Home რუბრიკები პოლიტიკა «შიში შეიქმს სიყვარულსა»?

«შიში შეიქმს სიყვარულსა»?

863

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა ზუგდიდში დაბალი აქტიურობით  და რატომღაც როლანდ ახლაიას სასარგებლოდ ჩაიარა. ეტყობახანგრძლივი დროის განმავლობაში მოსახლეობის შიშსა და ძრწოლაში ყოლამ, საინფორმაციო ვაკუუმმა თავისი შედეგი გამოიღო. შიშდაუძლეველმა ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობას სახლში ჯდომა არჩია, რამაც ხმები დააკლო ირაკლი ალასანიას, რადგან როლანდ ახალაიას მომხრეებს შინ არავინ აჩერებდა და ორგანიზებულად მიჰყავდათ საარჩევნო ყუთებთან. განაკუთრებული აქტიურობით «ცნობილი» მეგის ქარდავა გამოირჩეოდა, რომელიც ხან შანტაჟითხან მუქარით აიძულებდა მოსახლეობას, ხმა მიეცა როლანდ ახალაიასთვის.

როლანდ ახალაიას .. გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვით ზუგდიდში მყოფ დევნილებს. ზუგდიდში მოქმედი . . აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა აქტიურად ეწეოდა აგიტაციასა და პროპაგანდას დევნილებში, რათა მათ «ნაცმოძრაობისთვის» და როლანდ ახალაიასთვის დაეჭირათ მხარი. ზუგდიდის «ენგურქაღალდკომბინატის» დასახლებაში სპეციალურად დევნილებისთვის გახსნილ საარჩევნო უბანში დარეგისტრირებული 1300 ამომრჩევლიდან ხმა მისცა მხოლოდ 120 დევნილმა და აქედან თითქმის ყველამ «ნაცმოძრაობას» და როლანდ ახლაიას დაუჭირა მხარი.

 ასე რომ, საქართველოს რატომღაც დაებედა, რომელიმე ახალაია ჰყავდეს ან აღმასრულებელ, ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში, თუმცა დეპუტატი როლანდ ახალაია ვერაფერი ბედენაა დამარცხებული «ნაცმოძრაობისთვის».

არჩევნებმა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, რაიმე განსაკუთრებულ ექსესებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ «ნაცმოძრაობა» თავის ზონდერ ბრიგადებს აუცილებლად გამოიყენებდა, თუ ამის საჭიროება შეიქნებოდა. ამომრჩეველთა დაბალმა აქტიურობამ, ანუ «ქართული ოცნების» მომხრეთა პასიურობამ მათ ხელფეხი გაუხსნა და არ დასჭირვებიათ ძალის გამოყენება.

ერთერთი ვერსიით, როლანდ ახალაიას გამარჯვება ზუგდიდში უზრუნველყო ხელისუფლებს მიერ გატარებულმა პროპაგანდამ და აგიტაციამ ქურდული ცხოვრების შესაძლო დაბრუნების შესახებ.

 როლანდ ახალაია კი კრიმინალებთან მებრძოლ პიროვნებად აღიქმეოდა, რომელიც არ დაუშვებდა კრიმინალების პარპაშს. თვით როლანდ ახალაია ამომრჩეველთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხებზე აკეთებდა აქცენტს.

ასეთ შედეგს და გამარჯვებას, ალბათ, არ მოელოდა თვით როლანდ ახალაია, რომელსაც, გავრცელებული ვერსიით, კანდიდატურის მოხსნაც კი სურდა, რადგან მან კარგად იცოდა, თუ რა შიში დათესა ზუგდიდში, თუმცა გამოთქმა «შიში შეიქმს სიყვარულსა» როლანდ ახალაიას მიმართ გამართლდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლეობის რაოდენობით აღფრთოვანებულმა როლანდ ახალაიამ მათ გაკვირვებულმა განუცხადა: «არ ვიფიქრებდი, თუ ზუგდიდში ამდენს ვუყვარდიო».

ასე რომ, ძვირფასო ზუგდიდელებო, 4 წლის განმავლობაში თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში შიშის მთესველი როლანდ ახალაია იქნება, რომელიც თქვენ ასე შეიყვარეთ. რა გაეწყობა, ეს ხომ თქვენი არჩევანია!

არასამთავრობო ორგანიზაცია «ამომრჩეველთა ლიგის» ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა მიქაიას, განცხადებით, ისინი, ვინც როლანდ ახალაიას მისცეს ხმა, არიან ავადმყოფები. «ის, რომ ადამიანს სჯერა, რომ როლანდ ახალაია არის კრიმინალებთან მებრძოლი, რომ ის არ დააბრუნებს საქართველოს წარსულში, არიან ავადმყოფები. აბა, სხვა რა შეიძლება მაგათ უწოდო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი თანაქალაქელები აღმოჩნდნენ ასეთი ავადმყოფები», _ აღნიშნა კახა მიქაიამ.

ირაკლი ალასანია კი თავს არ თვლის დამარცხებულად და მან მის მხარდამჭერებს აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად. მისი თქმით, აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევებისა, რომლებიც საეჭვოს ხდის როლანდ ახალაიას გამარჯვებას და რომ ორ-სამ დღეში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here