Home რუბრიკები პოლიტიკა კუდის თანამშრომლები ზუგდიდი-ანაკლიის მონაკვეთზე სატელეფონო კაბელის ამოთხრას აკონტროლებენ

კუდის თანამშრომლები ზუგდიდი-ანაკლიის მონაკვეთზე სატელეფონო კაბელის ამოთხრას აკონტროლებენ

653

სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონს საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიასთან ერთად გუბერნატორი (შემდგომ სოფლის მეურნეობის მინისტრი) ზაზა გოროზია განაგებდა. ეს ორი პიროვნება სრულიად ხელშეუხებელი იყო და მათ უდიდესი გავლენა ჰქონდათ რეგიონში. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ადამიანებს აქ კარგა ხანს პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული და მხოლოდ ახლაღა ალაპარაკდენენ.

ამჯერად ზაზა გოროზიას  ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი, სოფელ ინგირის მკვიდრი ბადრი ბიგვავა ამხელს. «ჩემზე, როგორც კომლზე, 12 წლის წინ დაკანონებული იქნა 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ინგირში. როცა სავალდებულო გახდა საჯარო რეესტრში აღნიშნული მიწის გატარება, მივაკითხე ზუგდიდის საჯარო რეესტრს, სადაც, ჩემდა გასაკვირვად, მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაცემული ყოფილა ეკონომიკის სამინისტროსთვის და გაუმზადებიათ აუქციონზე გასატანა. როცა ვიკითხე, თუ რატომ მოხდა ეს და ვინ გააკეთა, მითხრეს: ჩვენ არაფერ შუაში არავართ, ეს გააკეთა შპს «ჰარვესთმაო» , რომლის უკან, როგორც შემდეგ გავიგე, ზაზა გოროზია იდგა. ინგირსა და ერგეტაში პირდაპირი შესყიდვის ფორმით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შპს «ჰერვესთს» 125 000 ლარად გადაეცა 463 ჰა მიწის ნაკვეთი, ანუ ერთი ჰექტარი _ სულ რაღაც 140-145 ლარად. ამ მიწებში მოექცა ჩემი კუთვნილი მიწის ფართობიც. გარდა იმისა, რომ მიწები წაგვართვეს, საქონელსაც წაართვეს საძოვრები. ვის არ მივმართე განცხადებით, რომ ჩემი კუთვნილი მიწის ფართობი ოფიციალურად დამეკანონებინა, მაგრამ ამაოდ. ისიც მითხრეს, მიწა გეკუთვნის, არავინ  გედავებით, მაგრამ ეს დაუზუსტებელიაო. არადა, სად და ვისთან დავაზუსტო, ვერ გავიგე, ასევე შემომთავაზეს, განცხადებით მიმემართა ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომ ჩემი მიწა ჩემთვის მოეყიდათ, ანუ ჩემს კუთვნილ მიწას მაყიდვინებდნენ, რაზეც უარი ვუთხარი», _ აღნიშნა ბადრი ბიგვავამ.

მისი თქმით, ხელისუფლების მზაკვრული გეგმა იაფად შეძენილი მიწების რაც შეიძლება ძვირად გაყიდვას ითვალისწინებდა, მაგრამ მათ ვერ მოასწრეს ამ გეგმის განხორციელება. «პატარ-პატარა მიწის ნაკვეთებს ეს ხელისუფლება ვერ გაყიდდა, რადგან ინვესტორს პატარა მიწები არ აინტერესებს, მას დიდი ფართობები უნდა, ამიტომ ყიდულობდნენ მიწებს მიზერულ ფასად, მერე კი გაყიდდნენ ინვესტორზე ასმაგად. ამას გოროზიას მეტი ვინ შეძლებდა, მაგრამ ვერ მოასწრეს გაყიდვა. ინგირელებს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არესებული  მიწებიც წაართვეს, აეროპორტის მშენებლობას უშლის ხელსო. აეროპორტი არ აშენებულა, ნაკვეთები კი გავერადნა და გაჩანაგდა. აეროპორტის მშენებლობისა და წყალსატევების ამოვსების გამო ამ ტერიტორიის ირგვლივ მდებარე სახლები წვიმის დროს იტბორება», _ განაცხდა ბადრი ბიგვავამ.

უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ბიგვავა 2009 წელს «ცნობილი» მეგის ქარდავას ახირების გამო გათავისუფლდა დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობიდან. «2008 წელს სოფელ განმუხურში გადმოსულმა რუსებმა მძევლად აიყვანეს ჩვენი პოლიციელები და მათ გათავისუფლებაში მე მიმიძღვის ლომის წილი, ჯილდოები და დამსახურებები კი სხვებმა მიიღეს, ამის გამო გმოვთქვი გულისტკივილი, რაც არ მოეწონა მეგის ქარდავას და, როგორც მისთვის მიუღებელი პიროვნება, იძლებული გამხადა, დამეტოვებინა პოლიცია», _ დასძინა ბადრი ბიგვავამ,

ზაზა გოროზიას შპს «ჰარვესთს» კიდევ ერთი პიროვნება, გალის რაიონის სოფელ გუდავას მკვიდრი, დროებით სოფელ ინგირში მცხოვრები _ რემიკო ეზუგბაია უჩივის. «ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, _  წერს რემიკო ეზუგბაია, _ 1997 წლიდან ვხოვრობ სოფელ ინგირში. აქ შევიძინე 700 კვ.მ მიწის ფართობი და ამიშენეს სახლი 5 სულისათვის, მეორე ხუთ სულზე, მიწის უქონლობის გამო, დავკარგე მეორე შვილის საცხოვრებელი სახლი. ინგირის ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი ეკალ-ბარდებით დაფარული მიწის ფართობი გავწმინდე, ამ მიწის ფართობის დაკანონებაზე ვის არ მივმართე, მაგრამ ყველგან უარით გამომისტუმრეს, რადგან ეს მიწები თურმე  შპს «ჰარვესთს» ეკუთვნის. 

ლადო ქირია, ზუგდიდი

P.S. სოფელ ინგირში ერთი საინტერესო ამბავიც გავიგე: ახლახან ზუგდიდიდან ანაკლიამდე ერთი მეტრის სიღრმეში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ჩადებული სატელეფონო კაბელის ამოთხრა დაუწყიათ. ეს არის სპეცკავშირისთვის  გათვალისწინებული  მრავალწვერიანი კაბელი და 18%-მდე ძვირფას ლითონებს შეიცავს. კაბელი სპეციალური ტექნიკის საშუალებით ამოაქვთ და ყოველ 20 მეტრში ჭრიან. საგულისხმო ის არი, რომ ამ პროცესს იცავენ და აკონტროლებენ კუდის თანამშრომლები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here