი დეტალები, რის მიხედვითაც შეიძლება დამნაშავეების კვალზე გავიდეთ.

როგორც ცნობილია, დამნაშავე არსებობს და ეს ვინმე გვასალიაა, სასამართლომ მისი ბრალეულობა დაადგინა კიდეც

_ რას ბრძანებთ?! გვასალია გახლავთ მშენებელი, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, მან აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადაარჩინა ეს მკვლელები. სამაგიეროდ, დაუფასეს «თავდადება» და მადლობის ნიშნად ადვოკატად მოუყვანეს გიორგი ყავლაშვილი, სააკაშვილის რეჟიმის პირადი ადვოკატი, რომელიც ანალოგიურ საქმეებში გამოიყენებოდა. სწორედ მისი დახმარებით ააცილეს თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახს სასამართლზე გამოცხადება. თავად გვასალია კი პირველივე სასამართლო სხდომიდან საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს სხდომათა დარბაზიდან ისე, რომ ერთი თეთრიც არ გადაახდევინეს. ამათი მიზანი იყო, სასამართლო არ შემდგარიყო და არ გახმაურებულიყო ეს საქმე. აღარაფერს ვამბობ პროკურატურის უსინდისო ქმედებებზე, გნებავთ, გიორგი ტუღუშის დუმილზე, რომელიც ახლა თითქოს თავს იკლავს პატიმრებისთვის, რატომ არ ამოიღო ხმა ჩვენს უბედურებაზე?! არ დარჩენილა ინსტანცია, ჩვენ რომ არ მიგვემართოს თხოვნით, რომ თავიდან დაწყებულიყო გამოძიება. პრეზიდენტს ორი ღია წერილი მივწერე, პრეზიდენტის დედასაც მივწერე, ზუსტად ვიცი, რომ წაიკითხა, მაგრამ ჩემი ტკივილი, როგორც ჩანს, გულთან ახლოს არ მიიტანა. ასე აღიმართა ჩვენ წინ კედელი, რომელიც ვერაფრით ვერ დავანგრიეთ.

_ პრეზიდენტი მაშინ თავად იყო შემთხვევის ადგილას და თქვა, რომ მისი ღირსების საკითხი იყო ამ საქმის გამოძიება, ამასთან, მან 10-დღიანი ვადა მისცა გამოძიებას სიმართლის დასადგენად

_ რომელ ღირსებაზეა საუბარი?! სააკაშვილის ღირსების საკითხი იყო გირგვლიანის საქმის გამოძიებაც, მაგრამ რა ქნა მერე? შეიწყალა მკვლელები და გარეთ გამოუშვა. ჩვენი საქმე არ იყო გახმაურებული, რადგან ყველანაირად ბლოკავდნენ ჩვენს ყოველგვარ აქტიურობას. «რუსთავი 2» ჩვენს უბედურებას როგორ გააშუქებს, ეს ხომ ერთი წრეა, ერთნაირად აქვთ სისხლში ხელები გასვრილი. კეზერაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ჩერგოლეიშვილი არიან ჩემი უბედურების მიზეზი და ვინ რას გააშუქებდა?! ყველაფერი დროებითია. მათ აუცილებლად ვაგებინებ პასუხს ჩემი შვილის დაღუპვისთვის, ეს აუცილებლად მოხდება! რომ მოვარდა სააკაშვილი, როდესაც ჩვენს შვილებს ნანგრევებში ვეძებდით, როგორც ჩანს, არ იცოდა, რა ხდებოდა და ისე მისცა 10-დღიანი ვადა სამართალდამცავებს საქმის გასახსნელად, თორემ რატომ ერთხელ არ მოიკითხა მას შემდეგ ეს ამბავი?! უგულავამ კი წაიბლუკუნა ერთი, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდაო, სწორედ მას ევალებოდა გაკონტროლება იმისა, სწორად მიმდინარეობდა სამუშაობი თუ არა.

«რუსთავი 2»-, ირაკლი ჩიქოვანს, ჩერგოლეიშვილს და დამნაშავეებს გაუმართლათ, მხოლოდ ორი ადამიანი რომ დაიღუპა; ეს ამბავი სამი საათის შემდეგ რომ მომხდარიყო, სულ მცირე, 50 კაცი მოჰყვებოდა ნანგრევებში. 32-მეტრიან შენობას საყრდენი კედელი გამოაცალეს და ძაბრისებური ნგრევა მოხდა. ესენი რასაც შეეხნენ, კომპანია «არტ X»- ვგულისხმობ, ყველგან სისხლის გუბეები დააყენეს.

_ რას გულისხმობთ?

(საუბარში ნუცა თოფჩიშვილის რძალი, გარდაცვლილ ნიკა გელაშვილის მეუღლე თეა კახიანი ერთვება).

_ ქუთაისში პარლამენტს აშენებს «მაგისტილი», რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ კვირცხალია და ეს პიროვნება ჩვენს საქმეში ერთ-ერთი მოპასუხეა. გასულ წელს ჩვენ სამოქალაქო წესითაც შევადგინეთ სარჩელი, შარშან 7 ოქტომბერს ჩატარდა კიდეც მოსამზადებელი სხდომა, თუმცა მას შემდეგ სასამართლოს ჩატარებას ვეღარ ვეღირსეთ. მოსამართლეს აქვს უფლება, მხოლოდ ექვსი თვე გააჭიანუროს სხდომის ჩატარება და ჩვენ ერთი წელიწადია უშედეგოდ ველოდებით პროცესის გამართვას…

ჩათვალეს, რომ სისხლის სამართლის საქმე დასრულდა და, რადგან ვერაფრით მივაღწიეთ ხელახალი გამოძიების დაწყებას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრების დახმარებით ადმინისტრაციულ საქმეზე შევიტანეთ სარჩელი, სადაც მოპასუხე ხუთი თუ ექვსი იურიდიული და ფიზიკური პირია. ვუჩივლეთ როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ასევე არქიტექტურის სამსახურსაც, რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ იქ მიმდინარე სამუშაოები. ასევე ერთ-ერთი მოპასუხე მხარეა «ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენი», რომელსაც «რუსთავი 2»-მა დაუდო ხელშეკრულება და მერე, თავის მხრივ, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ დაიქირავა «არტ X». «რუსთავი 2»-მა პირდაპირ რატომ დაიქირავა მათივე კომპანია ესეც ჩვენთვის გაურკვეველია. როგორც გითხარით, «ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენის» ხელმძღვანელი არის გიორგი კვირცხალია, რომელიც ახლა პარლამენტს აშენებს ქუთაისში და მართალია, იქაც დატრიალდა ტრაგედია და დაიღუპნენ მუშები, მაგრამ იმედია, რამე უფრო დიდი უბედურება არ მოხდება.

_ გაქვთ იმედი, რომ ახალი მთავრობა თქვენი საქმით დაინტერესდება?

_ იმედი გვაქვს კი არა, ამ იმედით ვარსებობთ, გვჯერა, რომ ჩვენი საქმით აუცილებლად დაინტერესდებიან.

_ მოკლედ, გამოდის, რომ ბოკერიასა და კეზერაშვილის ოჯახების წევრებს სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ?

_ რასაკვირველია! განა ბოკერია და მისი ცოლი, ქალბატონი თამარა, არ არიან პასუხისგებაში მისაცემი დანაშაულის დაფარვისთვის?! დანაშაულის დაფარვა ჩვენი კანონმდებლობით ისჯება და სამართალი მათ კარზეც დააკაკუნებს. როგორც კი გამოძიება დაიწყება, აუცილებლად ვუჩივლებ მოსამართლეებს _ დალი მეტრეველსა და თეა თანდაშვილს. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს უსამართლო განაჩენისთვის და ქმედებისთვის. 

ადმინისტრაციული წესით რომ გავასაჩივრეთ, ყავლაშვილმა დამირეკა და შემომთავაზა 200 ათას ლარს გადაგიხდით და მოვრიგდეთო, რასაკვირველია, უარი ვუთხარი, ჩემთვის კომპენსაცია კი არა, მთავარი ისაა, საქმე გაიხსნას და დამნაშავეები დაისაჯონ.

ესაუბრა

გიორგი მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here