Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო ჩერქეზი ხალხის ტრაგედიაზე თამაშობს

საქართველო ჩერქეზი ხალხის ტრაგედიაზე თამაშობს

726

გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი ქართულჩერქეზული ურთიერთობის თემაზე. დიდი ხანია, რაც მომიმწიფდა მოთხოვნილება, გამომეთქვა ჩემი შეხედულება ამ საკითხზე და, ბოლოს და ბოლოს, დავწერე. დიდად მადლობელი დაგრჩებით.

პატივისცემით,

ბლოგერი რასულ კარდანოვი

2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ჩერქეზების გენოციდის შესახებ: 95 ხმა მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. დადგენილების მიხედვით, 1817-1864 წლების კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების მასობრივი განადგურება, ისტორიული სამშობლოდან მათი იძულებითი განდევნა «გენოციდის აქტად» არის აღიარებული.

შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება: 147 წელიწადი ჩერქეზი ხალხი იცავდა ტრადიციებს, ენას და იმის იმედს, რომ დადგება დრო, როცა შესაძლებელი იქნება მშობლიურ მიწაზე დაბრუნება. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩერქეზეთის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. ჩერქეზთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები აღნიშნავენ, რომ «გაიოლდა ჩვენი ისტორიისთვის ბრძოლა».

მაგრამ დღეს, გენოციდის აღიარებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, როცა ერთგვარად დაცხრა ეიფორია იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ხმა გაიგონეს, შესაძლებელი გახდა სიტუაციისთვის სხვა თვალით შეხედვა. კარგად ვერ ვიგებ, რატომ მაინც და მაინც ახლა მოუმწიფდათ ქართველებს ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სურვილი.

ბოლომდე გაუგებარია: როგორ აღმოჩნდა საქართველოს მწირ ბიუჯეტში თანხა თბილისში ჩერქეზთა კულტურული ცენტრის შესაქმნელად, ჩერქეზეთის კულტურის დღეების ჩასატარებლად და ქალაქ ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლის გასახსნელად?

საკმაო შეკითხვებია თბილისში ჩერქეზთა კულტურული ცენტრის მიმართ, დამაფიქრებელია მისი დირექტორის, მერაბ ჩუხუას, პოზიცია თვით ჩერქეზი ხალხის მიმართ.

თავის გამონათქვამებსა და პროექტებში ჩერქეზულ პრობლემატიკას იგი წარმოგვიდგენს, როგორც დიდი კავკასიური პროექტის ნაწილს, რითაც ჩვენი პრობლემა სრულიად სხვა კალაპოტში გადაჰყავს. თუ ცენტრს «ჩერქეზული» ეწოდება, იგი ჩერქეზების პრობლემით უნდა იყოს დაკავებული და არა სრულიად კავკასიისა.

ქართველი პოლიტოლოგების თქმით, ჩერქეზულ პრობლემას რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდნენ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ 2009-2011 წლების ახალი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ ქართველ კანონმდებლებს მაინც და მაინც ჩერქეზი ხალხისადმი პატივისცემა და თანაგრძნობა არ ამოძრავებდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში გაიმართება, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა კომისია «2014 წელს რუსეთში ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგ პროტესტის ფორმების შემუშავების საკითხებზე.» ქართველი დეპუტატი შოთა მალაშხია ასახელებდა სამ საფუძველს ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირებისათვის: ეკოლოგია, უსაფრთხოება და ჩერქეზეთის საკითხი. სწორედ ასეთი თანმიმდევრობით. მისმა კოლეგა გია თორთლაძემ კი განაცხადა, «ოლიმპიადა უნდა ჩავშალოთ. იგი უნდა გაიმართოს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ არა სოჭში».

კომისიის მუშაობის რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, ჩერქეზი ხალხის ტრაგედია აღიარებული იყო ოლიმპიადის ბოიკოტის პრიორიტეტულ მიმართულებად. კარგია ეს თუ ცუდი, საკამათო საკითხია. ერთის მხრივ, ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს მრავალნატანჯ ხალხს კიდევ დიდხანს არ გაიხსენებდნენ, მეორე მხრივ, გამოდის, რომ ჩერქეზეთის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ოლიმპიური თამაშები სოჭში უთუოდ გაიმართება და ათი ქართველი სპორტსმენის ჩაუსვლელობა ორგანიზატორებისთვის დიდი ტრაგედია არ იქნება. ობიექტური რეალობა კი ისეთია, რომ ოლიმპიადის შემდეგ ჩერქეზეთის საკითხი ქართველებისთვის საინტერესო აღარ იქნება, «ჩერქეზეთის კულტურის ცენტრის» მსგავსი დაწესებულებები დაიხურება ან გადაკვალიფიცირდება სხვა მიზნებისთვის, ჩუხუას მსგავსი აქტივისტები კი კავკასიის სხვა პრობლემებით დაინტერესდებიან. საქართველო ცალკე სახელმწიფოა, რომელსაც რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. რუსეთთან ურთიერთობა მას უიმედოდ გაფუჭებული აქვს, აი, ჩვენ კი რუსებთან უნდა ვიცხოვროთ.

რასულ კარდანოვი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here