Home რუბრიკები საზოგადოება ვინ და როდის დაუკანონა საბანკო სექტორს ხალხის ძარცვის უფლება?

ვინ და როდის დაუკანონა საბანკო სექტორს ხალხის ძარცვის უფლება?

838

ბანკების მიერ განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, ყველასათვის მტკივნეულ თემაზე, თუ როგორ ვითარდებოდა საბანკო სექტორი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნოდარ მოსულიშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ნოდარ, დავიწყოთ იმით, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი ხალხის გულის მოსაგებად საბანკო სექტორის ლიბერალიზაციას აპირებს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხომ არ იბრძვის სააკაშვილი?

_ მე ასეთი არაფერი გამიგია, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება მიზნის მიღწევა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მან სწორედ ამ ბანკების  მეშვეობით დამართა ხალხს. ცოტა შორიდან დავიწყებ:

თავიდან საბანკო სექტორი ძალიან მძიმედ ვითარდებოდა, მაგრამ 1996 წელს მიღებული კანონის საფუძველზე მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა და მცირე და საშუალო ბიზნესმაც ამოისუნთქა. 90-იანი  წლების ბოლოსთვის საბანკო საქმემ უკვე შესამჩნევად წამოიწია წინ და უკვე 2004-დან 2008 წლის დასაწყისამდე საბანკო სექტორს კარგი შედეგი ჰქონდა. სამწუხაროდ, 2008 წლის მარტიდან სიტუაცია შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში 1996 წელს მიღებული კანონის 20-ე მუხლში ცვლილება შევიდა. მაშინ ამ პატარა ცვლილებას ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სწორედ ამ სამსიტყვიანი ცვლილების დამსახურებაა ის, რაც შემდგომ მცირე და საშუალო ბიზნესსა და მეწარმეთა დიდ ნაწილს დაემართა. ამ ცვლილებამდე ბანკებს მხოლოდ საბანკო-საფინანსო ოპერაციებისა და მანიპულაციების განხორციელების უფლება ჰქონდათ, ხოლო ცვლილების შეტანის შემდეგ ბანკებმა არასაბანკო დანიშნულების ქონების მოპოვების უფლება მიიღეს. სწორედ იმ მომენტიდან იწყება ბანკების მიერ ქონების მიტაცება, სხვას ვერაფერს უწოდებ.

_ რამდენადაც მახსოვს, 2011 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა კრიტიკულად შეაფასა ქართული ბანკები… 

_ დიახ, სწორედ 2011 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს საბანკო სისტემის შეფასებისას ორი მაჩვენებელი დადო: «საქართველო 79-ე ადგილზეა კრედიტის აღების სიიოლით და 104-ე ადგილზე ბანკების სიჯანსაღის მიხედვით». მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ტელევიზიაშიც ბევრი ისაუბრეს. მოწვეულნი იყვნენ საბანკო დარგის ქართველი ექსპერტები და უკვირდათ, ნორმალურად ვვითარდებოდით და ასეთი დასკვნა რატომ დადო მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმაო, ვერ გაეგოთ რაში იყო საქმე. ეს იმ პატარა კანონ-ცვლილებამ გამოიწვია, რომლის საშუალებითაც მაღალი საკრედიტო პროცენტების საშუალებით ბანკი ძვირადღირებულ ქონებას ართმევდა მეპატრონეს და სიღატაკისთვის სწირავდა, თვითონ კი უზომოდ მდიდრდებოდა.

 ამის უფლება და საშუალება კი სააკაშვილმა მისცა ბანკებს.

_ ბატონო ნოდარ, ჩვენ ხომ ევროპული ბანკების მართვის მოდელით ვხელმძღვანელობთ და როგორ ფიქრობთ, ამგვარი ცვლილებები იქაც შესაძლებელია?

_ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ _ არა. ასეთი რამ ყოვლადდაუშვებული და ამაზრზენია. ბანკები საქართველოში მხოლოდ სესხის გაცემით კი არ არიან დაინტერესებულნი, არამედ იმით, რომ კლიენტის ქონება მიითვისონ. გარდა სარგებლისა, ბანკებისთვის სხვა არაფერი არსებობს, ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ომს ან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.

_ სააკაშვილმა მოახლოებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ არაფერი იცოდა?

_ სააკაშვილს არა მარტო მოახლოებული კრიზისის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, არამედ აგვისტოს ომის შესახებაც და უკვე მარტში ბატონმა პრეზიდენტმა ყველაფერი იცოდა. ომის შემთხვევაში კრედიტების გადახდის ალბათობა ერთიორად შემცირდებოდა და რატომ გაერისკა?! ამიტომაც უკვე მარტში პრეზიდენტმა სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება საბანკო კანონში, ლაპარაკია არასაბანკო დანიშნულების ქონების უფლებაზე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ომის შემდგომ პერიოდში თითქმის ყველაფერი გაჩერდა და ბანკის მომხმარებელთა დიდ უმრავლესობას გადაცდენა ჰქონდა, დროზე ვერ იხდიდნენ პროცენტებს. საბანკო სექტორმა 2008 წლის მარტისთვის მიღებული კანონის საფუძველზე, დიდი ჯარიმები დააკისრა მომხმარებელს და, ცხადია, მომხმარებელმა ვერ გადაიხადა. ამუშავდა კანონი, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ, საბანკო სექტორი მომხმარებლის ქონებას ეპატრონებოდა.

_ ამერიკა და ევროპა ხომ ეხმარებოდა საქართველოს კრიზისთან ბრძოლაში?

_ რასაკვირველია, ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ და საკმაოდ დიდი თანხებიც გადმოგვირიცხეს. შემდეგ დაინახეს, რომ ეს თანხები დანიშნულებისამებრ არ იხარჯებოდა, ხალხს არაფერი ხმარდებოდა და ეს პროცესი შეჩერდა.

_ რაზე დაიხარჯა ის თანხები?

_ დაიხარჯა ათას სისულელეზე: შუშის სახლებზე, შადრევნებზე… იმ ფულს უპრობლემოდ შეეძლო სიტუაცია დაებალანსებინა და ყველა მშვიდობით და მაქსიმალურად ნაკლები ზარალით გამოსულიყო არსებული მძიმე მდგომარეობიდან. მოხდა პირიქით, სააკაშვილმა საბანკო სექტორს ხალხის ძარცვის უფლება დაუკანონა, შექმნა ორი ძირითადი ფენა _ უმდიდრესი და უღატაკესი. საშუალო ფენა კი, რომელზეც სახელმწიფო დგას, უბრალოდ, გააუქმა. უმსხვილესი ბიზნესკომპანიები სააკაშვილის ყველა მითითებას ასრულებდნენ, აფინანსებდა მის საარჩევნო კამპანიას, გართობასა და დროსტარებას.

_ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში დარჩენას სამუდამოდ გეგმავდა?

_ რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ არა დასავლეთის მტკიცე პოზიცია და ჩვენი ხალხის სიბრძნე, აშკარაა, რომ ჩვენი პრეზიდენტი დაახლოებით «პრინციპატის» მსგავსი პრეცენდენტის  შექმნას აპირებდა და ეს კი უკვე სამუდამო იქნებოდა. მერე კი, ვისაც ის «აკურთხებდა», მეფეც და გამგრძელებელიც ის იქნებოდა. კაცობრიობის ისტორიას აქვს ამის მაგალითები, მაგალითად, ძველი რომის ისტორიიდან; კალიგულას დროს მთავრობა თავისი გარყვნილებითა და აღვირახსნილობით ცუდ მაგალითს აძლევდა რომის მოქალაქეებს. პრეზიდენტის ზნეობაზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ხალხში, თურმე არანაკლები  გვყავს მერი _ უგულავა, რომელიც თავისი ოჯახის წევრების ჩათვლით, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მაგალითს აძლევს საზოგადოებას.

_ ჩვენს მერს კალიგულას ადარებთ?

_ კალიგულა მაინც ადამიანი იყო, უგულავა კი… მისი დროსტარებები გვერდზე რომ გადავდოთ, რა ადამიანს უნდა მოუვიდეს თავში პატარა ბავშვების დაბეგვრა?! საბავშვო ბაღებს ვგულისხმობ. უბნების მიხედვით მოუხდენია მათი დიფერენციაცია. პრესტიჟულ უბანში 100 ლარია ბეგარა, ნაკლებად პრესტიჟულ უბანში ფასიც ნაკლებია; ამით რამხელა დარტყმას აყენებს მშობელსაც და ბავშვსაც! არადა, ბაღში თუ არ მიიყვან ბავშვს და ხარკს არ გადაიხდი, სკოლაში არ მიიღებენ. საერთოდ, სახელისუფლო გუნდს ასეთი «ნოვატორული» აზრები ხშირად მოსდიოდა თავში, ხალხს კი უკვე აღარ სურს ამის ატანა.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here