Home რუბრიკები საზოგადოება მამა პეტრე: ცრუ ლიბერალიზმი დიქტატურაზე უარესია!

მამა პეტრე: ცრუ ლიბერალიზმი დიქტატურაზე უარესია!

876

როგორი უნდა იყოს ჩვენს პოლიტიზებულ საზოგადოებაში ეკლესიის როლი, რამ განაპირობა ერის სულიერი კრიზისი და რატომ არის თანამედროვე ლიბერალიზმი დიქტატურაზე მანკიერი, «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ესაუბრება.

_ პატრიარქმა მრევლს ლოცვის გაძლიერება სთხოვა, რათა წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიაროს. რას გულისხმობდა პატრიარქი, რამდენად სერიოზულია დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები?

_ თუ ისტორიას გადავხედავთ, ნებისმიერ ეპოქაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაცდელი დგებოდა, ძლიერდებოდა ერი და ეკლესია. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს ეკლესია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რამეთუ ქართველი ერისთვის მართლმადიდებლური სარწმუნოება არ არის მხოლოდ რელიგია, არამედ ეს არის სამშობლო, ქართველობა და, პირველ რიგში, ეს არის მისი იდეოლოგია. ვინაიდან ქართველმა მეფეებმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დღიდან ის ქვეყნის იდეოლოგიად გამოაცხადეს და ერისთვის, ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის თავდადება მართლმადიდებლობისთვის თავდადებას გულისხმობდა.

როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, ქართველობა ეს იგივე ქრისტიანობაა, ხოლო ქრისტიანობა იგივე ქართველობაა და დღეს ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. როდესაც ჩვენს ქვეყანას დიდი განსაცდელი დაატყდებოდა ხოლმე თავს, ყველა გონიერი ადამიანი, პირველ რიგში, პრობლემას სწორედ უზნეობასა და ღვთისგან განდგომაში ხედავდა და ამიტომაც ერი სათანადოდ განისჯებოდა. სწორედ ამიტომ მოუწოდა უწმინდესმა ლოცვისკენ, თუმცა არამხოლოდ დღეს, არამედ, რაც თავი მახსოვს, პატრიარქი ყოველთვის მოგვიწოდებს, გავაძლიეროთ ლოცვა და ჩვენც გავძლიერდეთ, რათა უფალმა განსაცდელისგან დაგვიცვას.

ამას გარდა, ახლოვდება არჩევნები, ახლოვდება მარიამობის დღესასწაული, მოგეხსენებათ, საქართველო სწორედ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრია, ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს ამ პერიოდში საკუთარ თავზე დაფიქრება და ლოცვისა და სულიერების გაძლიერება.

_ საზოგადოების ნაწილი სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგია. ნაწილი კი პირიქით ფიქრობს, რომ სასულიერო პირმა ხმა უნდა აღიმაღლოს უკანონობის წინააღმდეგ. როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი _ უნდა გაჩუმდეს თუ ამხილოს? მით უფრო, როცა დღევანდელ საქართველოში პოლიტიკა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაზე, სულიერებაზეც აისახება?

_ წმინდა მამები გვასწავლიდნენ, რომ მანკიერი მხარეების მხილება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა, რატომღაც ჩვენ ყოველთვის სხვისი გამოსწორების სურვილი უფრო გვაქვს, ვიდრე საკუთარი თავის. რაც შეეხება უშუალოდ, სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩარევას, ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და ვფიქრობ, სასულიერო პირი საკუთარ აზრს თუ გამოთქვამს, ეს არ არის პოლიტიკაში უხეშად ჩარევა. ჩვენ ვიცით, რომ სინოდის ბოლო სხდომაზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყველა სასულიერო პირს მიეცა გაფრთხილება, არ ჩაერიონ პოლიტიკაში და არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. თუმცა, ვფიქრობ, ეს ეხება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების მომხრეებსაც. თუ იმ სასულიერო პირებისთვის აიკრძალა მიტინგებზე გასვლა, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, ვფიქრობ, ხელისუფლების მომხრე სასულიერო პირებსაც უნდა შეეხოთ აღნიშნული აკრძალვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ტენდენციურობასთან გვექნება საქმე და მრევლი დაბრკოლდება. ჩვენ უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას.

სასულიერო პირებს, პირველ რიგში, გვმართებს, ლოცვა გავაძლიეროთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ვილოცოთ, ვადიდოთ უფალი. ჩვენ «არავისტები» არ უნდა ვიყოთ და, თუ ჩვენ გარშემო პრობლემებს ვხედავთ, სათქმელი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ითქვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე არ უნდა ითქვას ზიზღით, სიძულვილითა და ანგარებით.

მე პირადად ძალიან არ მომწონს, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკაში ერევიან. დაუშვებელია, როგორც სასულიერო პირთა მხრიდან უხეში, აქტიური ჩარევა პოლიტიკაში, ასევე არასწორია სახელმწიფოს მხრიდან სასულიერო პირთა გამოყენება. ჩვენთვის პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ეკლესია. ჩემთვის ერთადერთი პარტია არსებობს _ მამული, ენა, სარწმუნოება.

_ თუმცა სულ ახლახან პატრიარქის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის, სპეციალური სიგელით დაჯილდოებაც საზოგადოების ნაწილმა სწორედ ხელისუფლების მხრიდან, პატრიარქზე ზეწოლად და ეკლესიის საქმეებში ჩარევად აღიქვა.

_ არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ ასე ადვილად პატრიარქზე ზეწოლა ვერ განხორციელდებოდა. პატრიარქზე ზეწოლა ასე ადვილი არ არის. მე ვენდობი ჩემს პატრიარქს, მჯერა მისი. პატრიარქი უფლის ნების აღმსრულებელია. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას, ეს ყველაფერი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და სჯობს, თავი შევიკავოთ ასეთი ხმების აყოლისგან, არ წამოვეგოთ პროვოკაციაზე.

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მე არა მგონია, არჩევნების გზით საქართველოში რაიმე შეიცვალოს, ვინაიდან ობიექტური არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ტარდება, საქართველოში კი ყველაფერია, გარდა დემოკრატიისა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და, თუ ვისჯებით და ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ესეც ჩვენი სულიერი მანკიერების ბრალია.  გარეგნულად ვითომ აღორძინების გზაზე ვდგავართ, მაგრამ ყველაფერი ერის სულიერი დაკნინების ხარჯზე ხდება.

_ ანუ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საზოგადოებაში სულიერი კრიზისია?

_ დღეს საზოგადოებაში რომ სულიერი კრიზისია, ეს, ვფიქრობ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება.

_ რამ გამოიწვია სულიერი კრიზისი ერში?

_ ეს იმან გამოიწვია, რომ არც ერთი არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. მაგალითად, მე, როგორც სასულიერო პირს, თქვენზე მეტი მომეთხოვება, არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან კარგი სასულიერო პირები, ღმერთმა არ ქნას, რომ არ გვყავდეს და, პირველ რიგში, ჩვენს უწმინდესს დავასახელებ. ის ყოველთვის ავტორიტეტი და თავმდაბლობისა და სულიერების მაგალითია ჩემთვის.

მე არ მაშინებს განსაცდელი. ქართველი ერი განსაკუთრებით მძიმე განსაცდელის ჟამსაც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. გადამწყვეტი ბრძოლა წინ გველის, თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არ ვგულისხმობ არჩევნებს. დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა…

_ თქვენ იმ სასულიერო პირებს  მიეკუთვნებით, რომლებიც რუისურბნისის ახალი საეკლესიო კრების ჩატარების მომხრენი არიან. რატომ იკავებს საპატრიარქო თავს კრების მოწვევისგან?

_ როდესაც საეკლესიო კრება ჩატარდა, მაშინ, მე-12 საუკუნეში, ერი, სულიერი თვალააზრისით, მზად იყო, კრება გამართულიყო. დღეს სხვა ვითარებაა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვართ მზად კრების მოსაწვევად, რომლის საჭიროებაც, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ყველა სასულიერო პირმა ჯერ საკუთარ თავს რომ ჩაუტაროს საეკლესიო კრება, ის, როგორც მინიმუმ, გამოსწორების გზას დაადგება.

_ საერო პირთა მხრიდან ზოგჯერ მოისმენთ სასულიერო პირების, თუნდაც პატრიარქის, კრიტიკას. მამაო, თუნდაც სამართლიანი იყოს, ცოდვაა სასულიერო პირის კრიტიკა? უბრალო მოკვდავს არ აქვს უფლება, ამხილოს ეკლესია?

_ დღეს ვინც პატრიარქს და ეკლესიას განიკითხავს, არა მგონია, მწუხარებით და ტკივილით განიკითხავდეს. პირიქით, მას ეს უხარია და ხმამაღლა აცხადებს ამის შესახებ. უნდა მივიდეთ პირადად იმ ადამიანთან, რომელიც ჩვენ გვაბრკოლებს და ვუთხრათ სიმართლე. თუ მეორედაც იგივე გააკეთა, ვიღაცასთან ერთად უნდა მივიდეთ და საჯაროდ ვამხილოთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დღეს იმ ლიბერალებსა თუ პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც თითს საპატრიარქოსკენ იშვერენ, გული კი არ შესტკივათ ეკლესიასა თუ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, პირიქით, სურთ, დააკნინონ ეკლესიის სახე. ვფიქრობ, ცრუ ლიბერალიზმი დიქტატურაზე უარესია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის არამხოლოდ მოსმენა, არამედ ატანა და გათავისება, როგორ შეიძლება მხოლოდ შენი აზრი იყოს პროგრესული და სხვების ბნელით მოცული?! ეს ხომ დიქტატურაზე უარესია?!

დღეს ჯანსაღ ლიბერალურ ფრთას საქართველოში მე ვერ ვხედავ. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ლიბერალიზმს უნიჭოდ თამაშობს. ჩვენთვის წმინდა ილია მართალი ლიბერალიზმის მამაა, მაგრამ ილიას რომ თანამედროვე ლიბერალები დაენახა, დამერწმუნეთ, ლიბერალიზმზე უარს თავად იტყოდა.

თუ ვართ, უნდა ვიყოთ ქრისტიანები, ლიბერალები, პოლიტიკოსები, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ფსევდოქრისტიანები, ფსევდოლიბერალები ან ფსევდოპოლიტიკოსები.

_ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოს პრეზიდენტისა და კათოლიკოსპატრიარქის ალავერდში დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შესახებ; ითქვა, რომ სააკაშვილმა პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ?

_ ამის შესახებ მეც იმავე ინფორმაციას ვფლობ, რასაც ნებისმიერი, და შეუძლებელია იმაზე კომენტარი გავაკეთო, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს და საკუთარი ყურით არ მომისმენია. უბრალოდ, საზოგადოებამ აიტაცა ეს ინფორმაცია, ვინაიდან საზოგადოება ყოველთვის ინტრიგას ეძებს, რათა ვიღაც, ამ შემთხვევაში თუნდაც პრეზიდენტი, დაადანაშაულოს.

_ ალბათ, საზოგადოებას გააჩნია გარკვეული საფუძველი, ასე იფიქროს ხელისუფლებაზე

_ საფუძველი შეიძლება არსებობდეს, თუნდაც ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფრის სხვაზე გადაბრალება, არა მგონია, სწორი საქციელი იყოს. პრეზიდენტს რომ არ დავიცავ, ჩემი პოზიცია ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, მაგრამ მოდი ვთქვათ გულწრფელად: შეუძლებელია ყველაფერში მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს დამნაშავე. დამნაშავეა ყველა, ვინც ეს ადამიანი თუნდაც აქამდე მიიყვანა, ამდენი უფლებები მიანიჭა.

_ თქვენ ყოველთვის თამამად აფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას. თუ მიგიღიათ ამის გამო საყვედური ან საპატრიარქოდან, ან რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან?

_ ჭორის დონეზე რაღაც საყვედურები გამიგია ჩემს შესახებ, მაგრამ ნამდვილად არავის დავუბარებივარ საპატრიარქოში და საყვედური არ უთქვამს. მე ყოველთვის მაქვს ჩემი აზრი, რომლის გამოთქმაც ნებისმიერი ჩვენგანის არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაცაა, თუმცა შეიძლება ზოგიერთი სასულიერო პირი არ მიიჩნევს საჭიროდ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს. თუ მე თავის დროზე ხმა ამოვიღე, არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტად მტკივა ჩემი ქვეყანა, იქნებ მათ მეტად უყვართ სამშობლო! ნუ შევქმნით გმირებს ხმამაღალი განცხადებების გამო. ვფიქრობ, ესეც არასწორია. გავიხსენოთ, ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან დაწყებული, არსებობდნენ, დღემდე არსებობენ და მომავალშიც იარსებებენ კერპთაყვანისმცემლები. მე გამსახურდიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფალი გვეუბნება, არ შევქმნათ კერპები. ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი კრიტიკის უნარი. უნდა გვახსოვდეს, რომ ხორცშესხმული სრულყოფილება არ არსებობს, თუნდაც ის ჩვენი ფავორიტი იყოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here