Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია: თუკი რომელიმე ყოფილ მინისტრს დანაშაული დაუდასტურდება, ჩრდილოეთ პოლუსზეც რომ იყოს...

ირაკლი ალასანია: თუკი რომელიმე ყოფილ მინისტრს დანაშაული დაუდასტურდება, ჩრდილოეთ პოლუსზეც რომ იყოს წასული, იქიდან ჩამოვიყვანთ

539

თავდაცვის სამინისტრო ძირეული ცვლილებების მოლოდინშია. მინისტრობის ახალმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ უწყების ძირითადი მიმართულებები გამოყო და განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული თავდაცვითი ომების შესწავლასა და ანალიზს გეგმავს. კონკრეტულად რა იქნება მომავალი გუნდის პრიორიტეტი და რა გზით აპირებს არჩეული მთავრობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» თავად ირაკლი ალასანია ესაუბრება.

_ ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ თავდაცვის უწყებაში ძირეული ცვლილებებია საჭირო. კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობთ და რას გეგმავთ?

_ უპირველესად, თავდაცვის მინისტრისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯარისკაცი, მეომარი. მას უნდა შეუქმნას ყველამ პირობები იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი გაწიროს და თავისი ქვეყანა დაიცვას. ასე რომ, მთავარი ღირებულება ჩემთვის, რომ მივდივარ ამ უწყებაში, არის ჯარისკაცი, მისი ოჯახის სოციალური დაცვა და ვეტერანებზე ზრუნვა, რომლებსაც ძალიან დიდი თავდადების მაგალითი აქვთ ჩვენთვის ნაჩვენები. მეორე უმთავრესი პრიორიტეტია პროფესიული სამხედრო თუ სამოქალაქო კადრების დაბრუნება თავდაცვის სამინისტროში და აქ მთავარი განმსაზღვრელი ჩემთვის იქნება გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სისუფთავე. ბოლო წლებში არა მხოლოდ დაითხოვეს ადამიანები, დაიჭირეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ უამრავი ჯარისკაცი პოლიტიკური მოსაზრებებით. დეპოლიტიზაცია, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტი არ იქნება არც ერთი სამართალდაცვითი თუ უსაფრთხოების სტრუქტურა და თავდაცვის სამინისტრო, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ერთი კადრიც არ გვყავს დასაკარგი და ყველა დაუბრუნდება საკუთარ საქმეს.

_ დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკელებმა დაიწყეს ახალი პროგრამა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. ესაა როგორც საინჟინრო მიმართულება, ისე ვერტმფრენების მოდერნიზება. გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა?

_ პირველ რიგში, გავიმეორებ იმას, რომ აუცილებელია, ჩატარდეს მიუკერძოებელი, ექსპერტული სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანების ანალიზი, რამ გამოიწვია ჩვენი სამხედრო წარუმატებლობები ბოლო წლების განმავლობაში. უნდა მოხდეს ყველა შეცდომის გაზიარება, გათვალისწინება და ასე დავგეგმოთ ჩვენი თავდაცვის დოქტრინა.

რა თქმა უნდა, მე არ ვარ უფლებამოსილი, რამე განცხადება გავაკეთო მიმდინარე პროცესებზე თავდაცვის უწყებაში. ჩემი ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციებს ისმენს, რამდენიმე ბრიფინგიც ჩამიტარეს, მაგრამ არ მაქვს სრულფასოვანი ინფორმაცია. მე ჩემს ხედვას, პირველ რიგში, გავაცნობ არჩეულ პრემიერ-მინისტრს და ამის შემდეგ გავაცნობთ უკვე საზოგადოებას, თუ რა იქნება ძირითადი მიმართულებები. არა მგონია, რომ თვისობრივი ცვლილებები შევიდეს ჩვენს საგარეო თავდაცვით და უსაფრთხოების პრიორიტეტებში. სწრაფვა, რომ უფრო ახლო ოპერატიული თავსებადობა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებს ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, ბუნებრივია, გაგრძელდება, ისევე, როგორც გაგრძელდება ჩვენი ოპერაცია ავღანეთში, ვიდრე მისია არ იქნება შესრულებული.

_ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში 5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა თავდაცვის გასაძლიერებლად, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები სათანადო მომზადებას ვერ ფლობდნენ. აპირებთ თუ არა იმ პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა არასწორმა პოლიტიკამაც განაპირობა ეს წარუმატებლობა?

_ თქვენი შეკითხვა მართლაც განპირობებულია ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესით, თუ რა მოხდა 2008 წელს. რატომ აღმოჩნდა ასეთი დაუცველი ჩვენი ქვეყანა, როდესაც, მართალი თქვით, ხუთ მილიარდზე მეტი დახარჯა ჩვენი ფული სააკაშვილის მთავრობამ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. როცა მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ უნდა იყოს შესწავლილი ყველა ჩვენი სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი, ამ საერთო შეფასებასა და შესწავლაში ასევე მქონდა ნაგულისხმები სწორედ 2008 წლის ტრაგიკული ომი, რის შედეგადაც ტერიტორიების თითქმის მესამედი დავკარგეთ. აბსოლუტურად ნულზე იყო კომუნიკაცია და გენერალურმა შტაბმა პრაქტიკულად კრახი განიცადა, მოიშალა მართვა და რეზერვმაც არ იმუშავა. ხაზს ვუსვამ: ეს იქნება აუცილებლად შესწავლილი და შესწავლის შემდეგ გაკეთდება დასკვნები. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, აუცილებლად დადგება.

_ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლება თავს იმით იმართლებდა, რომ თურმე საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტში პოტენციურ მოწინააღმდეგედ არ მოიაზრებოდა რუსეთი, რის გამოც ჩვენი შეიარაღებული ძალები ამ ტიპის სამხედრო მოქმედებებისთვის არ იყო მზად. შეიქმნება თუ არა ახალი სამხედრო სტრატეგია და იქნება თუ არა მასში ის საფრთხეები გათვალისწინებული, რომლებიც რეალურად არსებობს?

_ მე უნდა გავეცნო ამ დოკუმენტს და, თუ რამე ცვლილება იქნება შესატანი, ბუნებრივია, ჩვენ ამ ცვლილებებს განვახორციელებთ.

_ ბიძინა ივანიშვილი ერთერთ უმთავრეს ამოცანად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ისახავს. მეორე მხრივ კი, პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ნატოსთან მიმართებაში, რჩება უცვლელი. რატომ გგონიათ, რომ ის, რაც ვერ მოხერხდა სააკაშვილის პირობებში, მოხერხდება ახლა? მხედველობაში მაქვს ერთდროულად სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ და დაახლოება რუსეთთან.

_ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, როგორც პრეზიდენტს, 2004-2005 წლებში, სწორად დაეწყო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ამის სრული პოტენციალი არსებობდა; ასევე ჰქონდა ისტორიული შანსი, აღედგინა დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და გაეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.

_ კონკრეტულად როგორ?

_ მე ვიყავი მონაწილე ამ მოლაპარაკების პროცესის და, რომ გაეთვალისწინებინა შეთავაზება, დეკლარაციაზე მოეწერა ხელი, საბრძოლო მოქმედების განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების აღიარებასთან დაკავშირებით, გახსნიდა ასმაგ შესაძლებლობებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წინ წამოწევისათვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის. ეს იყო მთავარი აქცენტი, რასაც აკეთებდა ევროკავშირი და გაერო იმდროისთვის. სააკაშვილმა ეს ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შანსი კვლავ უჩნდება უკვე ახალ ხელისუფლებას, ახალ მთავრობას. თქვენ გახსოვთ, არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული თუნდაც აფხაზური მხრიდან, რომ ისინი ელოდებიან საქართველოსგან დიალოგის აღდგენას. არავის არ მინდა ცრუ დაპირება მივცე, რომ ეს იქნება ძალიან სწრაფად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, სწორი პოლიტიკით, სწორი მიდგომით, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენით, ევროკავშირისა და განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანამონაწილეობით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება სტაბილური ქვეყანა.

_ მოკლედ, რუსეთს ნატოზე არ აქვს გართულება?

_ რა თქმა უნდა, აქვს. ნატოზე ჰქონდა რუსეთს გართულება, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები მიისწრაფვოდნენ ალიანსისკენ, მაგრამ მათ არ მიუციათ ასეთი შესაძლებლობები და ხელმოსაკიდი კრემლისთვის, როგორც ეს მისცა მას სააკაშვილმა თავისი უგუნური, წინდაუხედავი პოლიტიკითა და სამხედრო რიტორიკით.

_ გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში მოხდა.

_ საქართველოში ნატოსკენ სვლა არ დაუწყია სააკაშვილს, ეს შევარდნაძის პოლიტიკაა, რომელიც გააგრძელა შემდეგ სააკაშვილმა; და ასეთი ანტაგონიზმი, ასეთი ზღვარგადასული სამხედრო რიტორიკა ჩვენ არ გვქონდა, ვიდრე სააკაშვილმა არ დაიწყო ეს. ასე რომ, ყველაფერს სწორი შეფასება სჭირდება.

_ როცა საუბარია საერთაშორისო მხარდაჭერაზე და მსოფლიოს მიერ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე, როგორ ახსნით იმას, რომ 2008 წლის შემდეგ ნატოს საქართველოში წვრთნები არ ჩაუტარებია?

_ 2008 წლის აგვისტოს ომმა თვალნათლივ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ დაუფიქრებელი სამხედრო რიტორიკით გამოწვეული დაპირისპირებები შეიძლება გახდეს დიდ სახელმწიფოებს შორის ისეთი დაძაბულობის გაჩენის საფუძველი, როგორიც იყო თუნდაც ამერიკისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რიტორიკა და მათ შორის შემდეგ უკვე ჩვენი მხარდაჭერა ამერიკელების მხრიდან, როდესაც აქ შემოვიდა მათი სანაოსნო სამხედრო შესაძლებლობები. ამის განმეორება არავის უნდა. ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი იყო გაუწონასწორებელი, დაუბალანსებელი ლიდერი, რომელსაც შეეძლო შარში გაეხვია მთელი მსოფლიო.

 სწორედ ამიტომ შეწყდა ეს წვრთნები. დღეს კი, როცა მოდის მთავრობა, რომელიც სტაბილურობას დაამყარებს, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ხედვა და წინამორბედის მსგავს პოლიტიკურ იმპულსურობას არ გამოამჟღავნებს, რა თქმა უნდა, აღდგება ასეთი ურთიერთობები.

_ ზუგდიდელებს დაჰპირდით, რომ ახალაიების კლანისგან გაათავისუფლებდით. არის დღეს ზუგდიდი ამ კლანისგან ბოლომდე თავისუფალი? როლანდ ახალაია თქვენი მისამართით დღემდე მწვავე განცხადებებს აკეთებს.

_ ახლახან ჩამოვედი ზუგდიდიდან და მინდა გითხრათ, რომ ახალაიების ბოლო ფეოდალურ-კლანური მმართველობა დაინგრა. ხალხს აქვს ღიმილი სახეზე, აღარ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის, ხმამაღლა ლაპარაკის პოლიტიკაზე, ტელეფონით საუბრის და ა. შ. ასე რომ, დამთავრებულია ბოლო ფეოდალურ-კლანური მმართველობა.

_ სულ ეს არის დანაპირები, თუ მომავალში პასუხისმგებლობის საკითხზეც იქნება საუბარი?

_ რა თქმა უნდა, მე დავპირდი ჩემს ამომრჩევლებსაც და მთელს საქართველოს, რომ, ვინც კი იყო გაყალბების პროცესში ჩართული, ვინც აწამებდა ხალხს ციხეებში და ჩაიდინა სადიზმით გაჟღენთილი დანაშაულები, ყველა აგებს პასუხს ქართული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე და ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს საქმე.

_ დასასრულს, წინა ხელისუფლებისდროინდელ მინისტრებზეც გკითხავთ: ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ექსთავდაცვის მინისტრი და დარჩება თუ არა თავის თანამდებობაზე გიგა ბოკერია?

_ პირველი: მე არ მაქვს ინფორმაცია, სად იმყოფებიან ყოფილი მთავრობის წევრები, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა; თუკი რომელიმე ყოფილ მინისტრს დანაშაული დაუდასტურდება, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ პოლუსზე რომ იყოს წასული, იქიდან ჩამოვიყვანთ და წარვადგენთ ქართული მართლმსაჯულების შინაშე. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივანს, ეს არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბატონი სააკაშვილი და ბოკერია ამ კუთხით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here